პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თავისუფლების მეტაფორა

კატო ჯავახიშვილის პიესისათვის „სად არის ანდრეიკა?!“

 ისტორია გამოცდილებით ჭედავს სივრცეებს, თუმცა მუდმივად ტოვებს ადგილს მეტაფორებისთვის. თავისუფლება მისი ყველაზე გაცვეთილი მეტაფორაა, მაგრამ არსებობს საავტორო ექსკლუზივები – ეპოქები, მოვლენები და ადამიანები, რომლებიც ამ მეტაფორას, როგორც ჭეშმარიტების ილუზიას, ისტორიის კარზე ნალივით აკრავენ. ყოველთვის ამ კარიდან იწყება მომავალი.

თავისუფლების იდეის გააზრება ისტორიულ კონტექსტში, ერთდროულად რთული და უმადური, თუმცა სასიცოცხლოდ არსებითი საქმეა, ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეს მოეკიდება, იობის მოთმინებით უნდა აღიჭურვოს და ყველა შესაძლო შედეგსაც მამაცურად დაუხვდეს. მით უფრო, თუ ეს ისტორიული კონტექსტი ბევრი აქცენტით მეორდება თანადროულ ყოფაში და საქმეს აწმყოს სინამდვილე ართულებს – ეს ყველაზე მიუდგომელი და მტკივნეული წერტილი თვალის გასასწორებლად.

დაახლოებით ერთი წლის წინ, კატო ჯავახიშვილმა დაწერა პიესა „სად არის ანდრეიკა?!“.  ის ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ დასტამბა (კონსულტანტი: სალომე ჭანტურიძე; ყდის დიზაინი: მაკა ცომაია). პიესა თავიდანვე გახმაურდა. ერთი მიზეზი ის თემაცაა, რომელსაც ეძღვნება – 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. გასულ წელს საქართველოს გასაბჭოების ასი წლისთავიც იყო, თუმცა ეს თარიღიც უხმაუროდ ჩაიკარგა, ყოველ შემთხვევაში, თვალში არ მომხვედრია საზოგადოებრივი მსჯელობა, სოციალური თუ სახელოვნებო აქტივობები ამ ტრაგიკული ისტორიული მოვლენის მიმართ, თანაც დღევანდელ დღეს – მცოცავი ოკუპაციის პირობებში. ბოლოს და ბოლოს, ეს პიესაც არ დადგმულა თეატრის სცენაზე, ჯერჯერობით ის რჩება ლიტერატურულ პროდუქტად, რომლის მკითხველებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი სახით ძალიან საინტერესო, ღრმა და მრავლისმომცველი ტექსტი გაჩნდა ჩვენს მწერლობაში.

დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არც ისე ბევრი მხატვრული ტექსტი მახსენდება. არადა, ესაა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და საინტერესო ეპიზოდი ჩვენს უახლეს წარსულში. კატო ჯავახიშვილის პიესის მთავარი ხიბლიც, ისტორიული კონტექსტის უაღრესად საინტერესო ინტერპრეტაციაა, რომელსაც თავად ავტორმა ლიტერატურულ-დრამატურგიული ექსპერიმენტი უწოდა და ორ მოქმედებად წარმოადგინა.

კატო ჯავახიშვილი პოეტია, მისი დრამატურგიული ექსპერიმენტის საიდუმლოც, ვფიქრობ, სწორედ ტექსტის პოეტურ ენერგიაშია, უფრო სწორად, მეტაფორულობაში, რომლის წყალობითაც ერთი შეხედვით ყველაზე „მძიმედ მოსანელებელი“ დოკუმენტური მასალა და მხატვრული სივრცე ასე ორგანულად თავსდება ერთმანეთთან. პიესის მთავარი მეტაფორა – მიტოვებული თეატრია. ეს იმდენად ზუსტი და ავთენტური მიგნებაა, რომ სცდება ტექსტის ჩარჩოებს და მთლიანად ისტორიულ კონტექსტს აზოგადებს – დამოუკიდებლობისა და მონობის ასწლიან თავგადასავალს. ეს მეტაფორა ხედვის წერტილებსაც მონიშნავს მკითხველის/მაყურებლის წინაშე – ყველაფერი დღეს ხდება, თვით ასი წლის წინანდელი ამბავიც კი…

მიტოვებულ თეატრში რეჟისორობას აქამდე ყველასგან უჩინარი მოკარნახე ითავსებს და იწყებს სპექტაკლის დადგმას დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. მსახიობები პირდაპირ ცხოვრებიდან შემოდიან „სცენაზე“, რიგრიგობით ირგებენ როლებს და თამაშში ერთვებიან.

თეატრალური პირობითობა სცენოგრაფიულ „მაკეტში“ კიდევ უფრო მძაფრდება – სცენა რამდენიმე სივრცედაა გაყოფილი, ისევე, როგორც ასი წლის წინანდელი ქვეყანა/საზოგადოება – გამზირი, სტამბა, დუქანი, ნაგავსაყრელი… ეს კამერული ატმოსფერო ორმაგად ხუთავს ისედაც დახშულ და აფეთქებამდე დაჭიმულ გარემოს, მსახიობების გრძნობათა ბუნებაში კი, თამაშსა და ცხოვრებას შორის ზღვარი თანდათან იშლება. ერთი მათგანი ჩივის კიდეც: „რა ძნელია იყო ის, ვინც არ ხარ“.

ზოგადად, ეს პიესა პარადოქსებითაა სავსე. ამ წინააღმდეგობრიობაში ჩანს თავისუფლების იდეის რეფლექსია – ყველაფერი თავის თავს ეწინააღმდეგება, აზრი აზრს ეომება, ეჭვი – ეჭვს, იმედი – იმედს. „რას გაუგებ ისტორიას – გადაუფრენს ამ საუკუნეს, ტკივილს, დაფასებასა და იმედგაცრუებებს; რას გაუგებ სიყვარულს, თავისუფლებას დახარბებული ხალხის გულში მოკალათებულს; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილს, რომელიც ხშირად ილზორულ სიმართლეს გვაჯერებს და ჩვენც, ჰო, ჩვენ, ადამიანებს, გვჯერა, რომ სამშობლო ზუსტად იქაა, სადაც მოგვიხაზეს, ზუსტად ის, რაც დაგვაჯერეს. ჩამოგვაჭრეს და მოგვატყუეს“, – ამბობს მოკარნახე პიესის დასაწყისშივე. წინააღმდეგობრივია თავად პერსონაჟების „თამაში“ – ისინი ხან თამაშობენ და ხან – არა, ზოგჯერ როლებს, რომლებიც მათ მოკარნახემ მიაჩეჩა, სცენაზევე ერჩიან, ანგრევენ, ზოგჯერ პირიქით – საკუთარ სამოქალაქო ტრიბუნად იყენებენ. ამ პიესაში მხოლოდ ნაგავსაყრელის ადამიანები არ თამაშობენ. ისინი ნაგავში იქექებიან და ეს ყველაზე ბასრი რემარკაა, რომლითაც კატო ჯავახიშვილი დოკუმენტურ მასალას მხატვრული სივრცისგან მიჯნავს. ნაგავსაყრელის ადამიანები ის ერთადერთი რემარკაა, რომელიც ამ ასწლიან ისტორიაში უცვლელად დარჩა.

„სად არის ანდრეიკა?!“ დოკუმენტურ ნარატივს ეყრდნობა – მკითხველი/მაყურებელი ბევრ საინტერესოს შეიტყობს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. საგულისხმოა ისიც, რომ პიესის ინსპირაციად იმდროინდელ პრესაში დაბეჭდილი განცხადება იქცა, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაიკარგა ნოე ჟორდანიას ვაჟის ძაღლი, სახელად ანდრეიკა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი განცხადება კატო ჯავახიშვილმა დაკარგული სამშობლოს, დაკარგული თავისუფლების იდეაში განაზოგადა. „სად არის ანდრეიკა“ ეჭვებისა და შეკითხვების ენერგიითაა დამუხტული. ქაოსი, რომელშიც ყველა და ყველაფერია ჩართული, ჩვენს ყოფასაც განასახიერებს და ჩვენს დამოკიდებულებებსაც – წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. „სად დავდგე – გადაწერილ წარსულსა თუ გაურკვეველ მომავალში, წინსწარ ვიმღერო დამარცხებულთა სიმღერა თუ დროის ათვლას დაველოდო, არასდროს რომ არაა საკმარისი გამოცდილებისთვის, სამშობლოსათვის, თვალის გასახელად ან მოსახუჭად“.

რა იყო იმ სამწლიანი დემოკრატიული რესპუბლიკის ხიბლი და ხინჯი? როგორ მოხდა, რომ დღემდე მის საფუძვლებზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნიშანსვეტი – სამად სამი წლის განმავლობაში, აგრესიული საგარეო სიტუაციისა და დაძაბული შიდა მდგომარეობის პირობებში, შექმნილ პოლიტიკურ და კულტურულ საფუძვლებზე? რა დარჩა იმ დამოუკიდებლობის ამბიდან, რა შეიძლება იმემკვიდრეოს მომავალმა?

ეს კითხვები ღონივრად გაისმის კატო ჯავახიშვილის პიესაში. მათზე ფიქრი მოუწევს ყველას, ვინც წაიკითხავს და ვინც სცენისთვის გააცოცხლებს. ვფიქრობ, რეჟისორებს წინ მეტად საინტერესო შემოქმედებითი პროცესი ელით, მაყურებლებს კი – დიდი შთაბეჭდილება.

ხოლო ვიდრე „სად არის ანდრეიკა?!“ სცენაზე განხორციელდება, მანამდე ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მოიძიოს და კონცეპტუალურად გაფორმებულ წიგნად წაიკითხოს, მით უფრო, რომ პიესაში კატო ჯავახიშვილის პოეზიის ფრაგმენტებიცაა, რაც ცალკე საბადოა მკითხველური სიამოვნებისთვის.

თავისუფლების მეტაფორა კი ახალი კითხვის ნიშნებს ბადებს – მართლაც, „სად არის ანდრეიკა?!“

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი