ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სტიგმა

სკოლაში გატარებული პირველი წლებიდან მახსოვს მასწავლებლების მიერ მოსწავლეების დაყოფა გოგოებად და ბიჭებად და მერხებზე ამავე პრინციპით განაწილება: გოგო-ბიჭი, გოგო-ბიჭი, კარგი მოსწავლეები – წინ, სუსტები – უკან. მახსოვს უკან მსხდომებისგან წინა რიგებში წამოსკუპებული ბეჯითებისთვის დაწიწკნილი თმა და შეძახილები: „დამპალო”, „დებილო”, „დაუნო”… მომდევნო წლებში, როცა უფრო გავიზარდეთ, მერხებზე ისე პურიტანულად აღარ გვანაწილებდნენ, თმასაც იშვიათად ვაწიწკნიდით ერთმანეთს, მაგრამ ეს შეძახილები მაინც სულ ისმოდა. ისიც მახსოვს, რა შეწუხებული სახით გვთხოვა ერთხელ ერთმა მასწავლებელმა, ერთმანეთისთვის ასე არ მიგვემართა. მას შემდეგ ვცდილობდი, მეკონტროლებინა შეურაცხმყოფელი სიტყვების შინაარსი, გარშემო კი მაინც ისმოდა: „დამპალო”, „დებილო”, „დაუნო”…

ორსულობის პირველი კვირებიდან მახსოვს ანალიზები, ანალიზები, დაუსრულებელი ანალიზები. ერთხელაც მეგობართან ვიყავი, რომელსაც უკვე ჰყავდა რამდენიმე თვის შვილი და, როგორც ამ ამბებში ჩემზე გამოცდილს, ვუყვებოდი: ექიმმა მითხრა, რომ მომდევნო კვირას შემეძლო გამეკეთებინა ანალიზი, რომლითაც გაირკვეოდა, ჰქონდა თუ არა ნაყოფს დაუნის სინდრომი. მეგობარმა თქვა, რომ მას არ ჩაუტარებია სკრინინგი – ინფორმაცია უკვე არსებული შვილის ჯანმრთელობაზე ორსულობისას ზედმეტი ნერვიულობის გარდა არაფერს ნიშნავს, თვეების ნაყოფს კი ერთით მეტი ქრომოსომის გამო არ მოიშორებდა. მართალია, მეგობრების სიყვარულს დამატებითი არგუმენტები არ სჭირდება, მაგრამ იმ საღამოს მივხვდი, რომ ზრდასრულ ასაკში სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო იმსახურებენ ადამიანები პატივისცემას, ხდებიან მეგობრები და გიყვარდებიან.
სკრინინგი დაუნის სინდრომზე არც მე ჩამიტარებია, მაგრამ იმ საღამოსაც ბევრი ვიფიქრე და მას მერეც ხშირად ვფიქრობ, რამდენი იტყოდა უარს ნაყოფის მოშორებაზე, თუ ეცოდინებოდა, რომ მას დაუნის სინდრომი აქვს. კითხვა მძიმეა, მაგრამ ლეგიტიმური ჩვენს სინამდვილეში, სადაც სელექციური აბორტების მაჩვენებელი ასეთი მაღალია. ის, ვინც მზად არის, უარი თქვას შვილზე მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა, ალბათ კიდევ უფრო დაუფიქრებლად მოიშორებს „ავადმყოფ” ნაყოფს. იმ ექიმებზეც ვფიქრობ, რომლებიც მშობლებს ნაყოფის მოშორებას ან უკვე გაჩენილი ბავშვის თავშესაფარში დატოვებას ურჩევენ და იმ მშობლებზეც, რომლებიც სირცხვილის გამო თავიანთ სხვებისგან განსხვავებულ შვილებს იზოლაციაში აქცევენ და ამით განვითარების შანსს ართმევენ. ვფიქრობ ყველაფერ ამაზე და ვხვდები, რომ ადამიანი არც ისე ჰუმანური არსებაა; მიუხედავად პროგრესისა, სიყვარული და თანადგომა მაინც გვაკლია. გვიჭირს განსხვავებულების მიღება და იმის გათავისება, რომ ისინიც ჩვენნაირები არიან, ისევე ესმით, სტკივათ და უხარიათ, როგორც ჩვენ, ისევე სჭირდებათ განათლება და მომავლის იმედი, როგორც ჩვენს შვილებს და ამაში საოცარი არაფერია.

ჩვენ კი, თითქოს ისევ სკოლაში, უკანა მერხებზე ვისხდეთ, გავიძახით: „დებილი”, „დაუნი”… და ცოტაა ისეთი მასწავლებელი, რომელიც გვეტყვის, რომ წესიერი ადამიანები ერთმანეთს ასე არ მიმართავენ.
წესიერი ადამიანები არათუ სიძულვილის ენას არ იყენებენ, არამედ ცდილობენ, სხვებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. ასე დაარსდა 2011 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. ამ დღეს გამართულ ღონისძიებათა მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, იმის ახსნა, რომ დაუნი არამცთუ სალანძღავი სიტყვა, დაავადებაც კი არ არის – ის მხოლოდ გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც არც სამარცხვინოა, არც გადამდები და არც მემკვიდრეობითი. ამ დღეს ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ხალხს გააგებინონ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს არა სიბრალული, არამედ სიყვარული და მათდამი მეგობრულად განწყობილი გარემო სჭირდებათ და ამის გაცნობიერება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან ხშირად სწორედ სიბრალული და უტაქტო კომენტარებია ის, რაც მშობლებს შვილების იზოლაციისკენ უბიძგებს, რაც ადამიანებს სიხარულისა და ბედნიერების უფლებას ართმევს, რაც სტიგმას ამყარებს და განვითარებას უშლის ხელს.
ის, რის ახსნასაც დაუნის სინდრომის დღე ემსახურება, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა გაითავისოს, ვინაიდან, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ერთ დღესაც ჩვენ გვერდით განსხვავებული საჭიროების მქონე ადამიანი აღმოჩნდეს – უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ მასთან. ეს ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, ისევე როგორც დაუნისსინდრომიანი ბავშვის სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.
დასაწყისისთვის შეიძლება, ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს ვთხოვოთ, არასოდეს გამოიყენონ „დაუნი” სალანძღავ სიტყვად, მერე ნელ-ნელა ავუხსნათ მათაც და საკუთარ თავსაც, რომ განსხვავებულობა უბედურებას არ ნიშნავს და იმედი დავიტოვოთ, რომ გაისად უფრო მეტი დედა გამოიყვანს შვილს გარეთ, მეგობრულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და 21 მარტი არ იქნება წელიწადის ერთადერთი დღე, როცა ჩვენც ვიგრძნობთ მათდამი ემპათიას. უნდა შევძლოთ და დავანახვოთ მათ, რომ გაგვიხარდება, თუ ჩვენს შვილებთან ერთად ითამაშებენ, ჩვენი მოსწავლეები გახდებიან, სრულფასოვან მოქალაქეებად გაიზრდებიან და მიხვდებიან, რომ ბედნიერება რეალობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი