ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დაკარგულ დროში გამოწრთობილი ოცნებები

ედუარდო მენდოსას ,,საოცრებათა ქალაქი”

„წლების შემდეგ ცხოვრება თითქოს საწყის წერტილს უბრუნდება”, წერს სერვანტესის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ესპანელი მწერალი ედუარდო მენდოსა თავის გახმაურებულ რომანში „საოცრებათა ქალაქი”.  დრო, მართლაც, სხვა არაფერია, თუ არა წრეზე ტრიალი. ამიტომ მარადისობისთვის ის თითქოს დაკარგულია. მაგრამ ეს „თითქოსაა”, ამაოებაა ის, დავიწყებას რომ არასდროს მიეცემა…

წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბარსელონის მშფოთვარე ცხოვრება. ამ ეპიკურ სტილში დაწერილ წიგნში თხრობა რუტინულიცაა, რადგან სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების ფონზე მიმდინარეობს და ერთგვარად, მონუმენტურ ფერწერასაც ჰგავს. მწერლის ამ მონათხრობში ამოვიკითხავთ, როგორ იქმნება, ზოგადად, ადამიანური ცივილიზაცია – უზარმაზარი ძალისხმევით, მძიმედ, მონოტონურად, ურთიერთდაუნდობლობითა და სისასტიკით, გაუგონარი უმსგავსობებით (შემდგომ პარკად ქცეული შუა საუკუნეების სუდადელას ციტადელის ისტორია), ადამიანური სისხლითა და მსხვერპლით, დიდი კატაკლიზმებით, დამარცხებებითაც, რომლებიც ბოლოს ბადაგივით იწმინდება და შობს ზნეობრივად საკრალიზებულ სისტემას, რომელსაც კულტურა ჰქვია. სწორედ ამიტომაცაა ძნელი, მან მოწოდების სიმაღლეზე შეინარჩუნოს თავი და დეკადენსი არ განიცადოს, რადგან ადამიანი როდი იცვლება „ათადან და ბაბადან”. სტილიც ერთგვარად დამძიმებულია, რა ქარტეხილები არაა აქ მოთხრობილი: ანარქისტებსა თუ ინდუსტრიალიზაციაზე, თავისი მავნე შედეგებით, რევოლუციებზე, ევროპის, სოციუმის შიდა თუ მსოფლიო ომებზე, ახლად ფეხადგმულ ბურჟუაზიასა და მასონებზე, კინემატოგრაფისა თუ მფრინავი აპარატების შექმნაზე, ბარსელონის საუკუნეებგამოვლილ მეტამორფოზებზე, ბოლო ჟამის პრელუდიაზე – კომეტა სარგონის მოახლოებაზეც კი და ა.შ. მაგრამ ეს დიდი წიგნების ფორმაა, რომელთა შინაარსი აუცილებლად ყოფიერებას, წუთისოფელსა და მათ ჩარჩოში ბედისწერით „ჩასმულ” ადამიანს უნდა მიემართებოდეს.  როგორ იცვლება ეპოქისა და ქვეყნების ფორმირების ფონზე ადამიანთა ბედისწერა თუ პიროვნულობა; როგორ ქმნის გარემო ადამიანს და პირიქითაც – მენდოსას „საოცრებათა ქალაქი” ყოფიერების ერთგვარი მითოლოგიზაციაა, გროტესკულიც, ფანტასმაგორიულიც…

 

მოკლედ, მივადექით ადამიანს, ანუ ნაწარმოების მთავარ გმირს – ონოფრე ბოუვილას, რომელიც, ჩემი აზრით, ჰიპერბოლიზებული და ზეკაცობის მსუბუქი შარავანდედით შემოსილი, თუმცა მაინც რეალისტური პერსონაჟია, ავანტიურისტი („აქ რომ ბოლშევიზმმა გაიმარჯვოს, მე ალბათ ლენინი ვიქნები”), არც დადებითი, არც უარყოფითი, უბრალოდ – ადამიანურად ორბუნებიანი. მოთხრობილია ონოფრეს თავგადასავალი ბიჭობიდან (13 წლისა რომ ჩამოვიდა პროვინციიდან დიდ ქალაქში თავის ბედისწერასთან შესახვედრადაც) იდუმალ, გასაიდუმლოებულ, გარკვეულად ირეალურ გარდაცვალებამდე, ანარქისტების დაქირავებული პროპაგანდისტობიდან მსოფლიოს უმდიდრეს, გავლენიან ადამიანად გადაქცევამდე. ძალიან საინტერესოა, როგორ ძერწავს მწერალი ეპოქებს და იქიდან შიშით, სიამაყით, საკუთარი თავისა თუ შეუცნობლის იმედით, ხანაც სასოწარკვეთითა თუ პატივმოყვარეობით მზირალ ადამიანს, რომელიც, ავკარგიანი სიდიადის, ხშირად სიტუაციის წარმმართველის ფუნქციის მიუხედავად, მაინც წახნაგია, კონტური თუ მბრწყინავი ტონი ისტორიულ კონტექსტში, მწერლის (თავისთავად, ღვთისაც) დატვირთულ, გრანდიოზულ ტილოზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. ბარსელონაში ჩატარებულ ორ უნივერსალურ გამოფენას შორის მოქცეულია ონოფრე ბოუვილას ცხოვრებაც და ქალაქის ტრანსფორმაციაც (რომანს ფონად გასდევს კატალანურ-ესპანური დაპირისპირების ისტორიული მოტივებიც).

არცთუ ისე გვიან მიხვდა ონოფრე, რომ არა მარტო ანარქისტებისთვის (მოჩვენებითი იდეალიზმის მიუხედავად, „მგლის კანონით” ცხოვრებას რომ მიესალმებიან), რევოლუციისთვის არის ადამიანი ინსტრუმენტი, არამედ ბედისწერის ხელშიც ნიაღვარს მიყოლილი ნაფოტივითაა. ამიტომ ზოგჯერ თუ „ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს”, ხშირად თვითონ ქმნის თავის ბედისწერას – ორჭოფობა არ სჩვევია და ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი წინ უსწრებს მოვლენებს. პანსიონის დალაქის, მარინოს, დახლიდან მოპარული სითხის ვაჭრობით, ჩვეულებრივი თაღლითობით იწყებს საქმიანობას, სიმდიდრის დაგროვებას. ნელ-ნელა ყალიბდება მისი ცინიკური, მომხმარებლური პრაგმატიზმი: „როგორც ვხედავ, უდარდელი და გარეწარი უნდა იყოს კაცი… ადამიანისგან მხოლოდ იმას უნდა ელოდო, რისი წაგლეჯაც შეგიძლია, ასეთი დამყოლია ადამიანის ბუნება” (17). ქურდობენ და ნაქურდალს იყოფენ ის და ეფრენ კასტელიასი, იგივე გოლიათი, რომელიც მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი, საუკეთესო მეგობარი გახდება. ონოფრეს პირველი დიდი, ბიჭობის იმედგაცრუება, რომელიც რაღაცნაირ, უპიროვნო, უადრესატო სიძულვილად იქცევა, მამამისს უკავშირდება. თუმცა ფარულად, სულის სიღრმეში რჩება ის გრძნობა, რაც მას უნდა – აღფრთოვანება მამის მიმართ: „თავადაც არ იცოდა – რატომ, არც საფუძველი ჰქონია ეფიქრა, მაგრამ შინაგანად დარწმუნებული იყო, რომ მამა ხელმოცარული კი არა, დიდი შეთქმულების მსხვერპლი იყო” (176).

რა შეთქმულებაზეა საუბარი და ადამიანია მისი მიზეზი თუ ცხოვრებაში უმეტესწილად ამოუხსნელი, ერთმანეთზე საბედისწერო შემთხვევითობით ,,აკინძული” მოვლენები, ეს ონოფრემ არ იცის. ამიტომ მისი ცხოვრების მიზანია, მამასავით ხელმოცარული არ გახდეს, ნებისმიერ ფასად. სწორედ ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი ცვლის მის ცხოვრებას. ასე ჩნდებიან მის გარშემო მღვრიე წყალში, დაკარგულ დროში, წამოტივტივებული რაღაცით ღირებული თუ უღირსი პიროვნებები და ის ანგარიშიანი გულგრილობა, რომელსაც ადამიანებს სამყაროს მიერ შემოთავაზებული უტყვი წესრიგის, გარკვეულწილად, მორჩილება აიძულებთ. „აი, ეს სევდიანი ხალხი” – ღმერთივით ასკვნის მწერალი საეჭვო საზოგადოებაზე.

ნაწარმოებში ჩანს, როგორ ყალიბდება ბურჟუაზია, რომელსაც არისტოკრატიის დადგენილი და რთული ჰერალდიკა თუ მორალი არ გააჩნია. ამ მხრივ ძალიან საინტერესო პერსონაჟია დომ უმბერტ ფიგა ი მორესი, ადვოკატი, რომელიც შემდგომ ონოფრე ბოუვილას სიმამრი ხდება. ედუარდო მენდოსა საოცარი პორტრეტისტია, იმ ღრმა ფსიქოლოგიზმით, ლიტერატურული გმირის გარეგნულ, ვიზუალურ თუ სულიერ „შესამოსელსაც” რომ თვალწინ გადაგიშლის: „წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო: ზომიერად შერწყმული გამჭრიახობა და გულუბრყვილობა, ანგარიშიანი გულგრილობა და ბუნებრივი მიამიტობა. ყველაზე რთულ საქმეებს გაბედულად, მაგრამ წინდახედულად და უცოდინრად შეებმებოდა ხოლმე, თითქმის ყოველთვის შედეგს აღწევდა და რასაკვირველია, დამსახურებასაც მხოლოდ თვითონ მიიწერდა. ძალიან მიმნდობი იყო, მაგრამ უზომოდ პატივმოყვარე, მხოლოდ იმისთვის ცხოვრობდა, რომ ხალხის თვალში გამორჩეულიყო” (205). აღწევს კიდეც ამას ეს გმირი, რომლის საქმიანობის მოტივაცია მხოლოდ და მხოლოდ ფულია, რასაც არც უარყოფს. ყალიბდება, ე.წ. ბიურგერული მორალიც „თაყვანს სცემდნენ დონ უმბერტ ფიგა ი მორერას ფულს, განსაკუთრებით კი, მის ხელგაშლილობას, მაგრამ პიროვნულად გაიძვერად და უცხო ხილად მიაჩნდათ”.

ონოფრე „თავგანწირვით იბრძოდა, გულიდან ბედისწერის ნატყორცნი ისარი რომ ამოეგლიჯა; ცდილობდა იმ თავბრუდამხვევ მორევს გასცლოდა, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა, მაგრამ ონოფრეს ძალისხმევა იმ ადამიანის შრომას ჰგავდა, რომელიც ზღვის შესაჩერებლად ქვიშაზე ჯებირებს აგებს”. ასეცაა – წუთისოფელთან, ბედისწერასთან ვერავინ იმარჯვებს. ალბათ მხოლოდ საკუთარ თავზე… ან საკუთარ თავზე კი იმარჯვებს ონოფრე?!

„ვიცი, შენ მეთაურობ ამ ფარსს, რადგან ბოროტი ხარ; არ არსებობს საგანი ან ადამიანი, რომელთა გაწირვაც არ შეგიძლია საკუთარი მიზნის მისაღწევად” – ეს საოცრად გროტესკული პერსონაჟი, სენიორ ბრაულიო, ასე რომ მერყეობს თავდავიწყებასა და თვითმკვლელობის სურვილს შორის, მიმართავს ონოფრეს. ვინაა ეს უკანასკნელი სინამდვილეში? „რაც ჩახლართული და ბუნდოვანი იყო ყველაფერი, უფრო მოსწონდა. მსგავს სიტუაციაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, ამის წყალობით მიაღწია საზოგადოების ყველაზე მაღალ საფეხურს”. იგი ადამიანურად და ეგოისტურად განიცდის არა თავის ჩადენილ დანაშაულებს, არამედ მისთვის მტკივნეულია, სათანადო მნიშვნელობა რომ არ მიანიჭა იმ გრძნობებს, ყველაზე ძვირფასი რომ აღმოჩნდა (ნაწარმოების ბოლოს მარია ბელიატალთან, მისი ცხოვრების საბოლოო და ყველაზე ნამდვილ სიყვარულთან, ერთად მისი სამუდამო გაუჩინარება იქნებ ამისი დაგვიანებული მცდელობაა?). სინანული თუ ხანდახან იპყრობს, შემდეგ ისევ თვითკმაყოფილებაში გადაიზრდება ხოლმე („ამ კანალიზაციის ვირთხებს ჩემგან შესაძლებლობა მიეცათ, რომ ჩემს ხარჯზე ცოტა ხნით წარმატებითა და ბედნიერებით დამტკბარიყვნენ” (486) – რომელია ნამდვილი ონოფრე? კაცი, რომელმაც უამრავი ადამიანი (დედ-მამა, ძმა, დელფინა და ა.შ.) საკუთარ ამბიციებსა და სიგიჟეს შესწირა, რომლებიც უსამართლო შურისძიების მსხვერპლნი იყვნენ და მხოლოდ იმიტომ დაიტანჯნენ, რომ მას თუნდაც წამიერად ეგრძნო გამარჯვების ტკბილ-მწარე გემო; ფიზიკურ თუ მეტაფიზიკურ სიბნელეს შეჩვეული ადამიანი, რომელიც ბოლომდე ძველ სიმარჯვეს ინარჩუნებს; რომელსაც ადამიანური ცივილიზაცია საკუთრებად მიაჩნია, თავის მოვალეობად კი – მისი დაცვა, რადგან სწამდა „ისტორიული მისიის შესასრულებლად მოვლენოდა ქვეყანას”, თავი მესიად წარმოედგინა. თუმცა მწერალიც, თავისი ფანტაზიით (იქნებ მკრთალი ირონიითაც?) „მხარს უბამს” მას. არის რაღაცა ნიცშეანული იმაში, რომ მენდოსა ონოფრეს, ამ ყოვლისშემძლე, თავდაჯერებული მაგნატის, „საბედისწერო” სიკვდილის შემდეგ წერს: „მოგვიანებით ისტორიის შემქმნელები წერდნენ, რომ იმ დროიდან, რაც ონოფრე ბოუვილა ბარსელონიდან გაუჩინარდა, ქალაქი აშკარა დაცემის გზას დაადგა” (525).

შეუძლებელია, არ დაეთანხმო მწერალს იმაში, რომ ონოფრესთან ერთად იღუპება ეპოქის სულიც, რომელსაც ის, როგორც არავინ, ისე განასახიერებდა.

მაგრამ იქნებ ისაა ნამდვილი ონოფრე ბოუვილა, რომ ამბობს: „ეჰ, ცხოვრებას ხელახლა რომ ვიწყებდე, ყველაფერს სხვა თვალით შევხედავდი” (450). ვისაც განსაკუთრებული სულიერი ურთიერთობა აქვს თავისი ცხოვრების „საბედისწერო” ქალთან – დელფინასთან, ქალთან, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც მისი ესმოდა, რომელიც მაგიურ მსახიობ ონესტა ლაბრუდაც (ფანტაზიაცაა და პიკასოს ცისფერი პერიოდის შედევრების მუზა, გრძნეული ქალიცაა ამ სახეში მწერლის შთაგონების წყარო) წარმოგვიდგება. ნაწარმოებში მოთხრობილია აპოკრიფული თავგადასავლები ამ უცნაური ქალისა, რომელიც მწერალმა საკმაოდ ბანალურ პერსონაჟს დაუკავშირა. მაგრამ არის კი ზღვარი ბანალურსა და იდუმალს შორის? ისევ ღმერთს ემსგავსება მწერალი, სწორედ უმნიშვნელოს გამნიშვნელოვნებით. ამ ძალისხმევას არ ეწირება ყოველი ჩვენგანის ცხოვრება?… დელფინა თეოდორ დოსტოევსკის გმირს ჰგავს, თავისი ბოლომდე შეუცნობელი ადამიანური საიდუმლოთი: „დელფინას არც ხმა დაბრუნებია და არც მეხსიერება, თუმცა ამას მონაზვნისთვის ხელი არ შეუშლია განეცხადებინა, რომ დელფინას სიკვდილის წინ ტუჩებზე ონოფრეს სახელი ეწერა” (458).

სწორედ უმნიშვნელოს გამნიშვნელოვნებაა ის იდეური ხაზი, რომელსაც მწერალი მიჰყვება. ამიტომ ნაწარმოებში დახატულია ანტონიუ გაუდი ი კორნეტი (სახელგანთქმული არქიტექტორი), მოდერნიზმის რომანტიკა და ნეოცენტიზმი, კარიკატურებითა და გესლიანი კრიტიკით სასაცილოდ რომ იგდებდნენ გაუდის, მის შემოქმედებას. პროგრესიც არაა მთლად კარგი სიტყვა, რადგან ამარცხებს ამ საოცრად ნიჭიერ ადამიანს, ამაოების წყალობით აბსურდული უბედური შემთხვევის შედეგად რომ კვდება სანტა კრუსის ჰოსპიტალში – ტრამვაი გაიტანს. ამ უკანასკნელზე ნაკლებად მნიშვნელოვანი როდია დიდი მწერლისთვის სანტიაგო ბელიატალი, ჯიბეგაფხეკილი გამომგონებელი, სერიოზულად რომ ვერავინ აღიქვამს: „სასაცილო შესახედავი იქნებოდა, ასეთი ანთებული თვალები და დაქანცული იერი რომ არ ჰქონოდა”(461). ბავშვობისდროინდელი, მამის კუბიდან ჩამოყვანილი მაიმუნის ფიტულის ძიებაში იპოვის ონოფრე ამ ადამიანს, რომელშიც სწორედ მამის სახე გაიელვებს, რომელიც სულ ახლახან მიაბარა მიწას. ეს არის წუთისოფლის ერთ-ერთი უცნაურობა – როცა კაცი, თითქოს ზღაპრის ძაფის ჯადოსნურ გორგალს ჩაჭიდებული, მისდევს, წინასწარმეტყველებს საკუთარ ბედისწერას. სანტიაგო ბელიატალის მშვენიერი შვილი მარია, რომელიც ასევე ბედისწერის იდეური ხაზის პერსონაჟია, რომელსაც „მთელი თავისი ცხოვრება არარსებული ადამიანის (გარდაცვლილი დედის – მ.ი.) გვერდით გაეტარებინა” და რომელიც თავისი გამოჩენით ტელესკოპურად შეკუმშავს ონოფრეს პიროვნების ხანგრძლივი ტრანსფორმაციის გზასაც და იმ წლებსაც, მათ თავდაპირველ, მყისიერ და ბოლო შეხვედრის დღეებს შორის რომ ჩაევლო, თითქოს, რამდენიმე წუთი ან სულაც სიზმარი ყოფილიყო მათი ერთად არყოფნის ისევ და ისევ დაკარგული დროის „მტკივნეული სიცარიელე”.

რომანში შეუმჩნეველი არ რჩება მწერლის წუთისოფლის ნატურალიზმის, ამაოების დაძლევის „მოსურნე” თუ სწორედ დროის ჩარჩოებში მოქცეული ირონია, სარკაზმი რელიგიისადმი. აქ გვხვდებიან დესაკრალიზებული წმინდანები (სანტა ეულალიას ქანდაკების „ფიქრები”, კვარცხლბეკიდან მისი ჩამოსვლა და მოგზაურობა მუნიციპალიტეტის სახლისკენ), პოლიტიკოსების ვითომ „გამოცხადებები”, ქრისტეს დიდებულ ადამიანად მოხსენიება, რწმენა, რომ ადამიანი ცხოვრების შემოქმედია და „ცვლილებები ერთ დღეში უფლის სიტყვით არ მოსულა“ (380). ძალიან რეალისტურია მწერლის სიკვდილის კონცეფციაც: „იქ არც ცვლილებაა და არც ტკივილი, მაგრამ არც სიხარულია. თუ სიკვდილს რამე გააჩნია, ეს სრული უსიხარულობაა”. სიკვდილის თემატური ხაზის გაგრძელებაა კითხვა, რომელსაც ალკალდი სვამს: „რა არის ცხოვრება?” ამაზე პასუხი ცნობილი მკვლელის, სიკვდილმისჯილ  ოდონ მოსტასას სიკვდილისწინა ფიქრებშია, გულმხურვალედ რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს შეუცნობლის წინაშე, ეხუმრება საკუთარ თავსაც, როცა მისი ყოველი ნაბიჯი გამარჯვებაცაა, მაგრამ სიკვდილთანაც აახლოებს, _ „…თვალები დაუხუჭეს და ქარის აწეწილი თმა გაუსწორეს. მისი შემყურე საძმოს წევრები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ „ჭეშმარიტად არ ყოფილა ბარსელონაში მასზე ლამაზი მამაკაცი” (309).

„დიახ, მე ნამდვილად დავმარცხდი, მე მეგონა, თუ ბოროტი ვიქნები, ქვეყანა ხელში მეყოლება-მეთქი, მაგრამ შევცდი: სამყარო ჩემზე უარესი აღმოჩნდა” (457) – ამბობს მოხუცი ონოფრე ბოუვილა. მისი სასიკვდილო გაფრენაც, სენსაციური მფრინავი აპარატით, მისი განხორციელებული ყველა ოცნებაცაა და, როგორც მწერალი ამბობს: „მისი ხელით აღსრულებული კოლექტიური შურისძიების აქტი”. იქნებ სამყაროს ყველა უსამართლობისადმი?…

…მანამდე კი, დავეთანხმოთ ონოფრე ბოუვილას: ყველა წუთი საუკუნესავითაა და თითქოს ერთნაირადაც მიქრიან. ეს ამაოების წრებრუნვაა, რომელშიც ყველაფერი როდია მტვერი და ქარი…

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი