ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ფანჯრიდან დანახული ქვეყანა

უკვე ის დროა, არდადეგები რომ უნდა გამოიყენო, ზაფხულის სიცხეს ბუნების სიმწვანეში დაემალო, საქმეები ცოტა ხნით დაივიწყო და დილაობით – ჩიტების ჭიკჭიკს, საღამოობით კი ჭრიჭინების ჭრიჭინს უსმინო.

დაწყებით კლასებში არდადეგების დადგომამდე აუცილებლად ვიღებდი რამდენიმე გრძელვადიან დავალებას, რომლებიც ზაფხულში უნდა შემესრულებინა, მაგალითად, სუფთად და ლამაზად გადამეწერა „წერის დედანი”, მევარჯიშა, რათა წამეკითხა წუთში 150-ზე მეტი სიტყვა, გამეკეთებინა ჰერბარიუმი, მეწერა დღიურები… ამათგან ყველაზე საშინელი „წერის დედნის” გადაწერა იყო მეორე კლასში გადასული ბავშვისთვის, რომელსაც სუფთა წერაზე ნაკლებად არაფერი აღელვებს ცისქვეშეთში.

უკვე ის დროა, ბავშვობაში მიღებული დავალებების შესასრულებლად დახარჯული ძალისხმევა ბუნდოვნად, ემოციების დონეზე რომ გახსენდება, ვინაიდან წინ უფრო მნიშვნელოვანი, ახალი ზაფხული გაქვს. დრო, როცა ყველა სხვადასხვა მხარეს გავეშურებით კუთვნილი უქმეების გასატარებლად, ძალ-ღონის აღსადგენად, ახალი სამყაროების, ადამიანების აღმოსაჩენად.

ჩემთვის ამ ამბავში ყველაზე საინტერესო დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზაა. ვიყურები ავტომობილის, ავტობუსის, მატარებლის ფანჯრიდან და ვფიქრობ იმ ხალხზე, ვინც იმ სახლებში ცხოვრობს, ახლა რომ ჩავუარეთ, იმ ბავშვებზე, მდინარეებში რომ ბანაობენ,  ამბებზე, აქაური უფროსები უმცროსებს რომ უყვებიან, კითხვებზე, უმცროსები უფროსებს რომ უსვამენ,  საფლავებზე, ამ სოფლებისა და ქალაქების განაპირას რომ არის და ასე, დაუსრულებლად. 

ზოგჯერ, გაუცხოებაზე, ძალადობრივ გარემოზე, სიზარმაცეზე, განათლებისა და წიგნიერების დეფიციტსა და ჩვენი საზოგადოების სხვა მტკივნეულ პრობლემებზე ფიქრისას,  მგონია, მათი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ  ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთს სწორედ ასე ვიცნობთ – ერთი შეხედვით, მქროლავი ტრანსპორტის ფანჯრიდან დანახულს. ამიტომაც გვესმის ასე ცუდად სხვების ტკივილი და სიხარული. მგონია, რომ ჩვენი მძიმე რეალობა იმ საშინელი არქიტექტურის და დაუგეგმავად ნაშენი ქალაქების ბრალიცაა, რომლებიც ამ ფანჯრებიდან კიდევ უფრო მძიმედ აღიქმება. აი, თბილისიდან ბათუმამდე ისე ჩახვალ, ერთ ლამაზ დასახლებას ვერ ნახავ. უსახური კორპუსები, სტანდარტული ორსართულიანი აგურის სახლები და დანგრეული, მიტოვებული ოდები – ეს არის მთელი ჩვენი საცხოვრისი, რომელიც გაუცნობიერებლად დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე.

ხომ საშინელებაა, პატარა ქალაქში ან სოფელში ცხოვრობდე, რომელსაც გარს ტყეები და მინდვრები აკრავს, შენი ბინა კი უსახური საბჭოთა შენობის ერთი ან ორი მოუწყობელი ოთახი იყოს? კიდევ უფრო დიდი საშინელებაა, რომ ამ პატარა ქალაქებსა და სოფლებში არავის მოსდის აზრად კინოთეატრის, თანამედროვე ბიბლიოთეკის, სპორტული დარბაზის, სახელოვნებო სივრცის მოწყობა.

ვზივარ, ვუყურებ ცვალებად კადრებს და ამ და სხვა ამბებზე ვფიქრობ. მერე, დანიშნულების ადგილას ჩასული, ინტერნეტში ვძვრები და ისეთ პროექტებს ვეძებ, რომლებიც მსგავსი ფიქრებით არის ინსპირირებული, ასეთი კი ბევრია.

იმის მაგალითად, რომ  ულამაზო სახლები მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, შემიძლია დაგისახელოთ უშნო ბელგიური სახლები (https://uglybelgianhouses.tumblr.com/ ). ეს პორტალი ჩემისთანა ადამიანებმა შექმნეს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არაესთეტიკური სახლები, ერთი მხრივ, არცთუ დადებითად ახასიათებენ მეპატრონეებს, მეორე მხრივ კი ნეგატიურ ემოციურ გავლენას ახდენენ სხვებზე. აქვე სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ უშნო ბელგიური სახლების ერთი ნაწილი არც ისეთი უშნოა, როგორიც ჩვენთან წამოჭიმული ვითომ ინოვაციური არქიტექტურით ნაგები ვილა-რანჩოები.

არსებობს სხვა პროექტიც, მიტოვებული სახლების ერთგვარი კატალოგი – 100 მიტოვებული სახლი (https://www.100abandonedhouses.com/) მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ უპატრონოდ დარჩენილ სახლებს აერთიანებს, რომელთა უმეტესობა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. მიტოვებული სახლები პოპულარული თემაა ინტერნეტში და შეგიძლიათ, ქვეყნების მიხედვით მოიძიოთ, მაგალითად, ისლანდიის, ირლანდიის, კანადის უპატრონოდ დარჩენილი სახლების შესახებ ინფორმაცია.

მათი არსებობა ერთგვარი პარადოქსია სამყაროში, სადაც მილიონობით უსახლკაროა. ათვალიერებ  სხვადასხვა დროსა და სივრცეში ნაგებ შენობებს და გაგონდება საქართველოს სოფლებში ნანახი მიტოვებული სახლები, მორღვეული ღობეები, წაქცეული ნალიები, აბალახებული ეზოები.

ურბანულ  ამბებზე კარგი ქართული პროექტებიც არსებობს. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა  საქართველოში არსებული საბჭოთა მოზაიკების ვებალბომი (https://soviet-mosaics.ge/ka ),  სადაც თავმოყრილია ფერად-ფერადი კედლები სხვადასხვა შინაარსის გამოსახულებებით მთელი საქართველოდან. ნამდვილი საბადოა, იმის გათვალისწინებით,  რომ უმრავლესობას ისინი გარდასულ დროთა სრულიად უინტერესო ნაშთად მიაჩნია. მრავალი მათგანი დასანგრევად განწირული შენობების კედლებს ამშვენებს. პორტალი ერთგვარი  საშუალებაა  პროპაგანდისტული ხელოვნების მდიდარი ვიზუალური მასალის შესანახად და ნაკლებად აქცენტირებული საკითხებისთვის ვიზიტორთა ყურადღების მისაქცევად.

ამ ამბებს აქ იმიტომ ვყვები, რომ მგონია, თუ ბავშვებს არდადეგებზე „წერის დედნის” გადაწერის ან სხვა მტანჯველი დავალების მაგივრად ასეთ თემებზე დაფიქრებას ვთხოვთ, თუ შევეცდებით დავაინტერესოთ, რათა ჩვეულ გარემოში ახალი ნიუანსები, საინტერესო ადგილები აღმოაჩინონ, მათი არდადეგები გაცილებით საინტერესო გახდება. მჯერა, საკუთარი გარემოს ფუნდამენტური ცოდნა და მისი პრობლემატიკის განზოგადება, გლობალურ ჭრილში წარმოჩენა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ასოების ლამაზად გამოყვანა ან გრძელ-გრძელი ლექსების ზეპირად სწავლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი