პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

აკაკი წერეთლის “გამზრდელი” – MISSION: IMPOSSIBLE

წლების წინ, სატელევიზიო ინტერვიუში, კრიტიკოსმა თამაზ ვასაძემ თქვა, რომ აკაკი წერეთელი იღიმება „გამზრდელის“ ეპიგრაფში; მართლაც, „ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს“ ვერაფრით იქნება სერიოზული მიძღვნა – ვისაც აკაკის „ჩემი თავგადასავალი“ წაუკითხავს, ქუთაისის გიმნაზიის აღმზრდელებისთვის მიძღვნილ ამ სიტყვებს მხოლოდ ირონიულად თუ აღიქვამს. აკაკი აღიარებდა ერთ პედაგოგს – პოლონელ კაზიმირ რუდზიევიჩს (და ცოტათი ალბათ მუსიე ტურესსაც, ფრანგს, ფრანგულის მასწავლებელს, რომლის საუბარი მათემატიკოს რუდზიევიჩთან „შობს“ აკაკი წერეთლის ევროპული ტიპის ნაციონალიზმს), ხოლო სასწავლებელში გატარებულ დროს „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებდა.

ეპიგრაფში გაღვრილი ირონია, ერთი შეხედვით,  გაუგებარი იქნებოდა, მკითხველმა აკაკი წერეთლის სხვა ტექსტი რომ არ იცოდეს. კარგად ვერ გაიგებდა მას ბავშვიც, რომელსაც „გამზრდელს“ XI კლასში ასწავლიან: აქ ბავშვს ირონიის განმმარტებლად ევლინება მასწავლებელი; ის მოკლედ მაინც აუხსნის, განათლების რა პრინციპებს აღიარებდა რუსეთის იმპერია XIX საუკუნის შუახანებში.

ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ არ ვიცნობთ „ჩემს თავგადასავალს“, არ ვიცით აკაკი წერეთლის სასტიკი და არცთუ გონიერი  მასწავლებლების ამბავი. რას ვაქნევთ ირონიულ ეპიგრაფს? ირონიის გარეშე აღვიქვამთ? და ამ სერიოზულ აღქმას ვიახლებთ კითხვის დასრულებამდე? თუ ჩავუღრმავდებით ტექსტს და იქ ვიპოვით „თხელ“ ირონიულ პლასტს, რომელიც ეპიგრაფის ნამდვილ შინაარსსაც მიგვახვედრებს?

…ბათუს წარდგენა ყველას გვახსოვს:

რთულ ცხოვრების უარმყოფი,

მცირედითაც კმაყოფილი.

 

აქ არსებითია არა ლტოლვა აუტკივარი თავით ცხოვრებისაკენ, არამედ ის, რომ ბათუმ ცნობიერი ძალისხმევა გაიღო ცხოვრების წესის ასარჩევად. სად და როგორ ცხოვრობს ბათუ – მისი „კონცეპტუალური“ გადაწყვეტილებაა და არა შემთხვევითობის შედეგი. ბათუ არ არის ნაფოტი, რომელიც ცხოვრების ტალღებმა მაღლა მთაში გარიყა და არც მთაში ცხოვრებაა იოლი არჩევანი. ავტორი ამით გვეუბნება, რომ პერსონაჟად შემოჰყავს ჩამოყალიბებული, პასუხისმგებლობის მქონე კაცი, რომელსაც ეს მახასიათებელი მოქმედების ბოლომდე გაჰყვება.

ახლა გავიხსენოთ, როგორ შედის და იქცევა ბათუს სახლში საფარ-ბეგი:

“ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი,

ნაბდის თასმებს ნელა იხსნის…

თავ-პირი აქვს შებუდნული

ყაბალახით და იცინის!…

ჯერ ნაბადი მიაყუდა,

ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარად

და, ბაშლიყი რომ გადიძრო,

მოტრიალდა უკან ჩქარა:

“მასპინძელო! სიცილით სთქვა –

წახდა ჩემი ხუმრობაო!…

ვერ მიცანი, თუ გეწყინა

ეს უდროვო სტუმრობაო?”


რა თქმა უნდა, ასეთი ქცევა შეიძლება და უნდა მივიჩნიოთ  მეგობრული სილაღის გამოვლენად, ერთგვარ შეთამაშებად, რამაც მასპინძელიც უნდა გაახალისოს. კი ბატონო. ოღონდ, მეორე მხრივ, ამგვარი შეხუმრება მიგვანიშნებს, რომ, მიუხედავად დაახლოებით ერთი ასაკისა, ბათუსთან შედარებით საფარ-ბეგს აკლია სიმწიფე, სიმყარე, სერიოზულობა, ის თითქოს ბოლომდე არ „გამოსულა“ მოზარდობიდან. ცალკე ამბავია, რომ ყაბალახიანი,  შებურული სახით შემოსვლა და მცირე დაყოვნების შემდეგ ბაშლიყის გადაძრობა –  მეტაფორაა, რომელიც მკითხველს საფარ-ბეგის ნამდვილი სახის დასანახად ამზადებს.

 

 საფარ-ბეგის ინფანტილიზმს მიანიშნებს მისი განზრახვაც: მოპაროს ცხენი ალმასხიტ ინალიფას, რათა თავი მოაწონოს ზია ხანუმს. ზია ხანუმს არ უყვარს საფარ-ბეგი და, მეტიც, არც საფარ-ბეგს უყვარს ზია ხანუმი. ბათუს სტუმარი იცნობიერებს, რომ ძლიერი ვნების ძალით მანიპულირების ობიექტია და თან უღირს საქმესაც განიზრახავს, მაგრამ არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამას; უარს ამბობს საკუთარი ემოციების მართვაზე. იცის, რა არის მორალური და შეგნებულად, რაც მთავარია, სიტუაციურად ამბობს უარს ზნეობის დაცვაზე. ტექსტში არ ჩანს, საფარმა ზია ხანუმს ცხენი რომც მიუყვანოს, ქალი ნამდვილად უპასუხებს თუ არა მის ვნებას. საფარი თითქოს საკუთარ თავსაც სცდის და უმტკიცებს, რომ შეუძლია ჩაიდინოს  განსაკუთრებული საქციელი, რომელიც აქამდე ვერავის გაუბედავს.

ბათუს პასუხი ერთი მხრივ, ფრთხილი, ლამის დიპლომატიური მინიშნებაა, რომ უკადრისი საქმის ჩადენა არ ღირს, მეორე მხრივ კი აღიარება იმისა, რომ სიყვარულის ძალითა და სახელით მოქმედება ამართლებს ადამიანს. საფარ-ბეგს, ვიმეორებ, არ უთქვამს, რომ ზია ხანუმი უყვარს. საფარი მხოლოდ ამბობს, ქალმა დამაჩემა, თუ გიყვარვარ, ინალიფას ცხენი მომგვარეო. ის ძალიან იოლად თანხმდება მასპინძელს, დარჩეს სახლში და ცხენი ძიძის შვილმა მოუყვანოს ქალისთვის მისაგვრელად. საფარ-ბეგი, რომ იტყვიან, ამჯობინებს დარჩეს კომფორტის ზონაში, როგორც კი ეს ზონა გამოუჩნდება. ამ ერთხელაც ირკვევა, რომ მისთვის მთავარი შედეგია და თითქოს არაფრად დაგიდევს მიზნის მისაღწევ საშუალებებს. რაც შეეხება ბათუს, ის დამაჯერებლად ახსნის გადაწყვეტილებას, ჩაანაცვლოს საფარ-ბეგი ცხენის ქურდობისას, თუმცა აქ არის კიდევ ერთი, ტექსტში ოდნავ მინიშნებული მოტივი:  ბათუ საფარს ტაქტიანად მიანიშნებს სიფრთხილის ნაკლებობას ისე, რომ მის უშიშრობაში ეჭვი არ შეაქვს. სიფრთხილე აქ წინდახედულების, გათვლის უნარის, ინტელექტუალური სიმწიფის სინონიმია. ბათუს სიფრთხილე, ცხადია, არ ნიშნავს მის გაწაფულობას ცხენების მოპარვაში.  ბათუმ იცის, რომ დანაშაულს ჩაიდენს და ამ დროს მეტი შანსი აქვს გადარჩეს, ვიდრე მის ბედოვლათ სტუმარს. მაგრამ ბათუ, არა როგორც მხოლოდ მასპინძელი, არამედ როგორც საფართან თანშეზრდილი ადამიანი, მისი უმწიფარობის მცნობი, მორდუს სთავაზობს მფარველობას. ბათუ, თავისი ჩამოყალიბებული მენტალობით, „უფროსია“ ინფანტილურ საფარზე, რომელიც ინსტინქტებითა და „როტაციული“ მორალით ცხოვრობს.

 

…ნაზიბროლას გაუპატიურებას ტრადიციულად აფასებენ მორალური თვალსაზრისით  და ხსნიან საფარ-ბეგის შეუკავებელი ლიბიდოთი („გულისთქმამ სძლია“ – აკაკი ბაქრაძე). თვითონ საფარ-ბეგი ამბობს, ეშმაკმა მაცდუნაო. მორალურად  საფარის საქციელს რა სიტყვაც გნებავთ, ის მიუყენეთ – დაცემა, უზნეობა, მოძალადეობა, ნაძირლობა, სხვა სიტყვები, რომელთა დაწერა უხერხულია…  აკაკი წერეთელი მკითხველს არ აცილებს ბათუს ფაცხას, არ აღწერს, რა მოხდა ღამით, არ აღწერს არც ბათუს დანაშაულს (მან მოიპარა ინალიფას ცხენი) და არც, მითუმეტეს, საფარ-ბეგისას. ოღონდ თუ ბათუს ჩადენილი საქციელის მოტივი ვიცით (მან წინასწარ თქვა, რატომ მოიქცეოდა ასე), საფარის ქმედების მოტივი უცნობია. აკაკი წერეთელმა ღამის წყვდიადით შებურა პერსონაჟები და ამით თითქოს გადაგვიშალა ველი ინტერპრეტაციებისათვის;

 

საფარ-ბეგის ქმედება არ აიხსნება მხოლოდ ლიბიდოს მოწოლითა და მისგან გათავისუფლების სურვილით, რასაც ემატება ქალის სიმარტოვე, იოლი მისაწვდომობა მოძალადისათვის. საფარ-ბეგი, მართალია, დათანხმდა ბათუს, სახლში დარჩენილიყო და ძიძის შვილი გაეშვა თავისი გასაკეთებელი საქმის შესასრულებლად; მაგრამ ამის შემდეგ ის, ვფიქრობ, ქვეშეცნეულად გრძნობს, რა დღეში ჩაიგდო თავი: სიჩაუქე და მოხერხება, გარისკვის უნარი, ძალა და მიზანსწრაფულობა, რაც უნდა ეჩვენებინა საკუთარი თავისთვის ცხენის მოპარვისას და რითაც თავი მოეწონებინა სასურველი ქალის წინაშე, საფარმა თავადვე უარყო და თბილ კერასთან ჯდომა და მოსვენება არჩია. ცხადია, ბათუ არავის ეტყვის, საფარ-ბეგისთვის ცხენი მე მოვიპარეო, მაგრამ საფარმა ხომ იცის, რომ ბათუმ მისი ადგილი დაიჭირა, მისი ვაჟკაცობა „მიითვისა“ და არ დაანება, დარწმუნებულიყო საკუთარ თავში, თვითშეფასება გაზრდოდა და ღირსად ეცნო თავი ზია ხანუმის შესაძლო საპასუხო ვნებისთვის. ნაზიბროლას გაუპატიურება – ესაა გაუცნობიერებელი შურისძიება ბათუს წინააღმდეგ, გაუცნობიერებელი სვლა ბათუს ჩასანაცვლებლად, რომელმაც, თავის მხრივ, საფარ-ბეგი ჩაანაცვლა ინალიფას საჯინიბოში. საფარ-ბეგზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აღარ მიესვლება ზია ხანუმთან (აკი აღარც მიდის და ის ცხენიც კარგავს მნიშვნელობას) და ძალას იხმარს ქალზე, რომლის ქმარმაც, საფარისავე თანხმობით და თავისუნებურად,  მორდუს გზა მოუჭრა ბედნიერებისკენ.

 

ამ ყველაფერს საფარ-ბეგი ეგრეც ვერ იცნობიერებს, სამაგიეროდ ხვდება, რა ჩაიდინა მორალური თვალსაზრისით. ხვდება, ოღონდ დიდად არ განიცდის. ბათუს არაადამიანური ძალისხმევა თავის შესაკავებლად, საფარ-ბეგს, ერთი პირობა, აფიქრებინებს, რომ „გაძვრა“, ქალმა ნამუსი შეუნახა. ეს ფიქრიც ინფანტილური ადამიანის ფიქრია, რომელსაც არ შეუძლია, ეშინია, გამოტყდეს და აიღოს პასუხისმგებლობა.  საფარი ხმის ამომღები არ იყო, ბათუს რომ  არ მიეხალა სათქმელი და ღიად არ ეთქვა უარი მის მოკვლაზე. აქ მოხდა ყველაზე დიდი ძვრა საფარ-ბეგის არსებაში. ის ღრმად შეძრა არა მხოლოდ საკუთარი საქციელის გაცნობიერებამ, არამედ ბათუს გადაწყვეტილებამ, დაენდო მორდუ.  საფარ-ბეგის კათარზისი იწყება მაშინ, როცა დაინახავს, ბათუმ ყველაფერი იცის და ღრმავდება, როცა სიკვდილისთვის მზადმყოფი მოისმენს, რომ ბათუს ტყვია მას ვერ შეეხება. საფარ-ბეგის ჭეშმარიტი გამზრდელი ბათუა, რადგან არავის შეუცვლია საფარი ისე, როგორც მისი გამზრდელი ძიძის შვილს, არავის  ჰქონია საფარზე ზნეობრივად იმხელა კეთილისმყოფელი გავლენა, რამხელაც ბათუს. ბათუს მიმტევებლობისა და ღირსების წინაშე საფარ-ბეგი მრევლის მორჩილი წევრივით იქცევა და ძიძის შვილის დავალების შესასრულებლად მიდის ყაბარდოში.

 

ფინალი იცით. ის ტრაგიკულია, მაგრამ ამ ტრაგიზმში არის პირქუში ირონიაც. საფარმა ყველაფერი უამბო გამზრდელს, ჰაჯი -უსუბს. აქ კი  ციტირება სჯობს:

 

“მესმის, მესმის და პასუხიც

ჩემი მხოლოდ ეს არიო,

რომ ნამუსის გასაწმენდად

ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!..”

შეაყენა ზედა ფეხზე

მან დამბაჩა გატენილი;

მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს

საფარ, მისი გამოზრდილი.

მაგრამ უსუბ ეუბნება:

“შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,

რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

წარმოსთქვა და საფეთქელში

მიიჭედა ცხელი ტყვია!…

ჩაიკეცა სულთამბრძოლი,

წამლის კვამლში გაეხვია…

 

ბათუსგან განტევებულ საფარ-ბეგს, ვიდრე ყაბარდოს ჩააღწევდა, ბევრი დრო ექნებოდა საფიქრალად. თუ საფარ-ბეგი თავისი საქციელის საზღაურად  სიკვდილს მიიჩნევს, შეუძლია თავად იკრას ტყვია და სიცოცხლე მოისწრაფოს. ტყვიის მოსურნე იდგა ის ბათუს წინაშე, ზუსტად იმავე პოზაში დგება ჰაჯი-უსუბის წინაშეც და ჩვენ ვხვდებით: საფარ-ბეგის კათარზისი შეიძლება დასრულდა, მაგრამ ინფანტილიზმს ბოლო არ უჩანს. ჰაჯი-უსუბის სიტყვები „კაცად ვერ გამიზრდიხარ“ ამასაც ნიშნავს: შენ დარჩი უმწიფარად, ვერ ჩამოყალიბდი ზრდასრულ, მოწიფულ ადამიანად, კაცად, რომელიც არა მხოლოდ ბოროტს და კეთილს ასხვავებს, არამედ ამ უნარის კვალად ირჩევს, რა გზას დაადგეს. შენ თუ გაიცნობიერე და განიცადე, რაც ჩაიდინე, მაშინ აფხაზეთში და ყაბარდოში მკერდგაღეღილი კი არ უნდა იხვეწებოდე, ტყვია დამახალეთო, არამედ თავად უნდა მიხვდე, რომ უმძიმესი უზნეობა და დანაშაული (თუკი ასეთია კავკასიელთა ეთიკით საფარის საქციელი) გამოსყიდვას ჩამდენისგან საჭიროებს. ჰაჯი-უსუბი კი იყო საფარის გამზრდელი, მაგრამ ნახა, რომ შრომას ამაოდ ჩაუვლია. ჰაჯი-უსუბი ჭკუითა და გონებით იყო ცნობილი, მაგრამ, ბედისა და გარემოებათა სასტიკი ირონიით, ბათუმ თავისი ზნეობრივი სიმაღლიდან იმოქმედა საფარზე. საფარს კი სწორედ ჭკუა-გონება არ ეყო მისახვედრად, რა უნდა ექნა ყაბარდოელი „გურუს“ წინაშე. საფეთქელში მიჭედილი ცხელი ტყვია ჰაჯი-უსუბის მიერ საკუთარი კრახის აღიარებაცაა და საფარ-ბეგისთვის ჩატარებული უკანასკნელი გაკვეთილიც, ამჯერად მხოლოდ ზნეობრივი გაკვეთილი: მასწავლებელმა მოსწავლეს აჩვენა, რა უნდა გააკეთოს. ოღონდ  აკაკი საფარ-ბეგს უკვე აღარ უყურებს, მასზე აღარაფერს გვეუბნება… ჩვენს წინაშე საფარი დარჩა დამბაჩისკენ ამაოდ მკერდმიშვერილ კაცად, რომელიც არ ვიცით, რას მიხვდა საბოლოოდ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი