სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ის, რაც ნაგავში ყარს…

ამბობენ, რომ დიდი ხნის წინათ ედემის ბაღში ადამს ხელი წაუცდა აკრძალული ხილისკენ, დააგემოვნა, ნარჩენი კი სადღაც იქვე მოისროლა.

ასე გაჩნდა ამქვეყნად პირველი ცოდვა და პირველი ნაგავი… 

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ძალიან ბევრი; გამოვიგონეთ დამწერლობა, საზღვრები და სოციალური ფორმაციები, მორალი, ეთიკა, ეკოლოგია და ათასი სხვა რეგულაცია, გიგა- და ნანოტექნოლოგიები, მაგრამ ცოდვასა და ნაგავს ვერაფერი ვუშველეთ…

პირველი ჩვენს სულს ამძიმებს, მეორე – დედამიწას… ცოდვა უხილავია, შეიძლება, თვალს მოაფარო და სადმე, გულის კუნჭულში გადამალო, ნაგავს კი ვერ დამალავ, უბეში ვერ ჩაიკუჭავ – სუნი გაგყიდის… ამიტომ მას ყოველთვის შორიდან ვუვლით, ამრეზით ვუყურებთ, გულს გვაზიდებს… და გვავიწყდება, რომ ცოტა ხნის წინ მისი დიდი ნაწილი ერთობ კოპწიად და მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ჩვენს მაგიდებზე.

კონსტანტინე კაპანელი ბრძანებს, თანაც – სავსებით სამართლიანად: „ის, რაც დღეს ნაგავში ყარს, ხვალ თეთრ ზამბახად გაიშლებაო”. უდავოდ მოხდენილი ნათქვამია, მაგრამ როგორია მისი პრაქტიკული (ქიმიური) ასპექტი?

ქიმიურ ინდუსტრიას ნედლეულის მოსაპოვებლად უზარმაზარი ჭაპნის გაწევა უწევს. რაღას არ ვჩადით ქიმიური რეაქტორების სტომაქების ამოსავსებად – წელში ოთხად მოკეცილებმა და პირზე ოფლშეუშრობლებმა, ნედლეულის მოსაპოვებლად გოჯი-გოჯ შემოვიარეთ მთელი დედამიწა, რაც ზედაპირზე ვერ ვუპოვეთ, გული გადავუღეღეთ და მის წიაღშიც ღრმად ვაფათურეთ ხელი. არც ცა და ოკეანე დავტოვეთ მოუხილველი და თუ რამის გამოწვლილვა შეგვეძლო, არაფერზე დავიხიეთ უკან… და მთელი ამ ძებნა-მოპოვების პროცესში ათასჯერ გადავაბიჯეთ ნაგვის გროვებს სუნთქვაშეკავებულებმა…

არადა, რა არის ნაგავი, საიდან მოვიდა? ფაბრიკა-ქარხნები ნთქავენ წიაღისეულს და აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქტს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ამ პროდუქტებს ვიყენებთ ნედლეულად, ვნთქავთ და ვაწარმოებთ ნაგავს… ასეა საუკუნეების განმავლობაში, განუწყვეტლივ წრებრუნავს ციკლი: ნედლეული-პროდუქტი-ნაგავი. გადის საუკუნეები, უფრო და უფრო მცირდება ნედლეული და მრავლდება ნაგავი…

გაივლის სულ ცოტა ხანიც და ნახშირბადოვანი ნაერთების საწყობი გამოცარიელდება – ნავთობი მილევადი რესურსია. რა გვეშველება მერე? მოგვიწევს, ვიკადროთ ნაგვის პატივისცემა!

ამა თუ იმ პროდუქციის წარმოება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ნედლეულზე, ლოჯისტიკაზე, მარკეტინგზე, საწარმოო სიმძლავრეებსა და ტექნოლოგიებზე, გასაღების ბაზარზე და სხვა მისთანებზე.

ნაგვის გადამუშავების ტექნოლოგიაზეც იგივე ითქმის, მაგრამ იგი, სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, უმთავრესად ადამიანის მენტალობაზეა დამოკიდებული.

ნაგვის გადამუშავება თეორიულად ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია, მაგრამ მისი მოგებიანობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როცა ნაგავი დახარისხებულია. სხვაგვარად მისი რენტაბელობის გაზრდა დაუძლეველ სიმაღლედ იქცევა.

ამიტომ, თუ ნაგავი ასე გვძაგს, ასე ვნატრობთ მის მოშორებას თვალსაწიერიდან, დროა, ამის ცივილიზებულ მეთოდებზეც ვიფიქროთ. დროა, დავიჯეროთ, რომ საჭიროა ნაგვის დახარისხება მეტალებად, პოლიმერებად და საკვებ ნარჩენებად.

და ჩვენ მიერ გაწეული შრომა სულაც არ იქნება მიმართული მხოლოდ ქარხნის მეპატრონის გამდიდრებისაკენ (თუ ოდესმე მართლა გვეღირსა ასეთი საწარმო) – ეს იქნება ინვესტიცია ჩვენს ეკოლოგიურად უსაფრთხო მომავალში.

დასანანი იქნება, 21-ე საუკუნეში, ისევე როგორც შუა საუკუნეებში ან უფრო იქით, ნაგვის გადამუშავების ერთადერთი მეთოდი ღორების მოშენება იყოს… და ნაგავს „მწვადის” სუნი ასდიოდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი