ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთი აბრის ამბავი

ცოტაც გუტენბერგი, ცოტაც ბორხესი
ყველა გზა რომში რომ მიდის, გეცოდინებათ ეს ამბავი. ჰოდა ჩვენც, ცივი გერმანიის შემდეგ, მზიანი ტოსკანა და ფლორენცია რომ გამოვიარეთ, მარადიულ ქალაქსაც მივადექით.

რომი სასწაულია, ნამდვილად ხილული სასწაული.

ყველა შენობა თუ მოედანი, რომელიც ფილმებში მინახავს, ყველა კადრი, რომელიც წიგნებსა თუ რომში მცხოვრები მეგობრის წერილებში წამიკითხავს, უცებ რეალური გახდა. დავდიოდით და ვეძებდით ადგილებს, შენობებს, მუზეუმებს, შადრევნებს მე – აღორძინების ხანის მხატვრობის ტრფიალი და ზაზა – ძველი რომის ისტორიაზე გადარეული.

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ვატიკანი და წმინდა პეტრეს მოედანი გადავიარეთ თუ კოლიზეუმი და ძველი ქალაქის ნანგრევები, ერთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან,  აბრას მივადექით. ჰო, ერთი შეხედვით უბრალო აბრას, მაგრამ ქართული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესს. ჰოდა, ამ აბრაზე მინდა გიამბოთ:
 

თუმცა, თუ არ გამიბრაზდებით, დროის ფირს ცოტა უკან გადავახვევ და ერთი გაკვეთილის შესახებ მოგიყვებით.
23 აპრილი იყო, წიგნის საერთაშორისო დღე.

ვერ გეტყვით, რომ დადგენილი დღეები და დღესასწაულები ძალიან მიყვარს, თუმცა ბევრ შემთხვევაში, ცხოვრებას აადვილებს. ჰო, ცხოვრებას და სასწავლო გეგმასაც.

წინასწარ შევუთანხმდი სკოლის ადმინისტრაციას, რომ გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში გვექნებოდა.
ბიბლიოთეკაში ძირითადი განათება გამოვრთე, რამდენიმე  აბაჟური ავანთე.

ბავშვებს ამ იმპროვიზებულ გაკვეთილზე თბილი პლედები და, არც მეტი, არც ნაკლები, ჯიბის ფარნები დახვდათ. დიახ, დიახ, სწორედ ასე. 

ამ გაკვეთილისთვის მომზადება თითქმის 2 კვირით ადრე დავიწყე. მოვამზადე პატარა ფილმი უძველესი წიგნების, წიგნის ბეჭდვის პროცესის, მსოფლიოს ბიბლიოთეკების შესახებ. ჩვენი წარმოსახვითი გიდი წიგნების სამყაროში, არც მეტი და არც ნაკლები, გენიალური ბრმა არგენტინელი ბიბლიოთეკარი – ხორხე ლუის ბორხესი უნდა ყოფილიყო. 

ძირს, ბიბლიოთეკის იატაკზე ვისხედით, ნახევრადგანათებული წიგნების ლაბირინთში.

მე ქვაზე ამოკაწრულ წიგნებზე, ხის დაფებზე, პაპირუსებსა თუ ტყავის ეტრატებზე ვყვებოდი, თან ფილმს ვუყურებდით. მერე თანდათან გუტენბერგის გენიალურ გამოგონებამდე მივედი, ვინც პირველი ნაბეჭდი წიგნი – ბიბლია გამოსცა. ამ სრულიად განსაკუთრებულ მოვლენამდე, რომელმაც  1455 წელს,  ვფიქრობ, კაცობრიობის ისტორია შეცვალა.

შემდეგ ჩემს გენიალურ გიდს – ხორხე ლუის ბორხესს ვუხმობ.  ვკითხულობთ მის მოთხრობას „ქვიშის წიგნი”. გახსოვთ ეს მოთხრობა? თუ არადა, აუცილებლად გაიხსენეთ.

„მთხოვა პირველი გვერდი მეპოვა, სატიტულე ფურცელზე დავდე ხელი და ვცადე პირველი გვერდი მეპოვა. არაფერი გამოვიდა. ხელსა და სატიტულე ფურცელს შორის ყოველ ჯერზე აღმოჩნდებოდა რამდენიმე ფურცელი, თითქოსდა ისინი წიგნიდან იზრდებოდნენ.

–ახლა ბოლო იპოვნეთ!

ისევ წარუმატებლობა, ძლივს გასაგონად ჩავილუღლუღე:

ეს შეუძლებელია! ‘’ … ( ხორხე ლუის ბორხესი, „ქვიშის წიგნი”)

შემდეგ მოთხრობა განვიხილეთ, ძალიან საინტერესო აზრები მოვისმინეთ – რომ წიგნი ცხოვრებაა და, პირიქით, რომ ყველა წიგნი ერთი და იმავე წიგნის გაგრძელებაა, რომ ჩვენ ყველანი წიგნის პერსონაჟები ვართ – რას არ იტყვიან ხოლმე ეს ჭკვიანი ბავშვები!

შემდეგ მათ 10 წუთი მივეცი იმისთვის, რომ ბიბლიოთეკის ლაბირინთებში საკუთარი წიგნი მოეძებნათ. აი, მაშინ კი გენახათ მათი აშრაშუნება და ფუსფუსი, ზოგი ანბანის მიხედვით გაჰყვა კარტოთეკას, ზოგი – ჟანრების მიხედვით ეძებდა, ზოგი კიდევ ისე, შემთხვევით, როგორც იქნა ჩამოყალიბდა და თავიანთი თითო წიგნი გამოაძვრინა ბიბლიოთეკის მტვრიანი საცავებიდან.

ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდით, პლედები თავზე გადავიფარეთ, ჯიბის ფარნები ავანთეთ და რიგ–რიგობით ვკითხულობდით შემთხვევით გვერდებს ჩვენ მიერ ამორჩეული წიგნებიდან. 

ჯადოსნური რამ იყო, მართლაც განუმეორებელი.

თითქოს შუა უდაბნოში კოცონის ირგვლივ ვისხედით და  ერთი საერთო ზღაპრის ათასგვარ გაგრძელებას ვიგონებდით, ვიგონებდით დაუსრულებლად.

გაკვეთილის ბოლოს ვიკითხე, თუ იცით, პირველი ქართული წიგნი სად და როდის დაიბეჭდა–მეთქი. ჩემდა გასახარად, რაღაცები გაახსენდათ.  მათი ფრაგმენტული ცოდნა  ერთ ინფორმაციად  ავკინძე და პირველი ქართული წიგნის ისტორიაც ვუამბე – ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ირუბაქიძის)  შესახებ, რომლის თანაავტორობითაც იტალიელმა მისიონერმა სტეფანე პაოლინიმ ქართულ-იტალიური ლექსიკონი შეადგინა. წიგნი რომში, პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის სტამბაში დაიბეჭდა. იმავე წელს, იმავე სტამბაში გამოვიდა პირველი ნაბეჭდი ქართული ანბანიც…

ჰოდა, როცა რომში, მარადიულ ქალაქში ამ ჩემთვის ძალიან ახლობელ აბრას წავაწყდი, ეს გაკვეთილი გამახსენდა და გადავწყვიტე თქვენთვის მომეთხრო.

თქვენს სკოლაში არის ბიბლიოთეკა? ხომ არ გინდათ თქვენც გამოიყენოთ ის საგაკვეთილო სივრცედ? 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი