ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეკობრე თუ ნამდვილი მანდილოსანი?

ძველი, გვერდებგაყვითლებული
წიგნი, რომელიც მუხლებზე მიდევს და ფრთხილად ვფურცლავ, ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია.
„პეპი გრძელიწინდა”, რომელიც ასტრიდ ლინდგრენმა თავისი 7 წლის გოგონას, კარინის შესაქცევად
შეთხზა, უკვე მრავალი წელია, უამრავი ბავშვის ფანტაზიებსა და ცხოვრებას ცვლის მთელ
მსოფლიოში.

ყველაზე გამბედავი, მამაცი
და ძლიერი პატარა გოგოს ისტორია სინამდვილეში გაცილებით სევდიანია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ.
ლინდგრენი ახერხებს, არ შეგვაცოდოს დედ-მამის გარეშე დარჩენილი პეპი, რომელსაც მაიმუნისა
და ცხენის გარდა არავინ გააჩნია. „უწინ პეპის მამა ჰყავდა და ძალიანაც უყვარდა. ოდესღაც
დედაც ჰყოლია, მაგრამ სულ აღარ ახსოვს… პეპი დარწმუნებულია, რომ დედამისი ცაში ცხოვრობს
და ჭუჭრუტანიდან დასცქერის თავის გოგოს, ამიტომ ხშირად იხედება მაღლა, ხელს უქნევს
დედას და ამშვიდებს:

– ნუ გეშინია, დედა,
მე არ დავიკარგები!”

„მე არ დავიკარგები”
– ჩემთვის ეს სიტყვები მთელი წიგნის გასაღებია. მეტი რა უნდა თქვას პატარა გოგომ, რომელიც
საკუთარი თავის იმედად ცხოვრობს, ან რა შეიძლება იყოს საკუთარი და მშობლების სახელით
ამ დანაპირების შესრულებაზე უფრო დიდი გამბედაობა?

ბავშვობაში მე ყოველთვის
ანიკა ვიყავი, ჭრელი, ლამაზი კაბებით, დამჯერი და მოწესრიგებული. ოღონდ მე დედისერთა
ანიკა გახლდით, რომელსაც მეზობელ ბავშვებთან თამაში მაინცდამაინც არ ჰყვარებია. ყოველთვის,
როცა „პეპი გრძელიწინდას” ვკითხულობდი, ვნატრობდი, ერთ დღეს ჩვენს სიახლოვესაც გადმოსახლებულიყო
უცნაური, წითელთმიანი გოგო.

მაშინ წარმოდგენა არ
მქონდა, რა არის ფემინიზმი. მოგვიანებითაც, როცა ამ სიტყვის მნიშვნელობა გავიგე, პეპი
ნამდვილად არ ყოფილა პირველი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გამახსენდა. დღეს, მრავალი
წლის შემდეგ, როცა გაყვითლებულ, დროისგან ფურცლებდამდნარ წიგნს ვშლი, სულ სხვა ტექსტს
ვკითხულობ, სულ სხვა ამბებით, უამრავი დეტალით, რომელიც ყურადღებას იმსახურებს და გაცილებით
დიდი იდეებით, ვიდრე ადრეულ ასაკში წარმომედგინა.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო
საბავშვო მწერალი თავის წიგნში სრულიად არასაბავშვო კითხვებსაც სვამს, კითხვებს, რომლებიც
შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, დროდადრო გვახსენებს თავს.

„- …ნუთუ არ გინდა,
გახდე ნამდვილი მანდილოსანი?

– ფრეკენ, მე ხომ უკვე
გადავწყვიტე, მეკობრე ვიქნები-მეთქი, – პეპი ჩაფიქრდა, – როგორ გგონიათ, ფრეკენ, შემიძლია,
ერთდროულად მეკობრეც ვიყო და ნამდვილი მანდილოსანიც?

მასწავლებელი, რა თქმა
უნდა, ფიქრობდა, არაო.

– რომელი ავირჩიო, აღარ
ვიცი, მეკობრეობა ჯობია თუ ნამდვილი მანდილოსნობა, – აწუწუნდა ნაღვლიანი პეპი”.

რას ვაკეთებთ უფროსები,
როცა შვილებს და მოსწავლეებს მოვუწოდებთ, იყონ პრინცესები, დედოფლები, ნამდვილი მანდილოსნები?
არის თუ არა ეს მხოლოდ ბიძგი იმისა, რომ კარგად მოიქცნენ, ზრდილობიანად მოეპყრონ გარშემო
მყოფებს, თავისუფლებასა და თავხედობას შორის ზღვარი არ დაკარგონ? ვფიქრობ, არა. ჩვენი
მოწოდებებით და მითითებებით მათ ცხოვრების გარკვეული წესისადმი ლტოლვას ვუნერგავთ,
ვასწავლით, სტერეოტიპებს დაემორჩილონ, გააკეთონ ის, რასაც მათგან საზოგადოება მოელის.
ან რა არის საგანგაშო იმაში, რომ გოგონა ოცნებობდეს მეკობრეობაზე, ზღვაზე მოგზაურობაზე,
განძის პოვნასა და სიმდიდრის სხვებისთვის განაწილებაზე, თუ ოჯახური სადილები და ჩაის
ცერემონიალები არ იზიდავს?

და სანამ ჩვენ ბავშვების
აზროვნების დავარცხნითა და დალაგებით ვართ დაკავებული, ისინი ჩვენგან დამოუკიდებლად
კითხულობენ ლინდგრენს, კითხულობენ ისტორიებს წითელთმიან გოგოზე, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა,
არც პოლიციელებს დააჩაგვრინოს თავი და არც ქურდებს, უბნის აბეზარი ბიჭებისგან სხვაც
დაიცვას და საკუთარი თავიც, საკუთარ დაბადების დღეზე დაუნანებლად დაარიგოს საჩუქრები,
ტკბილეულით გაუმასპინძლდეს თანატოლებს, რომლებიც საკონდიტროს ფანჯრებს გაფართოებული
თვალებით შესცქერიან, გოგოზე, რომელიც არ გამოირჩევა საუკეთესო მანერებით, მაგრამ,
სამაგიეროდ, სიკეთის კეთების იშვიათი უნარი აქვს.

„ – სწორედ ამისთვის
მოვედით ამქვეყნად, – განაგრძობდა მასწავლებელი, – ადამიანები, რომ ერთმანეთს კეთილი
საქმით დავეხმაროთ.

პეპიმ ყირა გაჭიმა ცხენის
ზურგზე, ფეხები ჰაერში ააფართხალა.

– მე მხოლოდ მაგისთვის
ვცოცხლობ! – დაიძახა პეპიმ, – მაგრამ სხვები, საინტერესოა, სხვები რისთვის ცხოვრობენ?”

პეპი იმ ძალის განსახიერებაა,
რომელიც ქალის ბუნებაში ბავშვობიდანვე არსებობს, განურჩევლად იმისა, უნდათ თუ არა ადამიანებს
ამის დაჯერება. ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიო თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შლის ზღვარს
მამაკაცურ და ქალურ ცხოვრების წესს, პროფესიებს, უფლებებსა და მოვალეობებს შორის და
ამაში ალოგიკური არაფერია. ცივილიზებულ საზოგადოებაში აღარავის სჭირდება მტკიცება,
რომ გამბედაობა, წინსვლის სურვილი, ძალა, წარმატება, არათუ აკნინებს ქალს, არამედ პირიქით.

დრო გავა და ერთ დღეს
ალბათ მეც მოვისმენ კითხვას ჩემი შვილისგან, შეიძლება თუ არა, ერთდროულად იყო მეკობრე
და ნამდვილი მანდილოსანი. პასუხი მზად მაქვს: დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი