ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

დავიწყებული მწერალი

იშვიათად ვაძლევ თავს ლიტერატურის შესახებ წერის უფლებას. მიმაჩნია, რომ მილიონიდან ერთი რიგითი მკითხველი ვარ. მხოლოდ მაშინ ვბედავ ხმის ამოღებას, როცა საქმე დავიწყებულ, უსამართლოდ დაჩაგრულ და კარადის უკან გადაცვენილ წიგნებს ეხება.
სტალინის ეპოქიდან მოყოლებული, საქართველოში განსაკუთრებით ძლიერდება ისტორიისა და ლიტერატურის ინსტრუმენტალიზაციის პროცესი. მაშასადამე, აზროვნებისა თუ ხელოვნების ყველა დარგი ლიდერთა პოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად იწყებს მუშაობას და სასკოლო განათლების დღის წესრიგსაც მმართველ ელიტასთან დაახლოებული ჯგუფები განსაზღვრავენ. საუბედუროდ, საბჭოთა სტერეოტიპი მოდერნიზებული, გათანამედროვეებული ფორმით დღესაც განაგრძობს ნაყოფიერ არსებობას.
მოდი, დავუკვირდეთ, რომელ თემატიკაზე ამახვილებენ ყურადღებას თანამედროვე მოსწავლეები. ისინი უმთავრესად ფსევდოპატრიოტული ლეგენდებით, თანამედროვე ბალადებით და მსგავსი საკითხებით ინტერესდებიან, საუკეთესო შემთხვევაში კი შესაძლოა ინდივიდისა და საზოგადოების კონფლიქტის მიზეზებსა და შედეგებზეც დაიწყონ მსჯელობა. ჩვენს საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობა, დაბალი ფენების წარმომადგენელთა უმძიმესი ყოფა, ქალთა ძალადობის გახშირება უფროსკლასელთათვის აქტუალურ პრობლემებს არ წარმოადგენს.
რატომ არიან მოსწავლეები შევიწროებული სოციალური ჯგუფებისადმი შედარებით გულგრილნი?

ცხადია, ნებისმიერ კითხვაზე ათასგვარი პასუხის მოფიქრებაა შესაძლებელი. მინდა, თქვენი ყურადღება მხოლოდ ერთ გარემოებაზე გავამახვილო. ვფიქრობ, სოლიდარობის, თანაგანცდის დაბალი ხარისხი მიტოვებული, ტაბუდადებული და „ბოლშევიკურად” მიჩნეული ნაწარმოებების არსებობით არის განპირობებული.

დარწმუნებული ვარ, მოზარდთა დიდ უმრავლესობას ძალიან ცოტა რამ სმენია ეგნატე ნინოშვილის (ინგოროყვას) შესახებ.

ეგნატე ნინოშვილი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე მწერალი გახლდათ, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია იმ ეპოქის ყველა დიდი უსამართლობა. მთელი სიცოცხლე უმძიმეს ჯაფას ეწეოდა, არაერთხელ უგრძნია ზეწოლა დამსაქმებლისა თუ დაწინაურებული ფენის რომელიმე სხვა წარმომადგენლისგან, ბევრჯერ ყოფილა დევნილი საკუთარი რესურსებით ორგანიზებული გაფიცვისთვის და ამიტომ მუდამ სიღატაკეში უწევდა ცხოვრება. მიუხედავად არასახარბიელო მდგომარეობისა, ახალგაზრდა აქტივისტს არასდროს გადაუდვია კალამი – „ივერიაში” გამოქვეყნებული მოთხრობებით ცდილობდა არსებული რეალობის შეულამაზებლად ასახვას და ხალხის ჩაგვრის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას. როგორც იაკობ გოგებაშვილი იტყოდა, მისი ნაწარმოებები ყოველთვის „დემოკრატიზმით” იყო სავსე. ანტიცარისტული საქმიანობა ეგნატე ნინოშვილს ძვირად დაუჯდა – მან მხოლოდ 35 წელი იცოცხლა, მძიმე სენი ვერ დაამარცხა და თავისი რევოლუციური საქმიანობის ყველაზე აქტიურ პერიოდში გარდაიცვალა.
ვგონებ, ნინოშვილის ლიტერატური მემკვიდრეობა სწორედ დღეს იმსახურებს ყველაზე მეტ ყურადღებას.
საქართველოს მოქალაქეები კარგად რომ იცნობდნენ „პალიასტომის ტბის” შინაარსს, ალბათ, უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ უკანასკნელი წლების განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას გარდაცვლილი ორასზე მეტი თუ ხუთასამდე მძიმედ დაშავებული მუშის ბედით. რაც მთავარია, მათ უბედურებას შემთხვევითობას არ მიაწერდნენ.
იქნებ სუსტ მოქალაქეებზე ძალადობის შემთხვევებიც განახევრებულიყო, მოზარდთა ნაწილს მაინც რომ ჰქონდეს გათავისებული „ჩვენი ქვეყნის რაინდის” ფაბულა. ჩვენ თითქმის ყოველდღე გვიამბობენ ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირის, ტარიელ მკლავაძის შესახებ. უბრალოდ, თანამედროვე მკლავაძე იაპონური წარმოების ავტომობილზეა ამხედრებული და ხელთ სმარტფონის უკანასკნელი მოდელი უპყრია.
თუ ნინოშვილის „სიმონა” წაგიკითხავთ და ჩვენი საზოგადოების სოციალურ ჯგუფებსაც კარგად იცნობთ, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ პარალელის გავლება ნაწარმოების პროტაგონისტ ოჯახსა და ოცდამეერთე საუკუნის მცირე მეწარმეებს შორის. ფულით მოპოვებული პოლიტიკური გავლენითა და ელიტური მექრთამეობით ჩვენს დროშიც ცდილობენ მრავალი დამარცხების მიუხედავად ფეხზე წამომდგარი მცირე საწარმოების განადგურებას, ხშირად – პირადი ტრაგედიების ხარჯზეც კი.
დაბოლოს, ნინოშვილის Magnum opus-ის („ჯანყი გურიაში”) გააზრებაზე უარს რომ არ ვამბობდეთ და მასში მხოლოდ „წითელ ძაღლს” არ ვამჩნევდეთ, უთუოდ უფრო სამართლიან გარემოში ვიცხოვრებდით.
ნინოშვილის დავიწყება დიდი უსამართლობაა. „მაკარტისტული” სტერეოტიპების მიუხედავად, ამერიკელებს უარი არ უთქვამთ ჯონ სტეინბეკსა და ჯეკ ლონდონზე, არც ბრიტანელებს მიუტოვებიათ ჰერბერტ უელსისა თუ ბერნარდ შოუს კითხვა. ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს და ბოლშევიკური სტიგმისაგან გავთავისუფლდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი