პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

არ არსებობენ უუნარო ადამიანები, არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო

ეს რამდენიმე დღეა, ქართულ საზოგადოებაში არ წყდება კამათი ევროპული ღირებულებების შესახებ. უმრავლესობა აღფრთოვანებულია საზოგადოების განვითარების დასავლური პრინციპებით, ზოგიერთი კი, რუსულენოვანი პროპაგანდისტული მედიის გავლენით, დამფრთხალი, შეშინებული ელის ჩვენს ქვეყანაში ჯოჯოხეთური წესრიგის დამკვიდრებას.
საყოველთაო მსჯელობაში მონაწილეობენ უამრავი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები: გულწრფელად დადარდიანებული, რეალური ინფორმაციის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, თვითგამოცხადებული ინტელექტუალები, უსინდისო პოპულისტები და „ბრძენი” ბიზნესმენები.

ურთიერთდაპირისპირებული ბანაკებიდან ტელევიზიებში სადისკუსიოდ გამოგზავნილი ოპონენტები ყველგან ქიმერებს დაეძებენ და პოულობენ კიდეც. საუბედუროდ, ცოტას თუ სურს ნამდვილ ევროპულ სტანდარტებზე ყურადღების გამახვილება. ჩვენი ინტერნეტგაზეთი საუკეთესო ადგილია პროგრესულ იდეებზე სასაუბროდ და თემების სხვადასხვა პერსპექტივიდან შესაფასებლად, ამიტომ მინდა, ერთ-ერთი უმთავრესი დასავლური ფასეულობის შესახებ გაგიზიაროთ მოკრძალებული მოსაზრება.
თქვენი აზრით, ვინ არის ამჟამად ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი?
ცხადია, ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ეჭვი არ მეპარება, რომ გამოკითხვის შედეგად ძალიან ვრცელ ჩამონათვალს მივიღებთ. ბევრი ანგელა მერკელს დაასახელებს, მნიშვნელოვანი ნაწილი საფრანგეთის პრეზიდენტზე – ფრანსუა ოლანდზე მიგვანიშნებს, ვიღაცები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახელის გახსენებას შეეცდებიან… თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჟურნალისტების მიერ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მაღალპროფესიონალური გაშუქების გამო თითქმის არავის მოაგონდება „ბებერი კონტინენტის” მთავარი ფინანსური მოღვაწე. ვოლფგანგ შოიბლე 2009 წლიდან ევროპის ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს, გერმანიის, ფინანსთა მინისტრია და, აქედან გამომდინარე, სერიოზული გავლენა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების გაკოტრებისგან გადარჩენა და ამ ტერიტორიებზე შექმნილი უმძიმესი ვითარების გამოსწორება მეტწილად მისი გადაწყვეტილებების დამსახურებაც არის. რა გამოარჩევს მას კოლეგებისგან, გარდა შესანიშნავი პოლიტიკური ალღოსი და ბრწყინვალე განათლებისა? არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვოლფგანგ შოიბლე 1990 წლიდან, მასზე თავდასხმის დღიდან, ეტლით სარგებლობს – საყოველთაოდ მიღებული ტერმინი რომ ვიხმაროთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. თუმცა 72 წლის მინისტრისთვის ამას ხელი არ შეუშლია, პოლიტიკურ კიბეზე დაწინაურებულიყო. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მან ფინანსური იმპერიების რეგულირებასთან ერთად „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” თავმჯდომარეობაც მოასწრო და გერმანიის საპოლიციო უწყების მეთაურის პოსტიც ეკავა.
გერმნელ პოლიტიკოსებზე საუბრისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ კურტ შუმახერი, ბუნდესრესპუბლიკის ერთ-ერთი დამაარსებელი და ჩემი პოლიტიკური იდეალი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში მარჯვენა ხელი დაკარგა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული წლების შემდეგ მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაციაც დასჭირდა, ის 1952 წლამდე რჩებოდა თავისი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსად. იგი მონაწილეობდა სოციალური დემოკრატიის განახლებაში, იდეოლოგიურ სრულყოფაში, აქტიურად იყო ჩართული გერმანიის კონსტიტუციის შემუშავებაში და სულ პატარა ნაბიჯი დააკლდა, რათა გერმანიის პირველი კანცლერი გამხდარიყო.

არ დაგვავიწყდეს მონარქისტულ კუნძულზე შევლა და მისი უახლესი ისტორიის გამორჩეულ, წარმატებულ პოლიტიკურ ფიგურასა თუ ნიჭიერ საქმოსანზე ყურადღების გამახვილება. ტონი ბლერის მთავრობაში თითქმის შეუცვლელი პერსონა გახლდათ დევიდ ბლიუნკეტი, რომელიც თავდაპირველად განათლების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. მის სახელთან არის დაკავშირებული კლასებში მოსწავლეთა თანაბარი განაწილებისა და საუნივერსიტეტო დაწესებულებების დაფინანსების ზრდის პოლიტიკა. განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შემდეგ იგი გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა და ყველაზე რთულ პერიოდში, 2001 წლის სექტემბერში, მოუწია რამდენიმე ანტიტერორისტული პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება. შრომის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ბლიუნკეტი დღემდე რჩება ბრიტანეთის თემთა პალატის წევრად. ალბათ იკითხავთ, კიდევ რით არის გამორჩეული მემარცხენე პოლიტიკოსი. 
ინგლისელი პარლამენტარი უღარიბეს ოჯახში გაიზარდა და დაბადებიდანვე უსინათლოა. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა თვითრეალიზება და უამრავი კეთილი, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება.
ბოლოს ჩვენს მეზობელ ქვეყანაზეც ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკაში ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული ტენდენციები გაძლიერდა. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა twitter-ისა და youtube-ის აკრძალვის თაობაზეც კი მიიღო გადაწყვეტილება. შარშან მას არ გასჭირვებია, ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების უმოწყალოდ დარბევის განკარგულება გაეცა. მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის ცოდვების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელიც ყველაზე მედგრად, კომპეტენტურად და უკომპრომისოდ უპირისპირდება მის რეჟიმს. ავტორიტარის მთავარი ოპონენტი პარლამენტის ქალი დეპუტატი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებული, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ყოფილი მოადგილე შაფაკ ფავეი გახლავთ. 

ცნობილი თურქი დიპლომატი და პუბლიცისტი ცხრამეტი წლის ასაკში მძიმედ დაშავდა სარკინიგზო კასტროფაში და ორივე მარცხენა კიდური დაკარგა, მაგრამ ევროპაში გამგზავრების შემდეგ მან საათივით ააწყო საკუთარი კარიერა და ახლა უკვე სამშობლოში იბრძვის დემოკრატიის მშენებლობისთვის.
თანამედროვე მსოფლიოს ამ ლიდერთა წარმოჩენით, მინდოდა, მხოლოდ ერთი რამ მეთქვა კიდევ ერთხელ თქვენთვის: ევროპული საზოგადოების მშენებლობა გარყვნილების ლეგალიზებას არ ნიშნავს; მისი ერთ-ერთი უპირველესი მისიაა ნებისმიერი ადამიანის განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის თანაბარი პირობების შექმნა და, შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ინტეგრირება ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში. ევროპა შშმ პირებს მხოლოდ პაციენტებად არ აღიქვამს – თანამედროვე დემოკრატიული სისტემა მათი როგორც სრულფასოვანი მოქალაქეების აღქმას ამკვიდრებს და მიიჩნევს, რომ შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლების სათანადო განხორციელებისას მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი სოციალური გარემოა, რომელიც მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი