პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მეშინია

ახლა არც გაკვეთილებზე საუბარს ვაპირებ, არც ენათმეცნიერებასა და პოეზიაზე, არც დიალექტურ თუ ლიტერატურულ ტექსტებზე. ჩემი შიშების შესახებ მინდა მოგიყვეთ.

 არა, ფობიოგრაფიას კი არ ვწერ „ინსომნიის” ლიტერატურული კონკურსისთვის, არც ფსიქოლოგთან მაქვს სეანსი, თქვენ მინდა მოგიყვეთ, ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს, მკითხველებს, მშობლებს  და მასწავლებლებს.
ადრე ერთ ბიჭს ვიცნობდი, ვუნდერკინდს რომ იტყვიან, ისეთი იყო, მათემატიკა იცოდა გადასარევად, რა სირთულის ამოცანა გინდათ, იმას არ ამოეხსნა, ყველას ჯობნიდა და ყველაზე მაგარი იყო. წარმომედგინა, რომ მომავალში რომელიმე კვლევით ინსტიტუტს ჩაუდგებოდა სათავეში, ან იქნებ რომელიმე ახალი გამოგონება დაეპატენტებინა, ახალი თეორია აღმოეჩინა, მე თუ მკითხავთ, მისნაირს „ნასაში” სამუშაოდაც სიამოვნებით მიიწვევდნენ.

მაგრამ…

ადრე ერთ გოგოს ვიცნობდი.

უცნაურად ეცვა ხოლმე, ისე არა, როგორც სკოლის დანარჩენ გოგოებს, ძალიან საინტერესო და ერთი შეხედვით, სასაცილო აქსესუარები ეკეთა მაისურზე შემოცმულ ჯინსის ჟილეტზე, თმა წითური ჰქონდა, თმის ბოლოები კი ფერად–ფერადი საღებავით დასვრილი – ხშირად. ბევრს კითხულობდა და ყველაზე ხშირად ხატავდა. მის ოთახში ერთხელ მოვხვდი, ნახატების სანახავად წავყევი სკოლის შემდეგ  – არ დამავიწყდება მისი დახატული პორტრეტები, ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, თუმცა ერთი მთავარი მსგავსება ჰქონდათ – ცნობისმოყვარე მზერა და კითხვის ნიშნები თვალებში. 

დღემდე ვეძებ კატალოგებსა და საგამოფენო დარბაზებში, სულ მგონია, რომ სადმე წავაწყდები.

მაგრამ…

კიდევ ერთ ბიჭს ვიცნობდი, კარგად წერდა და ხატავდა ისიც, გოგონებს ხატავდა განსაკუთრებით დიდი სიამოვნებით, ლამაზადაც გამოსდიოდა, სულ სხვადასხვანაირ სამოსს არგებდა. სულ პატარა ვიყავი, როცა იმ ჩემს ბნელ ბავშვობაში ერთ–ერთი საუკეთესო სათამაშო გამიკეთა. მუყაოს ყუთში ქაღალდისგან გამოჭრილი გოგონა იყო ქაღალდისავე ფერად–ფერადი სამოსით, ყველას მორგება შეიძლებოდა, ერთმანეთს ვუხდენდი კაბებსა და ქუდებს, კაშნეებსა და პერანგებს. დიდხანს ვეძებდი, მაინტერესებდა მისი ასავალ–დასავალი. ვიპოვე კიდეც, ბანკში მუშაობს, თეთრი პერანგი აცვია.

მაგრამ…

 აღარც წერს, აღარც ხატავს.

ერთ გოგოზეც მოგიყვებით და თავს აღარ შეგაწყენთ – ახტაჯანა იყო, გრძელფეხება და ჭორფლიანი, გრძელი თითები ჰქონდა და ძლიერი ხელები, ლაპარაკზე უფრო ადრე ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. მასწავლებლები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ამბობდნენ, რომ ასეთი ბგერა, მუსიკის ასეთი განცდა, ასეთი გულწრფელი შესრულება იშვიათია.  ჩემმა ბავშვობამ გამებისა და ეტიუდების ფონზე გაიარა, ორი სართულით ზემოთ ვცხოვრობდი და მაინც სულ ისმოდა – შვიდ, ხან რვა საათს მეცადინეობდა ყოველდღე. რახმანინოვის მესამე კონცერტი უყვარდა განსაკუთრებით.

მაგრამ…

კლასიკური მუსიკის კონცერტებზე აღარ ვეძებ. რადგან ვიცი, აღარ უკრავს, მეტიც, საერთოდ აღარ ეკარება მუსიკას.

ჰოდა, მეშინია–მეთქი, გეუბნებოდით. ჩემს შიშზე რომ არ მოვყვე – გული გამისკდება.

თითქმის სამი წელია, რაც ბედნიერება მაქვს, დედად ვიწოდებოდე. ჭკვიანი, მხიარული ბიჭუნა მყავს – ერთი წლიდან ციფრების ცნობა და წლინახევრიდან ორ ენაზე წერა–კითხვა იცის, ანგარიშიც შეუძლია, კარგად ხატავს, განსაკუთრებული ფონეტიკური უნარები აქვს – სიტყვებს რითმავს, ერთი რაგვარობის თანხმოვნებს ერთად აჯგუფებს, ახალ სიტყვებს იგონებს.

 ხან სხვა ბავშვებისნაირია, ხანაც – მეტისმეტად ჩაფიქრებული. ხან სხვებისნაირად იქცევა, ხან კი – განსხვავებულია. ასეთებს ხან ინდიგო ბავშვებს უწოდებენ, ხან ათასნაირ ფსიქოლოგიურ თუ სხვა დიაგნოზებს უსადაგებენ ხოლმე.

სექტემბრიდან ბაღში წავა, პირველი სოციალური გარემო, პირველი საზოგადოება, პირველი წესები, აკრძალვები და მითითებები…

 მერე სკოლის დროც მოვა.

სულ ვფიქრობ, მოძებნის საკუთარ ადგილს? გამოავლენს თავის შესაძლებლობებს? მიჰყვება ბოლომდე თავის არჩევანს, იპოვის თავის გზას? 

თუ შეჩერდება, დაიბნევა, დაითრგუნება, გული გაუტყდება, მარტივ გამოსავალს იპოვის, იმიტომ, რომ ერთხელ დასცინეს, იმიტომ, რომ ერთხელ ხელი ჰკრეს, იმიტომ, რომ ერთხელ სხვა მასზე წინ დააყენეს.
მოკლედ, საყვარელო მკითხველებო, ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, თქვენ მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რატომაა ამდენი გამოუყენებელი უნარი, განუხორციელებელი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში?
რატომაა, რომ ყველაზე ნიჭიერები, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე განსაკუთრებულები ცხოვრების გზაზე ჩამოგვრჩნენ, დაგვეკარგნენ, მიიმალნენ…

ჰოდა, ვეძებთ და ვერ ვპოულობთ, ვერ ვხედავთ, ვერ აღმოვაჩინეთ….

რატომ?

ჩემი შიშის შესახებ რომ არ მომეყოლა. ალბათ გული გამისკდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი