ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ხმელი ფოთოლი

გვიანი შემოდგომაა. ჩრდილოეთის ნელი ქარი ქრის. ისეთი, ზაფხულში სასიამოვნო სიგრილე რომ მოჰქონდა და, გალაღებულს, თანამოძმეებთან ჩურჩულისა და მასლაათის გუნებაზე აყენებდა.

ახლა კი ცივი და სუსხიანია. არა, სიცივე იმდენად არ აკრთობს – მისი გამოფიტული და გამომშრალი ძარღვები მას ვეღარ გრძნობენ; ბებერ ყუნწში აღარ ჰყოფნის ძალა. მცირე შერხევასაც ძლივსღა უმკლავდება. ჩანს, ჟამმა მასაც მოუწია.

წუხელ მთელი ღამე თეთრად გაათენა. ოხერმა ჰაერის დინებამ ჩათვლემის საშუალება არ მისცა. არ ეგონა, დილამდე თუ გაატანდა. გამთენიისას ქარი ჩადგა. ცოტა ამოისუნთქა. მზის სხივების შეფარული სითბო ესიამოვნა. მისი დაკოჟრილი და გაუხეშებული კანი სითბოსაც, როგორც სიცივეს, ვეღარ გრძნობს, – მზის სხივების ლაციცი მოსწონს, ეს არის და ეს. თვალი თვალში გაუყარა. დღეს ალბათ უკანასკნელად უმზერს… ჯერ ნახევარი წელიც არ შესრულებია… არადა რამდენი რამ ნახა, რამდენი იშრომა..

სულ რაღაც ექვსი თვის წინ ერთი ძლივს შესამჩნევი წერტილი იყო. ზამთრის ძილისგან გამოღვიძებულმა დედამისმა დაუნანებლად აწოვა ძუძუ. ერთი თვისა, შეფერილ-„შებუმბლული”, კიდეებდაწკეპილი და ნამით პირდაბანილი, უკვე მზის სხივებს ეკეკლუცებოდა დილაობით. გულისფანცქალით ელოდა სიოს ჩამოქროლებას, მასთან გაბაასებას. სიო კიდევ იმად უყვარდა, რომ გულისსწორის შეხების, მისი მიალერსების საშუალებას აძლევდა, რათა ჩურჩულით ეთქვა გულისნადები და მისიც მოესმინა.

მაგრამ მარტო თრთოლასა და ალერსში როდი გაატარა მთელი ცხოვრება. ალიონზე, მზის პირველი სხივების შეხებისთანავე იწყებდა შრომას და უკანასკნელი ათინათის გაქრობამდე სულმოუთქმელად შრომობდა. ბუნებამ მძიმე ჯაფა დაანათლა. სანამ დღე იყო და თვალი უჭრიდა, ჰაერის მოლეკულების გროვიდან ნახშირორჟანგის მოლეკულები უნდა გადაერჩია. მაგრამ მარტო მათი მოგროვება როდი ევალებოდა – მოგროვებული ნახშირორჟანგი წყლისთვის უნდა შეერია და „გადაეხარშა” – მშობელი ხისთვის გლუკოზა მიეწოდებინა, ხოლო ატმოსფეროსთვის ქირად ჟანგბადი გადაეხადა.

დაუღალავად იშრომა, სანამ ახალგაზრდა იყო, სანამ ქლოროფილი ჰქონდა. მან და მისმა ტოლ-მეგობრებმა ბუნებას მთელი წლის განმავლობაში 20 კგ-ზე მეტი ჟანგბადი მიაწოდეს, დაგროვილი გლუკოზის მოლეკულებით კი კედლები აშენეს, ახალი ფოთლები გამოზარდეს, ნაწილიც საზამთროდ გადაინახეს.

ამ შრომა-გარჯაში შემოაცვდა მთელი ქლოროფილი, გაილია მისი ახალგაზრდობა. შემდეგ თმაში სიყვითლე შეეპარა, ბოლოს კი სულ მთლად გაყვითლდა – სანამ ახალგაზრდა იყო და ქლოროფილი უხვად ჰქონდა, კაროტინოიდები არ ჩანდნენ. ახლა კი მოხუცდა – „თმაში” ერთი ღერი ქლოროფილიც აღარ ურევია. ყუნწიც ეკვეთება. ხვდება, დღეს თუ არა, ხვალ გაუდგება დედამიწისკენ მიმავალ გზას. თანამოძმეებივით, ერთს ამოიკვნესებს და ფარფატით დაეშვება ძირს. ერთი ნატვრაღა დარჩენია – მშობლიური ხის ძირას დაიდოს სამუდამო ბინა. მაგრამ გუშინ დაინახა, წინა ღამით ქართან ბრძოლაში დამარცხებული მისი მოძმეები როგორ გახვეტა დილით მეეზოვემ და სადღაც წაიღო. არ უნდა მისი ცოცხის ქვეშ მოყოლა…

…ფოთლების გროვასთან მოლბერტგადაკიდებულმა კაცმა ჩაიარა. ფოთლებს რომ მოჰკრა თვალი, შეჩერდა. ერთხანს ჩაფიქრებულმა უცქირა, შემდეგ დაიხარა და რამდენიმე მათგანი აიღო. დიდხანს ატრიალა ხელში. ხან მათ დაჰყურებდა დაჟინებით, ხან ჰორიზონტს გაჰყურებდა. მერე მსუბუქმა ღიმილმა გადაურა სახეზე… მოლბერტი გახსნა და ფოთლები ჩაიწყო…

ასეა, ზოგი მშობლიური ხის ძირში პოვებს სამუდამო სამყოფელს, ზოგი – ნაგავსაყრელზე, ერთეულები კი – შემოქმედის ტილოზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი