პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დანინგ-კრუგერის ეფექტი

ერთხელ თურმე ბარონი ლედენი ვიქტორ ჰიუგოს ესაუბრებოდა. „თქვენი აზრით, ვინ არის საფრანგეთის პირველი პოეტი?” – უკითხავს, როგორც ბოროტი ხმები აღწერენ, ენამწარე ბარონს. ჰიუგოს ცალყბად ჩაუცინია და დაფიქრების შემდეგ უპასუხია, მეორე ალფრედ დე მიუსეაო.

ეს ამბავი არავის გააკვირებს, ვინც ჰიუგოს ბიოგრაფიას მეტ-ნაკლებად იცნობს. ბოლოს და ბოლოს, ამ საინტერესო მწერალს თავისი სახელის დარქმევა უნდოდა თავისივე ქალაქისთვის, პარიზისთვის. „წელს ვიქტორში უნდა დავისვენო!” – არ ჟღერს ურიგოდ, ისე…

ალბათ მოგაგონდათ მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსი, სადაც ერთი-ერთში მეორდება თავშივე მოყოლილი ისტორია. როგორც ლექსში ჩანს, გალაკტიონიც არ აღმოჩნდება ჰიუგოზე ნაკლებად ამბიციური: „თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ მეორე პოეტიო” და ისიც რიტორიკულად კითხულობს, მხოლოდ საქართველოში თუ გალაქტიკის მასშტაბითო.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ბევრი ჩემი მეგობარი შესწრებია ასეთ სიტუაციას: ერთი პოეტი, გარეგნობით რაგბისტს რომ ჰგავდა, სადაც წამასწრებდა, იქვე მიმიმწყვდევდა კუთხეში და მიკითხავდა და მიკითხავდა ლექსებს. უნდა ითქვას, რომ შეურაცხმყოფლად გრძელი ლექსები ჰქონდა, ფაქტობრივად, ეპიკური ტილოები. რომ მორჩებოდა, მკითხავდა: „ჰა, რავარია?” – და მომლოდინე თვალებით მომაცქერდებოდა. რავი, კარგია-მეთქი, ვეტყოდი და მეტი დამაჯერებლობისთვის მოწონების ნიშნად ცერა თითსაც ავუწევდი. ის კიდევ თავს პერპენდიკულარულად გადააქნევდა და მეტყოდა: „მმმ-ჰ, არა! კარგი კი არა, გენიალურია, პაატ!”

ასე მეორდებოდა პერიოდულად, სანამ ერთხელაც არ ვუთხარი, ჩემი აზრით, საშუალო ლექსია-მეთქი. მახსოვს, მის თვალებში სიტყვასიტყვით ამოვიკითხე: „რას შესწვდებით ჩემს გენიალობას, მდაბიოებო!!!” 

რას ადასტურებს ეს „ქეისები?” იმას, რომ რაც ეპატიება გალაკტიონს (იუპიტერს), არ ეპატიება დამწყებ რქოსან პოეტს? არა, ცხადია. ყველას შეუძლია, ეგონოს თავი სამყაროს ცენტრი, რა პრობლემაა! სხვა ამბავია, ასეთ წარმოდგენას რამდენად უმაგრებს ზურგს საგანთა ლოგიკა. ჰიუგოსა და გალაკტიონის შემთხვევაში ეს ამბიცია ადეკვატურიც კი ჩანდა. მაგრამ მე მინდა, სწორედ ქცევის ამ მოდელის არაადეკვატურობაზე ვისაუბრო.

ერთი კია, რამხელა ეჭვები უნდა ჰქონოდათ დიდ მწერლებს, გამუდმებით ხაზს რომ უსვამდნენ თავიანთ სიდიდეს. მე ვფიქრობ, სწორედ ეს დაეჭვება, საკუთარი არასრულყოფილებისა და უმწეობის შეგრძნება უბიძგებდა მათ დიდი ტექსტების შექმნისკენ. მეცნიერული გონების მქონე გოეთე რაციონალურად აფასებდა სიტუციას, როცა წერდა, საკუთარი არასრულყოფილების შეგრძნება გვაახლოებს სრულყოფასთანო.

კიდევ ერთი ლიტერატურული ანალოგია უნდა მოვიხმო. მარკ ტვენი „ადამისა და ევას დღიურებში” ასეთ სიტუაციას აღწერს: სამყაროს ახალმოვლენილი ევა ეცნობა გარემოს; მას ყველაფერი აღაფრთოვანებს, ყნოსავს ყვავილებს, ეფერება ცხოველებს, და აი, პირველყოფილი არცოდნით აღჭურვილი, აიხედავს ცაში, მოიხიბლება ვარსკვლავებით, მოუნდება, რამდენიმე ცალი თმაში ჩაიწნას. და რას აკეთებს ის? – აიღებს სარს და ეცდება, მისი დახმარებით ჩამოაგდოს რამდენიმე ცალი ვარსკვლავი.

ეს კარგი ილუსტრაციაა უცოდინარი ადამიანის მიერ სამყაროსა და საკუთარი თავის აღქმისა, ამ ურთიერთობის მისმიერი ხედვისა – რამდენად ყოვლისშემძლე ჰგონია თავი და რამდენად უმწეოა სინამდვილეში.

რა შეიცვლება ცოდნით? ვთქვათ, ევას მივეცით უმაღლესი განათლება, დავამთავრებინეთ ოქსფორდი, მივანიჭეთ დოქტორის ხარისხი. ის აღარ იქნება უმწეო სამყაროს წინაშე? არა, ისევ უმწეო იქნება, ოღონდ თავი ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე აღარ ეგონება. ასე წარმომიდგენია არსებითი განსხვავება ცოდნასა და არცოდნას შორის. 

და აი, როგორც იქნა, მივედი სათაურში დასმულ საკითხამდე. ყველა ეს მაგალითი ამის განსაზოგადებლად დამჭირდა. რა არის დანინგ-კრუგერის ეფექტი? ამაზე პასუხს ქართულ „ვიკიპედიაშიც” კი იპოვით:

„დანინგ-კრუგერის ეფექტი ეწოდება კოგნიტურ ტენდენციას, როდესაც არაკვალიფიციური ადამიანები განიცდიან მოჩვენებით უპირატესობას სხვათა მიმართ, არასწორად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და საკუთარ თავს ანიჭებენ საშუალოზე ბევრად უფრო მაღალ დონეს. ეს ტენდენცია მიეწერება არაკვალიფიციური ადამიანების მეტაკოგნიტურ უუნარობას, შეამჩნიონ და აღიარონ თავიანთი შეცდომები.

ამის საპირისპიროდ, ნამდვილ კომპეტენტურობას შეიძლება ახლდეს შედარებით დაბალი თვითშეფასება, ვინაიდან კომპეტენტური ადამიანები შეცდომით ვარაუდობენ, რომ სხვებსაც აქვთ მათი მსგავსი შესაძლებლობები და მოვლენების წვდომის უნარი”.

ერთი სიტყვით, მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიციო, იტყოდა ერთი ჭკვიანი კაცი და მეორე ჭკვიანი კაცი დიდი ხნის შემდეგ გაეპასუხებოდა: მე ისიც კი არ ვიცი, არაფერი რომ არ ვიციო. 
როგორც ვაჟა ზაზაევიჩი იტყოდა, ამაშია საქმე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი