ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ელექტრონული რესურსები არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის“ შესწავლისთვის

ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს წუთი, როცა თავს მარტოსულად იგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი, სკოლა და საზოგადოება მის გვერდით არიან.

ჩვენ შევეცდებით, ამ სტატიაში თავი მოვუყაროთ რესურსებს, რომლებიც არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის“ სწავლებისას გამოვიყენეთ, რათა მოსწავლეებისთვის გვეჩვენებინა, როგორ შეიძლება გადააქციო სუსტი, მარტოსული ნაბიჯები მამაკაცურ, გაბედულ სვლად, დაგვეფიქრებინა ნებისმიერი ტიპის პრობლემის დაძლევის გზებზე ნებისმიერ საზოგადობაში.

უშუალოდ ტექსტის გაცნობამდე, გამოწვევის სახით, ვისაუბრეთ ჩაგვრაზე, ბულინგზე, განვიხილეთ, როგორ დგას ეს პრობლემა თანამედროვე ბავშვების ცხოვრებაში და ვნახეთ ანიმაცია „ბულინგი სკოლაში“. ანიმაციაში ნაჩვენებია ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების სწორი ჩართულობა პრობლემის მოგვარებაში.

ვიდეოს ნახვის შემდეგ გავეცანით ტექსტს და პარალელი გავავლეთ ნანახსა და წაკითხულს შორის. ანიმაცია ზედმიწევნით ეხმიანება ნაწარმოების იმ ეპიზოდს, სადაც პუპუზა, კურკა, გეო და ჭორფლიანი ჩაგრავენ ბიჭს. ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა, თუ მისი უფლებები დაირღვა. დახმარება მხოლოდ მსხვერპლს სჭირდება თუ მოძალადესაც? რატომ?

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ნაწარმოებში იკვეთება, ცხოველებზე ძალადობაა. მეხუთეკლასელებმა უკვე კარგად იციან, რას ნიშნავს კანონი და რატომ უნდა ვიცავდეთ მას. მათ გავაცანით სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, სადაც წერია: „ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“. ერთად ვნახეთ ანიმაცია „კიტბული, რომელშიც მოთხრობილია ძაღლისა და მისი მოძალადე პატრონის სევდიანი ამბავი.

შევთანხმდით, რომ თუ სადმე ცხოველების წამების ან მათზე ძალადობის შემთხვევას წავაწყდებით, აუცილებლად მივმართავთ პოლიციას და მოვითხოვთ დამნაშავეთა 259-ე მუხლით დასჯას.

ტექსტის სრულად გაცნობისა და გაანალიზების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვეთ, ენახათ რეჟისორ ლეილა გორდელაძის ფილმი „ძაღლი“, გადაღებული ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. შევადარეთ მოთხრობის პერსონაჟი გია ფილმის პერსონაჟ გოგიტას. შედარებისთვის ეფექტურად ვიყენებდით პერსონაჟის რუკებს.

საბოლოოდ მოსწავლეებმა ნაწარმოებში დასმული ძირითადი პრობლემები ამგვარად ჩამოაყალიბეს:

 

 

ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ანიმაცია „გასაყიდი თაგვი“, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ იპოვა განსხვავებული გარეგნობის ბიჭმა მასავით განსხვავებული თაგვი და როგორ დაუმეგობრდა.

ნაწარმოებმა და ანიმაციამ მიგვახვედრა, რომ როდესაც გგონია, ყველაფერი დასრულდა და განსაცდელს ვერ გაუმკლავდები, სწორედ მაშინ შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ისეთი, ვინც გზას გაგინათებს, თვითშეფასებას აგიმაღლებს, საკუთარი თავის რწმენას შეგმატებს, დამოუკიდებლობას გასწავლის და გამართული ნაბიჯებით სიარულს შეგაძლებინებს.

ერთი სტატიის ფარგლებში, ბუნებრივია, შეუძლებელია, ამომწურავად ვისაუბროთ იმ მრავალფეროვან რესურსებზე, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოვიყენეთ, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობითა და აზრთა გაზიარებით მიღებული შედეგი, ვფიქრობთ, თქვენც გამოგადგებათ არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლის“ პრობლემებზე ორიენტირებული სწავლებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი