შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რა აწუხებთ მაღალმთიანი აჭარის სკოლებს?

დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა ყოფილხართ აჭარაში. ალბათ, არაერთხელ გაგიტარებიათ სასიამოვნო ზაფხული საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონის სანაპიროებზე. აჭარა მხოლოდ ზღვისპირეთი არ არის, მას სხვა, მეორე განზომილებაც აქვს. საბედნიეროდ, რამდენიმე კვირის წინ გამიმართლა და მომეცა შესაძლებლობა თვალი შემევლო ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სკოლებისათვის, მესხეთის მთების ფერდობებზე შეფენილი კოხტა სოფლებისათვის, მდინარე აჭარისწყლის ხეობაში მდებარე საინტერესო ბუნების ძეგლებისა და მახუნცეთის ჩანჩქერისთვის. მოგზაურობის სურვილი ბათუმის უნივერსიტეტის ერთმა მამაცმა სტუდენტმა გამიორკეცა. მისი მონდომების შედეგად მაღალმთიან დასახლებებში თავისუფალი არჩევნების ძირითადი პრინციპების შესახებ პატარა მოხსენებებიც წავიკითხეთ და, რაც მთავარია, სკოლებს შესანიშნავი, ულტრათანამედროვე ლიტერატურა ვუსახსოვრეთ. 

თუმცა ჩვენი სამეგობროს აჭარული თავგადასავალი ისეთი მხიარულიც არ ყოფილა, როგორიც ერთი შეხედვით პირველი აბზაციდან შეიძლებოდა მოგეჩვენებოდათ. ჩვენ იქ უამრავი პრობლემა და მოქალაქეთათვის გადაულახავ წინააღმდეგობად ქცეული სირთულეც დავინახეთ. ადამიანები ვერ ახერხებენ მოწეული ჭირნახულის დაბინავებას, მიწების ეროზიისგან დაცვას, ადგილობრივი მინი-წარმოების ამუშავებას. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ახალგაზრდებს მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა ან ბარში გადაბარგება უწევთ. როგორ მდგომარეობაშიც არიან ადამიანები, ისეთივე გარემოში უწევს არსებობა მთავარ საზოგადოებრივ დაწესებულებას, სკოლას.  

რა აწუხებთ მაღალმთიანი აჭარის სკოლებს?

ჩემ მიერ შემოვლილი სკოლები ძირითადად ე.წ. „მინუსიანი” სკოლების კატეგორიას განეკუთვნებიან. მაშასადამე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უმცირესი ვაუჩერული დაფინანსება ელემენტარული სასწავლო პირობების უზრუნველყოფისათვისაც კი არ ჰყოფნით. დირექტორების მთავარი თავსატეხი მასწავლებლებისათვის ხელფასების  გასტუმრება გახლავთ. ამგვარ სკოლებს უჭირთ ფინანსური რესურსების მოპოვება მკაცრ ზამთარში შენობის გათბობისა თუ ინვენტარის განახლებისათვის. ბუნებრივია, სასკოლო ბიუჯეტებში ვერც ერთ გროშს ვერ აღმოაჩენთ დამატებითი შემეცნებითი, სპორტული თუ სხვა ტიპის ღონისძიებებისათვის. საბოლოოდ, დაწესებულებები ადგილობრივ მთავრობათა კეთილ  ნებაზე არიან დამოკიდებულები.

რეგიონში გააქტიურებული მიგრაციის პროცესების გამო მრავალ სკოლაში პედაგოგთა დეფიციტია. არაერთი კვალიფიციური კადრი ტოვებს მშობლიურ კერას და „დაბაში” (ასე მოიხსენიებენ ადგილობრივები ბათუმს) გადასასახლებლად ემზადებიან. გარდა ამისა, მოწვეული უცხოელი პედაგოგებიც ერიდებიან მძიმე კლიმატურ პირობებში ინგლისური ენის გაკვეთილების ინტენსიურად ჩატარებას.

ძალიან ბევრი ობობა ქსოვს თავის ქსელს სასკოლო ბიბლიოთეკათა ცარიელ თაროებს შორის. მოსწავლეთათვის განკუთვნილ წიგნსაცავებში თანამედროვე ლიტერატურის მწვავე დეფიციტია, ამიტომაც თითქმის აღარავის აქვს მიყრუებული ოთახების  მონახულების სურვილი. 

დავინახეთ კიდევ ერთი სავალალო ტენდენცია. მაღალმთიანი აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობა მხოლოდ ყოფითი პრობლემების გამო არ იკლებს. ერთ მდიდარ სოფელში კერძო გიმნაზია ფუნქციონირებს, რომელსაც სახელმწიფოც აფინანსებს, კერძო სექტორიც არ იშურებს მისთვის მსხვილ შემოწირულობებს და სხვა ინსტიტუტებიც მხარს უჭერენ. შედეგად, გიმნაზიაში სწავლა და სამჯერადი კვება უფასოა, პედაგოგებს შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ, სკოლაში ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლადაც ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. ამაში ცუდი არაფერი  გახლავთ, ცალკეული კერძო დაწესებულების განვითარება განგაშის საფუძველს არ იძლევა. უბრალოდ ძალიან მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ პრივატიზებული გიმნაზიების წარმატების უზრუნველყოფა მეტწილად სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების გარეშე დატოვებული სეკულარული სკოლების ხარჯზე ხდება, რაც მხოლოდ ხელისუფლების ბრალია.

ფრთხილად, მაღალმთიან რეგიონებში მდებარე სახელმწიფო სკოლების სრულყოფილი განვითარების ბედი საფრთხეშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი