შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ნეტავი გამაგებინა…

ჩემი მამაპაპისეული სახლი მთაში დგას, არაგვის პირას. ერთ დროს დიდ, მჭიდროდ დასახლებულ სოფელში დღეს თითო-ოროლა სახლიღა შემორჩენილა და იმათგანაც ზამთრობით სულ რამდენიმედან ამოდის კვამლი. ჩვენი სახლის უკან უზარმაზარი მთა დაყუდებულა. მახვილი თვალი უნდა გქონდეს, მის წვერზე შავ წერტილად დაჩნეული მთაწმინდის სალოცავი შეამჩნიო. არაგვის პირას მდგომს გეჩვენება, რომ მთის წვერს ცა გაუპია და მზემდე აწვდილა. ისიც, სხვა მთებივით, ხან შუბლმკერდგადაწმენდილი დასცქერის არაგვის ჭალებს, ხანაც „ჰყუდავ ჩაღრუბლული”.

მთაწმინდის წვერს არაგვსა და ქალაქთან საცალფეხო ბილიკი აკავშირებს. მისი მწვერვალისკენ მიმავალი გზა აღმართით იწყება. სულ რამდენიმე ნაბიჯი და ნახევარ სოფელს ზევიდან გადმოჰყურებ. თვალი ძალაუნებურად ქვევით გაგირბის. რამდენიმე ძველებურ სახლთან ერთად მრავლად მოჩანს ჩამოშლილ-ჩამონგრეული მშრალი ყორის კედლები. ერთ-ერთ მათგანს კანცელარიად მოიხსენიებენ – რუსის პრისტავი მჯდარა თავისი ჩაფრებიანად ნიკოლოზის დროს…

მიუყვები ბილიკს და გზადაგზა კიდევ რამდენიმე სახლი გხვდება. მათაც გასტეხიათ თავხე, ჩაჰქცევიათ ჭერი, ლიბოზე ჭინჭარი აჰყვავებიათ… რამდენიმე ათეული წელია, მათ რიდეზე არავის გადაუბიჯებია… მათი პატრონები დიდი ხანია იქ გადასახლდნენ, საიდანაც ვეღარ ბრუნდებიან… მიუხედავად ამისა, არც ერთი ნასახლარი არ არის უპატრონო – ჯერ კიდევ შერჩენიათ სახელები და კუთვნილება: „ბიჭურთ ნასახლარი”, „ყუჯიათ ნასახლარი”…

სოფელს ასცდებით თუ არა, ბილიკი მუხიანში შედის. შემდეგ იწყება მთის ბილიკებისთვის დამახასიათებელი ზიგზაგები. უღრანში ბილიკი ხან მარცხნივ მიიკლაკნება, ხან – მარჯვნივ. ეს თავბრუდამხვევი სერპანტინი კიდევ უფრო გიგრძელებს გზას, რომელზეც ყოველი ნაბიჯი წინაზე ძნელია… მაგრამ იმდენად დიდია წადილი, შენც გააპო მკერდით ცარგვალი, რომ მაინც მიიწევ ზევით და ზევით. ერთ-ერთ მოსახვევში ბილიკი ტყიდან გამოდის და საშუალებას გაძლევს, თვალს წყალი დაალევინო – ქვევით არაგვის მიხრა-მოხრით დატკბე, შორს კი – მათურის ყელით. ერთ დროს იქ მდევარში წასული გიგლია მიაქროლებდა ბედაურს.

კიდევ ნახევარი საათი შეუსვენებლად სიარული და ცაბაურთაში შეაბიჯებ. ეს ვაჟა-ფშაველას მამა-პაპის სოფელია. აქ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ ცხოვრობდა ერთი კომლი. ახლა სახლები და ნასახლარებია მხოლოდ.

უცქერი ჟამთა სვლისა და მზე-წვიმის ანაბარა მიტოვებულ სახლებს და შენდა უნებურად გაგონდება:

„ნეტავი გამაგებინა,
მამა-პაპანი რა ქმნილან,
ამდგარან, სადღაც წასულან,
ნასახლარები შაქმნილან…”
ისე, მართლა სად წავიდნენ? სად გაქრნენ? 

უფრო შორს თუ გავიხედავთ, კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება. იყო დრო, როდესაც დედამიწა უფრო მწვანე გახლდათ – მისი უმეტესი ნაწილი უფრო დიდი ხეებითა და დაბურული ტყეებით იყო დაფარული. „ბეჰემოთები” და „ქათამ-ინდაურებიც”, როგორც ჩვენი პალეონტოლოგები და სხვა სიძველეთა მესაიდუმლენი გვარწმუნებენ, უფრო ჯიშიანები იყვნენ. სად წავიდნენ? ექიმები იტყვიან, დაიხოცნენო, ზოოლოგები – გადაშენდნენო, ბოტანიკოსები – დაჭკნენო… მაგრამ ეს ძალიან მარტივი და არადამაკმაყოფილებელი ახსნაა.

სამყარო მატერიალური ნაწილაკების საბრძანებელია და არა იქთიოზავრებისა, ბაობაბებისა თუ ჰომო საპიენსებისა. მუდამ მშფოთვარე, დაუდგრომელი ეს პატარა კორპუსკულები ყველგან ბატონობენ. მათ გარეშე არ არსებობს არც ქვესკნელი და არც ზესკნელი. ისინი გარკვეული ხნით ჯგუფდებიან, წარმოქმნიან ნივთიერებებსა და მატერიებს, ხეებს, ფრინველებსა და ადამიანებს… მერე, ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუცნობელ მიზეზთა გამო, სწყინდებათ ერთად ყოფნა და იშლებიან… ატომები ხელახლა იწყებენ ხეტიალს უკიდეგანო სამყაროში ახალი თანამოაზრეების საძიებლად…

ვინ იცის, იქნებ ამიტომაც მიგვიწევს გული მამაპაპისეული კერისკენ – შესაძლოა, იქ ჯერ კიდევ იყოს შემორჩენილი მათი რამდენიმე ატომი… ალბათ მამულიც ამიტომ გვიყვარს და კბილებით ვიცავთ მომხდურისგან… ვინ იცის, ამიტომაც არის ასე მტკივნეული სიტყვა „გაცამტვერება”…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი