ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რატომ არ კითხულობს თანამედროვე მოზარდი კლასიკას?

„ჩემში არსებული ყველა სათნო, ჭეშმარიტი და ძლიერი გრძნობა უნებურად მას ევლება თავს, ვიცი, უნდა დავფარო ყოველივე ეს, უნდა ჩავიქრო ყოველივე იმედი, უნდა მახსოვდეს, რომ არ შეიძლება ვუყვარდე მას. მას ვგავარ-მეთქი, რომ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, თითქოს მეც გამაჩნია ისეთი ძალა და ენერგია, რომ შემეძლოს მისი მოხიბვლა და მისებური გავლენის მოხდენა. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ერთნაირი გემოვნება და გრძნობები გვაქვს. აი, რატომ უნდა მახსოვდეს: ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვართ დაბადებული. თუმცა, ვიდრე პირში სული მიდგას და ვაზროვნებ, ის მუდამ მეყვარება“.

„გული ძალიან სწრაფად მიცემდა და ნელ-ნელა ვიძაბებოდი, მერე ელიზაბეტმა ბრენდით სავსე კიდევ ერთი ჭიქა გამომიწოდა და იმ მომენტში ხელზე ნაზად შემეხო. ფეხი ფეხზე გადამადო და ააქანავა. მერე კისერზე მისი ხელი ვიგრძენი. ნელა მოძრაობდა, მე კი გულმა არანორმალური სისწრაფით დამიწყო ძგერა“.

ორივე ამონარიდი სიყვარულს შეეხება და მთხრობლის ემოციასა და გრძნობებს გვიზიარებს. თუმცა მათ შორის უზარმაზარი სხვაობაა: პირველი კლასიკად ქცეული ნაწარმოებიდან, შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარიდანაა“, მეორე კი თანამედროვე მწერლის: სტივენ ჩბოსკის რომანიდან: „მარტოსულობის უპირატესობანი“. ამ ორ ავტორს ერთმანეთისგან ორი საუკუნე აშორებს, და ეს იგრძნობა არა მხოლოდ ტექსტის სტილში, პერსონაჟების ხასიათში, არამედ მათ მკითხველებშიც. კი, მკითხველი ტყუილად არ მიხსენებია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მოზარდი თაობა. მათთვის კლასიკამდე მისასვლელი გზა ეკალ-ბარდებით დაიფარა და იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე ის მეგზური, ვინც გზას გაუკვალავს. დიახ, მოზარდებს უჭირთ კლასიკად ქცეული ტექსტების კითხვა და დანაკლისს თანამედროვე რომანებით ინაზღაურებენ, რომლებიც ასე სოკოებივით მომრავლდა, სიუჟეტით კი ასე ძალიან წააგავს ძველ რომანებს და არა მხოლოდ მათ, არამედ ძველ, ათასწლეულების წინანდელ, ჩვენამდე მოღწეულ ამბებს, ზღაპრებსა და ეპოსებს: თინეიჯერობის/მოზარდობის, სრულწლოვანებაში გადასვლის პრობლემები, სიყვარული, ამბოხი, სახლიდან გაქცევა და მობრუნება საკუთარ იდენტობაში გარკვევა, ძიება, დაცემა და შემდეგ ფერფლისგან ისევ გაცოცხლება. მოკლედ, სიუჟეტური ქარგა სულ რამდენიმე არსებობს და ჩვენთვის ცნობილი და მომავალში დაწერილი თითოეული წიგნი ამ ქარგას მიუყვება. სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, ვნებები და სურვილები, უკვდავება და ღმერთები, ოღონდ აქ მთავარი ისაა, ავტორი – როგორი სახეებით, პერსონაჟებით, სიტყვებით კინძავს და აბამს ამ სიუჟეტურ ძაფზე, საბოლოოდ ძვირფასი თვლებით შემკული მძივი გამოიძერწება თუ უბრალო ბიჟუტერია, ცრუ და წარმავალი ბრჭყვიალებით.

თანამედროვე რომანებს სიბრჭყვიალე და მრავალფეროვნება აკლია, ის, რითაც კლასიკური რომანები იწონებენ თავს – ეპითეტები და მეტაფორები, სიმბოლოები და პეიზაჟები, პორტრეტები და ლამის სრულყოფილი პერსონაჟები, შინაგანი დიალოგები და წიგნის ფურცლებზე გამართული ვნებათაღელვები. თანამედროვე ტექსტებში ამბავი ისე მიდის, როგორც რეალობაშია, ყოველგვარი სამკაულების გარეშე, თითოეულ წინადადებაში რაღაც ხდება, თხრობა დინამიკურია, ძალიან ახლოსაა მკითხველთა სამყაროსთან. აი კლასიკურ რომანებში, კი დრო ჩერდება, დრო ჩერდება იმიტომ, რომ მკითხველი დატკბეს კუნძულთა სილამაზითა და ოკეანეების ქარიშხლებით, ტყეების იდუმალებით და პერსონაჟების შინაგანი ბრძოლებით. რომ ჩაძვრეს მათ კანში და პერსონაჟთან ერთად იმოგზაუროს, შეიყვაროს, იბრძოლოს და შეიძლება მოკვდეს კიდეც. ოღონდ ეს სულ სხვა განზომილებაა, ის ჯადოსნური, არამიწიერი სამყარო, სადღაც „შორს“, „ოდესღაც“ მყოფი – ასე ძალიან რომ იზიდავს მკითხველს, და მოდით პირდაპირ ვთქვათ: ოცნებას რომ აჩვევს, რომ ასწავლის, იდეალებს უჩენს და საკუთარ თავთან დიალოგსაც ასწავლის.

თანამედროვე რომანები – სწორი რომანებია, აი, ზუსტად ამ სიტყვის ზედმიწევნითი გაგებით. ისინი პოლიტკორექტულები და ძალიან ფრთხილები არიან. მათი მსოფლხედვა თანამედროვე ადამიანის მსოფლხედვას ემთხვევა, ფემინისტური შრეებით, უმცირესობების პატივისცემით, ეკოლოგიური ხედვით. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია! და ასეც უნდა იყოს, ეს მოიტანა დღევანდელმა დღემ, ეპოქამ. ჩვენს თაობას ისინი ძალიან სჭირდება და უნდა იკითხონ, თუმცა და აი მივადექით კიდეც ერთ მნიშვნელოვან მიზეზს, რატომ არ კითხულობენ მოზარდები კლასიკას? ჩემი დაკვირვებითა და გამოკითხვით რამდენიმე მიზეზია. მოდით, ჩამოვთვალოთ:

  1. არქაული ლექსიკა – არის სიტყვები, რომელთა შინაარსი მათთვის უცნობია. ბევრი უცხო სიტყვა მათ აბნევთ, ვერ იგებენ, ბრაზობენ, და საბოლოოდ წყვეტენ კითხვას.

 

  1. ჭარბი მხატვრული ხერხები – ეპითეტები, მეტაფორები, შედარებები, აღწერები, პორტრეტები, პეიზაჟები – ისინი არ არიან მიჩვეული ასეთ მეტყველებას. მათთვის ეს უცხო და ეგზოტიკურია. იღლებიან, ერთი სული აქვთ ამბის დასასრული მალე შეიტყონ, ნებისყოფა არ ჰყოფნით, და რაც ყველაზე მთავარია: არ იციან ტექსტით ტკბობა, ტექსტისგან სიამოვნების მიღება, ისინი ამბისგან იღებენ სიამოვნებას და არა ტექსტისგან. დაახლოებით ისე, როგორც ფილმებისგან. შესაბამისად, გამუდმებული სიტყვების ჩუქურთმები და ლირიკული წიაღსვლები, დაბრკოლებად იქცევა – სასურველის მიღებამდე, ანუ დასასრულამდე.

 

  1. დრო, დრო და დრო – ჩვენი ეპოქა ძალიან აჩქარებულია, თვალის დახამხამებაში გადის დღეები. მოზარდების დღის განრიგი ძალიან გადატვირთულია. ჰოდა, რთულია გამონახო დრო – ძველი საუკუნეების გაცოცხლებისთვის, მით უმეტეს, აგერ სოციალურ ქსელებში იმდენი ამბავია, ერთი ჩამოსქროლა და წამებში იგებ ანტარქტიდის პრობლემებსა თუ ცნობილი ვარსკვლავების ცხოვრების დეტალებს. იქვე ლაივი გელოდება: დედამიწას მეტეორი უახლოვდება, მარსზე წყალი აღმოაჩინეს და ასე შემდეგ. ჰოდა, 15 წლის მოზარდისთვის პრიორიტეტი ცხადია, რაც იქნება.

 

  1. საჭიროების ვერგაცნობიერება – ვერ ხვდებიან, რატომ უნდა წაიკითხონ, რაში გამოადგებათ? თუ გამოცდებზე დასჭირდებათ – კიდევ, ჰო, წაიკითხავდა კაცი.

 

  1. ღირებულებები – ბავშვები დღევანდელი გადმოსახედიდან აფასებენ ტექსტებს და არა მხოლოდ ბავშვები, ძალიან ბევრი ზრდასრულიც. არ მოსწონთ ძველი ქალების ყოფა, უმცირესობების ეპითეტები, რასისტული გამონათქვამები. ეპოქიდან გამომდინარე ვერ იაზრებენ, გვერდს უვლიან ისტორიას. აგერ ჩემი თინეიჯერი შვილი მეუბნება, თურმე „ბიძია თომას ქოხი“ რასისტული ყოფილაო.
  2. დიდი მოცულობა – ბევრი გვერდი აშინებს გამოუცდელ, თანამედროვე მკითხველს.

 

  1. ეკრანიზაციები – კლასიკურ ნაწარმოების უმრავლესობა ფილმებადაა ქცეული, ფილმის ნახვის შემდეგ რთულია, წიგნს მიუბრუნდე, დასასრული ხომ უკვე იცი, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ: „დასპოილერებული ხარ“.

და საერთოდ, უნდა კითხულობდნენ კი? იქნებ ეპოქის ცვლილებებმა კლასიკის საჭიროებაც გადააფასა? იქნებ სხვა რამეები უფრო მნიშვნელოვანია? ტექნოლოგიურმა პროცესებმა, ელექტრონულმა წიგნებმა, ადაპტირებულმა კლასიკამ – გადაფარა თუ არა ძველი, კლასიკური წიგნები? მე მგონია, რომ არა და ვფიქრობ, რომ მოზარდები უნდა მივაჩვიოთ კლასიკური რომანების კითხვას: ლექსიკის გასამდიდრებლად, მხატვრული სახეებით აზროვნების მისაჩვევად, შემოქმედებითი ძალების გასააქტიურებლად, ისნპირაციებისთვის, იდეებისთვის, თვალსაწიერის გასაფართოებლად, ინტელექტის ასამაღლებლად, განათლების მისაღებად და საბოლოოდ კარგ ადამიანად ჩამოსაყალიბებლად. რადგან, ადამიანს ადამიანურ სიკეთეებს კარგი წიგნები ჩუქნის.

ეს გზა, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის და არც ამ ეკალ-ბარდებში მეგზურობაა იოლი საქმე. ხშირად დავყრით ფარ-ხმალს, და ხშირად გაგვიჩნდება სურვილი დანებების, თუმცა შედეგად ღირს!

პირველ რიგში მოზარდებს წიგნის კითხვის სურვილი უნდა აღვუძრათ, კარგი იქნება თუ მისი ინტერესების გათვალისწინებით შევურჩევთ რომანს. საინტერესო ამბებს მოვუყვებით იმ კონკრეტულ ეპოქაზე, შესაძლოა დოკუმენტური ფილმებიც დავიხმაროთ, ანუ ჩვენი მიზანია, რომ ინტერესი გავუღვიძოთ,

წიგნის ფორმა – ბავშვებს უყვართ უცნაურობები და ეგზოტიკურობა. შესაძლოა ძალიან ძველი წიგნები მოეწონოთ, გაყვითლებული ფურცლებითა და სპეციფიკური სუნით. შესაძლოა ამ წიგნზე რაიმე ისტორიაც გქონდეთ, ან განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარი იყოს – საინტერესო წარწერით, ან ბავშვობის, გამხმარი ყვავილებით სავსე. შესაძლოა ვიღაცას ელექტრონულად ერჩიოს წაკითხვა და ამისთვის, ელექტრონული წიგნის წამკითხავიც კი აჩუქოთ. ჩემს შვილს ძალიან მოსწონდა, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბუკინისტური წიგნების შერჩევა, და მერე მათი კითხვა, თან თუ წარწერებიც ჰქონდათ. გამოთქვამდა ვარაუდებს, ვის ეკუთვნოდა და რატომ აღმოჩნდა ბუკინისტის ხელში.

მნიშვნელოვანია, წასაკითხი მასალა დღეებზე გადაუნაწილოთ, მაგალითად, დღეში ერთი ფურცელი. შესაძლოა მაღვიძარას დაყენება, მაგალითად, საღამოს 5 საათზე, კლასიკის დროა! ვწყვეტთ ყველაფერს და ერთ ფურცელს ვკითხულობთ. არ მგონია, რთული შესასრულებელი იყოს, თან დრო ძალიან ცოტა ეხარჯებათ, სახალისოც კია. (ერთი ფურცელი, რა თქმა უნდა, პირობითია).

უცხო სიტყვების მარკერით მონიშვნა და შემდეგ დიდ, ძველ ლექსიკონში ქექვა – ესეც საინტერესო პროცესია!

ბავშვებს უყვართ კვლევა-ძიება, აღმოჩენები – ჩვენც მივცეთ ამის საშუალება და აღმოვაჩენინოთ მეტაფორები და ეპითეტები, ვისაც ხატვა უყვარს, დავახატვინოთ პეიზაჟები და პორტრეტები.

მოკლედ მიზნად უნდა ვიქციოთ, რომ მივაჩვიოთ კლასიკის კითხვას. წიგნის დასრულებისას გრანდიოზული ჯილდოს მოფიქრებაც შეიძლება.

ვფიქრობ, ადამიანის ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარგი ლიტერატურა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი