ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კოპენჰაგენის ექსპერიმენტი. ოთხი მასწავლებლის ამბავი.

ოთხი მასწავლებლის ამბავია. ოთხი დანიელი კაცის, ვის ყოველდღიურ ყოფასაც რაღაც აკლია – მისახვედრად, გამოსათქმლად რთული. არა, თომას ვინტერბერგის ფილმი იმაზე არ არის, რომ მასწავლებლობა ძნელია. არც იმაზე, რომ ორმოცი წლის შემდეგ ცხოვრება სხვანაირი ხდება – ნაკლებად გახარებს ახალი დღე, ძილმორეული მოსწავლეების დანახვა, მათთვის რაღაცის ახსნის, კითხვებზე პასუხის გაცემის გარდაუვლობა…

დანიური სიტყვა Druk – ფილმის სათაური – გადაბმულ სმას ნიშნავს. ჩვენთან ფილმს ინგლისური სახელით იცნობენ: Another Round. ყველაზე ცნობილ კინოსაიტზე კი „კიდევ ერთი ჭიქა“ ჰქვია.

მასწავლებლები მხიარულად, თითქმის ხუმრობით იწყებენ ექსპერიმენტს, რომლისგანაც მერე ძალიან მნიშვნელოვანს ელიან – ყოველდღიურობის შეცვლას, სიცოცხლის უფრო მძაფრად განცდას, ძველ, კარგა ხნის წინ დავიწყებულ „მესთან“ დაბრუნებას. დროდადრო გადაწყვეტილების სისწორეზეც ფიქრობენ, მაგრამ გაუსაძლისად მოსაწყენ სინამდვილეში ფეხის ხელახლა დადგმა, ნაცნობ-ახლობლებისა თუ სარკეში გამრავლებული ანარეკლის საყვედურების მოსმენა როგორ უნდა უნდოდეთ? ცხოვრება ის არ არის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ცხოვრება ახლოსაც კი არ არის იმასთან, რაც უნდა იყოს და თუ ექსპერიმენტის შედეგად ნაპრალი დავიწროვდება, მხრებით სატარებელი ტვირთის სიმძიმე იკლებს, დღეებსა და ღამეებში მეტი სიხარული გაჩნდება, საპატიებელი არ იქნება ყველაფერი, რაც აქამდე მიგიყვანს?

ოთხნი კი არიან, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც მარტინი გვამახსოვრდება – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მადს მიკელსენია, ტრადიციულად, მეტისმეტად მომხიბვლელი. ისტორიის გაკვეთილები, რომლებსაც ის ექსპერიმენტის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას ატარებს, საკვირველად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სადღაა ყოფის ერთფეროვნებით მოქანცული, თავისი საფიქრალით გაბრუებული კაცი, აღარაფერი რომ აღარ უხაროდა? კლასში ქარიშხლის ხმაურია, აწმყოდ ქცეული წარსულია, საუკუნეების სიღრმიდან წამოსული დიდი ტალღებია…

ექსპერიმენტი ალკოჰოლის ზუსტად განსაზღვრული დოზის ყოველდღიურად მიღებას გულისხმობს – მხოლოდ სამუშაო საათებში, შაბათ-კვირის გარდა. მასწავლებლებმა ნორვეგიელი ფსიქიატრის, ფინ სკორდერუდის თეორია უნდა შეამოწმონ, სინამდვილეში კი უბრალოდ დაივიწყონ ის წესები, უხილავი წყალმცენარეებივით რომ შემოხვევიათ ხელებზე, ფეხებზე, ყელზე. მათ გამოა, რომ ერთ ადგილას დგომას მიეჩვივნენ. მათ გამოა, რომ სუნთქვა უფრო და უფრო უძნელდებათ.

არა, თომას ვინტერბერგის ფილმი ალკოჰოლიზმის პრობლემაზე არ არის. არც იმ კაცებზეა, სინამდვილისგან გასაქცევი გზა რომ სიკვდილისად უქცევიათ.

„სულ მარტო ვარ“, – აღმოხდება მარტინს მეგობრის დაბადების დღეზე, უკვე მთვრალსა და შესაბრალისად გულგახსნილს. მის სახლში მხოლოდ ერთი შეხედვით არის ყველაფერი სანიმუშოდ ლამაზი, საშუალო კლასის დანიელის წარმოსახვაში დახატულს მიმსგავსებული. ექსპერიმენტმა უნდა დაანახოს ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია, ყველაფერზე მაღლა დასაყენებელია. რამდენი წელი გაატარა რაღაც აუხსნელი მიზეზით დაბრმავებულმა, რამდენი დრო დაკარგა ერთი და იმავე უსარგებლო მოძრაობების, უსიცოცხლო სიტყვების გამეორებით გართულმა…

სხვების სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრების ამბებიც ყურადღებას ითხოვს. თითოეული პატარა ეპიზოდი, რომელიც რაღაც არსებითს გვატყობინებს. სპორტის გაკვეთილზე სათვალიან უმცროსკლასელს აითვალწუნებენ – აბა, ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოო. უფროსკლასელს კი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდის ეშინია – მარცხთან გაშინაურებული სხვა შესაძლებლობებს, თვალწინ გაშლილ ბილიკებს ვეღარ ხედავს. ორივე შემთხვევაში მასწავლებლის გადაწყვეტილება ხდება განმსაზღვრელი – მისი უნარი, ახალ ადგილას დადგეს და ისე შეხედოს დამზაფვრელად დაბნელებულ სამყაროს, დაარღვიოს დადგენილი წესები.

ექსპერიმენტის დასასრულზე ბევრს არაფერს ვიტყვი – ფილმი, რომელსაც კომედიისა და დრამის ელემენტები თანაბრად აქვს, არც ბოლოს გვაძლევს ყურადღების მოდუნების საშუალებას. არა, შეუძლებელი არ არის, რომ მოსწავლეებისთვის ღმერთი გახდე. წარმოუდგენელი არ არის, რომ მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს ისე სწერდე, როგორც შეყვარებულს…

„რა არის ახალგაზრდობა? სიზმარი. რა არის სიყვარული? სიზმრის შინაარსი“, – ეს სიორენ კირკეგორის სიტყვებია, რომლებსაც ფილმის დასაწყისში გვახსენებენ.

დამამთავრებელი სცენა კი, უბრალოდ, ბრწყინვალეა. დაუვიწყარი. ანტიდეპრესანტების სიაში ჩასაწერი. კვლავ და კვლავ სანახავი, ფილმის დანარჩენ ნაწილთან ერთადაც და მის გარეშეც. წმინდა სიხარულია. მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ერთობაა. ყველა იმ კაცის თავბრუსხვევაა, ვისაც ბედნიერების დასანახი თვალი აეხილა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი