სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ნიჭიერებისთვის

2008 წელს ვნების კვირა სქურის მონასტერში გავატარე. ახლაც მიკვირს, დაუბრკოლებლად რომ გადავდგი ეს ნაბიჯი – ამაში ალბათ წინა ზაფხულს ოლიანკის მამათა მონასტერში (წალკის რაიონი) ყოფნის ერთი თვე და მეგობრების თანადგომაც დამეხმარა. სანამ წალენჯიხისკენ დავეპირებოდით, გზად შემხვედრმა ერთი-ორმა ნაცნობმა ეჭვით მკითხა, რამე ხო არ გაგიჭირდა, პრობლემები თუ გაქვს, გვითხარი და დაგეხმარებითო. არა, რიგზეა-თქო ყველაფერი, – მოკლედ ვუპასუხე, ან როგორ უნდა ამეხსნა, რომ რაღაც განსაკუთრებული სულიერი (და მატერიალური) შეჭირვება სულაც არ არის საჭირო იმისთვის, ამქვეყნიურ ხმაურს მოშორდე დროებით და სიმშვიდე ეძიო.

მონასტერი ჩემთვის, პირველ ყოვლისა, მაინც სიმშვიდეა, და ამ სიმშვიდეში ჩაძირული მარტოკაცის ფიქრი. ბევრისგან მსმენია, რომ აქ ფიქრმა არ უნდა გაგიტაცოს – შრომა, ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა დაუდგენიათ ამისთვის ოდითგანვე, მაგრამ ფიქრი ვერაგია, ბოლოს მაინც გიპოვის ჭუჭრუტანას, შემოგეპარება, სიმშვიდეს დაგირღვევს.

ნიჭია, ფიქრი რომ შეგიძლია, ნიჭი მაცდურია – იმ ბასრი დანასავით, პურის დაჭრაც რომ შეუძლია და კაცის მოკვლაც.

მამა ილიას (თოლორაია) სიტყვები მახსენდება: წყაროსთან ვისხედით, კარგა შებინდებული იყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი მაინც შეამჩნევდა წყლის სიღრმეში მოლივლივე კალმახებს…

„– ალბათ გსმენიათ იგავი ტალანტებზე. გამგზავრების წინ კაცმა მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა მთელი ქონება. ერთს ხუთი ტალანტი, მეორეს – ორი, სხვას – ერთი. ხუთი ტალანტის მქონებელმა ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. ორი ტალანტისამ – სხვა ორი. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა ორმო და დაფლა თავისი ბატონის მონაცემი.

ცოტა ხანში მოვიდა მონების ბატონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. პირველმა ორმა თავისი ამონაგები მიართვა ბატონს. მანაც, ერთგულება დაუფასა და შეიყვანა თავის სიხარულში. მესამემ, რომელმაც მიწაში დაფლა მობარებული ტალანტი, მიუგო ბატონს, ვიცოდი, რომ სასტიკი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში ჩავფალი შენი ვერცხლიო.

განრისხდა ბატონი და წაართვა ის ერთი ტალანტიც, ვინაიდან მქონებელს მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.

უფალი ჩვენი უნარის მიხედვით გვაკუთვნებს ნიჭებს. ზოგს მეტს, ზოგს – მცირეს, მაგრამ არავისთვის ენანება მისი მიცემა. შემდეგ უკვე ჩვენს ნებაზეა, როგორ გამოვიყენებთ ამ სიმდიდრეს, გავამრავლებთ ქრისტეში, სიკეთით მსახურებით თუ მიწიერ სიამეთათვის, ხრწნადი ღირებულებებისათვის გავიმეტებთ მას. ვინც ღმერთს არ ამსახურებს თავის ნიჭს, იმ მონასა ჰგავს, რომელმაც, სასტიკი ბატონის მომიზეზებით, მიწაში დაფლა ტალანტი, წუთისოფელი ანაცვალა მარადიულ მყოფობას. გაივლის ხანი და მიწას ხმარებული ნიჭი გაიხრწნება და ყველას დაავიწყდება მისი არსებობა, თითქოს არც ყოფილაო. თაობები თავს არ აიტკივებენ ძველის გახსენებით. მხოლოდ ათასში ერთს თუ წამოსცდება მისი სახელი იმის დასტურსაყოფად, რა გზით არ უნდა იაროს და როგორი ღვაწლი არ შეეწირება ადამიანს…“

იმის შემდეგ სულ ვფიქრობ და ხშირად გაოცებაში ვარ, რამდენი ნიჭიერი ადამიანია  ჩვენ გარშემო, და როგორ არ ეზარებათ თავიანთი ნიჭის გაფლანგვა, როგორ იოლად იმეტებენ, არ უვლიან, არ უფრთხილდებიან, არ უყვართ თავიანთი ნიჭი, უფრო სწორად, ღმერთის ნაჩუქარი ტალანტი. ხშირად ისე იაფად და იოლად ხურდავდება ეს აუწონავი ნიჭი, დაგენანება კი არადა, გულიც გაგებზარება, ამის შემსწრე რომ ხარ. გირჩევნია თვალებს არ დაუჯერო და არ გესმოდეს, რასაც ამბობენ და რისიც ვითომდაც სჯერათ ამ საოცრად ნიჭიერ ადამიანებს, სასწორის მეორე პინაზე დაკოსებულ უბადრუკ რაღაცაზე რომ ცვლიან თავის ნიჭს და უნარებს.

ღმერთო, ამ ვნების კვირაში მეტი რა უნდა გთხოვო – ჩვენი დიდ-პატარა ნიჭის მოვლა-გაფრთხილება გვასწავლე. მწყემსი კეთილი ხარ და დაფარული უწყი, ჩვენს სიხარულსაც ხედავ და ვნებებსაც, არაფრის გამო რომ ვაწყდებით აქედან იქ, უფსკრულის თავზე დავბორიალებთ, დღედაღამ ვიბრძვით და არც ერთმანეთს ვზოგავთ, თავი რომ გავიტანოთ ბოლომდე, უკან რომ არ დავიხიოთ. ადამიანები ვართ, უკანდახევის გვეშინია, მონანიების, მობოდიშებისაც – ამ სიტყვებს გასავალი არა აქვს ჩვენში. მხოლოდ იმ ერთ დღეს გამოვიღებთ ხელს, საქვეყნოდ, სიმბოლურად ვითხოვთ ხოლმე შენდობას და გვგონია, რომ გვეპატია.

იქნებ ასეცაა და ამ წუთას შეიძლება მართლაც არ გვამძიმებს ის, რაც წარსულში ნება-უნებლიეთ ჩაგვიდენია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თუ რამეზე მოგვეკითხება იქ – ეს უპირველესად ხელუკუღმა დახარჯული თუ სულაც გაუხარჯავი ნიჭია. ნიჭი – ბრჭყვიალა ეპოლეტებზე გაყიდული, ტაშით გაცვეთილი, ერთ სუფრაზე დამღერებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი