ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უბრალოდ E…

სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდზე ხშირად ისმის  წუწუნი, ბევრი მივირთვით და გაწმენდა, ანუ დეტოქსი გვჭირდებაო. ერთი ალქიმიკოსის არ იყოს, ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ. ჰოდა, ღირს დავფიქრდეთ იმაზე, რას ვგზავნით ჩვენსავე ორგანიზმში.

 

დღეს სულ უფრო ხშირად ნახავთ წარწერას – „ორგანული საკვები“. რა იგულისხმება „ორგანულ საკვებში“? რას ნიშნავს, მაგ. „ორგანული“ და „ჩვეულებრივი“ კიტრი ან პომიდორი? სინამდვილეში, ხომ ყველა საკვები ორგანულია. ანუ შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, რომლებიც მომკალით და ორგანული მოლეკულებია. ასე რომ, ძვირადღირებული „ორგანული“ და იაფი „ჩვეულებრივი“ ხილი და ბოსტნეული, სინამდვილეში ორგანული ნივთიერებებისგანაა შემდგარი.

 

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სინამდვილეში, ტერმინი „ორგანული“ პროდუქტის სისუფთავეს აღნიშნავს. იმას, რომ, ე.წ. ორგანული საკვები სინთეზური ქიმიკატების გარეშეა მოწეულ-მოყვანილი. მათში წესით, არც პესტიციდ-ჰერბიციდების, არც ანტიბიოტიკების და არც ემულგატორების კვალი არ უნდა შეინიშნებოდეს.

 

არსებობს კიდევ სხვა საკვები, სადაც, ე.წ. დანამატები გვხვდება. ასეთ დანამატებს ჯერ კიდევ ალქიმიკოსები იყენებდნენ საკვების შესანახად. მაგალითად, მარილსა და წიწაკაში ხორცს ინახავდნენ. დღეს ასეთი დანამატები უთვალავია, ყველას თავისი ფუნქცია აქვს და მათ 1960 წლიდან E აბრივიატურით აღნიშნავენ, რაც ემულგატორს ნიშნავს. სხვადასხვა E-ს უკან სხვადასხვა ნივთიერება იმალება. ეს მოსახერხებელია, რადგან, ჯერ ერთი ამოკლებს სახელებს და მეორეც „საშიშ“ ქიმიურ დასახელებას „მალავს“. მაგ. თუ ამოიკითხოთ, რომ პროდუქტი შეიცავს ფერმენტულად დაშლილ კარბოქსილ მეთილცელულოზას, შეიძლება ჩაფიქრდეთ, არა? რა არის ამხელა დასახელებაო, მერე რატომ დაშალესო, ან კიდევ ისე დაეშალათ, რაღა ფერმენტულად დაშალესო და ა.შ. არადა, მის ნაცვლად თუ იქნება E469, მაშინ საქმეც მოგვარებულია. არავინ იცის, ეს რა არის და ალბათ ყურადღებასაც არ მიაქცევენ. გარდა ამისა, ეტიკეტზეც ადგილს ზოგავს, სად უზარმაზარი დასახელების დაწერა და სად უბრალოდ E.

 

საკვები დანამატები ფუნქციების მიხედვით იყოფა ჯგუფებად. მაგ. საღებავები, ანუ დანამატები, რომლებიც პროდუქტებს ფერს აძლევენ E100-დან იწყება. დიახ, E100-დან 200-მდე საღებავს აერთიანებს. აი, მაგალითად, პიტნის ნაყინი, რაც უფრო მწვანეა, უფრო გულმისასვლელია, არა? ან კიდევ, ძეხვი, რაც უფრო ვარდისფერი იქნება, უფრო მოგვანდომებს თავს. ზოგი საღებავი ბუნებრივი წარმოშობისაა, მაგ. E140 და E141 ქლოროფილი გახლავთ. ქლოროფილი მცენარეული პიგმენტია და თუ ძალიანაც არ გვჭირდება, არც არაფერს გვავნებს. სხვათა შორის, სწორედ ქლოროფილით ღებავენ მწვანე შეფერილობის მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს.

 

E100 კურკუმინია – დაბალმოლეკულური ორგანული ნივთიერება, ძლიერი ანტიმჟანგავია და სიმსივნური უჯრედების მტრად ითვლება, შესაბამისად, აფთიაქებშიც შეგიძლიათ მისი შეძენა და გამოყენება. ჩემი ვიდეოს ნახვაც შეიძლება ამ საოცარ პროდუქტზე

 

კურკუმა პროდუქტებს ყვითლად ღებავს.

 

E132 ინდიგოკარმინია და საკონდიტრო კრემებში ლურჯ, წითელ, ყვითელ და მწვანე საღებავად იყენებენ. ინდიგოკარმინი ერთგვარი ინდიკატორია და კარბონილის ჯგუფის ამოცნობა შეუძლია. კარბონილის ჯგუფი კი მარტივ შაქარ გლუკოზაშია, რადგან გლუკოზა ალდოჰექსოზაა. როგორც კი დაშაქრულ კრემს შეერევა, pHის მიხედვით წითლად, ლურჯად, ყვითლად ან მწვანედ შეღებავს.

 

სანამ დანამატების ჩამოთვლას გავაგრძელებ, ინდიგოკარმინის მეშვეობით ერთ ცდას გავიხსენებ, „შუქნიშანი“ ჰქვია და ქიმიკოსებმა კარგად იციან.

 

უნდა ავწონოთ 8 გრამი ქარხნული გლუკოზა და გავხსნათ წყალში. დავამატოთ ნატრიუმის ტუტის რამდენიმე მარცვალი, რადგან ხსნარში ტუტე გარემო გვჭირდება. ცალკე ვამზადებთ ინდიგოკარმინის ხსნარს და ვამატებთ გლუკოზას. ლურჯი ინდიგოკარმინი ჟანგბადით იჟანგება, გლუკოზა ტუტე ხსნარში მწვანე შეფერილობას იღებს. რამდენიმე წუთის შემდეგ გლუკოზა აღადგენს ინდიგოკარმინს და ხსნარი წითელ ფერს იღებს. აღდგენის პროცესი გრძელდება და ხსნარი ყვითლდება. თუ ხსნარს შევანჯღრევთ, ჟანგბადი კვლავ დაჟანგავს ინდიგოკარმინს და ხსნარი კვლავ წითლდება, შემდეგ კი მწვანდება.

 

ფერის მიმცემ დანამატებში, ე.წ. ძვირფასი ნივთიერებებიც გვხვდება. მაგ. E 175 ოქრო და E 174 ვერცხლი. დიახ, სწორად მიხვდით, ამ ძვირფასი ლითონების კოლოიდური დანამატებია და ოქროსფრად და ვერცხლისფრად ღებავენ, მაგ. ძვირფასი წვეულებებისთვის გამომცხვარ ტორტებს, ან მაგ. კაპუჩინოს ქაფის შესაფერადებლად იყენებენ. საშიში არ არის, რადგან ორგანიზმში არ შეიწოვება და უპრობლემოდ გარეთ გამოდის. სახიფათო, მხოლოდ შემკვეთის ჯიბისთვისაა, რადგან ასეთი კაპუჩინო ჩვეულებრივი კაპუჩინოს ფასად ვერ გაიყიდება.

 

ნებისმიერ კონსერვს, მურაბას, ხილფაფას, საწებელას, ძეხვეულს, იოგურტს და ა.შ. თავისი ვადა აქვს. ამ ვადის გასახანგრძლივებლად კონსერვანტებს იყენებენ. E 200-დან 300-მდე სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს.

 

ანტიოქსიდანტები, რომლებიც ჟანგვის პროცესებს აფერხებენ E 300-დან 400-მდეა. ეს ნივთიერებები განსაკუთრებით ცხიმის შემცველ პროდუქტებში გვხვდება. გვხვდება კოკა-კოლაშიც E338-ის სახით, რომელიც ორთოფოსფორმჟავაა და კუჭის ლორწოვანი გარსისთვის საზიანოა. თუმცა, კუჭში ჩვენ ისედაც მჟავა გარემო გვაქვს მარილმჟავას გამო, ასე არ არის? და თუ მცირე რაოდენობით ორთოფოსფორმჟავაც მოხვდება, დიდს ვერაფერს დააშავებს. აქ საუბარია გადაჭარბებულ მოხმარებაზე. თორემ, წელიწადში ორჯერ დალევა არაფერს გვავნებს.

 

იმ პროდუქტებში, სადაც pH გარემო არ უნდა შეიცალოს, ამატებენ E 500-დან 600-მდე. კონსისტენციის შესანარჩუნებლად კი E 400-დან 500-მდე დანამატებია.

 

ახლა, ერთი ორი სიტყვა, ე.წ. აკრძალულ დანამატებზეც ვთქვათ. აი, ადრე, რომ დაშვებული იყო და ახლა აიკრძალა. სწორედ ასევე, მომავალში შესაძლოა აიკრძალოს ახლანდელ დროში დაშვებული დანამატებიც, მაგ. E128 2G, იგივე ამიდონაფთოლწითელი, იგივე აზოჰერანინი, წითელი საღებავია, რომელიც მეტისმეტი ტოქსიკურობის გამო, 2012 წელს აკრძალეს. E217, ანუ პარაოქსი ბენზოის მჟავას ნატრიუმის მარილი. თუმცა, E218 და E219 დაშვებულია (ესენიც იმავე მჟავას მარილებია). E240 ფორმალინი, ასევე აკრძალული გახლავთ.

 

აკრძალულია ასევე E309 სპერმაცეტი. ეს უკანასკნელი ცვილებს მიეკუთვნება.

 

ცერიდები, ანუ ცვილები უმაღლესი ცხიმოვანმჟავებისა და უმაღლესი ერთატომიანი სპირტების რთული ეთერებია. ბუნებრივი ცვილები, გარდა ამ რთული ეთერებისა, შეიცავს უმაღლეს სპირტებს, თავისუფალ კარბონმჟავებს და უმთავრესად, ნახშირბადის ატომების კენტი რიცხვის შემცველ ნახშირწყალბადებს.

 

ცერიდ სპერმაცევტს შეიცავს ვეშაპის, კაშალოტისა და დელფინის თავის ქალა. იგი ცეტილის სპირტის და პალმიტინმჟავას რთული ეთერია.

 

შესწავლილია ასევე, ფუტკრის ცვილი, რომელიც ძირითადად ცერიდებისგან შედგება. მის აგებულებაში მონაწილეობს მირიცილის სპირტი და პალმიტინმჟავა.

 

ჰოდა, მოკლედ სპერმაცევტის აკრძალვაც სწორედ დელფინების, ვეშაპებისა და კაშალოტების დაცვას ემსახურება. თორემ, თავად საფრთხის შემცველი არ არის.

 

ზოგიერთი პროტოკოლით იკრძალება E251, თუმცა ბევრ პროდუქტში მაინც შეხვდებით. ნატრიუმის ნიტრატია და ნომენკლატურის მიხედვით კონსერვანტი გახლავთ, რომელიც ფერს აფიქსირებს. უფერო ან თეთრი ფერის ფხვნილია. წყალში კარგად იხსნება, სპირტში გახსნა უჭირს. გემოთი ჩვეულებრივი ნატრიუმის ქლორიდს ჰგავს.

 

მიიტანეთ გაკვეთილზე ნებისმიერი პროდუქტი, რომლის ეტიკეტზეც E251-ს ნახავთ და მოსწავლეებთან ერთად აღმოაჩინეთ ნიტრატიონები.

 

მცდელობა #1

ჭურჭელი და რეაქტივები: საკვლევი ხსნარი, ნატრიუმის ტუტის 5%-იანი ხსნარი, თუთიის ფხვნილი, დისტილირებული წყალი, ინდიკატორის ქაღალდი, სპირტქურა.

საკვლევი ხსნარის 10მლ-ს დაუმატეთ 10-15 წვეთი ნატრიუმის ტუტის ხსნარი. დაუმატეთ 25-50მგ თუთიის ფხვნილი. მიღებული ნარევი გააცხელეთ. ნიტრატები ამიაკამდე აღდგებიან. სარეაქციო არეში შევიტანოთ დისტილირებულ წყალში დასველებული ინდიკატორის ქაღალდი. თუ ამიაკი მართლაც გამოიყოფა, ქაღალდი გაწითლდება.

 

მცდელობა #2

ჭურჭელი და რეაქტივებისაათის მინა, დიფენილამინის 1M ხსნარი,  კონცენტრირებული გოგირდმჟავა, პიპეტები, საკვლევი მასალა.

საათის მინაზე დააწვეთეთ დიფენილამინის 1M ხსნარის სამი წვეთი,  კონცენტრირებულ გოგირდმჟავას ხუთი წვეთი და საკვლევი ხსნარის რამდენიმე წვეთი. ნიტრიტ და ნიტრატიონების არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება მუქი ლურჯი შეფერილობა.

ფერის ინტენსივობის მიხედვით ნიტრატ იონების რაოდენობაზე შეგვიძლია ვისმჯელოთ.

 

მცდელობა #3

ჭურჭელი და რეაქტივებისაკვლევი ხსნარი, 10%-იანი გრისის რეაქტივი, 12%-იანი ძმარმჟავა, წყლის აბაზანა, ქიმიური ჭურჭელი.

საკვლევი ხსნარის 10მლ-ს დაუმატეთ 1მლ ხსნარი, რომელიც 10%-იანი გრისის რეაქტივისა და 12%-იანი ძმარმჟავასგან შედგება. გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 70-80 C0-მდე. ნიტრატიონების არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება ვარდისფერი შეფერილობა. გრისის რეაქტივი ორი ხსნარისგან შედგება. პირველი: 0,5გ სულფანილის მჟავა გაცხელებით გავხსნათ 50მლ 30%-იან ძმარმჟავას ხსნარში.

მეორე: 0,4გ α-ნაფტილამინი გაცხელებით გავხსნათ 100მლ გამოხდილ წყალში. ოდნავ გავაცივოთ და დავუმატოთ 6მლ 80%-იანი ძმარმჟავა.

 

დღეისთვის სულ ეს არის, შემდეგში კიდევ ვისაუბროთ 500-ს ზემოთ E-ებზე. ერთი შეხედვით უბრალოდ E-ა, რომლის უკანაც მთელი ქიმია იმალება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი