ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი კუთხე

დიდ, ნათელ, მზიან სახლში გავიზარდე. ჩვენი სახლი რემონტითა და თანამედროვე ავეჯით თავს ვერ მოიწონებდა. სამაგიეროდ, სახლს დღემდე ამშვენებს მამას ხელით აწყობილი ვერცხლისფერი კარი, რომელსაც მანამდე ვაპრიალებდი, სანამ საკუთარი ანარეკლი არ გამოჩნდებოდა. წამოვიზარდე თუ არა, ერთი ოთახი დამითმეს. მეზობელმა ყავისფერხავერდიანი საწოლი გვაჩუქა და დავისაკუთრე. საწოლს პატარა კარადა ჰქონდა მიბმული, მერე რა, რომ ჩატეხილი თავი ჰქონდა, მე მაინც მთელი გულით შევიყვარე. მერე მამამ საწოლის თავზე საბჭოთა კავშირის შესაფერად უსახური და ერთფეროვანი წიგნის თაროები დამიკიდა. მაინც მიხაროდა. თაროებზე წიგნები, ფუმფულა სათამაშოები და სუვენირები დავაწყვე. ჩემი ოთახის ფანჯარა ხმაურიან ქუჩას გადაჰყურებდა და ჭადრის ხეებთან ერთად ვიზრდებოდი.

ახლა, როცა მასწავლებელი ვარ, ხშირად მახსენდება ჩემი ოთახი და კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, როგორი დიდი როლი ითამაშა მან ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პირადი სივრცის მნიშვნელობაზე მოსწავლეებთანაც გამემახვილებინა ყურადღება, რადგან მოზარდობისას საკუთარ იდენტობაზე დაფიქრება ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი მგონია.

ამავე პერიოდში Artarea-ს ვიდეო-ჩანაწერს ვუყურე დინა ოგანოვას შესახებ. ფოტოგრაფი საკუთარ ბავშვობას იხსენებს და მოგონებებს გვიზიარებს. დინას საუბარს გულდასმით ვუსმენდი და თან თვალი მისი ოთახისკენ გამირბოდა. ძველებური მაგიდა გადავსებული ჰქონდა წიგნებით, დღიურებითა და ფერადი ბარათებით. My space მისი ერთ-ერთი პროექტია, რომელზეც ათი წლის წინ უმუშავია. ფოტოები ჰყვებიან ამბებს მათზე ასახული ადამიანების პირადი სივრცის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა.

ჩემი კუთხე – მეშვიდე კლასთან საკლასო პროექტად ჩავიფიქრე და ნაბიჯებად დავგეგმე:

  1. საკუთარი კუთხიდან სკოლაში წავიღებ ხუთ ნივთს და თითოეულის ისტორიას ვუამბობ. ნივთების ამორჩევა გამიჭირდა. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარ გზავნილზე ვფიქრობდი, კერძოდ, რის თქმა მსურდა თითოეული ნივთით. ჩემი არჩევანი ამგვარია:

ძველი ფოტო

შავ-თეთრი ფოტო ფასანაურში ჩემს დაბადებამდე გადაღებული. დედ-მამა ახალგაზრდები არიან. სტუმრად მამას მეგობარი ჰყავთ და ვახშმობენ. პაპაჩემ შიოს ღვინის ჭიქა უჭირავს ხელში. მამა მას უყურებს, დედა მამას გვერდით ზის და იღიმის. სუფრა გაშლილია. ლურჯზოლიანი თეფშები, გამჭვირვალე  ფარდები და ძველებური რადიო მეცნობა. მთავარი განწყობაა, რომელსაც მეც ვგრძნობ და გამოუთქმელი ემოციით მავსებს. ისინი – ჩემი საყვარელი ადამიანები – ერთად არიან, ხარობენ და ამდენი წლის შემდეგ თითქოს მეც მათთან ერთად ვარ. ეს პაპაჩემის ერთადერთი ფოტოა. მასთან განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ვგრძნობ. ბრგე, ახოვანი, მწვანეთვალება კაცის „უშანკა“ ქუდების, კოსტიუმებისა და „ტელეგრეიკების“  ჩაცმა  საყვარელი გასართობი იყო. შვიდი წლის გოგოსთვის მთიული პაპის გარდერობი ნარნიისას ჰგავდა. ნეტავ, ვინ გადაიღო ეს სურათი? ნეტავ, როგორი ამინდი იყო იმ დღეს?

ძველი ფოტო საყვარელ ადამიანებს, ჩემს დაბადებამდე არსებულ დროზე მიამბობს და მისი ჩვენებით მოსწავლეებს ძველი ალბომების თვალიერებისკენ ვუბიძგებ. ერთი ფოტოს აღსაწერად ბევრი სიტყვა რომ გვჭირდება, ამაზეც დაფიქრდებიან.

მოსწავლის ნახატი

ტასომ, ჩემმა მოსწავლემ, 13 წლის წინ ჩემთვის სამი ბალერინა დახატა. დღემდე ვინახავ. მასწავლებლობის პირველ ნაბიჯებს მახსენებს. საწერ მაგიდასთან სხვა მოსწავლეების ნახატებიც მაქვს გაკრული. მასწავლებლის ცხოვრება სავსეა მოსწავლეების საჩუქრებით – წერილებით, ნახატებით, ხელნაკეთი ნივთებით. ვფიქრობ, ტასოს ნახატის ჩვენებით ისინი იგრძნობენ, რომ ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, ნაჩუქარი პატარა ნივთიც კი ძალიან ძვირფასია.

დამჭკნარი ყვავილების გვირგვინი

რამდენიმე წლის წინ მოსწავლეებმა გაკვეთილის დაწყებამდე გვირგვინი დამახვედრეს – რკინის წვრილ მავთულზე წებოვანი ლენტით ყვავილები და ფოთლები ჰქონდათ დამაგრებული. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ყვავილები გახმა, მაგრამ ბავშვების გულწრფელი თანადგომის ხათრით, ყუნწები ისევ მყარად აქვთ გაბმული წებოვან ლენტსა და მავთულს შორის. იმ დილას გვირგვინი გასამხნევებლად მაჩუქეს და ჩემთვის თანადგომის სიმბოლოდ იქცა. იმედგაცრუება ბავშვების თანადგომამ მშვენიერი რომ შეიძლება გახადოს – დამჭკნარი ყვავილების გვირგვინი ამ ნიშნით გამოვარჩიე.

სანემსე

მოწნულ თითბერში ჩასმულ პატარა, მრგვალ ბალიშს ჩემი ქმრის ბებია, ნაზიკო, ნემსებისთვის იყენებდა. ნაზიკო ბებო ჩემი უფროსი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი იყო. ერთად ყოფნა და ამბების გაზიარება გვიყვარდა. შემოდგომის ერთ სუსხიან საღამოს ლოგინადჩავარდნილ ბებოს მე და ჩემმა ხუთი წლის გოგონამ თბილი წინდები ამოვაცვით და საუბარი გავუბით. რა ლამაზი სანემსე გაქვთ-მეთქი, ვუთხარი და შენი იყოსო, შემომცინა. ახლა გაუხეშებულ ნაჭერში ნემსის ჩარჭობა ჭირს, მაგრამ მე მაინც ვინახავ ჩემი ძვირფასი მეგობრის გულით მოძღვნილ საჩუქარს. ნაზიკო ბებოს სანემსე რაჭაში ბებოსთან გატარებულ დროს მახსენებს. მისი დანახვისას მოწყვეტილი ვარსკვლავივით გაიელვებს ხოლმე ერთად ყოფნის წუთები, რომელთა მოხელთება ახლა შეუძლებელია, მაგრამ დიდ ძალას მჩუქნის. როგორ შეიძლება იქცეს ერთი ნივთი მეგობრობის სიმბოლოდ – სანემსეს მთავარი სათქმელი ამგვარია.

შეკერილი ჟ ასო

ასო „ტელესკოლის“ გაკვეთილისთვის შევკერე. ჩემი ერთი წლის გოგონა დავაძინე და საკერავი მანქანა ავარახრახე. გაჯიუტდა. წვრილი, ყვითელი ტანისა და მომრგვალებული ცხვირის ბამბით ამოვსება გამიჭირდა. ბოლოს მაინც ულამაზესი გამოვიდა. ვიცი, რომ ბევრ ბავშვს გული გაუხარა. სახლში დაბრუნებულმა სარკმელთან შემოვდე. ზოგჯერ ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ქარი წააქცევს ხოლმე და ვფიქრობ, ერთ დღესაც მეცხრე სართულიდან რომ გადავარდეს, ერთდროულად როგორი უცნაური და მშვენიერი იქნება ჰაერში გაფრენილი ყვითელი ასო-მეთქი. შეკერილი ასო ჩემი ახდენილი ოცნების მანიფესტაციაა. ყოველ დილას, როცა შეკერილი ასოები ჩემი 28 პირველკლასელისთვის მიმქონდა, ვოცნებობდი, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გამეკვირვებინა და გამეხარებინა. „ტელესკოლის“ საშუალებით ეს მართლაც შევძელი.

  1. ჩვენი ნივთების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს პირადი სივრციდან ხუთი ნივთის შერჩევას ვთხოვ. აღწერენ, დახატავენ და ნამუშევრებს კლასის გალერეაში გამოვფენთ.

 

  1. ვაყურებინებ ვიდეო-ჩანაწერს დინა ოგანოვას შესახებ. დაწერენ კომენტარს – რა შთაბეჭდილება დარჩათ ფოტოგრაფის პირადი სივრცისა და მის მიერ გადაღებული ფოტოების შესახებ, რას ფიქრობენ პროექტ My spece-ზე, თავადაც ხომ არ გაუჩნდათ ოთახის კედლების მორთვა.

 

  1. წავაკითხებ უფროსი ადამიანის ინტერვიუს პირადი სივრცის მნიშვნელობის შესახებ. ეს იდეა ჩემს უფროს მეგობართან, მაია დეიდასთან, საუბრისას დამებადა. მისი მონათხრობის სასწავლო რესურსად გამოყენების დიდი სურვილი გამიჩნდა. ამიტომ ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე. მისი ნებართვით, თქვენც გიზიარებთ:

„მე ხაშურში დავიბადე და გავიზარდე. იქ ჩემი სამყარო მქონდა. ნივთები ბავშვობიდან საყვარელ ადამიანებთან მაკავშირებენ. სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, ქალაქში ცხოვრება მომიწია. ჩემი თავდაჯერებულობა ახალმა გარემომ შეარყია. მანამდე გადაულახავი არაფერი იყო, მაგრამ ქალაქმა თითქოს ჩამყლაპა. პირველ კურსზე ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ არაფერს ჩამოვრჩენოდი, თუმცა, შინაგანად ვიყავი ძალიან დათრგუნული. ოკეანეს რომ გახედავ და უსაზღვრო სივრცის გამო შიში გიპყრობს, ასეთი განცდა დამეუფლა.

სტუდენტობისას ორ ბიძაშვილ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი თბილისში, საბურთალოზე, ნაქირავებ ბინაში. ერთი დიდი ოთახი იყო. მე და ჩემი ტოლი ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ვიწექით პირისპირ და შუაში გვედგა ხის ძველებური კარადა. ამიტომ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. ამ მართკუთხედ სივრცეში მოვაწყვე ჩემი სამყარო. მაგალითად, ერთხელ ექსკურსიიდან ჩიტის ბუმბული ჩამოვიტანე და ხის კარადაზე მივამაგრე. რომ შევხედავდი, სასიამოვნო წუთები მახსენდებოდა. ამ დროს თითქოს მიადვილდებოდა სიძნელეების გადალახვა. სტუდენტობისას ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა გიწევს, რაც მთრგუნავდა. ამას მონელება სჭირდებოდა. ჩემს კუთხეში რომ განვმარტოვდებოდი, თავს დაცულად ვგრძნობდი. ვიღებდით ფოტოებს, თავად ვბეჭდავდით… ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადასვლას მიადვილებდა ჩემი კუთხე.

მახსოვს, მეორე კურსის დაწყებისას, სოფელთან განშორება ისევ გამიჭირდა. მატარებლით მოვდიოდი და გზად ვერხვის ორი ფოთოლი გამოვიყოლე, პლასტილინით გავაკარი ხის კარადაზე. ეს ყველაფერი პრობლემებს მავიწყებდა, ხმაურიც კი აღარ მიშლიდა ხელს. ჩემი კუთხე ნავსაყუდელი იყო, თუნდაც გაბრაზებისას ან დიდი სიხარულისას იქ მიყვარდა ყოფნა. მერე პატარა სათამაშოების შეგროვება დავიწყე. ერთ პატარა რეზინის დათვს მე და ჩემმა ბიძაშვილმა ჭრილი გავუკეთეთ და ერთმანეთს წერილობით შეტყობინებებს ვუტოვებდით. რეზინის სათამაშო დათვი მობილური ტელეფონის ფუნქციას ასრულებდა. დღემდე სხვენში ვინახავ იმ სათამაშოებს. ვერ ველევი. დაბადების დღეზე მორთმეული ყვავილებიც მქონდა გაკრული კედელზე. ღამე ვიყავი მეორე მე. ეს იყო ოცნების დროს. იქ რომ დავწვებოდი და ჩემს ღუნღულა საბანში გავეხვეოდი, ჩემი მეორე ცხოვრება იწყებოდა. იქვე მეწყო წიგნებიც. დროდადრო ვცვლიდი ნივთებს.

ახლაც სასთუმალთან ათამდე წიგნი მიდევს და ხასიათის მიხედვით ვკითხულობ. კედელზე ჩემი შვილიშვილის ფოტოები მაქვს გაკრული და მიკიდია პატარა პრინცის გამოსახულებიანი საათი, რომელიც მოსწავლეებმა მაჩუქეს. ვფიქრობ, ნივთებისადმი იმდროინდელი დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებზე ზრუნვამ ჩაანაცვლა. შეიძლება ეს ახლა შვილიშვილისთვის გამომცხვარი ნამცხვარი იყოს ან პატარა მეგობრისთვის შეკერილი ტყავის ჩანთა.

ბავშვს თავისი სამყარო აქვს. ყველას სჭირდება სამეცადინო მაგიდა, ერთი უჯრა პირადი ნივთებისთვის. ბავშვებს ვურჩევ, რომ მოაგროვონ მოგონებები, მოუსმინონ უფროსებს“.

მაია დეიდას გულწრფელ, უზომოდ საინტერესო, ფაქიზ მოგონებებს ამოვბეჭდავ, მოსწავლეებს დავურიგებ, მთხრობლის ასაკის, პროფესიის, ხასიათის ამოცნობას ვთხოვ  და ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებდა მის ცხოვრებაში პირადი კუთხე. საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ კი მაია დეიდას გავაცნობ.

  1. პრეზენტაცია – მოსწავლეებს ვთხოვ მათთვის მნიშვნელოვანი სამი ნივთის სკოლაში მოტანას და ერთმანეთისთვის გაცნობას.

 

  1. პერსონაჟის კუთხის აღწერა, გამოგონება, დახატვა ტექსტთან მიბრუნებისთვის და პერსონაჟზე დაკვირვებისთვის სახალისო დავალებად იქცევა. ახლა ვკითხულობთ ნატო დავითაშვილის რომანს „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. ვიცი, რომ ერეკლეს ან გვანცას პირად კუთხეს სიხარულით დახატავენ და ძველ ქართულ ნივთებს ვიზუალურადაც გააცოცხლებენ.

 

  1. ჩაწერენ ინტერვიუს ოჯახის წევრებთან. გამოჰკითხავენ პირადი კუთხისა და საყვარელი ნივთების ამბავს. სასკოლო ცხოვრებაში ოჯახის წევრების ჩართულობა ყოველთვის დიდ, მრავალმხრივ დაინტერესებას იწვევს.

 

  1. პროექტის შემაჯამებელ აქტივობა იქნება პირადი წერილი, რომელსაც მაია დეიდას მისწერენ – რომელსაც შემაჯამებელი სამუშაოს დატვირთვა ექნება. ძირითად ტექსტში საკუთარ თავს გააცნობენ, გამოხატავენ შთაბეჭდილებებს მაია დეიდას მონათხრობის შესახებ, უამბობენ პროექტზე და ბოლოს საკუთარ სივრცესაც გააცნობენ. ბოლო აბზაცში იმაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რა შეცვალეს პირად სივრცეში პროექტის შემდეგ, რომელი ნივთი დაინახეს სხვა თვალით და შეიყვარეს.

 

მინდა, რომ მაია დეიდას მსგავსად ბავშვობის კუთხე დიდი სიყვარულით გაიხსენონ. თავად შექმნან პატარა სამყარო, სადაც სიხარულისა თუ მწუხარების დროს განმარტოვდებიან, დამშვიდდებიან, იფიქრებენ და იოცნებებენ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი