ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რა საფრთხის შემცველია ხმააწეული ტონით საუბარი ბავშვთან ურთიერთობისას

ალბათ ძნელია, მოიძებნოს ისეთი აღმზრდელი, რომელსაც არასოდეს მიუმართავს აღზრდის შედარებით უფრო მკაცრი მეთოდებისთვის და არ გამოუყენებია ხმააწეული ტონი ბავშვთან საუბრისას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუ ჩვენ ხანდახან ავუწევთ ხმას ბავშვთან ურთიერთობისას, ეს არ ნიშნავს, რომ გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ მის ფსიქიკას, მაგრამ როდესაც აღმზრდელისთვის ყვირილი ბავშვზე ზემოქმედების ძირითად იარაღად იქცევა, ეს შეიძლება სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდეს სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.

მართალია, დღეს ბევრი მშობელი უარს ამბობს ბავშვის ფიზიკურ დასჯაზე, მაგრამ ვერბალური აგრესია აღმზრდელთა უმრავლესობისთვის ჩვეულებრივ სააღმზრდელო საშუალებად რჩება. იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა მშობელი ყვირილით ელაპარაკება ბავშვს. ზოგიერთი დედა ან მამა კი საერთოდ ხმააწეულ ტონს იყენებს ბავშვთან ურთიერთობისას.

     საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყვირილი ფიზიკურ დასჯაზე არანაკლები ზიანის მომტანია ბავშვისთვის. მაინც რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ, თუ ყვირილი ბავშვთან ურთიერთობის ყოველდღიურ ნორმად გვაქვს ქცეული:

  • უფროსების ყვირილი ბავშვებს, როგორც წესი, აშინებს. ყვირილის დროს პატარა იმყოფება მუდმივი სტრესის მდგომარეობაში, რომელზეც ორგანიზმი სათანადოდ რეაგირებს. ყვირილს ხშირად ბავშვები თავდასხმად აღიქვამენ, ამიტომ, თავადაც ერთვებიან „ბრძოლაში“, პასუხად თავადაც სწავლობენ ყვირილს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი პირდაპირ ითვისებს უფროსების ქცევის მოდელს და ყვირის არა მხოლოდ მშობლების შენიშვნებსა და თხოვნაზე, არამედ უყვირის თანატოლებს, მეგობრებს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც რაიმე ტიპის საყვედურით მიმართავს მას. ამგვარად, ის ცდილობს თავი დაიცვას. თუმცა, არიან ისეთი ბავშვებიც, რომელთა ფსიქიკა და ქცევა, აღმზრდელთა მხრიდან მუდმივი ყვირილის შემთხვევაში, განსხვავებული მიმართულებით იცვლება – ასეთი ბავშვი ხდება ჩაკეტილი, ჩუმი, გულჩათხრობილი. მას აშინებს ნებისმიერი ხმააწეული ტონი, მით უმეტეს – ყვირილი. აკეთებს ყველაფერს, რომ უფროსებს ასიამოვნოს, ოღონდ არ გამოიწვიოს მათი რისხვა. ის მუდმივად დანაშაულის გრძნობას განიცდის და ფარული აგრესია უგროვდება;
  • ბავშვი, რომელსაც მუდმივად უყვირიან, განიცდის მთელ რიგ ნეგატიურ ემოციებს: შიშს, რისხვას, წყენას, სევდას. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ხასიათის ისეთი თვისებების ჩამოყალიბებაზე, როგორიცაა: შფოთიანობა, აგრესიულობა, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, ჩაკეტილობა, დამოუკიდებლობის ნაკლებობა, დეპრესიულობა. ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, თვითშეფასებაც დაქვეითებული აქვთ. ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება ნერვული, ფსიქიკური დარღვევები: ენურეზი, უძილობა, ნერვული ტიკები, ფობიები, მავნე ჩვევები (ფრჩხილების კვნეტა, ტუჩის კვნეტა და ა.შ.). თუ ბავშვი ბუნებით ლიდერია, ყვირილი შეიძლება გახდეს მისი ღია აგრესიული მოქმედების მასტიმულირებელი;
  • ყვირილს შეუძლია სიყვარულის განადგურება. ბავშვები ყველაფერს სიტყვასიტყვით აღიქვამენ და როდესაც მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი უყვირის, ისინი ფიქრობენ, რომ მშობლებს აღარ უყვართ, ან კიდევ უფრო უარესი – სძულთ იგი. რა სიტყვებიც არ უნდა ითქვას მოგვიანებით ქვეცნობიერის დონეზე ბავშვი სიტუაციას იმახსოვრებს. ის თავს გრძნობს დაჩაგრულად, შეურაცხყოფილად და შეიძლება ყველაფერში გამოიჩინოს მორჩილება, ოღონდაც მშობლის სიყვარული დაიმსახუროს;
  • მუდმივი ყვირილის გარემოში გაზრდილი ბავშვები მოგვიანებით, როცა საკუთარ ოჯახს ქმნიან, ისევე უყვირიან შვილებს, როგორც თავად იყვნენ მიჩვეული ბავშვობაში. ყვირილი მათთვის, როგორც წესი, ოჯახური კომუნიკაციის ნაწილი ხდება;
  • ყვირილი ფიზიკურადაც აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას. ბავშვი, რომელსაც ყველა უყვირის, განწირულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის. მშობლების უხეშობა აფერხებს ტვინის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და შეიძლება სიმსუქნეც კი გამოიწვიოს. და, რაც ყველაზე სახიფათოა, ყვირილმა, სიტყვიერმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ, გაკიცხვამ დედის ან მამის მიერ ბრაზის, მრისხანების დროს შეიძლება მნიშვნელოვნად და სამუდამოდ შეცვალოს ბავშვის ტვინის სტრუქტურა;
  • ბავშვს უჭირს თბილი, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა მშობლებთან, რომლებიც მუდმივად ყვირილით ცდილობენ მის დამორჩილებას – ის უბრალოდ ემოციურად იკეტება. ამას კი შედეგად ურთიერთობის გაუარესება მოჰყვება, რაც განსაკუთრებით საზიანოა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. თუ ბავშვთან აღნიშნული დამოკიდებულება დიდხანს გაგრძელდება, სერიოზული პრობლემები დაფიქსირდება მის სოციალურ განვითარებაშიც. ცნობილია, რომ საზოგადოებასთან ბავშვის ურთიერთობა დამოკიდებულია მის ურთიერთობებზე ოჯახში. მუდმივი ყვირილის გარემოში გაზრდილ ბავშვს, როგორც წესი, უყალიბდება უნდობლობა გარემომცველი სამყაროს მიმართ, რაც ხელს უშლის მოზარდს, განიცადოს სიხარული, დაამყაროს ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, იპოვოს მეგობრები. თავს ზედმეტად გრძნობს ამ სამყაროში და კიდევ უფრო მეტად იკეტება საკუთარ თავში, რაც მის სოციალიზაციას სერიოზულად აფერხებს.

საეჭვოა, რომ რომელიმე მშობელს სურდეს საკუთარი შვილისთვის ასეთი მომავალი. ხშირად თავადაც განიცდიან და ნერვიულობენ კიდეც, როცა შვილთან ყვირილით უწევთ საუბარი და პრობლემების ამ გზით მოგვარება. უარსაც არ იტყოდნენ საკუთარი ქცევის შეცვლაზე. მართალია, ჩვევად ჩამოყალიბებულ ქცევაში ცვლილებების შეტანა არც ისე ადვილია, მაგრამ, თუ მშობელი კარგად გააცნობიერებს, რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შვილისთვის, მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის  მისი აღზრდის სტილი, ვფიქრობ, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ რაიმე შეცვალოს ბავშვთან ურთიერთობაში და უარი თქვას ყვირილზე.

იმისათვის, რომ მოვაგვაროთ პრობლემა, პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ ის და ვიპოვოთ მისი გამომწვევი მიზეზები:

  • ყვირილით ურთიერთობა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და ემოციურ მდგომარეობაზე კონტროლის დაკარგვითაა გამოწვეული. ნეგატიური გრძნობები ზედაპირზე ამოტივტივდება და მათი „ადრესატი“ ხდება ბავშვი, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან პატარაა შეტევის მოსაგერიებლად ან ასეთი აფეთქების თავიდან ასაცილებლად;
  • უკმაყოფილება საკუთარი მდგომარეობით, საკუთარი ცხოვრებით, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის პრობლემები, მიმდინარე მოვლენებზე ზემოქმედების მოხდენის უუნარობა – ასევე შეიძლება გახდეს ნერვული აფეთქებისა და ყვირილის მიზეზი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი ყვირილით გამოხატავს თავის უსუსურობას;
  • სასურველი შედეგის დროულად მიღების სურვილმა ასევე შეიძლება უბიძგოს ადამიანს ყვირილისკენ. დამაჯერებელი არგუმენტების მოძიება და სიტუაციიდან გონივრული გამოსავლის პოვნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ყვირილი. და, როდესაც მშობელს უსიამოვნებები აქვს სამსახურში ან სახლისკენ მიმავალი ქუჩაში კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდება, სახლში მოსული მთელ ბრაზს ბავშვზე ანთხევს და თავისუფლდება უარყოფითი ემოციებისგან. დროთა განმავლობაში კი ასეთი ქცევა ჩვევად გადაექცევა და ყვირილი ხდება ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი ხერხი. გარდა ამისა, ბევრის აზრით, ყვირილი მიზნის მისაღწევად ყველაზე მოკლე გზაა, თითქოს სასურველ შედეგსაც უცებ ვიღებთ, მაგრამ საეჭვოა, რომ ამ გზით შევძლოთ ბავშვში სასურველი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ასე, მაგ., თუ ბავშვმა ყვირილის ან შიშის გამო დაალაგა ოთახში მიმობნეული სათამაშოები თავის ადგილას, საეჭვოა, რომ ის ამას მომავალში თავისით, დამოუკიდებლად და შეხსენების გარეშე გააკეთებს. შემდეგ ჯერზე საჭირო იქნება უფრო ხმამაღლა დაყვირება;
  • ყვირილი გვიჩვენებს მშობლების უმწეობას. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანი, ემოციური ინტელექტის მაღალი დონით, საეჭვოა თავს დაატყდეს ბავშვს ყვირილით. ყვირილი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მშობელმა არ იცის, რა გააკეთოს მოცემულ სიტუაციაში და არ შეუძლია, იპოვოს საკუთარ თავში ძალა ემოციების „მოსათოკად“ და ქცევის სამართავად.

როგორ გავთავისუფლდეთ ყვირილის ჩვევისგან – რეკომენდაციები:

  • პირველ რიგში, გავითვალისწინოთ, რომ ყვირილის პრობლემის დაძლევა და მისგან გამოწვეული ემოციური ზიანის შემცირება შესაძლებელია;
  • საჭიროა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვაქვს ეს ჩვევა. გავაანალიზოთ კვირის განმავლობაში რამდენჯერ „ავფეთქდით“ რაიმე მიზეზით თუ უმიზეზოდ. გვეუბნებიან თუ არა მეგობრები და ახლობლები, რომ ხშირად ვყვირით, ვიპყრობთ თუ არა უცხო ადამიანების ყურადღებას ჩვენი ყვირილით. თუ ეს ასეა, უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ: „მე ზედმეტად ხშირად ვყვირი, ეს ფაქტია“. თუ ადამიანი ამას უარყოფს და ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას, ის არ არის მზად ებრძოლოს ამ ჩვევას;
  • ქცევის მართვის პროცესში დადებითი გავლენის მომტანი იქნება მოსალოდნელი შედეგების ვიზუალიზაცია. თუ ვგრძნობთ, რომ სადაცაა „ავფეთქდებით“, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა ზიანს მივაყენებთ ბავშვს – როგორ ეშინია, ტირის, გაფართოებული თვალებით გვიყურებს, კანკალებს და პატიებას გვთხოვს. ასეთი სურათი სწრაფად გამოგვაფხიზლებს და ჩვენს ემოციებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ მისცემს;
  • წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება შეხედონ ჩვენს ქცევას ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან ჩვენი ყვირილის მიზეზი. შესაძლოა ამან შეგვაჩეროს;
  • დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ნერვულ სისტემაში ყველაფერი რიგზეა. ცხოვრების აჩქარებული ტემპი და მუდმივი სტრესი ადამიანის ნერვულ სისტემას დაუცველს ხდის. ზოგჯერ მუდმივი ყვირილი დეპრესიის, ნევროტული აშლილობის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შედეგია;
  • გრძნობების გახმოვანება ასევე მნიშვნელოვან დამხმარე საშუალებას წარმოადგენს. არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი ნეგატიური გრძნობების გამო, უნდა ვისაუბროთ ღიად: „ძალიან გაბრაზებული ვარ“! „აღშფოთებული ვარ შენი საქციელით“! – ასეთი ფრაზები უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ყვირილი;
  • ვაღიაროთ, რომ ყვირილი ძლიერების კი არა, ჩვენი სისუსტის მაჩვენებელია. ამ აზრმა შეიძლება გაგვაჩეროს და გვაიძულოს გადავხედოთ ჩვენს ქცევას;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოვახერხებთ ყვირილის შეკავებას, ბოდიშის მოხდა მაინც უნდა შევძლოთ. გულწრფელი ბოდიში ნამდვილად არ ამცირებს ჩვენს ავტორიტეტს, პირიქით, ბევრად შეამსუბუქებს კონფლიქტის შედეგებს და ასევე დაგვეხმარება ბავშვთან ღია კომუნიკაციის დამყარებაში.

დაბოლოს, ყვირილი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ გვიყვარს. ბევრი სიტუაცია ნაკარნახევია საღი აზრით და კეთილი ზრახვებით. უბრალოდ, აუცილებელია დავფიქრდეთ იმაზე, როგორ ვავლენთ ჩვენს სიყვარულს და მზრუნველობას ბავშვის მიმართ. ყვირილი ვერ დაგვეხმარება აღზრდაში. ის ბავშვს მხოლოდ წყენისა და უმწეობის განცდას უქმნის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მივაღწიოთ ბავშვის მხრიდან  გულწრფელად ბოდიშის მოხდას და დაშვებული შეცდომების აღიარებას, თუ ჩვენი ურთიერთობა მასთან ყვირილის ფონზე მიმდინარეობს. ამიტომ, რაც უფრო იშვიათად დავკარგავთ მოთმინებას და არ დავიწყებთ ყვირილს, მით უკეთესი იქნება არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ საერთოდ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი