პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიტყვის ძალა შეფასების დროს

სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ეს ალბათ ყველამ საკუთარ მაგალითზეც გამოვცადეთ. ამ სტატიაში მინდა, გაგიზიაროთ ჩემთვის უკვე ტრადიციად ქცეული მიდგომა, რომელსაც სასიკეთო შედეგი მოაქვს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს უკანასკნელი კი ჩვენი მთავარი დასაყრდენია ახლა, როგორც არასდროს, როცა პანდემია ისევ გვიტევს და ხელს გვიშლის სასწავლო პროცესის სკოლის კედლებში განხორციელებაში.

სასწავლო პროცესში ნიშნით შეფასების არსებობა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ჯანსაღ სხეულში უცხო ნამსხვრევი, რომელიც ნელ-ნელა თავის არასახარბიელო კვალს ტოვებს მასში. „თუ სასწავლო პროცესში ნიშნით შეფასებას შევწყვეტთ, მაშინ სწავლას აღზრდის სახე მიეცემა” – გვირჩევს ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი. როცა არსებობს „ნიშანი“, სასწავლო პროცესიც თითქოს ჩარჩოებში იკეტება და ბავშვის მთავარი მიზანი სწორედ კარგი ნიშნის მიღება ხდება. ამ დროს კი გვერდით გვრჩება აღზრდის ფასეულობანი. თუნდაც ის, რომ მოსწავლემ გაცნობიერებულად ისწავლოს საგანი; შეგნებულად და სიამოვნებით ჩაერთოს სასწავლო პროცესში; ყოველდღიურად განვითარდეს და არ იბრძოლოს მხოლოდ ნიშნის მოსაპოვებლად.

მასწავლებლები უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბოთ სწორი დამოკიდებულება ცოდნისადმი, სასწავლო პროცესისადმი; ვასწავლოთ, რა მეთოდები გამოიყენონ, რომ ცოდნის მიღების პროცესი სასიამოვნო გახდეს; დავაფიქროთ და დავეხმაროთ, პასუხი გასცენ შეკითხვებს, რომლებსაც ხშირად სვამენ: რატომ არის საჭირო ცოდნის მიღება? რაში გამოადგებათ ის? როგორ გამოიყენებენ მას? რა სარგებელი მოაქვს? რა სასიკეთო ამბების დატრიალება შეუძლიათ მიღებული ცოდნით? და ა.შ. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერზე დაიწყებენ ფიქრს, აღარ იქნება ასე მნიშვნელოვანი მაღალი ნიშანი. მათი ცნობიერება მიმართული იქნება უფრო მნიშვნელოვანი მიზნისკენ.

ამას მე, როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებელი ჩემებურად ვცდილობ. მუდამ იმის ფიქრსა და მცდელობაში ვარ, რომ ყველა ჩემი გაკვეთილი პრაქტიკული, ყოველდღიურ ცხოვრებასთან შერწყმული ფაქტებით იყოს დატვირთული ყველა საგანში, რომ მოსწავლემ ადვილად მოახდინოს ცოდნის ყოველდღიურობაში გამოყენება (ტრანსფერი). გარდა ამისა, ვცდილობ, ჩემი გაცემული უკუკავშირი ამ პატარა ადამიანისთვის გასაგებ ენაზე იყოს დაწერილი და დაეხმაროს მას იმის გააზრებაში, რომ მნიშვნელოვანია ცოდნის მიღება და არა მაღალ ნიშანზე ფიქრი. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, მნიშვნელოვანია ოჯახის სწორი მიმართულებით ჩართულობა და დახმარება შვილის სასკოლო ცხოვრებაში. აუცილებლად მიმაჩნია, ოჯახების გამხნევება, მათი ყურადღების გამახვილება, რომ სკოლამ და ოჯახმა საჭირო თანადგომა აღმოუჩინოს მოსწავლეს. გიზიარებთ ჩემ მიერ დამზადებულ გამამხნევებელ ბარათებს, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეხმარებათ დიდებსაც და პატარებსაც, გაიგონ – რას, როგორ, რატომ, რისთვის აკეთებენ.

ვუსურვებ ყველა მასწავლებელს, აღმოაჩინოს საკუთარ თავში ძალა და ენერგია, რომ მოსწავლეებისა და მათი ოჯახების გულის გამხარებელ ადამიანად იქცეს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი