ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როდის უფრო განვითარებული იყო ენა – რუსთაველის ეპოქაში თუ დღეს?

ქართული ენა ქართველი ერის ნიშანთა შორის ყველაზე ძველი ნიშანია. ის მრავალი საუკუნით ადრე არსებობდა, ვიდრე ერთიანი ტერიტორია, ეკონომიკა და ფსიქოლოგიური წყობა ქართველი ერის ერთიანობას განსაზღვრავდა”.

არნოლდ ჩიქობავა

მშობლიური ენა, წარმოადგენს რა ეროვნული თვითშეგნების საშუალებას . . . პრაქტიკულად უსაზღვროდ აფართოებს დროში და სივრცეში ჩემს შემოსაზღვრულ არსებობას, უსასრულობას მაზიარებს[1].

ნიკო ჭავჭავაძე

„ენა ყოფიერების სახლია“.

ჰაიდეგერი

 

როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ენის განვითარება ან მომავალი? – იმ ეპოქით, ტენდენციებით და კონტექსტით, რომელშიც ის დღეს ფუნქციონირებს; ფუნქცია – ეს არის ის, რაც სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს ენას, ერს, კულტურას, ადამიანს; შესაბამისად, ენის მრავალფუნქციურობა ავითარებს ენას და ფუნქციების დაკარგვა – აღარიბებს. თუმცა  „ენის განვითარებას“ მეცნიერები განსხვავებულად განმარტავენ. ენათმეცნიერი გუჩა კვარაცხელია წერს: „ეს ცნება ერთგვაროვნად არ არის გაგებული. ზოგიერთი მეცნიერი საერთოდ არ ცნობს ასეთ ცნებას. ისინი არ ფიქრობენ, რომ, მაგალითად, ჰომეროსის ენა ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე თანამედროვე ბერძნულია. რა უნდა მივიჩნიოთ ენის განვითარებად – მისი გრამატიკული წყობის თუ ლექსიკური ფონდის შემადგენლობის ცვლა? პირველი იმდენად ნელა იცვლება, რომ ამის შესამჩნევად საუკუნეებია საჭირო. შედარებით სწრაფად იცვლება ლექსიკური ერთეულები. თუ სიტყვათა ფონდი ივსება ახალ ცნებათა სახელებით, ახალ ცოდნათა აღმნიშვნელი სიტყვებითა და გამოთქმებით, ვამბობთ, რომ ამ ენის ლექსიკა მდიდრდება“[2].

როდის უფრო განვითარებული იყო ენა რუსთაველის ეპოქაში თუ დღეს? იქნებ ენის ენერგია იმთავითვე მოცემულია და დამოკიდებულია ჩვენზე, რამდენად ვიყენებთ, რამდენად „ვხარჯავთ“ ამ ენერგიას, რამდენად შემოქმედებითი ვართ? ამ შემთხვევაში „ხარჯვა“ ის უნიკალური შემთხვევაა, როცა დახარჯვით უფრო მეტს იღებ, ვიდრე „შენახვითა“ და „დაკონსერვებით“; ეს ნიშნავს ენის სიღრმეებში ჩასვლას და სულ უფრო მეტი ენერგიის ათვისებას ენის მეშვეობით. რუსთაველის ენა ნამდვილად არის განძთსაცავში შესვლა; სხვა შემთხვევაში, როგორი მრავალფეროვანი ლექსიკითაც არ უნდა იყოს გამოთქმული პრიმიტიული აზრები, ის ვერ შეედრება მარტივი სიტყვებით გამოხატულ ღრმა აზრებს. ასე რომ, მნიშვნელოვანია: რას, როგორ და რატომ გამოვთქვამთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართებაზეც – „ენა ცოცხალი ორგანიზმია, ის მუდმივ მოძრაობაშია, მაგრამ ენა მოძრაობაში აზროვნებას მოჰყავს. ის თავისთავად ვერ განვითარდება“ (გუჩა კვარაცხელია).

ენა ჩვენი აზრის მატერიალური ნიშანია, აღმნიშვნელია, მაგრამ აღმნიშვნელების აქტუალიზაცია ახალ აზრსაც ბადებს და უკვე არსებული აზრის გამოსათქმელადაც გამოიყენება. ამის შესახებ თამაზ გამყრელიძე წერს: „ენასა და აზროვნებას შორის სავარაუდო ონტოლოგიური მიმართებების კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა შემდეგი დასკვნის გამოტანა: ენა წარმოიშვა არა როგორც მზა აზრების გამოხატვის იარაღი, არამედ როგორც თვით აზროვნების საშუალება. ამდენად, ადამიანის გონება განვითარდა მეტყველების უნართან ერთად“[3].  მაშასადამე, კომუნიკაცია ცნობიერების ევოლუციასაც განაპირობებს.

ენა (მეტყველება)  – ზოგისთვის თავშესაფარია და ზოგისთვის – სახლი! ჰაიდეგერი მას „ყოფიერების სახლად“ მოიხსენიებს. წესით, ჩვენს სიტყვებს და შინაგან სათქმელს შორის განსხვავება არ უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება…? თუ იმთავითვე ენა გაჩნდა, როგორც აზრის გამოხატვის საშუალება, დღეს ის აზრის შენიღბვის, გადამალვის და მოტყუების საშუალებაა, ის იქცა ნამდვილ სიმულაკრად. სიტყვამ დაკარგა აზრთან და არსთან კავშირი. ენობრივი ადამიანი დაშორდა შინაგან ადამიანს და ცალ-ცალკე დაეხეტებიან ყოფიერების მინდორში. ციფრულმა სამყარომ კიდევ უფრო გაამძაფრა სიმულაციები. ნიშნები ცალკე წავიდნენ და აზრი  – სხვაგან დარჩა!

როგორია ციფრულ სამყროში ენების ფუნქციონირების კონტექსტი და მომავალი?

სამყარო, რომელშიც დღეს ენები (მათ შორის, ქართული ენა) ფუნქციონირებენ, რთული და მრავალგანზომილებიანია. ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც დაემატა სამყაროს, როგორც „დამატებითი ორგანო“ (იქნებ მთავარიც), ეს არის ციფრული ეპოქა, ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები; ენები და კულტურები სრულიად ახალი და რთული გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ: ციფრულ სამყაროში შეიძლება უფრო მეტად განვითარდნენ  ან დროზე ადრე „მოკვდნენ“.

ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები იმდენად შეცვლილ კონტექსტს გვთავაზობს, რომ სამყარო ფენტეზის ჟანრში წარმოგვიდგება.

ილონ მასკმა 2020 წლის 7 მაისის ინტერვიუში თავდაჯერებით განაცხადა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, 5-10 წლის შემდეგ ადამიანებს კომუნიკაციისთვის ენა აღარ დასჭირდებათო![4]

მისი განცხადებით, ის ტექნოლოგია, რაზეც მისი გუნდი მუშაობს, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, ადამიანების ენას გამოუსადეგარს გახდის, – ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, ჯო როგანთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. მასკის ვარაუდით, შემდეგ წელს კომპანია შეძლებს, რომ ტექნოლოგია სახელად Neuralink ადამიანის ტვინთან დააკავშიროს. ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ხოლო ელექტრონებს კი ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ. „მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე, მისი საშუალებით უსინათლოების განკურნებაც კი შესაძლებელი გახდება“, – აღნიშნა მასკმა.

თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც უბრალოდ, გარკვეული პროგრამების ერთობლიობას, რომელსაც მხოლოდ ტვინი არეგულირებს, მაშინ საკითხავია, რა/ვინ ამოქმედებს ამ ყველაფერს? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს? ვინ არის ბრძანების „გამცემი“? მაგალითად, მე ჩადგმული მაქვს ნეიროლინკი, რომლის მეშვეობით მინდა შევინარჩუნო გარკვეული განწყობა, მაგალითად, ეიფორიის? ამას „ვინ ფიქრობს“? ტვინი არის შემსრულებელი…. ის ემორჩილება ბრძანებას…  ჰოდა, ვინ დგას „ფარდის უკან“?

ენას, როგორც სისტემას, 3 ძირითადი ფუნქცია აქვს: აზრის გადაცემის (საკომუნიკაციო), ექსპრესიული (გამოხატვის) და დანაწევრების. რაც შეეხება მეტყველების ფუნქციებს, გაცილებით მეტია.

კარგი… ვთქვათ, გავყევით მასკს ამ ფენტეზში და ხელოვნურმა ინტელექტმა ენის საკომუნიკაციო ფუნქცია აღასრულა სიტყვებით გამოხატვის გარეშე! რას ვუშვრებით ენის ექსპრესიულ ფუნქციას…? ენა ხომ მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა არ არის…? ის არის განცდათა, გრძნობათა, ემოციათა გამოხატვის საშუალებაც…   იქნებ არც არის…? მასკის მიხედვით, ყველაფერი ტვინია და იქ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური იმპულსები… ჩამოტვირთე პროგრამა, რომელიც კომუნიკაციის განსხვავებულ პარამეტრებს გულისხმობს და ეგ არის!

თქვენ იტყვით, რომ კომუნიკაციის შემოთავაზებული ფორმატი  ადამიანური არ არის… და ამაში ილონ მასკი არც შეგედავებათ… ეს ნამდვილად არ არის ადამიანური… ეს არის კიბორგული. შეგიძლიათ უწოდოთ ზეადამიანურიც, განუსაზღვრელი შესაძლებლობების არსება, სხვა რასა და ასე შემდეგ.

სიტყვა – ეს არის ფიზიკური ადამიანის თვისება. დიახ, მას ამოძრავებს ცნობიერება, მაგრამ თუ ამ მოძრაობას გამოვტოვებთ (ფიზიკურ სიტყვას), მაშინ მართლა ვინ დავრჩებით ან სხეული რაღაში გვჭირდება…?

 

ენის მომავლის დიაგნოსტირების ინსტრუმენტები

 

ენების ლინგვისტური (და არა მხოლოდ) ფუნქციონირების პერსპექტივა შეგვიძლია განვსაზღვროთ ამ ენის ისტორიული კონტექსტიდანაც. მაგალითად, როგორი სისტემური ცვლილებები განხორციელდა ენის სისტემაში გასული ერთი საუკუნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი იქნება ქართული ენის მომავალი. ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ის საკომუნიკაციო გარემოც, რომელიც იცვლება ეპოქის შესაბამისად.

მეცნიერებაში შემუშავებული სქემის მიხედვით, ენათა მომავალი (მათ შორის, ქართული ენის) განისაზღვრება ამ ენის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებებით და აგრეთვე მსოფლიო ენების სისტემათა ცვლილებით.

 

სტრუქტურის ცვლილება გულისხმობს ენის ფონეტიკური, მორფოლოგიურ-სინტაქსური, სტილისტიკური თუ სემანტიკური დონეების ცვლილებას, ხოლო ფუნქციურ ცვლილებას განაპირობებს ამ ენაზე წერისა და მეტყველების განვითარება (ლიტერატურის ენა, სამეცნიერო მეტყველება, ინდივიდუალური კომუნიკაცია, მედია, ციფრული მედია და ასე შემდეგ).

თანამედროვე ეპოქაში ენათა ლინგვისტური დიაგნოსტირების სქემა უნდა განვიხილოთ ციფრული ეპოქის კონტექსტში. ეს კი ახალი მოცემულობაა.

 

[1] Чавчавадзе Н. З. Культура и ценности. Тб., 1984.

[2] გუჩა კვარაცხელია, დიალოგი – https://bit.ly/3qdzDdP

[3] თამაზ გამყრელიძე, „თეორიული ენათმეცნიერების კურსი“, 2008 წ.; გვ.482

[4] https://www.youtube.com/watch?v=RcYjXbSJBN8

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი