პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

სხვანაირად არ გამომივიდა, მეც სიკვდილზე ვწერ, სიკვდილზე, რომელიც ისეთი მარტივი, ახლო და ხელშესახები გახდა ჩვენთვის, აღარც გვაშფოთებს; სიკვდილზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი გულგრილობისა და ვიწრო აზროვნების საზარელი შედეგი; სიკვდილზე, რომელიც ეზოში ავი ქოფაკივით დავაბით, მივაძინეთ და მაშინ ვაღვიძებთ, როცა დაგვჭირდება, სანახაობაზე დასასწრებად კი ვეძახით მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს, რომლებიც კიდევ უფრო ინდიფერენტულები და სასტიკები არიან, ვიდრე ჩვენ.

ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სამწუხარო რეალობა, სადაც სხვისი ტრაგედია არაფრად მიიჩნევა, სადაც ოჯახში ძალადობას საზოგადოების პრობლემად არ აღიქვამენ, სადაც მოკლულ ცოლებს ღალატში ადანაშაულებენ, სადაც სამართალდამცავებს ნაცემი ქალებისთვის თვალის გასწორება კი არა, მოძალადე ქმრების დასჯა ეუხერხულებათ.
იქ, სადაც გავიზარდე, ჩემი ოჯახის ბინიდან რამდენიმე სართულით ქვევით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ორი შვილით. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წყვილი იყო და მათი ყოფაც არაფრით გამოირჩეოდა იქამდე, სანამ ალკოჰოლით გაგიჟებული ქმარი ოჯახში ნამდვილ ჯოჯოხეთს არ მოაწყობდა. ეს კი არც ისე იშვიათად ხდებოდა. პოლიციის გამოძახება, მგონი, არავის უცდია, ალბათ აზრიც არ ექნებოდა – 90-იანების დასაწყისის ამბავს გიყვებით. მახსოვს შეწუხებული და შეშინებული დედაჩემი, რომელიც ხშირად ცდილობდა მეზობელი ქალის გადარჩენას სასტიკი ძალადობისგან, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მახსოვს არაადამიანური ღრიალი, კივილი, სასოწარკვეთილი შვილების ტირილი, რომელიც სივრცეს ერეოდა და ოთხი სართულით მაღლა აღწევდა. 

მერე გოგო გარდაიცვალა. ნაცემს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ვეღარ გაუძლო. დედამთილი მკვდარ რძალს ადანაშაულებდა, რომ ქმარს ვერ მიხედა, მეზობლები დანანებით აქნევდნენ თავებს და შიგადაშიგ აღნიშნავდნენ, რომ სწორედ ქალზეა დამოკიდებული, როგორ მოექცევა კაცი. მოძალადე ქმარი არავის დაუსჯია, უფრო მეტიც, მთელმა ეზომ ჩვეულებრივ განაგრძო მასთან ურთიერთობა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ბუნებაა – მარტივად დავივიწყოთ მიცვალებულები, რომელთა გახსენებაც სინდისს გვიღვიძებს და მშვიდად დაძინების უფლებას გვართმევს.   

თუ ძალადობის სტატისტიკას გადავხედავთ, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ საქართველოში თითქმის ყველა უბანს, ყველა ეზოს, ყველა კორპუსს, მინიმუმ, ერთი მოძალადე ჰყავს. ჩვენ მათ ვიცნობთ, ვესალმებით, სამეზობლოსთვის საჭირბოროტო საკითხებს მათთან ერთად განვიხილავთ. როცა მათი სახლებიდან შემაძრწუნებელი ხმები გვესმის, ყურებზე ხელს ვიფარებთ, რომ შინაგანმა ხმამ ჩარევისკენ არ გვიბიძგოს. ამით ჩვენ დანაშაულის თანამონაწილენი ვხდებით, ვეხმარებით მოძალადე ქმრებს, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენონ ცოლებს, ტერორში აცხოვრონ შვილები და საქმე საქმეზე რომ მიდგება, არც მკვლელობაზე დაიხიონ უკან. მოძალადეებმა იციან, რომ ამ შემთხვევაშიც კი როგორღაც მოიძებნება მიზეზი მათ გასამართლებლად.

რა მოხდება, თუ მოძალადეებს სრულ ბლოკადაში ვაცხოვრებთ? რა მოხდება, თუკი მიხვდებიან, რომ მათ საქციელს არავინ გაამართლებს? რა მოხდება, თუ ჩვენ, ყველანი, უარს ვიტყვით, ვიყოთ შემწყნარებელნი მათ მიმართ, ვინც საკუთარი ოჯახების განადგურებით მთელ ქვეყანას აავადებს? იქნებ ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ და დავარღვიოთ დუმილი იმ საზარელი სენის მიმართ, რომელსაც ოჯახში ძალადობა ჰქვია, იქნებ შევძლოთ, თავიდან ავიცილოთ ქალთა მკვლელობის შემაძრწუნებელი სერიის გაგრძელება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში თოთხმეტი ქალი მოკლეს. ჩვენ იქამდე უნდა ვიმეოროთ ეს რიცხვი და მათი სახელები, სანამ ყველა მოძალადე პასუხს არ აგებს, სანამ ძალადობის ჯაჭვი, სათითაოდ რომ გვითრევს, სადმე არ გაწყდება, სანამ ქალზე ხელის აღმართვას უდიდეს სირცხვილად და ტრაგედიად არ ჩათვლის თითოეული ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე.

რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ ამ თემაზე ბოლო დროს ბევრი დაწერეს, მაგრამ სანამ ერთ ისეთ ისტორიას მაინც, როგორსაც ზემოთ მოვყევი, გულსა და გონებაში ვინახავთ, დუმილი დანაშულია, რადგან არავინაა დაზღვეული, იყოს შემდეგი იმ სისხლით დალაქავებულ  სიაში, რომელიც მხოლოდ 2014 წლის მონაცემებით, ჯერჯერობით, თოთხმეტი სახელისგან შედგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი