შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მედიაგზავნილები  და მოსწავლის არჩევანი

კაცობრიობის განვითარების ისტორია მოწმობს, ადამიანი როგორ იძენდა იმ უნარებს, რომლებიც გარემოსთან ურთიერთობისათვის სჭირდებოდა. უძველესი დროიდან ქვისა თუ ხისაგან გამოთლილი იარაღით აღჭურვილი  ჰომო საპიენსი არა მხოლოდ თავს იცავდა, არამედ იკვლევდა იმ სივრცეს, რომელშიც სულიერ-მატერიალურად არსებობდა. მისი სიცოცხლე თანდათან უფრო მრავალფეროვნდებოდა და აღმოჩენების გზებით იქსელებოდა. ერთი უმთავრესი და გამორჩეული გზა კი მედიუმების პოვნას გულისხმობდა – იმგვარ ტექნიკას, რომელიც სამყაროს სიღრმისეულ ათვისებასა თუ საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარებოდა. ცივილიზაციის განვითარების წყალობით, ადამიანს დღეს მძლავრი იარაღი – ელექტრონული მედია აქვს იმისთვის, რომ მოვლენების ცენტრში იყოს და უშორეს პერიფერიებსაც კი მისწვდეს ინტერნეტის საშუალებით. თანამედროვე  მულტიმედიური ტექნოლოგიები მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ცოდნის შეძენის  გზაზე კომფორტსა და საფრთხეს თანაბრად უქმნის. როგორც კვლევები ადასტურებს,  ჭარბი ინფორმაცია  არა მხოლოდ გადატვირთავს გონებას, არამედ რეალობის აღქმასაც აზიანებს, ეს კი ცხოვრებისეული პრობლემების  წყაროდ შეიძლება იქცეს.

აქამდე თუ გამორჩეულნი იყვნენ ის ისტორიული პიროვნებები (მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონი და სხვანი), რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება შეეძლოთ, ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია. მოზარდს შეუძლია იჯდეს გაკვეთილზე, პარალელურად ჩართული იყოს გლობალურ ქსელში,  ვიდეოთამაშით გაერთოს, წეროს ტექსტური შეტყობინებები, მოუსმინოს მუსიკას და სხვ. ამიტომაც  გაჩნდა ტერმინი „მედიათაობა“, რომელსაც თანამედროვე სამყარო უამრავ არჩევანს სთავაზობს. შესაბამისად, გაჩნდა აუცილებლობაც,  რომ მოსწავლე იყოს მედიაწიგნიერი, შეძლოს მასმედიის შემოთავაზებულ მრავალფეროვნებაში ორიენტირება და თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

შეიძლება დავსვათ კითხვა: თანამედროვე სამყაროში არჩევანის სიმრავლე სიკეთეა თუ უბედურება? ერთიცაა და მეორეც.  ეს  ხშირად ერთგვარ ტერორს უთანაბრდება, რომელიც სიმართლისა და სიყალბის გარჩევის უნარს აჩლუნგებს და კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების, ანალიზის, სინთეზისთვის დროს არ ტოვებს,  სწრაფი, გაუაზრებელი, მოჩვენებითი გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს.

სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ინფორმაციისა თუ სასწავლო მასალის სიმდიდრე, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური ეპოქის დიდი მონაპოვარია. ამაზე არავინ დავობს. ამავდროულად, ეს მოსწავლისგან ახალ უნარებს მოითხოვს, რომლებიც სწორედ ახლა ყალიბდება. ცხადია, პედაგოგს საქმე ემატება, რადგან ფეხდაფეხ უნდა მიჰყვეს ამ აჩქარებულ დროს და არათუ ძველმოდური არ უნდა გამოჩნდეს მოსწავლეთა თვალში, არამედ, მეტაფორულად თუ ვიტყვით, ინფორმაციის ოკეანეში ცურვა უნდა ისწავლოს და მოზღვავებული ნაკადების მორევში არ ჩაინთქას. ჯეიმს პოტერმა ჩვენი კულტურა „მედიაგზავნილების უზარმაზარ სუპერმარკეტს“ შეადარა – რაღაცებს „ვყიდულობთ“, მაგრამ იმაზეც ვფიქრობთ, რასაც „არ ვყიდულობთ“. თუ მის ამ მეტაფორულ აზრს მივყვებით, საკუთარ თავსაც იოლად გავიხსენებთ მსგავს სიტუაციაში, როცა იმასაც ვყიდულობთ, რაც არ დაგვიგეგმავს და არაფერში დაგვჭირდება, მაგრამ საგნებმა „იძალადეს“,  თავი გვაყიდვინეს, ფინანსური რესურსი  უაზროდ გაგვაფლანგვინეს.

ასე ხდება მაშინაც, როცა საჭირო ინფორმაციას დავეძებთ და დროს, ენერგიას ძიების გზაზე შემხვედრ უამრავ ინფორმაციაზე ვხარჯავთ, გვიტაცებს სათაურები, ფოტოები, რეკლამები და გვიან ვაცნობიერებთ, საერთოდ, რისთვის შემოვყავით თავი ამ საძიებო სისტემაში. ასე ემართებათ მოსწავლეებსაც, რომლებიც მედიაგზავნილების ქაოსში ინთქმებიან და თავგზა ებნევათ.  როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დიდი რაოდენობით ინფორმაცია მეხსიერებას კი არ ავითარებს, არამედ აქვეითებს.

ჯეიმს პოტერი საუბრობს კოდებზე, რომლებსაც ადამიანში არა მხოლოდ გარემო, სკოლა, ოჯახი, მეგობრები, არამედ მედიასაშუალებებიც  აპროგრამებენ (წარმოდგენები, შეხედულებები, სტერეოტიპები). ასე რომ, მრავალფეროვანი არჩევანი შეიძლება ხანდახან მოჩვენებითიც იყოს, რადგან ადამიანი თუ არ არის კრიტიკულად, თავისუფლად და შემოქმედებითად მოაზროვნე, მაშინ შეიძლება მხოლოდ „შემოთავაზებულ“ ინფორმაციას დაეწაფოს და სრულიად დაკარგოს არჩევანის გაკეთების სურვილიცა და ძალაც.

იმისათვის, რომ მოსწავლემ თავი დააღწიოს უსარგებლო, უფრო მეტიც, საზიანო ინფორმაციას, საჭიროა, მასწავლებელი დაეხმაროს მას საორიენტაციო რუკისა თუ გზამკვლევის შექმნაში. მოსწავლე უნდა მიეჩვიოს ინფორმაციის გაფილტვრას, რისთვისაც აუცილებელია, მას ჰქონდეს სხვადასხვა მედიაწყაროს შედარების, ანალიზის, შეფასების, დაჯგუფების, ინდუქციის, დედუქციის, სინთეზისა და აბსტრაჰირების უნარები.

ეს ყოველივე კი, რა თქმა უნდა, თანდათან ყალიბდება და ვითარდება. მოსწავლე უნდა მიეჩვიოს, რომ ცხადად წარმოიდგინოს სასწავლო მიზნები, შემდეგ კი შეძლოს შესაბამისი ცოდნის სტრუქტურირება (ე.ი. კონკრეტული საკითხების დამუშავება).  ჩვენი აზრით, მოსწავლემ უნდა იფიქროს:

  1. რატომ არჩევს ამა თუ იმ მედიაგზავნილს?
  2. როგორ არის დაკავშირებული ეს მის მიზანთან?
  3. როგორ დაეხმარება ეს თემის მრავალმხრივ დამუშავებაში?
  4. პრეზენტაციისას როგორ შეძლებს აუდიტორიაზე ზემოქმედებას?

როდესაც მოსწავლეს კონკრეტული საკითხი ძალიან აინტერესებს, მაშინ  ის ძიების პროცესს სხვადასხვა მიმართულებით წარმართავს, ეცნობა არაერთ წყაროს, აგროვებს მასალას და, შესაბამისად, შედეგსაც იღებს. სკოლა ცხოვრების ნაწილია, ამიტომაც მოსწავლე ამ სივრცეშიც იძენს გამოცდილებას. გაკვეთილებზე მოსწავლე კონკრეტულ სასწავლო მიზნებზე კონცენტრირებას ეჩვევა, მას ის უნარებიც გამოუმუშავდება, რომლებიც დაეხმარება, რომ ცხოვრებაში იყოს ბედნიერი, ამისთვის კი სწორად შეარჩიოს პროფესია. მედიაწიგნიერება უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, იცხოვროს საკუთარი და არა მედიის მიერ შემოთავაზებული წესებით.

მოსწავლეები მასწავლებელთა გარეშეც აქტიურად ეცნობიან სხვადასხვა მედიაინფორმაციას.  საჭიროა, მასწავლებელმა გაკვეთილებზე გამოიყენოს მედიაგზავნილები, მოსწავლეებთან ერთად კრიტიკულად გააანალიზოს და შეაფასოს. ეს მოსწავლეებს დაეხმარება, რომ დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად გამოიყენონ ინტერნეტში ატვირთული აუდიო-ვიდეო თუ ტექსტური მასალა.

მასწავლებელმა უნდა მოიფიქროს ისეთი სავარჯიშოები, რომელთა შესრულებაც დაეფუძნება კონკრეტული მედიაინფორმაციის დეკოდირებას. გთავაზობთ ჩვენ მიერ მოფიქრებულ რამდენიმე აქტივობას.

აქტივობა 1. მასწავლებელმა წინასწარ შეარჩიოს საგაკვეთილო თემის შესაბამისი ვიდეო  და მოსწავლეებს აჩვენოს. ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელონ შემდეგ საკითხებზე:

  1. თემა როგორ იყო დამუშავებული ვიდეოში (ღრმად თუ ზედაპირულად)?
  2. ავტორებმა მხოლოდ ფაქტები წარმოაჩინეს თუ ამ ფაქტთა საკუთარი ინტერპრეტაციებიც?
  3. ავტორებმა რა წყაროები გამოიყენეს?
  4. როგორ იყო ტექსტური მასალა მოწოდებული?
  5. როგორი იყო ფოტომასალა (ავთენტური თუ ინტერნეტით მოძიებული)?
  6. როგორი იყო ტექსტის შრიფტი?
  7. როგორი იყო დიზაინი?
  8. როგორ იყო გამოყენებული ხმა (მუსიკალური ეფექტები)?
  9. როგორ იყო ფერები ერთმანეთთან შეხამებული?
  10. როგორი კომპოზიცია ჰქონდა ვიდეოს?
  11. იყო თუ არა თემა „ამობრუნებული პირამიდის ეფექტით“ მოწოდებული? (ჯერ თემასთან დაკავშირებული მთავარი ინფორმაცია: ვინ? რა? სად? რატომ? როგორ? შემდეგ თემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები, შემდეგ ნაკლებმნიშვნელოვანი, მეორე რიგის ინფორმაცია, რომელიც თემას ავსებდა და ამდიდრებდა);
  12. რა ემოციური ზემოქმედება მოახდინა მოწოდებულმა მასალამ?
  13. რა იყო ახალი და საინტერესო მოცემულ ვიდეოში?
  14. მომცა თუ არა ვიდეომ სტიმული თემის უფრო ღრმად გასაცნობად?
  15. თემის დამუშავება მომეწონა თუ არა?
  16. დაბადა თუ არა ვიდეომასალამ ახალი იდეები?
  17. სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას ვიდეო ავსებდა, იმეორებდა თუ განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენდა?

ეს კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს დასაბუთებულ კრიტიკული ანალიზში.

პედაგოგმა მოსწავლეებს შეიძლება დაავალოს ამავე თემაზე ვიდეოს  დამოუკიდებლად (ჯგუფურად, ინდივიდუალურად) შექმნა. მუშაობისას მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ ის კრიტიკული შენიშვნები, რომლებიც გამოითქვა და თავიანთ ვიდეოში იგივე  შეცდომები არ დაუშვან. კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე შექმნიან ვიდეოებს.

შემფასებელთა ჯგუფს (რომელშიც შევლენ ის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას არ მიიღებენ დავალებაში)  ექსპერტის ფუნქცია ექნება. მასწავლებლის დახმარებით ისინი მოიფიქრებენ შეფასების კრიტერიუმებს, რათა მაქსიმალურად გამორიცხონ სუბიექტური ნიუანსები და ობიექტურად განსაზღვრონ შესრულებულ დავალებათა ღირსება-ნაკლოვანება. ამის შემდეგ შეიძლება ექსპერტებმა იმ ვიდეოს, რომელიც მაღალ ქულას მიიღებს, სასკოლო (ან საკლასო) ვებგვერდზე, ბლოგსა თუ ფეისბუქგვერდზე ატვირთვის რეკომენდაცია მისცენ.

საინტერესო იქნება იმ კომენტარების ანალიზიც, რომლებსაც ვიდეოს მნახველები დაწერენ (შეიძლება, ამ თვალსაზრისით,  სხვა კლასების ან სხვა  სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც).

აქტივობა 2. მასწავლებელმა  წინასწარ შეარჩიოს ორი ან სამი მოკლე ვიდეო იმ თემაზე, რომელსაც შეასწავლის (შეიძლება თემის დასრულების ეტაპზეც). ვიდეოებში თემა განსხვავებული თვალთახედვით უნდა იყოს წარმოჩენილი (ე.ი. განსხვავებული თვალსაზრისები უნდა იყოს გამოთქმული).

მოსწავლეებმა ვიდეოები ერთმანეთს უნდა შეადარონ  და დასაბუთებულად იმსჯელონ:

  1. რომელ ვიდეოში გამოთქმულ თვალსაზრისებს ეთანხმებიან?
  2. რომელ ვიდეოში მიაღწიეს ავტორებმა დამაჯერებლობას?
  3. ავტორებმა რა სტრატეგიები გამოიყენეს იმისთვის, რომ თავიანთი თვალსაზრისები გამოეხატათ?
  4. რომელმა აუდიო-ვიზუალურმა ეფექტებმა მოახდინა გავლენა, რომ მოწოდებული ინფორმაცია უკეთესად გაეაზრებინათ?

რა თქმა უნდა, შეიძლება კითხვების გამრავალფეროვნება და მოდიფიცირება კონკრეტული საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით. კარგი იქნება, თუ ვიდეოების განსახილველ კითხვათა თუ შეფასებათა კრიტერიუმების შედგენაზე მოსწავლეები დამოუკიდებლად იმუშავებენ,  შემდეგ ერთმანეთთან  შეაჯერებენ და მასწავლებელს წარუდგენენ (მათ ამგვარი სქემის შედგენის გამოცდილება უკვე ექნებათ).

მოსწავლეები იმსჯელებენ ვიდეოს შესახებ – თუ რას შეცვლიდნენ, დაამატებდნენ, გამოაკლებდნენ. შეიძლება მასწავლებელმა მისცეს დავალება, რომ მოცემული ვიდეოებისგან ახალი შექმნან, გამოიყენონ ის, რაც მოეწონათ და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს. დავალებად შეიძლება მიეცეთ, აგრეთვე, ახალი ვიდეოს შექმნა მოცემულ თემაზე.

აქტივობა  3. მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემდეგ გაკვეთილებზე შესასწავლი თემა და  დაავალოს შეთავაზებულ თემაზე სხვადასხვა ტიპის მედიაგზავნილის შექმნა; ინფორმაცია მოიძიონ, დაახარისხონ  და  გადაიღონ ვიდეო ან PowerPoint-ში გააკეთონ პრეზენტაცია (ინდივიდუალურად ან ჯგუფურად).  ამგვარად, მასწავლებელმა თემის ახსნა, წარმოდგენა მოსწავლეებს უნდა დაავალოს. აქაც წინასწარ უნდა შექმნას ექსპერტთა ჯგუფი (სურვილის მიხედვით), რომელიც წარმოდგენილ მასალას, მაგალითად,  შემდეგი პოზიციიდან შეაფასებს:

  1. ავტორებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს თუ არა ახალი თემა?
  2. რა იყო ახალი მოსწავლეთა შექმნილ მედიაგზავნილში?
  3. დაკავშირებული იყო თუ არა აქამდე შესწავლილ მასალასთან?
  4. თუ იყო წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალის მიწოდების გზები?
  5. ჩანდა თუ არა ავტორთა სუბიექტური დამოკიდებულება საკითხის მიმართ (თუ ობიექტური, ნეიტრალური პოზიციიდან იყო წარმოდგენილი)?
  6. კრიტიკულად იყო თუ არა გადამუშავებული მოძიებული მასალა, თუ, უბრალოდ, კოპირებული იყო ამა თუ იმ საიტიდან?
  7. დაცული იყო თუ არა საავტორო უფლებები? ე.ი. მითითებული იყო თუ არა იმ ვებგვერდთა მისამართები, საიდანაც ისარგებლეს ტექსტური, აუდიო თუ ვიდეომასალით?
  8. როგორ იყო წარმოდგენილი მასალის სტრუქტურა და კომპოზიცია?
  9. შეთავაზებული იყო თუ არა დამატებითი ინფორმაციის მისამართები?

ეს აქტივობები მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობას გაუმძაფრებს, დამოუკიდებლად შრომას მიაჩვევს, თავდაჯერებულობას შესძენს;  რაც მნიშვნელოვანია, განუვითარებს შემდეგ უნარებს (რომლებიც არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრებაშიც გამოადგებათ):

  1. მასალის მოძიება და კლასიფიკაცია;
  2. სათანადო დოკუმენტების შერჩევა;
  3. პირველხარისხოვან მონაცემთა გამორჩევა;
  4. დამატებითი ფაქტების თავმოყრა;
  5. აუდიო-ვიზუალური და ფოტომასალის მოძიება;
  6. ავთენტური აუდიო-ვიდეო და ფოტომასალის შექმნა;
  7. მნახველზე ზემოქმედების სტრატეგიების შემუშავება.
  8. ანალიზის, სინთეზის უნარების განვითარება;
  9. ესთეტიკური გემოვნების განვითარება და სხვ.

ამგვარად, მედიასამყაროში მოგზაურობა უბრალო და უაზრო ხეტიალს რომ არ დაემსგავსოს, მოსწავლე მიეჩვევა  მიზანმიმართული „მარშრუტების“ შედგენას, გზამკვლევთა შექმნას, რათა საინფორმაციო გზავნილი იყოს კარგი საშუალება, ინსტრუმენტი დასახული სასწავლო მიზნების მისაღწევად, თავისუფალი არჩევანის გასაკეთებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი