ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საინფორმაციო ტექსტის სწავლებისთვის

ბევრს ვწერთ და ვსაუბრობთ მხატვრული ლიტერატურის კითხვის აუცილებლობაზე, თუმცა, საინფორმაციო ტექსტზე მუშაობაც არანაკლებ რთული და მნიშვნელოვანია. დღევანდელ სკოლებში სასწავლო პროცესი, ძირითადად, ინფორმაციის დამახსოვრება-გადაცემაზეა აგებული. ამ რთულ გამოწვევას თავს ართმევს ის მოსწავლე, რომელსაც გაწაფული კითხვის პრობლემები არ აქვს.

ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რა დიდ სტრესთან არის დაკავშირებული თხრობა სხვადასხვა გაკვეთილზე. ჭარბი ინფორმაციის წაკითხვას, დამახსოვრებას, გადმოცემას დიდი ძალისხმევა სჭირდება და როცა ბავშვს ამისთვის თავის გართმევა უჭირს, სწავლაზე გული უცრუვდება. რამდენიმე საგნის საინფორმაციო ტექსტების ყოველდღიურად დასწავლა კიდევ უფრო აფრთხობს ბავშვებს, სწავლისგან სიამოვნების მიღება კი სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება.

ვფიქრობ, ქართულის მასწავლებლებმა დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ საინფორმაციო ტექსტის სწავლებას. ეს უნარი კი მოსწავლეებს სხვა საგნის ათვისებაში დაეხმარებათ.

ჩემი მოსწავლეები, რომლებსაც მესამე კლასიდან ვასწავლი, წელს მეხუთე კლასში არიან. რთული და გარდამავალი ეტაპი მასწავლებლების მხრიდან დიდ ყურადღებასა და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს.

შევნიშნე, რომ ბავშვებს ნაკლებად სჯერათ თავიანთი თავის, გაუბედავები გახდნენ და სხვადასხვა საგნის შესწავლა უჭირთ. განსაკუთრებით ვღელავდი რამდენიმე მოსწავლეზე, რომელთაც გაწაფული კითხვა უჭირდათ. ამ დროს მნიშვნელოვანია სხვა საგნის მასწავლებლებთან კომუნიკაცია – თითოეული მოსწავლის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

პირველ სემესტრში კლასის საკითხავ წიგნად ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ შევარჩიეთ. მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე თავს ვკითხულობთ და ყოველ პარასკევს ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს, ვაწყობთ როლურ თამაშებს, ვაკვირდებით სიტყვებს, პერსონაჟებს, მხატვრულ ხერხებს, მთავარ სათქმელს, ამბის განვითარებას. ელი ნიკერსონს, მთავარ პერსონაჟსა და მთხრობელს, დისლექსია აღმოაჩნდება. მას კითხვა უჭირს.

წიგნის კითხვისას გავეცანი ორი ადამიანის ისტორიას – რობერტ ბალარდსა და ჩარლზ კონრადს დისლექსიის გამო ბევრი პრობლემა შეექმნათ. ჩავთვალე, რომ თითოეული მათგანის გაცნობა მეხუთეკლასელებისთვისაც საინტერესო იქნებოდა – ჯერ ერთი, შემეცნებით სამყაროს გაიფართოებდნენ და მეორეც, ელის პრობლემას კიდევ უფრო კარგად გაიგებდნენ. ცნობილი მეცნიერების ცხოვრება და მიღწევები სტიმული აღმოჩნდა გაკვეთილის ჩასატარებლად. საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, ახალი ადამიანების გაცნობა და საკითხავი წიგნის მთავარი სათქმელის გარე სამყაროსთან დაკავშირება საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. აქტივობად კი ურთიერთსწავლება (აქტივობის შესახებ იხილეთ ჯიპრაიდის რესურსწიგნი პორტალზე kargiskola.ge ) შევარჩიე.

წყალქვეშა სამყარო და კოსმოსი – ორი ამოუცნობი, იდუმალებით მოცული სივრცე ბავშვებს ფიქრისა და აღმოჩენებისკენ უბიძგებს.

რობერტ ბალარდის შესახებ National Geographic-ში სტატია წავიკითხე. ჩემი ყურადღება პირველ რიგში „ტიტანიკის“ აღმოჩენის ფაქტმა მიიქცია. ჩემი ბიჭის მეგობარს, ნიკას, „ტიტანიკის“ შესახებ ყველაფერი აინტერესებს. სტატიის კითხვა მის გამო დავიწყე. ასე აღმოვაჩინე რობერტ ბალარდი, რომელიც კალიფორნიაში, ოკეანის სანაპიროზე, იზრდებოდა და ფილმის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ გავლენით, ოკეანის შესწავლამ გაიტაცა. ყველაფერი National Geographic-ისთვის სტატიების წერით დაიწყო. სამეცნიერო ექსპედიციებმა და აღმოჩენებმა სახელი გაუთქვა მას. 2015 წელს მოუსმენია რადიოინტერვიუ დისლექსიის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორებთან, რა დროსაც გაუაზრებია, რომ მის პრობლემას დისლექსია ერქვა, ატირებულა. „ყველაფერი გავიგე საკუთარი თავის შესახებ!“ – რობერტ ბალარდის ეს ფრაზა არა მარტო დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის, არამედ თითოეული ბავშვისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ცოდნა ცხოვრებას აადვილებს. მასწავლებლებსაც დიდი როლი გვაკისრია პრობლემების აღმოჩენასა და მისი გადაჭრის გზების ძიებაში.

შემეცნებითი წიგნი სახელად „როცა მთვარეზე გავიარე“ (მთარგმნელი – ნიკოლოზ ლოლაძე) მოგვითხრობს აპოლოს მისიებისა და კოსმონავტების შესახებ. წიგნი ჩემთვის იდეების საბადო აღმოჩნდა. მესამეკლასელებს „სათაგურს“ ვასწავლიდი და მაშინ ამოვიკითხე, როგორ წაუყვანიათ „აპოლო 17-ის“ მისიაში ხუთი თაგვი: ფე, ფი, ფო, ფუმი და ფუი. მთვარეზე სხვა ცოცხალი ორგანიზმების გამძლეობას ამოწმებდნენ. ამ მცირე საინფორმაციო ამონარიდის გაცნობამ „სათაგურის“ კითხვას ხალისი შეჰმატა და მერე მისიონერმა თაგვებმა დავალებებშიც გადმოინაცვლეს – ფიცხელას, ცქმუნას, ცელქას, ეცას, ბეცას შეახვედრეს და დიალოგიც დაწერეს.

ჩარლზ „პეტე“ კონრადის შესახებ წიგნის ბოლოს დართული კოსმონავტების მოკლე ბიოგრაფიებიდან შევიტყვე. დისლექსიის გამო კონრადი მეთერთმეტე კლასიდან გაურიცხავთ, მას კი წარმატებით გაუვლია პილოტის კურსები და სერტიფიკატიც აუღია. ის „აპოლო 12-ის“ მისიის მონაწილე იყო, რომელმაც მესამემ დადგა ფეხი მთვარეზე. ჩარლზ კონრადის შესახებ მეხუთეკლასელებისთვის ტექსტის ადაპტირებული ვარიანტი მოვამზადე და ურთიერთსწავლებისას შევთავაზე.

 

ურთიერთსწავლება გულისხმობს კლასის ჯგუფებად დაყოფას და თითოეული წევრისთვის როლის მორგებას – კითხვების დამსმელი, ამხსნელი (მაგალითად, უცხო სიტყვების), ვარაუდების გამომთქმელი და შემაჯამებელი. საინფორმაციო ტექსტი დაყოფილია აბზაცებად. თითოეულ აბზაცზე მთელი ჯგუფი მუშაობს და გარკვეული დროის მერე მუშაობის შედეგებს ერთმანეთს უზიარებენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ კითხულობენ მთელ ტექსტს. როლები ყოველი აბზაცის წაკითხვისას იცვლება. ამგვარად, თითოეული ბავშვი სვამს კითხვას წაკითხულის შესახებ, ცდილობს უცხო სიტყვების განმარტებას, სწავლობს ვარაუდების გამოთქმას, მაგალითად, რის შესახებ იქნება საუბარი შემდეგ აბზაცში და წაკითხულის მოკლედ, საკუთარი სიტყვებით გადმოცემას. ამავე დროს, აკვირდებიან ერთმანეთის მეტაკოგნიტურ უნარებს, რაც დადებითად აისახება დამოუკიდებლად სწავლების პროცესზეც.

 

ურთიერთსწავლებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. თავდაპირველად გაუჭირდათ როლების მორგება და ინსტრუქციის გაგება, თუმცა, ნელ-ნელა ალღო აუღეს და გულმოდგინედ მუშაობდნენ. ელი ნიკერსონის პრობლემას ცნობილი ოკეანოგრაფისა და კოსმონავტის ამბავიც ბუნებრივად გადაეჯაჭვა. ელის ყველა გულშემატკივრობს. მისთვის კოსმოსიცა და ოკეანეც მარტივი სიტყვები და წინადადებებია, რომელთაც ვერ უმკლავდება. სტატიის მიზანიც ჩვენი – მასწავლებლებისა და მშობლების – მოწოდებაა სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ, რადგან შესაძლოა დისლექსია არ იყოს კითხვის სირთულის გამომწვევი, მაგრამ საინფორმაციო ტექსტში უხვად გაბნეული უცხო სიტყვები და რთული სინტაქსური კონსტრუქციები ელის სათქმელს აგროვებდეს ბავშვში:

„მაგრამ კითხვა ჩემთვის ისევე რთულია, ასოებისგან გაკეთებული წვნიანი რომ დამისხან თეფშზე და სიტყვების წაკითხვა მთხოვონ. ვერაფრით ვხვდები, ამას სხვები როგორ ახერხებენ“.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი