პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ანტიდისკრიმინაციული

“ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ორსულობის ან დედობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების ან შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად”.

მე სურამში გავიზარდე, ანუ პატარა დასახლებაში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველამ იცის სხვისი ამბავი და სადაც ქართველებთან სომხების, ებრაელების და ოსების თანაცხოვრების დიდი ტრადიცია და მრავალსაუკუნოვანი ისტორია არსებობდა. არ ვიცი, როგორი იყო ეს თანაცხოვრება სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ მაშინ, როცა პატარა ვიყავი, ფუნქციონირებდა სინაგოგა, შაბათ საღამოს თავზე უცნაურქუდიანი ებრაელი კაცები დადიოდნენ იქ სალოცავად. მანამდე ეს კაცები ცოლებთან და შვილებთან ერთად პარკებსა და ქუჩებში იყვნენ გამოფენილები. უქმე დღეს მთელი სიმკაცრით იცავდნენ და სეირნობა-ლოცვის გარდა არაფერს აკეთებდნენ. ჩვენი ქუჩის ბოლოს ერთი ასეთი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა, ყველაზე უფროსი წევრი ხარაზი იყო და სწორედ მის სახელოსნოში ვეზიარე პირველად ჭეშმარიტი ხარაზის ყოფის ესთეტიკას, – კედლებზე გაკრულ ნახევრად ან სრულიად შიშველი ქალების სურათებს, სამუშაო მაგიდაზე მიმოყრილ წვრილ ლურსმნებსა და კალთაზე დაფენილ გაშავებულ წინსაფარს.
იქვე მეორე ოჯახი იყო, ხისაივნიანი სახლი ჰქონდათ და ამ აივანზე დიდი, ფერადბალიშებიანი საქანელა ედგათ. ასეთი საქანელა სხვებსაც ჰქონდათ, ზოგს აივანზე და ზოგს ეზოში, მაგრამ იმ მოხუცი წყვილის აივანს განსაკუთრებით უხდებოდა. მათზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მათი შვილიშვილი, სრულიად ახალგაზრდა გოგონა ისრაელის სამხედრო სამსახურში მუშაობდა. 90-იან წლებში ეს ფაქტობრივად ეგზოტიკა იყო, მოცემულობა, რომლის რეალურობისაც დიდად არ გჯერა.
მერე ნელ-ნელა ებრაელებმა სახლები დაკეტეს, აივნის ფანჯრები დარაბებით დაახშეს, საოჯახო ნივთები ქართველ მეზობლებს მიყიდეს და შეკოწიწებული ფულით ნაყიდი ბილეთებით თავიანთი ისტორიული სამშობლოს გზას დაადგნენ. ახლა რომ ჩახვიდეთ, შეიძლება ვერც კი იპოვოთ ისეთი ებრაული ოჯახი, რომლის წევრებიც სხვა ეროვნების ადამიანზე არ ქორწინდებიან, შაბათობით ცეცხლსაც კი არ ანთებენ და ლოცვებს მათთვის გაუგებარ ენაზე გულმხურვალედ კითხულობენ.
ოსები ფაქტობრივად არ მინახავს, ამბობდნენ ისინი ჩვენი პირველი პრეზიდენტის პირად დამოკიდებულებას ემსხვერპლნენ, დედაბუდიანად აყარეს და ოსეთში გაასახლეს. მათი სახლები კი კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში, აბორიგენები მსჯელობდნენ ხოლმე, კეთილგონივრული იქნებოდა თუ არა უპატრონოდ დარჩენილი სახლების ათვისება.
სომხები ებრაელებისგან და ოსებისგან განსხვავებით სრულად იყვნენ ასიმილირებულები, გვარებიც კი გადაკეთებული ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, არსებობდა “სომხების უბანი” და ყველა იქაურმა ზუსტად იცოდა, ვინ იყო სომეხი და ვინ – არა. მეტიც, მახსოვს, ქართველი დედები შვილებს რომ უკრძალავდნენ “სომხის ბავშვებთან” თამაშს. ამათაც, ცხადია, დიდად არ ახარებდათ თავიანთი წარმომავლობის ხსენება და ერთგვარად შეგუებულები იყვნენ იმ აზრს, რომ ქართველი მეზობლები მათ ოდნავ ალმაცერად უყურებდნენ.
“სომხების უბანში” ეკლესია იდგა, ულამაზესი ფრესკებით მოხატული. იქ მხოლოდ მაშინ შევედი, როცა ქართულმა ეკლესიამ “სამართლიანობა აღადგინა” და “სომხებისგან მიტაცებული ტაძარი დაიბრუნა”.

ქვედა დონე ლურჯ ფონზე წვრილ-წვრილი ვარსკვლავებით იყო დაფარული. ბავშვისთვის (და ალბათ არც უფროსებისთვისაც) ცოტა რამ მეგულება იმაზე საამო სანახავი. საათობით შემეძლო მათი ყურება. დაბრუნების შემდეგ ცხადია ეს მხატვრობა ჩამოფხიკეს, გაათეთრეს და ახალი, კანონიკური მხატვრობით დაფარეს. ასეთი მხატვრობა თანამედროვე ეკლესიებში მრავლადაა, ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს და, როგორც წესი, ძველ ნაგებობებს დიდად ჰარმონიულადაც ვერ ეწყობიან. დღემდე გული მწყდება იმ ძველ მხატვრობაზე, რომელმაც მიმახვედრა, რას ქვია შიდა და გარე სივრცის ჰარმონიულობა.
მიტაცებულის დაბრუნებამდელი ამბებიც მახსენდება ხოლმე, ის დრო, როცა ახლო-მახლო მხოლოდ ერთი პატარა ეკლესია ფუნქციონირებდა. მოხუცი მღვდელი მსახურობდა და ვინაიდან მაშინ ცოტა ვინმე თუ დადიოდა შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე, ის მაშინ ლოცულობდა, როცა ვინმე შევიდოდა ეკლესიაში. მოკლე ლოცვებს წაიკითხავდა, ზეთს გაცხებდა, გკითხავდა, ხომ კარგად ხარო და მერე გაირინდებოდა. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და უკვე იმედიც კი გადავიწურე, რომ ისევ ვიპოვი მღვდელმსახურს, რომლისთვისაც არა მასა, არამედ ცალკეული ადამიანი იქნება მნიშვნელოვანი, რომელსაც არ დაეზარება და თითოეულისთვის ცალ-ცალკე ილოცებს, მუქარისა და შეშინების მაგივრად სიყვარულს და სიმშვიდეს გაუზიარებს ადამიანებს.
იქ, იმ ეთნიკურად ჭრელ ადგილას ყველაზე მეტად ჩვენი მოხუცი მეზობელი ბებო მიყვარდა, ორივე ბიოლოგიურ ბებიაზე მეტადაც. ყველაზე მშიერ პერიოდშიც კი “სუხარებით” სავსე ნაჭრის ჩანთა ჰქონდა. ეს ორცხობილა და ჩაი ჩემი საყვარელი საჭმელი იყო. თხელი, კაფანდარა ქალი იყო, კეხიანი ცხვირით და თლილი თითებით, ზემოთ შეკრულ თმას და ფანელის ხალათს ატარებდა. სხვები ამბობდნენ, სიგარეტს ეწევა და ახალგაზრდობაში ქმარს ღალატობდაო.

გასული კვირა ფაქტობრივად პირგამშრალმა გავატარე. მონუსხული ვუყურებდი საინფორმაციო საშუალებებს და მიკვირდა, როგორ შეიძლება სიტყვა „ანტიდისკრიმინაციულმა” ასეთი ვნებათა ღელვა გამოიწვიოს, როგორ შეიძლება ერი და ბერი დაირაზმოს და იდაოს იმაზე, გამართლებულია თუ არა ვინმეს შევიწროება, ჩაგვრა.

მეგონა, როგორც მე გავიზარდე და მივხვდი, რომ არ შეიძლება შენ შვილს სხვა ეროვნების ბავშვთან თამაში დაუშალო, ვინმე აყარო და მისთვის უცხო მიწაზე გადაასახლო, სხვის სახლში შესახლებაზე სერიოზულად იფიქრო, სხვების ფრესკები ვანდალურად გაათეთრო, მოხუცი, რომელიც ახალგაზრდა ქალს ბავშვების გაზრდაში ეხმარება სიგარეტის მოწევის გამო ამორალურად გამოაცხადო, საზოგადოებაც ასე გაიზარდა დროის გასვლასთან ერთად.

მეგონა, რომ გადავეჩვიეთ სამსახურების დაყოფას გენდერული ნიშნით, აღარ არის ის რეალობა, ყველა დედა დიასახლისი რომ იყო და ყველა მამა ინჟინერი, ეკონომისტი ან ექიმი, ქალებმა სხვა საინტერესო საქმიანობებიც იპოვეს და აღარ გვიკვირს ქალი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

მეგონა, რომ ჩვენს პირად ამბებს იმდენი რესურსი მიაქვს, ჯანსაღ ადამიანს აღარ უნდა რჩებოდეს დრო სხვების ცხოვრებაში ხელის საფათუროდ და ისიც ბუნებრივად მეჩვენებოდა, ირგვლივ დაჩაგრული, ნაცემი და შეურაცხყოფილი ხალხის ნახვას, ბედნიერების ნახვა რომ გვირჩევნია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად.
აღმოჩნდა, რომ ილუზიაა ეს ზრდა და განვითარება, გამოცდილებიდან გამომდინარე სწორი დასკვნების გამოტანა და სხვა მსგავსი სიკეთეები.
ვერაფერსაც ვერ ვსწავლობთ სხვებთან თანაცხოვრებით. ზუსტად ისე, როგორც 20 და მეტი წლის წინ გვგონია, რომ კედელზე გაკრულმა შიშველი ქალის ფოტომ ბავშვი შეიძლება დაღუპოს; ისევ ვერ ვიტანთ განსხვავებულს, ვერ ვთოკავთ სხვის ცხოვრებაში ხელების ფათურის ვნებას; დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ჰუმანური დამოკიდებულებებით ნაკლებძალადობრივი გარემოს შექმნა ჩვენი განადგურების წინაპირობა გვგონია.

ისევ ისე გვგონია, რომ ვინც არ მოგვწონს, ის უნდა გავაქროთ, გადავასახლოთ ან საკუთარ ოთხ კედელში შევკეტოთ და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჰარმონიულად ცხოვრებას, როცა ჩვენნაირებთან წინასწარშეთანხმებულ თემებზე ვილაპარაკებთ.
იქნებ როდესმე სხვანაირად ცხოვრებაც გვეცადა. იქნებ გვეკითხა ჩვენი შვილებისთვის და მოსწავლეებისთვის, რა უფრო აშინებთ მაშინ, უცხო, განსხვავებული ადამიანით უჭარბი სიძულვილი, ირაციონალური შიში და ფართოდ დახუჭული თვალები?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი