ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საკეტი და სახელური

ათ წელზე მეტი იქნება, რაც ზაზამ ეს ამბავი მომიყვა. მაშინ არც დავფიქრებულვარ, მგონი გულგრილადაც კი ვუსმენდი, ის კი – ახლა მახსენდება და მრცხვენია კიდეც – მღელვარედ და დაუცხრომლად ჰყვებოდა.

…თეაკო რომ გათხოვდა, გემახსოვრება. მამამისმა მაგარი ქორწილი გადაუხადა, სიძეც მოსწონდათ მგონი, სანამ წამლის ბარიგობისთვის არ გასროკავდნენ. ქორწილში იმდენი ხალხი მოვიდა, ყველა არც დამჯდარა სუფრასთან, ნამდვილი ზედახორა იყო, თითქოს ხო ჭრელი და აჭრილი ხალხი, მაგრამ ყველა ყველას იცნობდა. ხუთი-ექვსი ჭიქის შემდეგ კაი ცეკვები გახურდა. ჯერ პატარები გამოვიჭერით, გავიქნიეთ და გამოვაქნიეთ, მალე სერიოზული ხალხიც აგვყვა.
ცოტა გადაკრულში ვიყავი და ვიფიქრე, ნუცას გამოვიწვევ-თქო – შენც ხო იცი, რა ლამაზი იყო ნუცა, სანამ იმ ახვარს გაყვებოდა. ნუცამაც არ გამიტეხა. ერთ კლასში ვიყავით სულ პატარაობიდან, ისიც მახსოვს, დედამისმა რომ მოიყვანა პირველ დღეს, მარტო დატოვება უნდოდა და ეს გაეტირა, მოაღო პირი! რა სასაცილო იყო. ცეკვაში ნუცას ვინ აჯობებდა – დახვეწილობა, სისადავე მაინც თავისას შვრება, ჩემნაირი ქაჯებიც კი კომპლექსდებიან, ასეთ გოგოებს რომ ხედავენ. 
ერთი ტაში მოწყდა, მეორე. მერე ვიღაცამ მოუნდომა გამოცეკვება, მაგრამ ჩავუხტი, გავშალე ხელები – მეშვიდე კლასელებში ჩემზე გრძელი ხელები არავის არ ჰქონდა, სლავასთან წელიწადნახევარი რომ დავდიოდი კალათბურთზე, ეტყობა ეგ გამომადგა. გადავუხურე იმ ტიპს, სამი მოხსნა ეგრევე. მეტი არც უცდია. ნუცაც კმაყოფილი იყო, იღიმოდა. 
ცოტა ხანში დაცხა, ხალხიც შეთვრა და ის მომაბეზრებელი, მაღალფარდოვანი სიყვარული გააჩაღეს. უსქესო სიყვარული, მიკროფონში სალაპარაკო. ნუცას გადავულაპარაკე, გარეთ გავიდეთ, სანამ ამ თამადას ეკლესიასტეს შეგონებებით არ დაუწყია ლაპარაკი-თქო. მიხაროდა, თავის გამოჩენა რომ შემეძლო. კაი-კაი ნარჩევ სახელებს უცებ ვიმახსოვრებდი – ნიჭიერი თუ ხარ, შენს ტვინში თავისუფლად დაეტევა დემი მური და შაკილ ო’ნილი, პიტ სამპრასი და ჰაროლდ პინტერი, ტონი ბლერი და შაკირა. მთავარია, უცხო, გაუცვეთავი იყოს. 
ეზოში გავედით. კაციშვილი არ ჩანდა. მანქანებით სავსე იყო დიდი ეზო. ლამპიონის პატარა შუქი ბჟუტავდა, ერთ ადგილას ჩაშტერებული. მსხლის ხის უზარმაზარი ჩრდილი ეფარა მანქანებზე, გეგონებოდა, ტოტებს ძმაკაცებივით ხელი გადაუხვევიათო. უცებ მომინდა მეც ნუცასთვის გადამეხვია ხელი, მისი სუნი და სითბო მეგრძნო და მისი რბილი და სუსტი თითები არ გამეშვა ხელიდან.
პაპანაქება დღეს ჭიშკარი თუ გამოგიღია, ისეთი გრძნობა მქონდა – სახელური რომ ცხელია და საკეტი ჩადუღებული, უნდა დაეჯაჯგურო. რომ მოქაჩო, ჯერ კარგად უნდა ჩაავლო ხელი. ხელისგულებს გიწვავს, სიცხეც გაჭერს ზევიდან. წვალებაში ხარ – ვერც კარს აღებ და მზეშიც იხრუკები. 
ორი სიტყვით უნდა მეთქვა. არა, უბრალოდ, ხელი უნდა გადამეხვია და… ამ დროს რას ვხედავ! ვიღაც ტიპს გოგო მანქანის კაპოტზე ჩამოუსვამს, ეფერება და ხელის აუჩქარებელი მოძრაობით გადი-გამოდის თავზე, მხრებზე, წინ და უკან. მეთქი, ვინაა ეს შობელძაღლი, რეებს ბედავს-თქო. რაც არ უნდა იყოს, ეზოა, ქორწილია, ხალხი მოძრაობს, შენ კი დამდგარხარ და… ხო გესმის, ათასი რამე! არა, შნოც უნდა გქონდეს, ეგეთები რომ გაბედო, მაგრამ მაინც ტეხავს. მე გამიტყდებოდა მის ადგილას, ვიღაცას რომ ვენახე. არა, ისედაც გამიტყდა, მომერიდა ნუცასკენ გახედვა – არ ვიცოდი, რა მეთქვა. რითი გამემართლებინა მაგ ტიპის საქციელი, ან რატო უნდა გამემართლებინა, კაცი იყო და კაცის საქმეს შვრებოდა, მაგრამ რატომღაც მომინდა, მის ნაცვლად მეთქვა რამე. ან არ მეთქვა და უბრალოდ… ეგრეც მოვიქეცი: გავიღიმე, ფართოდ გავიღიმე, სიცილამდე ღიმილი რომ არის, ისე, და ჩემი უდარდელობით გულმოცემულმა ნუცას გავხედე.
ნუცა არ ჩანდა. სადღაც გამქრალიყო. მივიხედ-მოვიხედე, ერთ ადგილას ჩაშტერებული      ლამპიონის შუქი ბჟუტავდა, დიდი ხის ტოტები მანქანებს გადაფარებოდნენ. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ქორწილში შევბრუნდი – ნუცა არც იქ იყო.
შოთიკო შემხვდა, მთვრალი და არეული. ნუცაზე რომ ვუთხარი, წეღან ეზოში ვნახეო. სად ეზოში-მეთქი. აი, მანდ, კიბესთან, მანქანები რომ აყენიაო. უცებ სახე გაებადრა და ხმადაბლა მითხრა, თვალებში ეშმაკები უთამაშებდა, – ხო ნახე, რეზიკოს რა ნაშა ყავდა დათრეულიო. 
რეზიკო? შენ საიდან იცი-მეთქი. რაღა საიდან, მეც მანდ ვიდექი და ლუკაც, ალეკოც, სუსლიკაც. არ გამაგიჟო-მეთქი. მე და ნუცა ვიყავით მარტო, რომ გამოვიხედე, ნუცაც არ იყო, თქვენ სად ჯანდაბაში იყავით-მეთქი. ჩვენც მანდ ვიყავით, ახლოს, და მერე ასეთ გოგოსთან რომ დგახარ, ძმაო, ცოტა ხელიც უნდა წაუჭიროო. 
ვითომ რატომ-მეთქი, – არ დავიხიე. არც რატომ, უბრალოდ, ამ რეზიკომ მთლად მოწამლა აქაურობა. რაც ეგ ჩამოვიდა, გაგიჟებას არიან ეს გოგოები, დიდიან-პატარიანა. აწყდებიან და ვერც აწყდებიან. ხო იცი, ჩვენხელა გოგოებს დიდი ბიჭები მოსწონთო.
ნუცასთვის ამაზე არასდროს არაფერი მიკითხავს. იმ დღის მერე სულ შეიცვალა. ცეცხლი მწვავდა, მაგრამ მისვლა ვერ გავბედე. სკოლა ისე დავამთავრეთ, ვერ შევძელი ერთხელაც მეკითხა, სად გაქრა იმ საღამოს, ან რატომ წავიდა. რეზიკოს რომ ნახავდა იმ გოგოსთან ერთად, ვიცი, მაგრამ რაღაც არ მჯერა, ის ბიჭები შეემჩნიოს, ვითომ ჩვენს უკან რომ იდგნენ. ნახავდა? მაშინ მე რატომ ვერ ვნახე. და ვის გამო გაიქცა ბოლოს და ბოლოს ეზოდან? – ჩემი, რეზიკოსი თუ იმ ბიჭების? ვის გამოექცა?
რეზიკომ მოწამლა ყველაფერიო – მეტი საქმე არა აქვს, პატარა გოგოების ამბავი ინაღვლოს, მაგის რა ბრალია, ვიღაცას თუ შეუყვარდა და შუა ეზოში გოგოსთან ერთად შეუსწრო? ჩემი ბრალიცაა, დროზე უნდა ჩამეკიდა ხელი, დროზე უნდა მეთქვა, რასაც აქამდე გონებაში ვღეჭავდი: დროზე უნდა დაფქვა, თორემ ხრეში გაგერევა და კბილები დაგიბლაგვდება. მერე ან რეზიკოს ნახავ ვიღაც შემთხვევით ტიპშასთან – და ის დაგაბნევს, ან შემთხვევითი დაღრეჭილი ნაბიჭვრები ამოგიდგებიან უკან, და შენ, ამ ფიქრებში ჩაყვინთული, ვერც მიხვდები, სად გაქრა ნუცა. 
მერე ისიც შეიძლება იფიქრო: იქნებ არც ვყოფილხარ მაგ ეზოში, ქორწილიდან ცხვირი არ გამომიყვია და თუ კაცი ხარ, ამდენი წლის შემდეგ ნუცას ამბავს რას მაყოლინებ, ვიღაც მევახშემ წაიყვანა და ცხოვრობენ ბედნიერადო. 
არა, ნაღდად არ მომიწევია, ზვიად… სკოლის მერე არ გავკარებივარ მაგას. დაგაბოლე, ხო? არა, ნამდვილი საოცრება იყო. რომ ვიხსენებ, გული მეწურება. აი, ისეთი გრძნობა მაქვს… პაპანაქება დღეს ჭიშკარი ხო გამოგიღია – სახელური რომ ცხელია და საკეტი ჩადუღებული, უნდა დაეჯაჯგურო. რომ მოქაჩო, ჯერ კარგად უნდა ჩაავლო ხელი. ხელისგულებს გიწვავს, სიცხეც გაჭერს ზევიდან. წვალებაში ხარ – ვერც კარს აღებ და მზეშიც იხრუკები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი