ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პანდემიის გაკვეთილი

ოჯახში ყოფნა ბავშვებს აბედნიერებს!

პანდემიის ჩაკეტვებმა ბავშვებსა და მშობლებს დროის ერთად გატარების საშუალება მისცა, რაც ორთავეს მოეწონა.

ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ფსიქოლოგი, პიტერ გრეი (Peter Grey, Ph.D.): 2020 წელს, პანდემიური ჩაკეტვის („ლოქდაუნის“) პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია „Let Grow“-მ აშშ-ის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის სამიზნე აუდიტორია 8-დან 13 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები იყო. გამოკვლევამ ზოგადად აჩვენა, რომ „ლოქდაუნის“ დღეებში, საყოველთაო „ჩაკეტილობისას“ ბავშვებს ბევრად უფრო ნაკლები ფსიქოლოგიური თუ ემოციური პრობლემები ჰქონდათ, ვიდრე „ჩაკეტვამდე“ – მათ მეტი საინტერესო საქმიანობა აღმოაჩინეს, უფრო ხანგრძლივად ეძინათ, უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ მეგობრებთან და მეტი შექება და სითბო მიიღეს მშობლებისგან. ბავშვებისა და მშობლების შეფასებებით, ისინი უფრო მეტად „ბედნიერები და ხალისიანები“ იყვნენ. ზოგადად ნათლად გამოჩნდა, რომ ბავშვების მშობლებთან ერთად დიდხანს ყოფნა, გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ორივე მხარისათვის, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ერთ-ერთი ღია ტიპის შეკითხვა, რომელსაც დაახლოებით რვაასმა ბავშვმა უპასუხა, ასე ჟღერდა: „რა მოგეწონათ „ჩაკეტილობის“ დროს?“.

მიღებული პასუხები შინაარსის მიხედვით სხვადასხვა კატეგორიად დავალაგეთ. ანალიზის ჩატარებამდე ველოდებოდით, რომ ყველაზე დომინანტური შესაძლოა ყოფილიყო შემდეგი ტიპის პასუხები: „მომეწონა ის, რომ შემეძლო ეს დრო საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად დამეხარჯა“ (რადგან მეტი თავისუფალი დრო მქონდა), ან „შემეძლო მეტი დრო დამეთმო ძილისათვის“ (რადგან სკოლაში ადრე წასვლის საჭიროება არ არსებობდა). მაგრამ კითხვარების ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზემოთ ხსენებული პასუხები მხოლოდ მეორე და მესამე ადგილებზე „გავიდნენ“: პასუხების 30% დაჯგუფდა ჯგუფში „საკუთარი ინტერესების გასატარებლად“ და 16% – „მეტი ძილის“ კლასტერში, ხოლო ყველაზე ხშირი პასუხი (პასუხების 47%) დაჯგუფდა შემდეგი პასუხის გარშემო: „მეტი დროის გატარება ოჯახთან ერთად“ (ხშირი იყო შემდეგი ტიპის პასუხები: „მეტი დრო დედასთან ან მამასთან“, „მეტი დრო ორივე მშობელთან“, ან „სასიამოვნო დროსტარება მშობლებთან ერთად“).

გარდა ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევისა, გავეცანით სხვა კვლევას, რომელიც ჟან ტვენგემ და კოლეგებმა 2020 წლის გაზაფხულზე (ასევე „ლოქდაუნის“ დროს) ჩაატარეს. მათ ათას ხუთასი მოზარდი გამოჰკითხეს. ტვენგემ და კოლეგებმა, კვლევის შედეგად (ჩვენ მსგავსად) დაადგინეს, რომ მოზარდების უმეტესობა, „ლოქდაუნის“ დროს ფსიქოლოგიურად თავს უკეთ გრძნობდა, ვიდრე პანდემიამდე. ყველაზე საყურადღებო იყო ის, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ მონიშნა „ნაკლებად დეპრესიული მდგომარეობა“, გამოკვლევის მიერ შემოთავაზებული „დეპრესიულობის“ კრიტერიუმის მიხედვით.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მოზარდებს მეტი ეძინათ, მეტად თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს, აღნიშნეს, რომ ოჯახებთან მეტი სიახლოვე იგრძნეს – უფრო ხშირად სადილობდნენ ერთად, ვიდრე პანდემიამდე. მოზარდებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მათ გაუნელდათ მარტოობის შეგრძნება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ოჯახთან უფრო ხშირმა ურთიერთობამ, მათში სიმარტოვის შეგრძნება საგრძნობლად გაამკრთალა.

შეიძლება ვთქვათ, რომ პანდემიამ რამდენიმე გაკვეთილი გვასწავლა, რომლებსაც იმედია, მომავალში გავითვალისწინებთ: პანდემიამდე, ერთი მხრივ, ბავშვები და მოზარდები იმდენად დატვირთული იყვნენ სკოლით, სასკოლო დავალებებითა და აქტივობებით და, მეორე მხრივ, მშობლები – სამსახურის საქმეებითა და ბავშვების ერთი აქტივობიდან მეორეზე ტარებით, რომ ბავშვებსა და მშობლებს თითქმის არ ჰქონიათ საშუალება ერთმანეთის გასაცნობად.

პანდემიამდე ყველა იმდენად გართული იყო რაღაცის გაკეთებით, მოსწრებითა და მოგვარებით, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან შეზღუდული დრო გვქონდა იმისთვის, რომ უბრალოდ ვყოფილიყავით, გაგვეცნო ერთმანეთი და რეალურად გაგვერკვია – ვინ ვინ არის, და არა მხოლოდ გაგვეგო –  ვინ რას აკეთებს. ჩაკეტილობამ მშობლებს საშუალება მისცა, დაენახათ, ვინ არიან მათი ბავშვები და ახალი თვალით შეეხედათ მათთვის; გაეგოთ, ვის რა მოსწონს. ბავშვებს მიეცათ შანსი, დაენახათ, რომ მშობლები მართლაც ზრუნავენ მათზე, როგორც ადამიანები და არა მხოლოდ სკოლიდან „მოტანილი“ ნიშნების „შემფასებლები“.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, გამოვიყენებთ  და დავისწავლით ამ გაკვეთილს და პანდემიის შემდეგ რაღაცას შევცვლით. მოდით, ყველამ ერთად შემდეგიც ვცადოთ: შევუმციროთ ბავშვებს სასკოლო დავალებების მოცულობა, შევამციროთ სკოლის შემდგომი ფორმალური აქტივობები ბავშვებისთვის, ნაკლები ყურადღება მივაქციოთ სკოლიდან მოტანილ შეფასებებს, არ ვიდარდოთ ბავშვების არასასკოლო ინტერესებზე, მეტი დრო გავატაროთ ერთად და უბრალოდ ვისიამოვნოთ ერთმანეთთან ყოფნით. ამ ყველაფრის განსახორციელებლად, კარგი იქნება, გვქონდეს მეტი სადილი ერთად და რეგულარულად; კეთილი, სახალისო და სიცოცხლით სავსე შეკრებები, რომელთა მიზანიც ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთის უკეთ გაცნობა იქნება. ასევე, შესაძლოა ოჯახური თამაშებიც, რომელთა მიზანი მოგება და გამარჯვება კი არა, არამედ მეტი გართობა იქნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი ბავშვის პასუხი ღია ტიპის შეკითხვებზე საკმაოდ მწარე და სევდიანი იყო. ქვემოთ გთავაზობთ ცხრა წლის ბავშვის პასუხს, რომელმაც ცრემლი მომგვარა:  „ჩემს ცხოვრებაში პირველად სახლში ყველა ერთად ვართ და მე ბედნიერი ვარ. სკოლაში ხშირად მაშინებდნენ, აქ კი ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს და ყველა ბედნიერია. დედაჩემი ახლა მეტად იღიმება, ჩვენ აღარ ვუყვირით ერთმანეთს. დედა დამეხმარა ხოჭოების პროექტის მომზადებაში და ყველა გახარებულია ჩემი ხოჭოების „გაცნობით“. აღმოვაჩინე, რომ დედაჩემს ბევრად მეტი სცოდნია ხოჭოებზე, ვიდრე მეგონა. დავინახე, რომ დედა ბევრად უფრო გონიერი ყოფილა და მიხარია, რომ ახლა ყველა ერთად ვხალისობთ. ახლა მივხვდი, რომ ჩემი ყველა იმედგაცრუება და გაწბილება სკოლიდან სახლში „მომქონდა“ და შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებზე „გადამქონდა“. როდესაც დედას მოვუყევი, რაც სკოლაში გადამხდენია, მას გაუკვირდა – რატომ აქამდე არ ვუთხარი ეს ყველაფერი. მე მოვუბოდიშე და მან ცოტა წაუტირა კიდეც. მითხრა, როგორ ვუყვარვარ და ამაზე მეც ავტირდი. შემდეგ ჩემმა უმცროსმა დამ დაინახა, რომ ვტიროდით და მანაც იტირა, რის შემდეგ ყველას სიცილი აგვიტყდა. მინდა, იცოდეთ, რამდენად უკეთ ვგრძნობ თავს ახლა!“.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/us/blog/freedom-learn/202102/pandemic-lesson-family-togetherness-makes-children-happy

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი