პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოგზაურის დღიურები

ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს.

რაჭაში მზე ფრთხილად, ყველა გამღვიძებლის გათვალისწინებით ამოდის, თითქოს გრძელი წინადადებაა და ყველაზე ზარმაცისთვის დააყოლებს ფეხათრეულ სხივს, სახელად „ქვეშენიჭირიმეს“.

გურიაში ფაცხაფუცხით ამოირბენს, საკუთარ თავს ეკითხება: რაფერ ხარ? როის ამოი? როის ჩახვალ? – და ჩადის.

ქართლი სხვადასხვანაირია და ერთი მზე ვერ ეყოფა. ცოტა დასავლეთით მზე ისე ამოგორგალდება, თითქოს თონიდან ცხელი მრგვალი პური ამოიღესო. ცოტა აღმოსავლეთით პურს გვერდები აქვს ოდნავ დაბრაწული.

იმერეთიც სხვასხვაობს და იმერეთშიც რამდენიმე მზე ამოდის. ლიხის ახლოს მზე ცელქია, ასკინკილათი მოხტუნაობს და სხივებს კენჭებივით ესვრის ფანჯრებს. შუაიმერული მზე ცოტა მორღვეული ჩოხით ამოიწვერება, ხან თეთრია ეს ჩოხა-ღრუბელი, ხან ნაცრისფერი. მერე ფეხს შემოდგამს რომელიმე მთაზე, შეისვენებს და წარბაწეული შეგვათვალიერებს. იქითაიმერული შუას ტყუპისცალია, ოღონდ ეს არის, რომ ჩოხა კარგად აქვს დაკემსილი.

კახეთში მზე დარბაისლური დოინჯით დაგადგება თავზე და დაჟინებით გიყურებს. ისეთია მისი მზერა, თუ არ ადგები, კარგ ღონიერ პანჩურს რომ გითავაზებს. ვერ შეედავები. კახური მზე ყველაზე მართალია.

სამეგრელოში მზე მზე არ არის – ჯადოსნური ელარჯია. მარტვილის ბაზარში რომ კაცი სიმინდს ყიდის და იმის გვერდით ქალი – ყველს, იმ ქალის ზურგის მხრიდან ამოდის და განმუხურამდე გადაიწელება.

სვანური მზე ისეთი პირდაპირი და სუფთაა, სულ რომ უცოდველი იყო, თვალებში ვერ ჩახედავ. შეგრცხვება რაღაც დიდისა და მიუწვდომელის.

ამ მზის მსგავსია ფშავ-ხევსურეთის მზეც, ოღონდ ეს მზე ნაპირ-ნაპირ დადის, თითქოს თვითონვე გინდობს, თვალს თვალში არ გიყრის.

სამცხე-ჯავახეთში რომ მზეა, ის მზე ისე გავიცანი, რომ ამოვიდა, განა ცაზე, პირდაპირ აივანზე ამოვიდა, სხივები ძნასავით მიაწყო და ღიღინით მეზობელთან გადავიდა სხვა ძნით. ასე სახლ-სახლ ამოდის მესხური მზე.

დუშეთის მზე ლოცვას ჰგავს, მოხუცი ქალის ლოცვას, თითქოს ცოტა გაურკვეველს და ყველაზე წმინდას – როცა ამოდის, ცოტა წვიმასაც ამოაყოლებს. ცვარივით დევს მერე ეს წვიმა ლოცვაზე ამოსულ ფრთხილადმწვანე ბალახებზე.

აჭარული მზე განდაგან ამოიცეკვებს. ხულოიდანა, ქედაში ჩერდება, თუთუნს იყიდის და სანაპიროზე გააბოლებს. დაუძახებ და ყურსაც არ გათხოვებს, ზმორებით ჩაჰყვება ტალღებს და სადღაც სხვა ქვეყანაში ამოვა, სადაც ვინმე ჩემნაირ მოკირკიტეს მოუყვება, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ბევრი მზეა. მე კიდევ ცოტაზე მოგიყევით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი