შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საინტერესო გაკვეთილი – ეს შესაძლებელია

(გაგრძელება)

ძვირფასო მასწავლებლებო! ახლა თქვენ გაეცნობით დაპირებულ სტატიას ამერიკელი მასწავლებლის, დეივ ბერჯესის (Dave Burgess) წიგნიდან: „სწავლება, როგორც თავგადასავალი. როგორ გავხადოთ გაკვეთილები საინტერესო და მომხიბვლელი“. საინტერესო გაკვეთილების ჩატარების შესახებ ამ ავტორის მოსაზრებას, რომელიც ზოგ შემთხვევაში უცნაური,  ექსტრავაგანტური და სასაცილოც კია, ვიმედოვნებ, ბევრი თქვენგანი უკვე გაეცნო. დეივ ბერჯესი ცნობილია იმით, რომ ის პრაქტიკულად მთელ ამერიკაში მეკობრის თეატრალური კოსტიუმით მოგზაურობს და პედაგოგებს საკუთარ თეორიას აცნობს, რომელსაც სახელიც ასეთივე შეურჩია: „ასწავლე, როგორც მეკობრემ“. მისი მეთოდიკა ორიენტირებულია ისეთ მოსწავლეებზე, რომლებსაც სწავლაში შეფერხება გამოუვლინდათ და ისეთებზეც, რომელთაც დაბალი სასწავლო მოტივაცია აქვთ. მეთოდიკა შეიცავს სასცენო ხელოვნების ელემენტებს და მხატვრულ მიდგომებს. დეივ ბერჯესი მასწავლებლების პროფესიული განვითარების სფეროშიც მოღვაწეობს, მისი შემოქმედებითი, სახალისო და ენერგიული მიდგომა საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

ამერიკელი პედაგოგი ემხრობა ძველი ჩინელი სამხედრო სტრატეგოსისა და მოაზროვნის, სინ ზის მოსაზრებას, რომელიც ასე ჟღერს: „არ გამოიყენოთ ისეთი ტაქტიკა, რომელმაც ერთხელ უკვე მოგიტანათ გამარჯვება. გამოიყენეთ უამრავი სხვა შესაძლებლობა“. ამჯერად, მასწავლებლებს მინდა, გავაცნო ავტორის მოსაზრება ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილების საინტერესოდ ჩასატარებლად.

„მუსიკა და ხელოვნება – იწყებს საკუთარი მოსაზრების განმარტებას დეივ ბერჯესი – კარგი საშუალებაა მოსწავლეების დასაინტერესებლად და გაკვეთილების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ წინაშე საკლასო ოთახებში წარმოუდგენლად ნიჭიერი ბავშვები სხედან. ზოგიერთი მათგანი მოუთმენლად ელოდება, როდის მოახერხებს საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამომჟღავნებას. ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოსწავლეებს შანსი მივცეთ, განივითარონ მხატვრული უნარები და ისწავლონ მხატვრული ნაწარმოებების შექმნა. ალბერტ აინშტაინი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი 1879 – 1955წ.) ამბობდა: „მასწავლებლის უმაღლესი ხელოვნებაა – გააღვიძოს შემეცნების სიხარული და მხატვრული თვითგამოხატვის უნარი“.

სწორედ, შემოქმედების შესახებ საუბრობს ამერიკელი პედაგოგი და ამჯერად ცდილობს ისეთ სასწავლო „კაუჭებზე“ მოგვითხროს, რომლებიც ხელოვნების გამოყენებას ეხება. როგორც პიკასო (პაბლო პიკასო ესპანელი მხატვარი 1881-1973წწ.) ამბობდა: „ნებისმიერი ბავშვი მხატვარია. პრობლემა ის არის, რომ ზრდასრულობაშიც მხატვრებად დავრჩეთ“.

„დავიწყოთ თხრობა ერთ-ერთ საგაკვეთილო „კაუჭზე“, რომელსაც „პიკასო“ დავარქვი – გვთავაზობს დ. ბერჯესი და სვამს შემდეგ შეკითხვებს:

როგორ მოვახერხო გაკვეთილზე ხელოვნების გამოყენება?

რისი დახატვა ან გაკეთება შეუძლიათ ჩემს მოსწავლეებს, რომ ეს დაეხმაროს მათ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის შემეცნებასა და დახსომებაში?

შეძლებენ თუ ვერა მოსწავლეები სასწავლო მასალა არავერბალური ხერხებით წარმოადგინონ?

შეძლებენ თუ ვერა, შექმნან ვიზუალური სახე-ხატები, საკვანძო ინფორმაციის წარმოსადგენად, რათა მომავალი ტესტირებისთვის მოემზადონ?

შეძლებენ თუ ვერა ჩემი მოსწავლეები, შექმნან გამოსახულება სიტყვებისგან, ისე, რომ მისმა ფორმამ შინაარსიც განმარტოს?

არის თუ არა შესაძლებელი მხატვრული დავალებების მომზადება, იმგვარად, რომ მოსწავლეებმა ის აირჩიონ, როგორც სხვა დავალებების ალტერნატივა?

ახალი თემის შესწავლის შემდეგ, მე ხშირად ვუძღვნი ერთ დღეს იმას, რომ ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა წარმოადგინონ მასალა არავერბალური საშუალებების დახმარებით. მაგალითისთვის, მე შემიძლია ვთხოვო მოსწავლეებს, შექმნან მოვლენის ან რამე ცნების ვიზუალური ხატი. ეს შესაძლებელია, იყოს დეტალური გამოსახულება ან სიმბოლო. იმისათვის, რომ ბავშვებმა გამოამჟღავნონ რაც შეიძლება მეტი შემოქმედებითობა, მე ყველანაირად ვაქეზებ მათ ამისკენ. „კაუჭი“ „პიკასო“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მეხსიერებაში აღიდგინონ და გადააფასონ ყველა ფაქტი. ამ ყველაფერს კი პრაქტიკული დანიშნულება აქვს: მასალის ერთობლივი ვიზუალურ-მხატვრული გადამუშავება ხელს უწყობს მის დამახსოვრებას. ბავშვები მონაწილეობენ, იმის გადაწყვეტაში, რა გამოსახონ, რასაც, სავარაუდოდ, უკეთ დაიხსომებენ, ვიდრე თავად გაკვეთილის რიტორიკულ მხარეს. ბოლოს და ბოლოს, მოდით, ნუ დავივიწყებთ იმ სარგებელს, რომელსაც მოსწავლეებს აძლევს ეს აქტივობა შემოქმედებითი უნარების განვითარების კუთხით.

ძვირფასო მკითხველო, გეტყვით, რომ მე ძალიან მომწონს ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ტალანტი და უნარები განივითარონ. მაგალითად, ერთხელ მოსწავლეებს დავავალე, საკლასო ოთახის მოსართავად გაეკეთებინათ დაფები, მეოცე საუკუნის სამოციანი წლების სულისკვეთებით. ერთხელ კი, დავავალე  სიტყვა „ნახევარ-კუნძული“ იმგვარად დაეწერათ, რომ ვიზუალურად გამოეხატათ ნახევარ-კუნძული. ჩემი აზრით, მოსწავლეებს მასწავლებლებმა შესაძლებლობა უნდა მისცენ, ჩვეულებრივი პროგრამული დავალება შეცვალონ იმგვარად, რომ მათ საკუთარი კრეატიულობისა და შემოქმედებითობის გამომჟღავნება შეძლონ. დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსწავლეები, ისინიც კი, რომელთაც სწავლა აქამდე საერთოდ არ აინტერესებდათ, სრულიად შეიცვლებიან, გამოფხიზლდებიან, გაიფურჩქნებიან, როგორც კი შემოქმედებითი თავისუფლების თვითგამოხატვის შესაძლებლობას იგრძნობენ.

მომდევნო „კაუჭს“ „მოცარტი“ დავარქვი და შემდეგი კითხვები დავსვი:

როგორ შევძლო მუსიკის გამოყენება მასალის შესასწავლად?

როგორი სიმღერა ან მუსიკალური მიმდინარეობა გამოდგება ყველაზე მეტად, რათა შესაბამისი სასწავლო ატმოსფერო და გარემო შეიქმნას?

რომელი სიმღერის ტექსტის მიბმა შემეძლება კონკრეტული გაკვეთილისთვის?

თავად თუ ვერ შევძლებ, იქნებ მოსწავლეებს ვთხოვო, შეარჩიონ გაკვეთილის თემატიკის შესაბამისი მუსიკა?

გაკვეთილის დასაწყისისთვის როგორ შევძლებ მუსიკის ეფექტურ გამოყენებას?

შესაძლებელია თუ არა მუსიკის გამოყენება მაშინ, როდესაც გაკვეთილზე აქტივობის შეცვლაა საჭირო?

როგორ გამოვიყენო მუსიკა, რომ გაკვეთილი პოზიტიურად წარიმართოს და მოსწავლეებიც კარგ ხასიათზე დადგნენ?

შევძლებ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის ისეთი პროექტის შეთავაზებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განივითარონ შემოქმედებითი უნარები?

შევძლებ თუ ვერა, რომ მოსწავლეებს უფლება მივცე, ტრადიციული რეფერატების დაწერის ნაცვლად, შექმნან კომპოზიცია რეპის სტილში, რითაც ისინი სასწავლო მასალის გაგების დემონსტრირებას შეძლებენ?

მოახერხებენ თუ არა ჩემი მოსწავლეები, ისე შეცვალონ პოპულარული სიმღერების ტექსტები, რომ ის საგაკვეთილო მასალას შეუსაბამონ?

მუსიკას შეუძლია წარმოუდგენლად შეცვალოს ადამიანების ხასიათი, სულიერი მდგომარეობა. მუსიკალური ნაწარმოების სწორად შერჩევით შესაძლებელია, შეიქმნას ზოგჯერ სერიოზული და მედიტაციური ტონი, ზოგჯერ კი – ხმაურიანი და თავისუფალი. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რისთვის გამოიყენებთ ამა თუ იმ მუსიკალურ ნაწარმოებს – ის ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ, გავლენა მოახდინოთ გაკვეთილის მსვლელობაზე. სწორედ ამიტომ ვიყენებ მუსიკის ძალას მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე ინტერესის გასაღვივებლად. მოსწავლეებს ძალიან ახარებთ და სასწავლო მოტივაციას უძლიერებთ ჩემი მხრიდან მათი უნიკალური ტალანტის ხაზგასმა.

კიდევ ერთი „კაუჭი“ – „ცეკვები და დრამა“. ტრადიციულად შეკითხვები:

შევძლებ, შესაძლებლობა მივცე მოსწავლეებს, შეასრულონ მცირე როლები, გადაიღონ ვიდეო, იმ თემაზე, რომელიც უნდა შეისწავლონ?

შეძლებენ თუ არა ბავშვები ისწავლონ და შემდეგ შეასრულონ რაიმე ცეკვა?

რომელიმე მოსწავლეს ხომ არ შეუძლია დანარჩენ თანაკლასელებს ცეკვა ასწავლოს?

შეძლებენ მოსწავლეები, შეასრულონ ისტორიული პერსონაჟების როლები ღია დისკუსიებისას ან უბრალო საუბრების დროს?

შეძლებენ თუ არა ჩემი მოსწავლეები რომელიმე ისტორიული მოვლენის ინსცენირებას?

ბოლოს: მოახერხებენ თუ არა სცენარის დაწერასა და მის ვიდეოზე გადაღებას, რათა შემდეგ კლასში ჩვენება მოვაწყოთ?

ეს კაუჭი, საშუალებას მაძლევს გაკვეთილის მსვლელობაში მოძრაობის ელემენტები ჩავრთო და ბავშვების შემოქმედებითი ენერგია გარეთ გამოვიტანო. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ მსგავს აქტივობებში სწორედ ის ბავშვები ერთვებიან წარმატებულად, რომლებსაც სწავლაში სირთულეები აქვთ. მასწავლებლის მიერ მრავალფეროვანი, განსხვავებული აქტივობების გამოყენება ნებისმიერ მოსწავლეს საკუთარი ცოდნის დემონსტრირების სურვილს უღვიძებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ როდესაც ჩემი კლასის მოსწავლეები 1920-იან წლებს გავდიოდით, ბავშვებს დავავალე, ესწავლათ ჩარლსტონი. შემდეგ 1950 წლებს რომ მივადექით, იმ პერიოდის მოდური ცეკვის შესრულების ვიდეო გადავიღეთ.

დასასრულ, ერთი, ჩემი აზრით, საინტერესო „კაუჭი“ უნდა გაგაცნოთ – განაგრძობს თხრობას დეივ ბერჯესი. „მარჯვე ხელები“ ასე ჰქვია ამ „კაუჭს“. კითხვები ამ აქტივობის გარშემო ასე გამოიყურება:

როგორ გამოვიყენოთ ხელით შრომა გაკვეთილის მსვლელობისას?

რის გაკეთება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომ მათი ნაკეთობა სასწავლო მასალას დაუკავშირდეს?

შესაძლებელია თუ არა მოსწავლეებს ვასწავლოთ, მაგალითად, გაკვეთილის თემის შესაბამისი ორიგამის გაკეთება?

შევძლებ, მოსწავლეები შესაბამისი მასალით მოვამარაგო და ხელმარჯვეებისთვის ადეკვატური სივრცე გამოვყო?

იქნებ მოსწავლეებმა თავად მოახერხონ და რაიმე საგანი გააკეთონ, რომელიც თან თემატური იქნება, თანაც ბავშვს საკუთარი უნარის გამოვლენის საშუალებას მისცემს?

მოგიყვებით მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან: იაპონიის ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შესახებ ისტორიის სწავლისას, ბავშვებს ვაჩვენებდი, როგორ აეწყოთ ქაღალდის წეროები, რომლებიც ამ ქალაქების ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული.

საგნებისა და მოვლენების არაორდინალური ხედვის უნარის განვითარება, ვფიქრობ, ძალიან საჭირო და საშური საქმეა. დაბალი სასწავლო მოტივაციის მოსწავლეები ამ სიკეთეს განსაკუთრებულად აფასებენ.

 

სტატია თარგმნა:

ქეთევან კობალაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი