შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წონა

თბილისიდან ბათუმში სამი მივდივართ. სამი გოგო. ექვსსაათიანი გზის უმტკივნეულოდ გადასატანად სამივეს ჩვენ-ჩვენი გასართობი გვაქვს: ლეპტოპში ჩაწერილი სერიალები, მსუბუქი ლიტერატურა, სათამაშო აპლიკაციები და მობილური ინტერნეტი. სამიდან ერთი დიეტაზეა, სამიდან ორი ვარჯიშობს და სამიდან სამივეს გვაქვს ჭარბ წონასთან ბრძოლის საკუთარი, მეტ-ნაკლებად დრამატული გამოცდილება.

გერმანელი ფსიქოლოგის წიგნს ვკითხულობ გოგონების პრობლემებსა და მათი უმტკივნეულოდ მოგვარების გზებზე და სავსებით ვეთანხმები ავტორს იმაში, რომ არ არსებობს მზა რეცეპტები ადამიანებთან, მოსწავლეებთან, შვილებთან, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, ყველა ადამიანი და შემთხვევა განსაკუთრებულია, უბრალოდ, დაკვირვებისა და განზოგადების უნარი გვეხმარება კონკრეტული შემთხვევებისთვის სწორი გზების პოვნაში. ასეთი წიგნებიც ამ უნარის გამომუშავებას უწყობს ხელს. რაც ყველაზე მეტად მომწონს ავტორისა, ის არის, რომ ყველა წინადადებას ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ყველა ფრაზის უკან კონკრეტული მაგალითი დგას და, რაც მთავარია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კლიშეებსა და ტენდენციებს, რომლებიც გოგონებს ქცევის გარკვეულ მოდელს გვთავაზობს.

მაგალითად, სტერეოტიპი, რომ გოგონა აუცილებლად ბეჯითად უნდა სწავლობდეს, არ ცელქობდეს, არ ბრაზდებოდეს, მეტად თავაზიანი იყოს, ვიდრე საპირისპირო სქესის თანატოლი, შესაძლოა, ერთი შეხედვით – არაფერი, მაგრამ ყოველდღიურობაში თითქმის ყველა გოგონაზე გამაღიზიანებლად მოქმედებს. როგორია, ვიღაც შენს ტოლს, გვერდით მცხოვრებს, აქვს რამის უფლება, შენ – არა; მან შეიძლება ითამაშოს ფეხბურთი, შენთვის ეს ნაკლებ რელევანტურია; მან შეიძლება თქვას “ცუდი სიტყვა” გაბრაზებისას, შენ თავაზიანი ღიმილით უნდა გაერიდო კონფლიქტს; მას შეუძლია, გვიანობამდე დარჩეს გარეთ მეგობრებთან ერთად, შენგან ეს ულამაზო საქციელია; მისი სიყვარულის ისტორიები ისეთი თავგადასავლებია, ყურადღების გამახვილებად რომ არ ღირს, სამაგიეროდ, შენ ვინ მოგწონს და ვის მოსწონხარ, ყველას აინტერესებს, ყველა სერიოზულად განიხილავს და მეტიც, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, იკითხავენ, დასრულდება თუ არა ქორწინებით ეს სეირნობები.

მახსოვს, ჩემი სკოლის ეზოს კუთხეში დიდი ნეკერჩხალი იდგა. სიცხეში ჩრდილს ჰფენდა, შემოდგომაზე ხრაშახრუშით სცვიოდა დიდი ფერადი ფოთლები. იმ კუთხეში ეზოს გალავანზე ჯდომა და იქიდან, ერთი მხრივ – სკოლის ეზოში, მეორე მხრივ კი ქუჩაში მოსიარულეთა თვალიერება ყველაზე მაგარი საქმიანობა იყო, რისთვისაც შეიძლება გაცდენილი გაკვეთილები ან შესვენებები გამოგეყენებინა, მაგრამ ვინ გაცდიდა – ისმოდა დაუსრულებლად: “გოგოს აქ რა უნდა”, “აბა, ეს რა საქციელია” და ასე შემდეგ. სწორედ ამ გოგოსთვის განსაზღვრული ადგილებისა და საქმიანობების შესახებ წერს ელიზაბეტ რაფაუფი “გოგონების წიგნში” და ამტკიცებს, რომ გოგონებს მეტად სტრესული ცხოვრება აქვთ, ვიდრე ბიჭებს. 

ელიზაბეტი იქვე იმაზეც ლაპარაკობს, რომ გოგონების ქცევას არა მხოლოდ მშობელთა და მასწავლებელთა შეგონებები, არამედ მედია, შოუბიზნესი, მოდის ინდუსტრიაც განაპირობებს. ეს ლამაზ-ლამაზი მომღერლები და მსახიობები (რომელთა იდეალური ფორმების მიღმა დგას მრავალსაათიანი ვარჯიში, ხანგრძლივი დიეტა, ანტიდეპრესანტების დაცლილი ფირფიტები და ფსიქოთერაპევტებთან გატარებული საათები) არანაკლებ გავლენას ახდენს მოზარდზე, რომელსაც, ცხადია, უნდა, მათსავით ლამაზი, წარმატებული, თავბრუდამხვევი, მდიდარი და საოცნებო იყოს. ამიტომაც ცდილობენ გოგონები მთელ მსოფლიოში, დაამსგავსონ თავიანთი სხეულები შემოთავაზებულ სტანდარტებს, კითხულობენ “როგორ გავხდეთ წარმატებული” ტიპის საკითხავებს და ფიქრობენ, რომ აბა, როგორ, ასეც უნდა იყოს.
წიგნს ვხურავ, მეგობრის ლეპტოპში ჩართულ სერიალს ვუყურებ. “მახინჯი ბეტი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომლის მთავარი გმირიც არცთუ ლამაზი, მაგრამ ჭკვიანი და მიზანდასახული ბეტია. რა გასაკვირია, რომ ულამაზო გოგონას, რომელიც მოდის ჟურნალში იწყებს მუშაობას, თავგადასავლები არ აკლდება. ბეტი სწორედ იმის მაგალითია, რომ გოგონებს მეტად სტრესული ცხოვრება აქვთ. აბა, რომელ კაცს დასცინებენ დაუნდობლად კოლეგები რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისთვის ან არამოდური სამოსისთვის?! ბეტის (და ათასობით სხვა გოგოს) დასცინიან. მაგრამ ბეტი მაგარი გოგოა, მიზანდასახული, იცის, რა უნდა და არავის ეპუება. 
ბეტისნაირი გოგონები მიზანს აღწევენ, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, ვინც ვერ გაიაზრებს, რა ხიბლი აქვს ინდივიდუალობას და ვისაც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს “სტანდარტიზაცია”?! არ ვამეტებ – ბოლო დღეების ერთ-ერთი შემაძრწუნებელი სიახლე უცხოური პრესიდან სწორედ ასეთ შემთხვევაზე იყო, ანორექსიით დაავადებულ გოგონაზე, რომელიც აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის. აქამდე ის ხანგრძლივმა დიეტამ მიიყვანა, რომელიც ორი წლის წინ წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა მსუბუქად მიანიშნა ჭარბ წონაზე.
მატარებლის ფანჯრიდან სოფლები და ქალაქები ჩანს, სადაც, ცხადია, სხვადასხვა გარეგნობის, ინტერესებისა და მომავლის გოგონები ცხოვრობენ. ვუყურებ კადრებს, რომლებიც სწრაფად იცვლებიან და ვფიქრობ, ნეტავ როგორია მათი ცხოვრება, ნეტავ ისინიც თუ ისე განიცდიან ზედმეტ კილოგრამებს, როგორც მე განვიცდიდი, ნეტავ მათაც თუ ეუბნებიან მასწავლებლები და მშობლები, რომ სკოლის გალავნის კუთხეებში ჯდომა ვერაფერი ქალური საქმეა, ნეტავ ისინიც თუ ასე დაჟინებით აკვირდებიან ერთმანეთის გარდერობში გაჩენილ ახალ ნივთებს, ოცნებობენ თუ არა რომელიმე პოპვარსკვლავის მსგავს ბედზე, ნეტავ თუ იციან, რომ ზოგჯერ მათნაირი სიცოცხლით სავსე, ლამაზი და ჭკვიანი გოგონები სრულიად სულელურ რამეებზე ჯავრობენ ხოლმე…

ასე რომ, გოგონებო, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ სკოლებში, ბაღებსა და უნივერსტეტებში დადის, ზოგი უკვე მშობელი ან მასწავლებელი გახდა – ალბათ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ერთმანეთს, ნაცვლად კლიშეების თავზე მოხვევისა, პრაქტიკულ რჩევებს გავუზიარებთ და ჯანმრთელობისთვის საზიანო, საეჭვო დიეტების ნაცვლად ვარჯიშს, ცურვას ან ჯანსაღ კვებას შევთავაზებთ; ნაცვლად დაცინვისა, ვეტყვით, რომ ადამიანის მთავარი ღირებულება მისი სხეულის გარშემოწერილობა არ არის; ავუხსნით, რომ რაც პრიალებს და ეკრანზე ჩანს, სინამდვილესთან ცოტა რამ თუ აქვს საერთო და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ დავამარცხებთ ჭარბ წონას და სტრესს ჩვენ გარშემო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი