სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ვაჟა-ფშაველას უცნობი პუბლიკაციები

ვაჟას მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას სრულად როდი იც­ნობს მკითხველი. მისი წერილებისა და ნაშრომების ნაწილი დღემდე უცნობი ფსევდონიმებითაა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესწავლისათვის…

 

ცნობილი ქართული გაზეთის, „ივერიის” თანამშრომლები, როგორც საერთოდ იმ დროს იყო გავრცელებული, თავიანთ ნაწერებს ხშირად ფსევ­დო­ნიმითა და ინიციალებით აქვეყნებდნენ. ვაჟასაც, როგორც „ივერიის” აქტიურ თანამშრომელს, თავისი ფსევდონიმები ჰქონდა: „პარასკევა”, „ვ-ა ფ-ლა”, „იქაური”, „ჟულიკა გოგოჭური” და ა.შ. მე-19 საუკუნის მერე ნახევრის ქართული პერიოდული პრესის მცოდნეს უსათუოდ შემჩნეული ექნება ერთი გავრცელებული, საინტერესო პუბლიცისტური მანერა – ფსევდონი­მი­ანი ავტორის პოლემიკა გამოგონილ პირთან. ფიქრობენ, რომ „წერილი მაგობართან” რუბრიკით დაბეჭდილი სტატიები, რომლებიც მიძღვნილია ერთი ადრესატის, „ძმა ექვთიმესადმი” და წარმოადგენს ერთმანეთის ლოგი­კურ გაგრძელებას, ვაჟა-ფშაველას ეკუთვნის. გამონაკლისია მხო­­ლოდ „მამუკათი” ხელმოწერილი ერთ-ერთი სტატია – „რამე-რუმე” („ივე­რია”, 1890, N173), რომელიც თუმცა ფორმალურად არ შედის ამ წერი­ლე­ბის ციკლში, მაგრამ უშუალოდაა დაკავშირებული მათ სერიასთან. სხვა­ობა მხოლოდ ისაა, რომ „რამე-რუმეში” აქცენტი უფრო პროვინციის ჭირ-ვარამზეა.

 

რას შეეხება ეს სტატიები, 14 საინტერესო პუბლიცისტური წერილი? ეს არის მოგონილი პოლემიკა ორ მეგობარს შორის – რუსეთში ხანგრძლივად მყოფ ექვთიმეს ყრმობის მეგობარი მამუკა დროდადრო  აცნობს სამშობლოს ცხოვრების ავ-კარგს. მათ ერთისა და იმავე მოვლენისადმი რედიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ამ სტატიების ავტორს აშკარად მიზ­ნად ჰქონდა ყოველმხრივ განეხილა 90-იანი წლების საქართველოს ზოგი­ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ბევრი აქტუალური საკითხი. ეს წერილები გამოირჩევა თავისი აქტუალობით, გარდა ამისა, უარღესად საინტერესო წერის მანერა და საილუსტრაციო მაგალითები მეტყველებს ავტორის კარგ მომზადებაზე, პატრიოტიზმზე, პოეტურ და ჟურნალისტურ ნიჭიერებაზე. ვის ეკუთვნის ეს წერილები და რა არის მათი ავტორის მიზანი – ამ საკითხის ასახსნელად გარკვეული არგუმენტებია საჭირო და, აი, ისინიც:

  1. გაზეთ „ივერიის” თანამშრომელსა და ვაჟას ახლო მეგობარს, გრიგოლ აფშინაშვილს მიეკუთვნება უცნობი ჩანაწერი, რომელიც გ.ლეო­ნიძის სახელობის საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმშია დაცული: „მე ვიცი ვაჟას კიდევ ერთი ფსევდონიმი. 1886 თუ შემდეგ წლებში, კარგად აღარ მახსოვს, გაზ. „ივერიაში” იბეჭდებოდა ცხოვრების სურა­თები ფელეტონებად სათა­ურით – „წერილები მეგობართან” ფსევდონი­მით „მამუკა”. ერთხელ კიდეც შემე­კითხა, „როგორ მოგწონს ჩემი წერი­ლებიო. ეს წერილები ჭარბად შეი­ცავენ იუმორს. 1936 წ. 15 დეკემბერი”;
  2. ვაჟას პირად არქივში (აკად. კ. კეკე­ლიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი) არსებობს მისი ხელით დაწერილი ერთი მოზრდილი, უსათაურო, დაუთა­რიღებელი ლექსის ავტოგრაფი („გასწი, იარე”), რომელიც „ერთგული მამუკას” მიერ „ძმა ექვთიმესადმი” გაგ­ზავნილი რიგით უკანასკნელი წერილის ორგანული ნაწილია („ივერია”, 1893 წ, N178). ეს ლექსი ვაჟას თხზულებათა გამოცემებში პირველად 1961 წელს გამოქვეყნდა;
  3. ვაჟას ლექსს „სიმღერა” (“ვუძღვნი სოფლელ ჭორ­ტი­კებს”), რომელიც ლიტერა­ტურის მუზეუმში დაცულ ალ. ფრონელის უბის წიგნაკშია ჩაწერილი, თან ერთვის ხელმოწერა: „მამუკა – ვაჟა-ფშაველა – ლუკა რაზიკაშვილი”, 1890 წლის 12 აგვისტო;
  4. „მამუკას” „რამე-რუმეს” შესავალი ნაწილი აბსოლუ­ტური სიზუსტით იმეორებს ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების, მის სიცოცხ­ლეშივე გამოქვეყნებული უთარიღო სტატიის შესავალს;
  5. „ერთგული მამუკას” სტატიებში გაბნეული ფშაური ზეპირ­სიტყ­ვიერების ზოგი­ერთი ნიმუში ვაჟას უცვლელად აქვს გადატანილი თავის სხვადასხვა პუბლიცისტურ თუ მხატვრულ თხზულებაში;
  6. სტატი­ების ამ ციკლში წამოყენებულ საკითხებს, მცირესა თუ საჭირბოროტოს, ვაჟა ეხება თავის ნაწერებში, უფრო გაღრმავებითა თუ დაკონკრეტებით, საქმის ვითარების შეცვლის ფონზე.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ფსევდონიმი “მამუკა” ვაჟას ეკუთვნის და მწერლის მიერ მისი არჩევაც უსაფუძვლო როდია – „მამუკა” ფშავ-ხევ­სუ­რეთში სახელგანთქმული ვაჟკაცის სახელია და მწერალს იგი მოხსენებუ­ლიც ჰყავს თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში, 1879 წელს „დროებაში” გამოქვეყნებულ ხალხურ ლექსში „როშკას ატირდნენ დედანი” – „…ამღით მამუკა მოვიდა. შუქნი თან მაჰყვნენ მზისანი…”. მოგვი­ანე­ბით კი, 1889 წელს, ვაჟამ ეს სახელი დადებით ლიტერატურულ პერსო­ნაჟადაც გამოიყენა ორ დრამატულ სცენაში.

 

ამ სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სატკივარი და არსებული რთული მდგომარეობიდან გამოსავლის გზების ძიებაა. ავტორის აზრით, ქვეყანა განსაცდელის წინაშეა, ყოველდღე მატულობს მშობლიური ენის შინაურ მდევნელთა თუ მის გარეშე დარჩენილთა რიცხვი. ინტელიგენციის დიდი ნაწილის იდეალს კანცელარია წარმოადგენს. ქართველი საოზგადო­ება გულგრილად შესცქერის ყოველივე ქართულს – გაზეთს, წიგნს, თეატრს, თაკილობს მშობლიურ ენაზე საუბარს. ბედოვლათ თანანმემამულეთა წყალობით მამა-პაპეული მიწა-წყალი უცხოთა ხელში გადადის. იზრდება ადმინისტრაციის თავგასულობა. პოლიცია, მამასახლისი, მღვდელი – ყველა გლეხის მტერია. ავტორს ისიც აწუხებს, რომ ქართველი ახალგაზრდობა არაფერს აკეთებს, არ ირჯება ერის საკეთილდღეოდ. პატრიოტიზმზე აღმ­ა­ტე­ბუ­ლი კუჭის, პირადი და პრივილეგირებულთა ინტერესია. ნაკლოვანე­ბების მხილებასთან ერთად, ვაჟა ხსნის გზებსაც ეძებს. აღნიშნული მძიმე მოცემულობის შესაცვლელად, მისი აზრით, საჭიროა ხალხის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა, რომ ოჯახმა პატარაობიდან უნდა შთაუნერგოს მოზარდს მშობლიური ერის სიყვარული. ეს საქმე უნდა გააგრძელოს სკოლამ და აღზარდოს ჯანსაღი თაობა. ამიტომ უნდა გახშირდეს სკოლე­ბის ქსელი და შეიცვალოს სწავლების წესი. მწერლობამ, მეცნიერებამ უნდა გაუღვივოს ადამიანებს ქართული ლიტერატურისა თუ პრესის სიყვარული, უცხო კულტურა და ენა საკუთარის შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა შეისწავ­ლებოდეს, რომ ეს მომაკვდინებელია და ქართველმა ხალხმა არ უნდა გაი­ზიაროს იმ ერების ბედი, რომლებიც კულტურული წარსულის მიუხედავად, ცივილიზაციას ჩამორჩნენ. ავტორი იშველიებს რუსთველს, შექსპირს, სერვანტესს, პუშკინს, ტურგენევს, ბელინსკის, გურამიშვილს, ბარათაშვილს, ხალხური პოეზიის ნიმუშებს, ურთავს ორიგინალურ ლექსებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ წერილებში დასმული პრობლემების გადაწვეტი­სას, სოციალური თუ ეროვნული საკითხების განხილვისას, ვაჟა ტიპურ სამოციანელად წარმოგვიდგება. საინტერესოა ისიც, რომ 1880-93 წლებში გამოქვეყნებული, დღემდე ცნობილი ვაჟას წერილების საერთო რაოდენობა არ აღემატება აქ მიმოხილული სტატიების რიცხვს. ცხადია, ამ მასალის მნიშვნელობა განსაკუთრებულია დიდი ქართველი მწერლის პუბლიცის­ტური მემკვიდრეობის შემდგომი შესწავლისათვის.

 

არის კიდევ ვაჟა-ფშაველას თიანური უცნობი პუბლიკაციები. ისინი სხვადასხვა ფსევდონიმით არის გამოქვეყნებული. მათ შორის ოქტომბრის რევოლუციამდე ჟურნალ-გაზეთებში მრავალი წერილი ქვეყნდებოდა „მო­კე­თის” ფსევდონიმით. ავტორთა ნაწილის ვინაობა დღეისთვის დადგე­ნი­ლია: ესენი იყვნენ მწერლები იოსებ იმედაშვილი თუ კონსტანტინე გვა­რამიძე. მაგრამ ამავე ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილთა ნაწილის ავტორის ვინაობა უცნობია. ჩვენ შევჩერდეთ იმ წერილებზე, რომელთა სა­ვარაუდო ავტორი ვაჟა-ფშაველაა. ამ მხრივ საყურადღებოა გაზეთ „ისარ­ში” 1907 წლის 17 იანვარს „მოკეთის” ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერი­ლი „თიანეთი“. ავტორი 1907 წლის ამბებს, თიანელი სოციალ-დემოკ­რა­ტების საქმიანობას ეხება. აქ საუბარია იმაზე, რომ თიანეთი ერთადერთი კუთხეა, სადაც ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ფეხი ვერ მოიკიდეს და სხვა პარ­ტიების დამცირებით ცდილობენ ფონს გასვლას, თავის წარმოჩენას, გან­საკუთრებით, ჯავრი სჭირთ ფედერალისტებისა. „მოკეთის” ეს წერილი შინაარსითა და ენით საკმაოდ განსხვავდება ზემონახსენები მწერლებისგან, ამი­ტომ მათ ვერ ვივარაუდებთ ავტორად, რომელიც თიანეთის დიდი გულ­შემატკივარი და ახლობელია. ამ წერილის დამწერის ვინაობის დადგე­ნისას ვარაუდი  ვაჟა-ფშაველაზე შეჩერდა. 1907 წლის 13 იანვარს თიანეთში წვრილ-მემამულეთა წინასაარჩევნო კრებაზე ფედერალისტებმა დეპუტა­ტობის კანდიდატად ვაჟა-ფშაველა წამოაყენეს, თუმცა საკმაო ხმების მიუღებლობის გამო კანდიდატურა არ დამტკიცდა, ნაცვლად ხმის მიცემისა, სოციალ-დემოკრატებმა ვაჟას შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ზემოხსენებულ წერილს განაწყენებულმა სოციალ-დემოკრატებმაც უპასუხეს გაზეთ „საყვირში” იმავე სახელწოდებით და გააკრიტიკეს ფედე­რა­ლისტები, ცუდად დაახასიათეს ვაჟა-ფშაველა. ზოგადად, ასეთი კონ­ფლიქ­ტური დამოკიდებულება იყო ფედერალისტებსა და სოციალ-დემოკ­რატებს შორის და ეს წერილებიც ამის ანარეკლია. „მოკეთე” რომ ვაჟას ფსევ­დონიმია, ამას სხვა ნიშნებიც ადასტურებს, მაგ.: წერილის შინაარსი, თემატიკა, დამახასიათებელი გამოთქმები; „ჩვენი სოფლის პირას ერთი დიდი ლოდი ძევს, ვინ იცის რამდენი ხანია, მაგრამ იმას არავისთვის არა ურგია რა”. – ამ ლოდს ავტორი სოციალ-დემოკრატთა საქმიანობას ადარებს. ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ის ლოდია, რომელიც ვაჟას სხვა წერილში, „ფიქრებშია” ნახსენები, რომელიც დროს ჩვენამდე შემოუნახავს, დღესაც ფერშეუცვლელად გდია ჩარგლის მახლობლად ჭალაში და მას ვაჟა სხვა წერილებშიც ხშირად ახსენებს.

 

1907 წლის 14 თებერვალს „ეკალ-ძმარას” ფსევდონიმით გაზეთ „ისარ­ში” დაიბეჭდა წერილი ვრცელი სათაურით „გაზეთი საყვირი და თიანური არჩევნები”. აქ ავტორი  ისევ უბრუნდება თიანელ წვრილ მემამულეთა კრებისა და სამაზრო არჩევნების შედეგებს და მკითხველს სოციალ-დემოკ­რატთა ხრიკებზე მოუთხრობს, არჩევნებში ზედმეტი ხმების მიღების მიზე­ზებზე. ეს წერილიც, მოკეთის წერილის მსგავსად, გამოირჩევა დიდი მხატ­ვრული გემოვნებით, ცოცხალი, სხარტი, სადა ენით და ერთგვარად „მოკე­თის” წერილ „თიანეთის” გაგრძელებაა. ამ წერილების შინაარსობრივ-სტი­ლისტური შესწავლის შედეგად მათ ვაჟასეულობას ამტკიცებენ.

 

1890 წელს გაზეთ „ივერიაში” „დროებით თიანელის” ფსევდონიმით ვრცელი კორესპონდენცია გამოქვეყნდა, სათაურით „ხმა პროვინციიდან”. ეს წერილი იუმორისტულია და დაბა თიანეთში არსებულ სოციალურ ნაკლო­ვანე­ბებსა თუ უკუღმართობებს ეხება: ჯარის საზაფხულო ბანაკის გამარ­თვას, ჯარის მიერ მახლობელი მამულების ხელში ჩაგდებას, გლეხები­სათვის სახნავ-სათესის მოსპობას, ადგილობრივების სხვაგან აბარგებას ლუკმა-პურის საშოვნელად, საქონლის დაავადებას, მასწავლებელთა მიერ სკოლის მიტოვებას და პურის მცხობლად დადგომას, ახალგაზრდების უსაქმურობას, ლოთობას და ა.შ. ამ წერილს მაზრის ინტელიგენციაში დიდი აყალ-მაყალი მოჰყვა, თუმცა ავტორის ვინაობა ვერ დაადგინეს. ვინ შეიძლე­ბოდა ყოფილიყო ის? მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, ვისაც შესტკიოდა გული, ვისაც შეეძლო ასეთი მაღალმხატვრული იუმორით წერა.

 

პეტერბურ­გიდან დაბრუნების შემდეგ ვაჟა  დამკვიდრდა სოფელ ჩარგალში, დედმამი­სეულ ნაფუძარზე. მაზრის ცენტრში – თიანეთშიც ხშირად დაიარებოდა. თავისი ფელეტონებისა და კორესპონდენციების არაჩვეულებრივი ციკლით აწვდიდა საზოგადოებას იქაურ ამბებს. ფიქრობენ, რომ ზემოხსენებული წერილიც ამ ციკლის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. ამას ამტკიცებს წერის მხოლოდ ვაჟასთვის დამახასიათებელი მანერა და სხვა წერილებთან აზრების დამთხვევა, სტილი, მწერლისთვის დამახასიათებელი ფრაზეოლოგია, საკი­თხის დაყენების სპეციფიკა, ნაკლოვანებების მიზეზების მიგნებისა და მათგან გათავისუფლების გზები და ა.შ. ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედე­გად დადგინდა, რომ ზოგიერთი ზემოხსენებული და ზოგიერთი სხვა წერილიც, უცნობი პუბლიკაციების ბრწყინვალე ნიმუშები, რომლებზეც აქ არ შევჩერებულვართ („ილდაკნის გმირები”, „თიანეთის მაზრა”, „თიანეთის ვითარება” და სხვ.), ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწი­ლია. რამდენად სანდოა ეს ვერსიები, ამას მომავალი აჩვენებს, რადგან ვაჟა-ფშაველას პრობლემატიკა, სტილი, ენა და პათოსი თანადროულად აღიქმება დროის სხვა ეპოქალურ ლოკაციებშიც, როგორც ქართული კლასიკური მემკვიდრეობა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი