ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფელამუშის ზღვა

ბათუმი ისვენებს. ისვენებს დამსვენებლისგან, მთელი წლის მანძილზე ნაკოწიწები ფულით ხელში რომ მიაწყდება ხოლმე ზღვისპირს; ისვენებს გამაყრუებელი ხმაურისგან, რომლითაც შპრიცივით, ნელ-ნელა ივსება მოკლე ქუჩებით გადასერილი ქალაქი; ისვენებს ენერგიისგან – სანაპიროდან რომ გადმოიღვრება ხოლმე და ბათუმის კუთხე-კუნჭულში ტალღებივით აღწევს; ისვენებს ბულვარში გამართული საუბრებისგან, ერთიანობაში მუსიკის თაიგულს რომ ქმნის. 

აპრილია. ბათუმს შორს ჩამოკიდული მზე ადგას თავზე – ჯერ კიდევ სუსტი, ნაავადმყოფარი, ამიტომ საღამოხანს, დაბრაწული ბარაბულის დაგემოვნების შემდეგ, ზღვის პირას, ჯებირზე თუ შემოდგები, სუსხი მაინც გაგჭვალავს ფერდებში. საოჯახო სასტუმრობის მფლობელები მახინჯაურის რკინიგზის სადგურის ბაქანზე ჯერაც არ გამოეფინილან დამსვენებლებზე სანადიროდ – სეზონს ელოდებიან. ტაქსის მძღოლებიც, ლოკოკინებივით, თითქოს თავიანთ ნიჟარას ვერ სცილდებიანო, მანქანებში გამოკეტილან. ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავალი გზა, საზაფხულო ტანსაცმლის ჩაცმას მცივანა ქალივით აჭიანურებს, მაგრამ დასავლური ჰაერით ნასუნთქ მაღალ ხეებს თავიანთი პეწი მაინც დაჰკარვთ.  ვიწრო ქუჩებში ჩადგმული სახლები, გრძელი აივნები რომ გასდევთ, თავისუფლად სუნთქავენ, მიწაზე დაგებული ფილაქანი თითქოს ბავშვის ყიფლიბანდივით რბილია. აპრილია, სეზონამდე ორი თვეა დარჩენილი. 

ჩემი ძირითადი საქმიანობა მოსწავლეებთან ლაპარაკია – ფულს ამაში მიხდიან. ყოველწლიურად ასობით აბიტურიენტს ვხვდები. მათ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებზე ვუყვები. ხან ზეპირად, ხან წერილობით. ბათუმშიც მოსწავლეებთან სალაპარაკოდ ჩავედი. როგორი ამბავია გაზაფხულის ბათუმში მივლინებით წასვლა – აქეთ საქმე და იქით თავისუფალი ქალაქი. დილით სკოლაში უნდა გაიქცე, არადა გრძნობ, რომ ზურგსუკან წყნარი ზღვა გელოდება. ძნელია, როცა არც მიწისა ხარ და არც ცის. 

კარგ მოჭადრაკეს ყოველთვის აქვს შემონახული ერთი დამატებითი სვლა. ჩემნაირები კი ყოველთვის დაიტოვებენ დროს ბათუმში ფეხით გასავლელად. ერთ საღამოს პორტში გავისეირნე. წყალი უჩვეულოდ მშვიდი და ლივლივა იყო – თითქოს ვინმე მოცლილს მასზე მეთლახი დაეგო. ნაპირთან მომდგარი გემები, რომლებსაც ჯებირისგან დასაცავად უზარმაზარი საბურავები ჰქონდათ ჩამოკიდებული, თითქმის არ ირხეოდნენ. ამ სურათმა 13 წლის უკან, ზუსტად ამ ადგილას გადამისროლა: დედა და მამა ჩვენ უკან მოდიოდნენ. მე და ვახო ხარბად ვათვალიერებდით თეთრად შეღებილ, კიდეებში ჟანგმოდებულ გემებს. იქამდე გემი ასე ახლოს არასოდეს მენახა. ამბავი რწყილისა – უცებ ვახომ ერთერთ გემზე ისკუპა. ამბავი ჭიანჭველასი – მე კინაღამ პოსეიდონს ჩავბარდი. ამასობაში მამაჩემმა ხელი წამავლო და გვარაიანად შემომითაქა.  იმ წამს, როცა თვალები წყლით მქონდა ამოვსებული და ყელში ბურთი მეჩხირებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ 13 წლის შემდეგ, ზუსტად იმავე ჯებირთან მდგომი, ამ ამბავმა გულიანად მაცინა. დედას დავურეკე: ზღვაში რომ ვვარდებოდი გახსოვს – მეთქი? მე ისიც მახსოვს მაგის გამო განაწყენებულმა აჭარულ ხაჭაპურზე უარი რომ თქვიო. მერეღა გამახსენდა, რომ დედაჩემს არაფერი ავიწყდება. 

პორტიდან წამოსულს Машина Времени-ს სიმღერა ამეკვიატა – Я пью до дна за тех кто в море. ამ სიმღერაში ბევრი თავისუფლებაა. დაძინებამდე ვღიღინებდი. 

მეორე დღე დაუჯერებელი შემთხვევებისა გახლდათ: ჯერ იყო და ერთერთი სკოლის დერეფანში, პრეზენტაციაზე მიმავალმა კედელზე გამოკრული საკუთარი ფოტო დავინახე. შემეშინდა. ისე მივიხედ-მოვიხედე, თითქოს რამე დამეშავებინოს. ეს იყო ფოტო, რომელიც 5 წლის წინ ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდაზე”, ხეზე მიყუდებულს, ფიქრის პროცესში გადამიღეს. სკოლის კედელზე კი კომპანია ჯეოსელს გამოეჭენებინა. ვითომ არაფერი, მაგრამ მაინც ავცუნდრუკდი. პრეზენტაციას რომ მოვრჩი, გადაღლილ-გასაცოდავებული ისევ სურათისკენ მივბაჯბაჯებდი. გამოვემშვიდობები-მეთქი. ამასობაში ზურგსუკან ხმა მომესმა: „უკაცრავად, შეიძლება რაღაც გკითხოთ?” – მივხვდი, ძალიან მორიდებულ ტიპთან მქონდა საქმე, სახეზე ღიმილი გადავიფინე და შამპანურის ჭიქის გარეშე დარჩენილი დიდი გეტსბივით გამოვიხედე:

– აბა მე აქ რისთვის ვარ? – კითხვა შევუბრუნე. 

ჩემ წინ იდგა გოგონა, რომელიც შეხვედრაზე, ოთახის განაპირას დავლანდე. გარინდული მისმენდა, თუმცა არცერთი კითხვა არ დაუსვამს. ვიფიქრე კედლისკენ ხელს გაიშვერს და მკითხავს ეს თქვენ ხომ არ ხართო. წინასწარ მოვამზადე ნახევრად ოხუნჯური პასუხიც: „დიახ, მე ვარ – მას შემდეგ 5 წელი და 25 კილო მომემატა, თმა კი – გამცვივდა”. ის-ის იყო საკუთარი სხარტი იუმორით წინასწარ ვტკბებოდი, რომ გოგონამ ლახვარი ჩამცა: 

– არ მოგიტყუებიათ? თანადაფინანსებას თქვენს ყველა სტუდენტს აძლევთ?

– არ მომიტყუებია, მაგრამ მხოლოდ ეს უნდა გეკითხათ? – ვკითხე იმედგაცრუებულმა.

– დიახ, გმადლობთ – მიპასუხა და გაბრუნდა. 

– დიახ, მე ვარ. იხტიბარი არ გავიტეხე და მაინც ვუპასუხე. ოღონდ გულში. 

ის დღე ძველი ნაცნობების დღეც იყო. ბათუმის არასანახაობრივ ნაწილში, რომელსაც, დამეფიცება, არანაკლები პეწი აქვს, ოჯახის ძველი მეგობარი შემხვდა – წარუმატებელი ბიზნესმენი, რომელმაც არაერთი საქმის წამოწყება სცადა. ახლაც მორიგი დაწესებულების წინ იდგა, ოღონდ აგრერიგად აღარ ბუინობდა, როგორც უწინ სჩვეოდა ხოლმე. „ბათუმი ჩემია” – ეს სიტყვები ისეთივე დევიზად ჰქონდა, როგორც სტარკები იტყვიან ზამთარი მოდისო. ბაკებთან შეჭარარავებულიყო. ისე ჩამეხუტა, მიწიდან ერთი მტკაველით ამწია. ლოყებზე ბლაგვი ტორები შემომილაგა, სმენა დამიხშო და ისე მელაპარაკა დიდხანს, თუმცა დევიზი არცერთხელ არ დასცდენია. დამიშვიდობებისას ვკითხე – რა მოხდა, ბათუმი შენი აღარ არის – მეთქი? გულიანად გაიღიმა და – შენთვის მიჩუქნიაო – მითხრა. მასზე ფიქრი ღამემდე მიმყვა და ბურანში შესვლისას საკუთარ თავს დავეთანხმე, რომ ის დამარცხდა. მერე კი, სანამ მორფეუსის მიწებზე გადავიდოდი, ასევე დამარცხებული რენდელ პატრიკ მაკმერფი გამახსენდა, რომელმაც თქვა: „მე ვცადე მაინც”. 

ბათუმი მცდელობების ქალაქიცაა. კაფეში Привет из Батума, ჩემ თვალწინ, ჯანღონით სავსე ბათუმელმა ბიჭებმა ამაოდ სცადეს 4 მშვენიერი ნორვეგიელი გოგოს გაცნობა: ჯერ, მხნეობისთვის, ორ-ორი კათხა ლუდი გაუშვეს ყბაში; მერე რუსული ლექსიკონი გადაიმეორეს, რადგანაც გოგონები სლავებს ჰგავდნენ და საპასუხოდ We don’t understand მიიღეს. ამაო მცდელობების ქალაქიცაა ბათუმი. 

– მიხვალ? – მკითხა ტაქსის მძღოლა, რომელიც სკოლიდან სკოლაში დამატარებდა ბათუმში ყოფნისას და დავმეგობრდით კიდეც. 

– მივდივარ – თვალმოჭუტულმა და ბარგმოკიდებულმა ვუპასუხე. 

– სეზონზე ჩამოი.

– მალე ჩამოვალ – ვუთხარი და მზე ხელის გულით მოვიჩრდილე. 

წამოსვლისას, როცა ბათუმი ზურგსუკან მოექცა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს აზვირთებული ტალღა მომდევდა, მაგრამ როცა მივიხედე, მშვიდი ქალაქი დავინახე, რომლის ნაპირებსაც წყალი ფელამუშივით მოსდგომოდა. „ბათუმი ჩემიცაა” – გულში, დაგვიანებით ვუპასუხე უფროს, ძველ მეგობარს. სხვა თუ არაფერი, დედამიწის ზურგზე ბევრ ქალაქვს ვერ ვიპოვი, სადაც, სკოლის კედელზე, ჩემი ფოტო კიდია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი