ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთ-ურთის დანდობისასა” „სტუმარ-მასპინძელი”

პოემაში სტუმარმასპინძლობის ადათზე დაყრდნობით პოეტი განიხილავს ერთ-ერთ მთავარ მოტივს თავის შემოქმედებაში – პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის მოტივს. „ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ინტერესი უპირატესად მიმართულია იქითკენ, რომ აჩვენოს, რატომ უწყობს ხელს ადათის მოქმედება პიროვნულის ისეთი სიმძაფრით გამოვლენას, რომ იგი დაუპირისპირდეს კოლექტივს, საზოგადოებას” (ი. ევგენიძე. ვაჟა-ფშაველა, 1989წ.). სიკეთე, რომელიც, ვაჟას რწმენით, ადამიანის სულის არსებით თვისებას წარმოადგენს, ამ პოემაშიც შეურიგებელ წინააღმდეგობაში ექცევა ადამიანთა მიერვე მტრობის, დაპირისპირებულობის ნიადაგზე შემუშავებულ არაადამიანურ კანონებთან. პოემის დასაწყისშივე ამ დაპირისპირებულობის გამომხატველია და დაძაბულ განწყობილებას ქმნის ვაჟასთვის ჩვეული ხერხით მოცემული ბუნების სურათი („ბნელ ხევზე მოჰყეფს მდინარე, გულამღვრეული ჯავრითა…”). თითქოს მთელი სამყარო „გულამღვრეულია” მტრობით, სიძულვილით.

 

ვაჟკაცობით განთქმული ზვიადაური, რომელსაც გზა დაჰკარგვია, ხვდება ნადირობიდან დაბრუნებულ გზად მიმავალ ქისტ ჯოყოლას. ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, შესაბამისად, ჯოყოლამ არ იცის, რომ დაკარგული მონადირე მისი მოსისხლე მტერია. ჯოყოლა ნანადირევს უნაწილებს და სტუმრად იწვევს ზვიადაურს თანახმად ადათისა, რომლის ძალა მოგვიანებით მასპინძლის ცოლისადმი მიმართულ სიტყვებში გამოჩნდება („აი, სტუმარი მოგგვარე, ღვთის წყალობაა ჩვენზედა”). ის კაცი, რომელიც ჯოყოლას სახლში „დაჰმღერდა გმირობისასა” სტუმარში მოსისხლეს შეიცნობს და როცა სტუმარს მასპინძელები სუფრასთან მიიპატიჟებენ, მოხუცი შეუმჩნევლად გადის კარში სოფლის ფეხზე დასაყენებლად. თემი შურისძიებისთვისაა განწყობილი („აღელდა მთელი სოფელი: ბალღი, კაცი და ქალია. უნდა შესწირონ თავის მკვდარს ზვიადაურის თავია; უნდა მტრის საფლავზე დაკლან, როგორაც წესი არია”). აქ მტრისადმი შურისძიების გრძნობა სარწმუნოებრივია, „ალუდა ქეთელაურისაგან” განსხვავებით, ქრისტიანული ეთიკის მაგივრად მას მაჰმადიანური ზნეობა უდევს საფუძვლად. სისხლის აღება, მკვლელობისთვის მოკვლა ყველა მთიელს წესად ჰქონდა, მაგრამ საფლავზე დაკვლა და ამგვარად „შეწირვა” მაჰმადიანი მთიელების ადათს წარმოადგენდა. ამ მოტივით თემი არღვევს სტუმარმასპინძლობის საღვთო კანონს, ქურდულად ესხმის თავს ჯოყოლას ოჯახს და შეიპყრობს ზვიადაურს. ჯოყოლა გაოგნებულია, ვერც მიმხვდარა, რატომ მიდის თემი საკუთარი თავის წინააღმდეგ და ხანჯლით გავარდება სტუმრის დასახმარებლად. თემი, რომელიც რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ, სისხლმოწყურებულ ბრბოს უფრო ჰგავს, ვიდრე მართლმორწმუნე, მოწესრიგებულ საზოგადოებას, ჯოყოლას ამ ზნეობრივ კითხვას თავისი არგუმენტაციით პასუხობს, ჯოყოლას უხსნიან, რომ მისი სტუმარი ზვიადაურია, რომლის სახელი ბავშვმაც კი იცის მთაში. მაგრამ ჯოყოლას თვალში თემის მოქმედება მაინც უკანონოა. თემისადმი მისი პასუხიც მისივე პიროვნული დიდბუნებოვნების, სულიერი სიმაღლის დასტურია:

 

„დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,

მითაც მე ვერ ვუღალატებ,

ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა”.

 

სტუმარმასპინძლობის ადათი ქართულ სინამდვილეში სტუმართან მეგობრობის ან სტუმრის მიღების სურვილს კი არ გამოხატავს მხოლოდ, არამედ სტუმრის, როგორც მოყვასის სიყვარულსაც გულისხმობს. ამ ადათის დახასიათებას იძლევა ვაჟა წერილში „ხევსურები”: „ხევსურს, იმის გარდა, რომ უყვარს სტუმარი, თავისდა შესაფერისად დახვედრაც იცის… სტუმარი ხევსურის სახლში ხელშეუხებელია. სტუმრის მოსისხლე მტერს, მასპინძლის მეზობელიც, თუნდაც ძმაც რომ იყოს, არ შეუძლიან სტუმარს ხმა გასცეს, თუ ვინმე გაკადნიერდა, მაშინ თვითონ მასპინძელი გასცემს პასუხს სტუმრის მოდავეს, სისხლის დაქცევასაც არ დაერიდება, ოღონდ სტუმარი შეურაცხყოფისგან დაიცვას“ (ვაჟა-ფშაველა, „პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები”, თხზ. IX ტ.). ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაში სტუმრად მოსული მეტრიც კი პატივისცემითაა მიღებული მასპინძლის მიერ. თუმცა სტუმარმასპინძლობის ადათი პატივისცემის ორმხრივ გამოვლენას გულისხმობს, მაგრამ სტუმრის მხრიდან ამ დამოკიდებულების დარღვევა არ არის უცხო ჩვენი ყოფისა და ლიტერატურისათვის (გავიხსენოთ აკაკი წერეთლის „გამზრდელი”). ამიტომაცაა გამართლებული „სტუმარ-მასპინძელში” გამჟღავნებული ჯოყოლას უნდობლობა თავისი სტუმრისადმი („ნამდვილ აკლებას გვიპირებს, გვღალატობს ჩვენი სტუმარი, ძმობით და მეგობრობითა შემოგვაპარა ლაშქარი!”).

სტუმართმოყვარეობა მასპინძლის ღირსებას წარმოაჩენს. ამგვარად ჯოყოლა სტუმრის დაცვით საკუთარ პიროვნულ ღირსებას იცავს („ვის გაუყიდავ სტუმარი, ქისტეთს სად თქმულა ამბადა?”) ამიტომაც თუ ზვიადაურის სახეში მოცემულია „შეუპოვრობა, გამძლეობის” მოტივი, ჯოყოლას სახეს აკავშირებენ „პიროვნული ღირსების დაცვის” მოტივთან.

„სტუმარ-მასპინძელში” ერთმანეთს ემთხვევა ორი ადათის შესრულების აუცილებლობა: ადათი სტუმრის პატივისცემისა და ადათის მტრის მტრულად დახვედრისა, „თვით თემშია მოცემული შინაგანი წინააღმდეგობა… ვაჟა-ფშაველას დამსახურებად სწორედ ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მან თემის ეს შინაგანი წინააღმდეგობა დაგვიხასიათა. „მან, როგორც შეიძლება ითქვას, არცერთმა ქართველმა მწერალმა ქართულ ლიტერატურაში, გვიჩვენა, რომ პიროვნების ტრაგედია საზოგადოების შიგნით არსებული წინააღმდეგობის საფუძველზეა აღმოცენებული” (გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, 1957წ.). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯოყოლა სრულიადაც არ ზრუნავს ზვიადაურის, როგორც მტრის დაცვაზე:

 

„მე გთხოვ გაუშვა, მუსაო,

ნუ სტანჯავ უდიერადა,

როცა გასცდება ჩემს ოჯახს

იქ მოეპყარით ავადა“.

 

ჯოყოლა ამ შემთხვევაში ცნობს იმ ადათს, რომლის თანახმად, ოჯახიდან გასული სტუმრის მიმართ ისევ ძალაში შედის სისხლის აღების მოთხოვნა. ასე რომ, ჯოყოლა სავსებით თანმიმდევრულია ადათების დაცვის თვალსაზრისით. პოემაში შექმნილ რთულ სიტუაციაში სწორედ თემია არათანმიმდევრული, სწორედ თემი ვერ ართმევს თავს ვითარების სირთულეს, თუმცა ჯოყოლა, რომელიც არ ექვემდებარება თემის კონტროლს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგიც მას თავიდანვე გაცნობიერებული აქვს. „ამ მხრივ ჯოყოლას უკომპრომისობა პოეტურია… ხასიათის ეს პოეტურობაა სწორედ მისი ზნეობრივი ამაღლების პირობა. ჯოყოლას მხრივ საკუთარი ქცევის ავტონომიურობის დაცვა ზნეობრივი იდეალის სახეს იღებს და რწმენის სფეროშიც იჭრება, ჯოყოლას სტუმართმოყვარეობის საფუძველი ღვთაებრივი შინაარსის მასპინძლური სიკეთეა” (ი. ევგენიძე, ვაჟა-ფშაველა, 1989წ.). ჯოყოლა სტუმრის მოსვლას „ღვთის წყალობად” და მის დახვედრას „საუფლო წესად” თვლის. ამ შემთხვევაში მწერლის პოზიცია ქ რ ი ს ტ ი ა ნ უ ლ ი სულის გამომხატველია, მიუხედავად იმისა, რომ ჯოყოლას სახით მაჰმადიანთან გვაქვს საქმე.

 

თემი ასრულებს თავის სურვილს („თემს რაც სწადიან, მას იზამს, თავის თემობის წესითა”). იგი ანგარიშს არ უწევს არც იმას, რომ იმავე „თემობის წესით” სტუმარი ხელშეუხებელია, არც ჯოყოლას ოჯახის შეურაცხყოფას. ჯოყოლა შეკრეს და დერეფანში დააგდეს, ზვიადაური კი შებოჭეს და ზვარაკად მიიყვანეს სათემო სასაფლაოზე დასაკლავად.

 

პოემის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ზვიადაურის, გმირული ხასიათი თვალსაჩინოდ იხსნება ეპითეტებში, რომლებსაც ხალხი ხმარობს მის მიმართ („მოუკლავთ ზვიადაური, /ცით ჩამოსული სვეტადა /ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი, /გამოსადეგი მეტადა”).

 

ამ გმირის ხასიათის შინაგანი სიძლიერე განპირობებულია იმით, რომ მას და მისი კუთხის წარმომადგენლებს საერთო შეგნება აქვთ. ზვიადაურის მოქმედების წარმმართველია მტრისადმი სიძულვილი. სწორედ ეს სძენს არტისტიზმს მის სიკვდილს. განსაკუთრებული მხატვრული ოსტატობით არის აღწერილი ზვიადაურის მსხვერპლად შეწირვა. თუ შეკრთა ხევსური სიკვდილის წინ, საიქიოს იგი თავისი მოკლულის მუდმივი მსახური იქნება, თუ არ შეკრთა – დარლა სამაგიეროს გადაუხდელი დარჩება. ასე სწამთ ქისტებს. ნაწარმოებში ვაჟა ადამიანთა ბნელ, მგლურ ბუნებას გვიხატავს („სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას თუ ჰკლავენ, ცქერა გვწადიან, კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა, როგორ დიდს ცოდვას სჩადიან. რამდენი ავსული ვიცი, წარბშეუხრელად დადიან”). ზვიადაური გასაოცარ სიმტკიცეს გამოიჩენს – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უდიერად ახსენებს დარლასაც და სისხლის ამღებებსაც („ძაღლ იყოს”, – ყელში ამბობდა, მანამ მოსჭრიდნენ თავსაო!”). მისი ვაჟკაცური დაუმორჩილებლობა უმწეო აღშფოთებას იწვევს ქისტებში, რადგან მათ არაფრით შეუძლიათ სამაგიერო მიუზღონ ზვიადაურს, გარდა სიკვდილისა, რასაც ხევსური ზიზღნარევი გულგრილობით შესცქერის („ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა, რომ ხელთ არა აქვს ხმალია. „ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო, კარგი დაგიდგათ დარია”.) ზვიადაური უკიდურესად ტრაგიკულ წუთებშიც ინარჩუნებს სულიერ სიმტკიცეს, ერთგული რჩება საკუთარი თავისადმი. იგი არ გალაჩრდა, არ შეშინდა მტრისა და სიკვდილის წინაშე, არ შეეწირა დარლას, კვდება თავისუფალი, როგორც გმირი (აქვე გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველასთვის დამახასიათებელი ფოლკლორული მოტივი, ბუნება გლოვობს გმირს: „ზვიადაურსა გლოვობდა შფოთვა და ბორგვა მთისაო…”). გმირი კი საიქიოში მონად არ გამოდგებოდა („გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, / გული გულადვე რჩებოდა…”).

 

ქისტების საქციელში ჯერ გაბოროტება ჭარბობს. მოგვიანებით ეს აღშფოთება თავისებურ აღტაცებასა და სინანულში გადადის. თემი თითქოს ხვდება და ინანიებს თავის დანაშაულს („ხომ მაგას არ მოვუკლავდით მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ? კარგი ვაჟკაცი ყოფილა, – ყველა ალლაჰსა ჰფიცავდა”), მაგრამ საბოლოოდ მაინც თემის უნივერსალური კანონი, ტრადიციული შეგნება იმარჯვებს („მაგრამ მტერს მტრულად მოექეც” – თვითონ უფალმა ბრძანაო”). „ვაჟა-ფშაველა მაჰმადიანურ თემს იმაში კი არ სდებს ბრალს, რომ მან თავისი დაუძინებელი მტერი-ზვიადაური მოჰკლა, არამედ მხოლოდ იმაში, რომ თემმა დაარღვია სტუმარმასპინძლობის საუკუნეების გრძელ მანძილზე განმტკიცებული წესი” (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა, 1989წ.). ზვიადაურის ხასიათში არ არის დრამატიზმი, მასში არ არის შინაგანი წინააღმდეგობა, იგი იღუპება ფიზიკურად, თუმცა მისი სული გაუბზარავი რჩება. ჯოყოლას და აღაზას (განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის) ხასიათები გაცილებით უფრო რთულია, ერთგვარად გაორებულიც.

 

სახე აღაზასი, რომელიც ზვიადაურის ტრაგიკულ წუთებში ამჟღავნებს თავის პიროვნულ სიღრმეს, რომელიც ზნეობრივი მარტოობის საოცარი განცდით იტანჯება („ქისტეთში ჩემი ერთგული კენჭიც კი აღარ არია”) და რომლის ხასიათიც ბოლომდე მაინც გაუხსნელი რჩება მკითხველისათვის, უძლიერესია ვაჟა-ფშაველას მიერ შექმნილ ქალთა სახეებს შორის. ეს არის მხატვრულად სრულყოფილი, ფსიქოლოგიურად ცოცხალი სახე იდეალური გმირისა.

 

ხევსურნი დაესხნენ ქისტებს ზვიადაურის მოკვლის გამო სამაგიეროს გადასახდელად. ქისტების აზრით, ჯოყოლა მოღალატე და გამცემია. ამ უკანასკნელს კი, რომლისთვისაც თემის მთლიანობა გარდაუვალი კანონია, აზრადაც არ მოსდის უღალატოს თემს. იგი მარტოდმარტო იშვიათი გამბედაობით გადაეშვება ხევსურთ ლაშქარში საბრძოლველად.

 

შთამბეჭდავია ჯოყოლას სიკვდილის სურათი: თემისგან განწირული ჯოყოლა, რომელიც თავის დანაშაულს არ გრძნობს, არც მის გამოსასყიდად მოქმედებს და თავისი ქცევის სიმართლეში მტკიცედ არის დარწმუნებული, თავისი შეუპოვრობითა და გაუტეხლობით (რითაც ის ზვიადაურს როდი ჩამოუვარდა) აკვირვებს თანამემამულეებს.

 

ჯოყოლა და აღაზა პატარა სამყაროს პირველი ჰუმანისტები არიან, რომელნიც თავიანთ გრძნობებს უპირისპირებენ თემის რკინის კანონებს, ბრმა რელიგიურობას. თემისაგან განსხვავებით, ისინი ბრმად არ მოქმედებენ, არ არიან ინდიფერენტულნი და არიან ძლიერები დამოუკიდებლობით, როგორც გამოკვეთილი პიროვნებები. როგორც ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარი ამბობს, ისინი სცილდებიან თემს, როგორც ყველაზე უფრო კეთილი მტრები და მიუხედავად ამისა, მაინც ასრულებენ თავიანთ დადებით ფუნქციას საზოგადოების მომავალი განვითარების თვალსაზრისით. მომავალი კი არა მარტო ჯოყოლასა და აღზასთვის, გამოუცნობი და ბინდით მოცული იყო თვით ვაჟასთვისაც. ალბათ ამიტომაა, რომ ზოგჯერ მისი თხზულებები „სტუმარ-მასპინძლის” მსგავსად მთავრდება ნაღვლიანი ეპილოგით. ამ პოემის ეპილოგში კი სიმართლე მხოლოდ მიღმიერ ქვეყანაში იმარჯვებს. ზვიადაური და ჯოყოლა ქისტების მიწაში წვანან, აღაზა თავს მდინარეში იხრჩობს, რადგან თავს ცოდვილად, უღირსად თვლის, ხალხისგან გაკიცხულს და დაწყევლილს ქმრის სიკვდილის შემდეგ ამქვეყნად აღარაფერი დარჩენია. „ფშაური დიდების” თანახმად, ღვთისშვილნი „ღვთის მოთანაყმენი, ერთურთის მოდე-მოძმენი და სტუმარ-მასპინძელნი არიან”. უნდა აღინიშნოს, რომ ვაჟას პოემის „სტუმარ-მასპინძლის” სათაური საკრალური ხასიათის ამ იდიომიდან მოდის და მას ღრმა ქვეტექსტი ახლავს: კაცნი, ღვთისშვილთა მსგავსად, ერთმანეთის ძმები, სტუმარ-მასპინძლები ან რაც იგივეა, მოყვასნი და მაშასადამე, სწორფერნი ანუ თანასწორნი არიან მამაღმერთის წინაშე” (თ. ჩხენკელი, ტრაგიკული ნიღბები, 1971წ.).

 

პოემის ეპილოგში ღამეული სურათია მოცემული: აღაზა, ჯოყოლა და ზვიადაური ერთმანეთს იმ კლდესთან ხვდებიან, რომელთანაც ჯოყოლა მოკლეს. მათი კავშირი ადამიანთა გამთიშავ მტრობაზე ძლიერია. კლდის თავი, მითოლოგიური წარმოდგენით, ზეციური მთაა, სადაც ღვთისშვილები, იგივე „მარსკვლავები” მზის ჩასვლის შემდეგ იკრიბებიან. ამგვარად, ჯოყოლა, ზვიადაური და აღაზა, ღვთისშვილთა მსგავსად, ერთმანეთის სტუმარ-მასპინძელნი და მოდემოძმენი არიან. ასეთივე „მოძმე, ანუ „ლამაზი ძმაა” ალუდასათვის მუცალი (ლამაზიც მზიური ღვთაებების ეპითეტია). მუცალიც და ალუდაც, როგორც ჯოყოლა და ზვიადაური, ზეციურ საუფლოში ერთიანდებიან, როგორც მარადიულად „ლამაზი” ღვთაებრივი მოძმეები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი