ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ტიგრან თარზიანი – დემოკრატიული ცვლილებებისთვის

ტიგრან თარზიანის საქმიანობა, მისი იდეები და განხორციელებული პროექტები მალალა იუსაფზაის ცნობილი გამონათქვამის – „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს სამყარო“ – ერთგვარი დასტურია.

ტიგრანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩმანაში ცხოვრობს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერება შეისწავლა, ერთი წლის წინ თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ დააარსა და ამ მიზნის მისაღწევად, სასიკეთო ცვლილებებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ყოველდღე შრომობს.

„ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება და უფლება, იცხოვრონ თანასწორ, განმავითარებელ და ჯანსაღ გარემოში. ამის მისაღწევი ერთადერთი გზა – ხარისხიანი განათლებაა“ – ამბობს ტიგრანი და იმ პრობლემების შესახებ გვესაუბრება, რომლებიც ამ უფლების მიღმა ტოვებს ჩვენს მოქალაქეებს.

 „რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ, ბევრი გამოწვევაა. პრობლემების დიდი ნაწილი ერთმანეთთან კავშირია. ჩემთვის უმთავრეს გადასაჭრელ პრობლემად რჩება განათლების ხელისაწვდომობა. ხარისხიანი განათლების გარეშე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარება, სამოქალაქო აქტივიზმის განვითარება, მუნიციპალიტეტიდან მიგრაციის შეჩერება რთულად წარმოსადგენია. ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციებისა და სათემო გაერთიანებების პასიურობის მიზეზიც ეს გახლავთ. მოსახლეობას მათივე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე აზრს არავინ ეკითხება, მათი ინტერესი, ჩართულობაც არაა სათანადო. ესეც, რასაკვირველია, განათლების, ინფორმაციის უკმარისობის, საკუთარი უფლებების უცოდინარობის ბრალია“.

თავად, როგორც ამბობს, გაუმართლა. ის ბავშვობიდან ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც წიგნიერება, განათლება, სწავლა ფასობდა.

„მშობლები იხსენებენ, რომ ყოველთვის ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. მეც ასე მახსოვს ჩემი ბავშვობა. სოფელში არც მაშინ გვქონდა საბავშვო ბაღი, არც ახლა გვაქვს. განვითარების არანაირი საშუალება არ არსებობდა არც მაშინ, არც ახლა – არც რაიმე წრე, არც რაიმე შემეცნებითი სივრცე…

 ბავშვობიდან ჩართული ვიყავი სოფლის მძიმე ყოველდღიურ შრომაში, ფიზიკურ სამუშაოში. საღამოობით, როცა თავისუფალი დრო მრჩებოდა, ფეხბურთსა და დედაშვილობანას ვთამაშობდით. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, ამის გარდა, წიგნის კითხვაც მაინტერესებდა და ბევრს ვკითხულობდი.

ბიძა ჟურნალისტი იყო, მისი სამუშაო მაგიდა მუდამ წიგნებით სავსე მახსოვს, ბაბუა ყოველ საღამოს წიგნს კითხულობდა. ეს ნათლად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

ბიძაჩემი სულ ამარაგებდა ბიბლიოთეკას ახალი წიგნებით, ბაბუაც შეძლებისდაგვარად ავსებდა მარაგს საბჭოთა პერიოდის წიგნებით. ამ ორმა ადამიანმა წიგნის სიყვარული და ფასი მასწავლა.

დღეს მე ვამარაგებ ჩვენი სახლის ბიბლიოთეკას ქართულენოვანი წიგნებით. კი, ძალიან ნელი ტემპით, რადგან დღეს წიგნი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ყოველთვიური შემოსავლიდან რაღაც ნაწილი ყოველთვის გადავდო ახალი წიგნის შესაძენად.

„საშინაო ბიბლიოთეკა ყველა მსურველისთვის“

„ახლო მომავალში ვგეგმავ სახლში პატარა ოთახის მოწყობას, სადაც იქნება საბავშვო ლიტერატურა, რუკა, მათემატიკისა და ფიზიკის სასწავლო მასალები. იქ თავისუფალ დროს ბავშვებთან გავატარებ. ეს სივრცე არამარტო ჩემი ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ სოფელში მცხოვრები ნებისმიერი ბავშვისთვის. ბოლოს და ბოლოს, მათ ექნებათ შესაძლებლობა კვირაში ერთი ან ორი საათი დაკავებული იყვნენ შემეცნებითი და შემოქმედებითი საქმიანობით“.

სკოლა მაშინ და სკოლა ახლა

მე სოფელ უჩმანის სომხურენოვანი სკოლა დავამთავრე. სკოლაში არ იყო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ქართული და ინგლისური ენის მასწავლებელი, ქართული ენის სწავლებისა და უბრალოდ, ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. ზუსტად იგივე ვითარებაა დღესაც. კვლავ არ გვყავს კვალიფიციური კადრები, პროფესიონალი მასწავლებლები, მოსწავლეებს არ აქვთ სახელმძღვანელოები. მოკლედ რომ შევაფასო, მთელი 12 წელი უბრალოდ დროს ვატარებდი სკოლაში და რომ არა ჩემი ოჯახის მონდომება და მხარდაჭერა, მეც უმრავლესობის მსგავსად არასრული განათლებით დავრჩებოდი. რა მახსოვს სკოლიდან? რამდენიმე სომეხი პოეტის ლექსი – ზეპირად და სკოლაში რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. სულ ესაა. რა გასაკვირია, რომ ვისაც სწავლა უნდა, ქვეყნიდან მიდის.

„ჩვენ მივხედავთ“…

ჩემი სოფელი, უჩმანა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აქ ადრე 130-მდე კომლი ცხოვრობდა, ახლა 40-45. საბჭოთა ინფრასტრუქტურიდან ძირითადად ნანგრევებია დარჩენილი. ახლა გვინდა, რომ ბიბლიოთეკის აღდგენაზე შევიტანოთ პროექტი. მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, რემონტი თავის თავზე აიღონ, წიგნებისა და კომპიუტერების საკითხებს ჩვენ მივხედავთ.

 

ახლა

ვმუშაობ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“, პერიოდულად ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტშიც. ასევე, 1 წლის წინ დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“. ჩვენი აზრით, საკმაოდ პასიურია ამ რეგიონში აქტივიზმი და მესამე სექტორი. ახალგაზრდების მობილიზება დღემდე გამოწვევაა, თუმცა, მაინც ვახერხებთ პატარა ნაბიჯებით წინსვლას. მაგალითად, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. შეხვედრები ყველა მსურველთან გვაქვს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. პროექტის გაკეთება გადავწყვიტეთ არა წმინდად იურიდიული ან კანონის გაცნობის მიმართულებით, არამედ ზოგადად, უფლებების გაცნობის კუთხით. ადამიანები მათთვის გასაგები ენით, სიტუაციური სავარჯიშოების პრაქტიკულად შესრულებით იგებენ საკუთარი უფლებების შესახებ. ევროსაბჭოს ერთ-ერთ ტრენინგზე ვნახე ასეთი მოდელი და გადმოვიტანეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯავახეთში ფუნდამენტურ უფლებებზე ვისაუბროთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება, უზრუნველყოფილი იყვნენ ისეთი საჭიროებებით, როგორიცაა, მაგალითად, საბავშვო ბაღი, რომელიც აქ ან არ არსებობს, ან არის, მაგრამ არ არის დაცული შესაბამისი პირობები, ჰიგიენა, სტანდარტები და ა შ.

არჩევანი – დაბრუნება

ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე დაიწყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4+1 პროგრამით მოვხვდი. სტუდენტურ ცხოვრებასთან ადაპტირება თავიდან ძალიან რთული იყო. პირველ კურსზე ქართულად ვერც ვსაუბრობდი თავისუფლად. უნივერსიტეტის 5 წელი თვითგანვითარების არაჩვეულებრივი შანსი აღმოჩნდა ჩემთვის. უნივერსიტეტი იყო ადგილი, სადაც ყველა საჭირო რესურსი მქონდა – ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ლაბორატორიები, ლექტორებთან ურთიერთობა. ამ 5-მა წელმა ბევრი რამ შემძინა. ზოგადად, პროგრამა 4+1 2010 წლიდან მოქმედებს და უამრავი ახალგაზრდაა ჩართული. პრობლემა ისაა, რომ განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდებს არ სურთ რეგიონში დაბრუნება. ეს გასაგებია, არც სამუშაო ადგილებია, არც განვითარების საშუალება.

უნივერსიტეტის შემდეგ კერძო სექტორში ვმუშაობდი. ხელფასიც კარგი მქონდა და თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. ეს საჭირო იყო. დავტოვე სამსახური და ჩემს მშობლიურ ნინოწმინდაში დავბრუნდი, გავერკვიე პრობლემებში და დავიწყე მუშაობა.  

არ ვიცი, რამდენად დავეხმარები ჩემს მხარეს, მაგრამ, ვიცი, რომ რაღაცაში დავეხმარები…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი