ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ესტონური სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმატების ფორმულა

სკოლებში დემოკრატიული კულტურის რეალურად დასანერგად და სამეურვეო საბჭოს მექანიზმის სრულფასოვნად ასამოქმედებლად სკოლას  ავტონომიურობა და მხარდაჭერა სჭირდება.

ესტონეთში, სადაც სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ავ­ტო­ნო­მია აქვთ, სამეურვეო საბჭო გაცილებით უფრო ქმედითუნარიანი ორგანოა და სასკოლო თემი სკოლის მართვაშიც რეალურად მონაწილეობს. საბჭოს წარმომადგენლები არიან როგორც სკოლის მფლობელი მუნიციპალიტეტი, ასევე, დირექტორი, პედაგოგები, მშობლები (ყოველი კლასიდან თითოეული მშობელი მაინც), მოსწავლეები, სკოლადამთავრებულები და ის ორგანიზაციები, რომლებიც სკოლას ეხმარებიან. ამასთანავე, სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების ნახევარზე მეტი მშობელია. სკოლა იყენებს მათ ცოდნასა და კომპეტენციას.

საბჭოს სხვადასხვა მოვალეობა აკისრია, მათ შორის: მისცეს რეკომენდაციები სკოლის მფლობელს, რათა უკეთესად წარმართოს სკოლასთან დაკავშირებული საქმეები, გასცეს უკუკავშირი ბიუჯეტსა და სკოლის სასწავლო გეგმაზე.  საბჭო მონაწილეობს სკოლის განვითარების გეგმის მომზადების პროცესშიც. ნებისმიერ მოსწავლესა და მშობელს უფლება აქვს, მიმართოს სამეურვეო საბჭოს სწავლა-­სწავლებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის განსახილველად.

მაგალითისთვის, საარემაას გიმნაზიის სამეურვეო საბჭოს წევრები თვეში ერთხელ ან ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს, წამოჭრილ პრობლემებზე ღიად საუბრობენ და ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი სკოლის დირექტორთან ერთად. კურესაარეს გიმნაზიის შემთხვევაში სკოლის სამეურვეო საბჭო წელიწადში ოთხჯერ მართავს შეხვედრას ყველა კლასში, მშობლებს წინასწარ უგზავნიან მოსაწვევს. შეხვედრას აუცილებლად ესწრება საბჭოს წევრი მშობლები, დანარჩენების დასწრება ნებაყოფლობითია. აქ განიხილავენ სასკოლო საკითხებს, სვამენ შეკითხვებს და რაიმე საკითხს კენჭისყრით გადაჭრიან. საბჭო სკოლის ვებგვერდზე ტვირთავს შეხვედრის წერილობით ჩანაწერებს. მაგალითად, ერ­თ­-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევრებ­მა გა­ნიხი­ლეს, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ სკო­ლა ორი წლის შემ­დ­გომ, რას შეცვლიდ­ნენ და რას და­ტო­ვებ­დ­ნენ. მშობ­ლე­ბი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბად იყ­ვ­ნენ და­ყო­ფილ­ი და ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობ­დ­ნენ იდე­ებ­ზე.

სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ უკუ­კავ­ში­რის თუ ნე­ბის­მი­ერი სა­ხის კომენტარის მი­სა­ღებად, სა­მე­ურ­ვეო საბჭო Google Forms-ის მეშ­ვე­ო­ბით მშო­ბელ­თა პერსო­ნა­ლურ ელ. ფოსტაზე აგ­ზავ­ნის ანო­ნი­მურ კითხ­ვა­რს. ეს ხდე­ბა ნოემ­ბ­რის თვე­ში. კითხ­ვა­რის თე­მე­ბი დრო­დად­რო იც­ვ­ლე­ბა. ის ეხე­ბა ცხრილს, კვე­ბას, სას­წავ­ლო გარემოს, ინ­ფ­რას­ტ­რუქტუ­რას, ბუ­ლინ­გის თე­მა­ტი­კას და სხვ. კითხ­ვა­რი და­ახ­ლო­ებით 10 ღია ტი­პის შე­კითხ­ვას მო­ი­ცავს. ყო­ველ გა­ზაფხულ­ზე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო მოს­წავ­ლე­ებს უგ­ზავ­ნის კითხ­ვარს, რათა გა­არ­კ­ვი­ონ, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლეი არი­ან სწავ­ლით, მასწავლებ­ლე­ბით. პე­და­გო­გე­ბი პი­რა­დად იღე­ბენ უკუ­კავშირს. კითხვარებიდან მიღებუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი კითხ­ვარში რო­მე­ლი­მე სა­კითხ­ზე ჩანს უარ­ყო­ფი­თი უკუ­კავ­ში­რი, ინფორ­მა­ცი­ის მიწოდე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ხდე­ბა დი­რექ­ტო­რის მი­სა­მარ­თით და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო სთხოვს გა­და­მოწ­მე­ბას. უკუ­კავ­ში­რის შე­დე­გე­ბი სკო­ლის გა­ზეთ­შიც იბეჭ­დე­ბა, აზიარებენ სკო­ლის ფე­ის­ბუქგვერ­დ­ზე, ვებ­სა­იტ­სა და მშო­ბელ­თა პერ­სო­ნა­ლურ ელ. ფოსტაზე.

კურესაარეს გიმნაზიის მაგალითი აჩვენებს, რომ სამეურვეო საბჭოს შეხვედრებზე ყველა მშობელს შეუძლია მონაწილეობა და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრების დაფიქსირება. მათ შეუძლიათ იპოვონ საკუთარი როლი და ინტერესის მიხედვით აირჩიონ საქმიანობა, რომელშიც ჩაერთვებიან. საბჭოს წევრები მოხალისეობრივად ადგენენ ყოველ ჯერზე ახალ კითხვარს, აგროვებენ, ამუშავებენ სკოლის მართვისთვის აუცილებელ ინფორმაციას და ამისთვის ნოემბრის თვეს ირჩევენ, რათა მომდევნო სემესტრის განმავლობაში ცვლილებების გატარება მოასწრონ. დირექტორი სრულ ნდობას უცხადებს საბჭოს, უსმენს პედაგოგებსა და მშობლებს, არ ეშინია ექსპერიმენტებისა და მუდმივად ცდილობს სკოლის სისტემის გაუმჯობესებას.

იმისთვის, რომ მშობელთა ინიციატივების გამოვლენას შეუწყონ ხელი და მოხალისეობის პრაქტიკა შექმნან, სკოლის მასწავლებლები (ზოგჯერ დირექტორიც) ურეკავენ, ესაუბრებიან მოსწავლეთა მშობლებს; საუბრისას გამოხატავენ პატივისცემას და ცდილობენ, წაახალისონ სკოლის აქტივობებში ჩართულობისკენ. ცხადია, არ ხდება ძალდატანება. მშობელთა მხრიდან ინიციატივების გამოჩენას და მოხალისეობას ხელს უწყობს ნდობის ფაქტორი: გამორჩეული სკოლების დირექტორები ცდილობენ მყარი, ნდობით სავსე ურთიერთობა ჰქონდეთ მოსწავლეთა მშობლებთან. ისინი ახერხებენ დელეგირებასა და მშობელთათვის გადაწყვეტილების მიღების ბერკეტის მიცემას. ეს დირექტორები და პედაგოგები მზად არიან, მიიღონ წინადადებები მშობლებისგან, პირდაპირ აცხადებენ ღიაობას და დაინტერესებას სხვების მოსაზრებებისადმი, ითვალისწინებენ მშობელთა აზრებს და ეს ყველაფერი გამოიხატება ქმედებებში.

ესტონეთში მოქმედებს საერთაშორისო პროექტებიც, რომლებიც მიმართულია სკოლის სამეურვეო საბჭოების გაძლიერებაზე. რაც შეეხება კანონმდებლობას, მშობლების ფორმალურ უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს, მას არეგულირებს „კანონი საბაზო და საშუალო სკოლების შესახებ“. ამ კანონის მიხედვით:

1) მშობელმა სახლსა და სკოლაში უნდა შექმნას სწავლის პროცესში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები;

2) მიაწოდოს სკოლას თავისი საკონტაქტო დეტალები და შეატყობინოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

3) წაიკითხოს სასკოლო ცხოვრების მარეგულირებელი დოკუმენტაცია;

4) ითანამშრომლოს სკოლასთან მოცემული კანონისა და ზოგადი კანონმდებლობის მიხედვით;

5) გაატაროს სკოლის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/საცხოვრებელი ქალაქის თვითმმართველობის მიერ შემოთავაზებული ზომები;

6) მიმართოს საკონსულტაციო საბჭოს სკოლის შემოთავაზების საფუძველზე;

7) საჭიროების მიხედვით, მოითხოვოს სკოლისგან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის/საცხოვრებელი ქალაქის თვითმმართველობისგან შესაბამისი ზომების გატარება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეს დაესწროს სკოლის გაკვეთილებს.

როგორც ხედავთ, ესტონეთში რეალურ სასკოლო დემოკრატიას სკოლების ავტონომიურობითა და მხარდაჭერის სისტემებით ინარჩუნებენ. ასევე, გამართული და მკაფიო კანონმდებლობით და სკოლის დირექტორის პროფესიული კომპეტენციით, რომელიც თავის თავში გაზიარებული ლიდერობის (Shared Leadership) უნარებს მოიცავს. ეს სტრატეგია განსხვავდება სკოლის ტრადიციული მართვის პრინციპისგან, სადაც დირექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და უკუკავშირს, რჩევას ან სკოლის საზოგადოების წევრებისგან რაიმე სახის ჩართულობას არ მოელის. გაზიარებული ლიდერობა გულისხმობს კომუნიკაციას, ურთიერთშეთანხმებებს სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის და პასუხისმგებლობის განაწილებას მათი ფუნქციებისა და ცოდნის მიხედვით (NEPC, 2018).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mshobeltaskola.ge/wp-content/uploads/2021/03/%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი