პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რამდენიმე ფრაგმენტი უკრაინის ისტორიიდან

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული. საქართველოშიც უამრავი ადამიანი ფიქრობს მეგობარი ქვეყნის მომავლის შესახებ. ყირიმის კრიზისმა თავდაყირა დააყენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ისედაც მყიფე გლობალური წესრიგი. კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იალტის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოთა საზღვრების ურღვეობის პრინციპს გულისხმობდა. გამართლდა ამერიკის თავდაცვის ყოფილი მდივნის, კასპარ ვაინბერგერის მოსაზრება. აშშ-ს სამხედრო პოლიტიკის ხელმძღვანელს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს იგი „ბოროტების იმპერიის” ნგრევის შედეგად მოსალოდნელ და გარდაუვალ კატაკლიზმებში ხედავდა. 

უკრაინის საკითხზე მსჯელობა შეუძლებელია მხოლოდ ქართული და საერთაშორისო მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ვითარების უკეთ გასაანალიზებლად აუცილებელია შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სლავური სახელმწიფოს ისტორიის გახსენებაც.  აქედან გამომდინარე, შევეცდები შემოგთავაზოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნის წარსულიდან. 

ფრაგმენტი N1 – კაზაკები და ბოგდან ხმელნიცკი

უკრაინის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფოები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ეპოქაში ჩამოყალიბდნენ. რუსეთის მომავალმა იმპერიამაც კიევიდან დაიწყო აღმასვლა. VIII საუკუნის ბოლოს მდ.დნეპრის ნაპირზე მოსულმა სკანდინავიურმა, ვიკინგურმა ტომებმა – ვარიაგებმა –რეგიონში მცხოვრები სლავური ეთნიკური ჯგუფები დაიმორჩილეს და მათ თავიანთი თვითსახელი – „რუს”- მისცეს. ქრისტიანობის გავრეცელბამ ადგილობრივი ხალხების უკეთ ორგანიზებასა და მათ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით (დღევანდელი რუსეთის) ექსპანსიას შეუწყო ხელი. დაფუძნდა კიევის რუსეთი, რომელიც ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილების საკუთარი იურისდიქციის ქვეშ თავმოყრას შეეცადა. პანსლავური გაფართოების პროცესი მონღოლურმა შემოსევებმა შეაჩერა. 

კაზაკებმა უკრაინის ტერიტორიაზე მყარად დაფუძნება სწორედ მონღოლური ბატონობის შემდეგ დაიწყეს. კაზაკების წარმოშობისა და ვინაობის შესახებ უამრავი ჰიპოტეზა არსებობს. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ აღნიშნული ჯგუფები ძირითადად რუსული სათავადოებიდან გამოქცეულ თავისუფალ გლეხებს აერთიანებდა. ტყეებში, სტეპებსა და აუთვისებელ ტერიტორიებზე მცხოვრები გლეხები ხშირად სამხედრო თემებად ფორმირდებოდნენ, აგებდენ ციხესიმაგრეებს და ცდილობდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას. თუმცა კაზაკების მიერ გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების პროცესი ყოველთვის გართულებული იყო. ისინი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მეჩვიდმეტე საუკუნეში აღმოჩნდნენ, როდესაც უკრაინული ტერიტორიები ოსმალოებმა, მოსკოვის სამეფომ და რეჩ პოსპოლიტამ (პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა) გადაინაწილეს. ყველაზე შეუზღუდავი პოლონური ელიტების, „შლიახტებისა” და კათოლიკური ეკლესიის ზეწოლა იყო.  ამგვარი ზეწოლის შედეგი გახლდათ კაზაკი დიდგვაროვნის, ბოგდან ხმელინცკის ოჯახის გაპარტახება, მისი შვილის მკვლელობა და ცოლის გატაცება.

შეურაცხყოფილი თავადი იქცა ადამიანად, რომელმაც პირველი ფართომასშტაბიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა წამოიწყო და უკრაინულ ნაციონალურ იდენტობას საფუძველი გაუმყარა. 1648-54 წლებში კაზაკები, ადგილობრივი გლეხები და ყირიმელი თათრები ერთად იბრძოდნენ პოლონურ-ლიტვური კოალიციის წინააღმდეგ. 6 წლის განმავლობაში მათ ფაქტობრივ დამოუკიდებლობას, კაზაკთა რადას და არჩევითი გეტმანის (მეთაურის) ინსტიტუტის ჩამოყალიბებას მიაღწიეს. ბრძოლით დაღლილმა და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილმა პირველმა უკრაინულმა სახელმწიფომ 1854 წელს დახმარებისათვის მოსკოვის მეფეს, ალექსი მიხაილოვიჩს მიმართა. ხმელნიცკიმ შიდა საქმეებში დამოუკიდებლობა მოითხოვა და სანაცვლოდ რუსეთის ხელმწიფის ტახტის მორჩილებას დასთანხმდა (ალბათ, გეცნობათ სიტუაცია).

ცხადია, მოსკოველებმა პირობა დაარღვიეს და ხმელინცკის აჯანყების შედეგად, უდიდესი სისხლის ფასად მოპოვებული მოპოვებული სივრცე, ევროპელებთან ერთად გაინაწილეს. 

სივრცის გადანაწილების შემდეგ უკრაინა სამი განსხვავებული მიმართულებით განვითარდა. ყირიმი კვლავ ოსმალურ-თათრული კულტურის შემადგენელ ერთეულად დარჩა, აღმოსავლეთში რუსიფიკაციისა და სრული ასიმილაციის პოლიტიკის წარმოება დაიწყო, დასავლეთი კი შლიახტებისა და ებრაელების მიერ ათვისებულ რეგიონად გადაიქცა.

ფრაგმენტი N2 – უკრაინის სსრ-ისა და ხრუშჩოვის გადაწყვეტილება

XVII საუკუნის შემდეგ კიდევ დიდხანს კაზაკთა სახელმწიფო სხვადასხვა იმპერიათა გავლენის ქვეშ რჩებოდა. უკრაინის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად რუსეთი და ავსტრია-უნგრეთი აქტიურობდნენ. 1918 წელს უკრაინელებმა პეტერბურგში მიმდინარე რევოლუციური ეიფორიით ისარგებლეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. პარალელურად ლვოვის ირგვლივ გაერთიანებულმა რეგიონებმა გალიციაში დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. გაერთიანებული უკრაინული სახელმწიფოს დედაქალაქი1920 წელს წითელმა არმიამ დაიკავა. ბრესტის მოლაპარაკებების დროს კი ლეო ტროცკიმ დასავლეთ უკრაინა დროებით კვლავ პოლონეთს დაუბრუნა. ბრესტის შემდეგ შეიქმნა საბჭოთა უკრაინა, რომლის ისტორიულ მემკვიდრეობას, „გოლოდომორის” მიუხედავად, სსრკ-ს გაფართოების მიზნით იყენებდა. 1945 წელს აღნიშნული პროცესი დასრულდა, ლვოვის ოლქის ჩათვლით  უკრაინის სოციალისტური რესპუბლიკა გავრცელდა.

შემდეგ იყო ხრუშჩოვი და მისი თითქოს უცნაური გადაწყვეტილება, რომელმაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობიდან გამოიყვანა. ზოგიერთებს უჭირთ ამ გადაწყვეტილების ახსნა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ სოვეტოლოგიით დაინტერესებული დაბალი აკადემიური მოსწრების სტუდენტიც კი ადვილად განგიმარტავთ ხრუშჩოვის მოტივაციას. გენერალური მდივანი აგძელებდა კურსს, რომელსაც „კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების პოლიტიკას” უწოდებდნენ. საბჭოთა ლიდერები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტად გადაეხლართათ ერთმანეთში თავიანთი რესპუბლიკების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სოციალურ-ეკონომიკური ობიექეტები. ამ მიზნით კომუნისტებს მესამე ქვეყანაზე გაჰყავდათ ორი სახელმწიფოს დამაკავშირებელი სატრანპორტო ხაზები (როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა), შუა აზიაში მოპოვებული ნედლეული ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მიჰქონდათ გადასამუშავებლად და ა.შ. ყირიმის უკრაინასთან მიერთებით ხრუშჩოვმა მოსკოვს მეზობელი რესპუბლიკის კონტროლის დამატებითი მექანიზები შეუქმნა. 1954 წელს მომზადებული დინამიტი სამოცი წლის შემდეგ ამოქმედდა.

ფრაგმენტი N3 – 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი

აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ უკვე მედიიდანაც გეცოდინებათ. ბრიტანული, ამერიკული და რუსული მხარეების მონაწილეობით, ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ უკრაინამ მსოფლიოს სიდიდით მესამე ატომური სამხედრო შეიარაღება დათმო. გლობალური მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი წვლილი უკრაინული ნაციონალური იდენტობის მდგრადი განვითარების წინაპირობა უნდა გამხდარიყო. უკრაინელებს აიმედებდათ მემორანდუმში აღმოსავლელი მეზობლის შესახებ ჩაწერილი უმნიშვნელოვანესი ფრაზა: „რუსეთი არ დაემუქრება და არ გამოიყენებს ძალას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”.

20 წლის განმავლობაში უკრაინამ ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირება დაიწყო. გაკეთდა არჩევანი ევროპასთან ასოცირების სასარგებლოდ, რამაც საბოლოოდ დააჩქარა რუსეთის აგრესია და გამოიწვია ყირიმის კრიზისი.

ალბათ უკვე თავიც შეგაწყინეთ. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა აღნიშნული ფრაგმენტები უინტერესოდ და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს. მე უბრალოდ მინდოდა, კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გარემოებისთვის – უკრაინა ძალიან მძიმე წარსულის მქონე ქვეყანა გახლავთ, რომელსაც მეოცე საუკუნემდე არ ჰქონია სრულყოფილი სუვერენიტეტი. მისი ტერიტორიები მუდმივად სხვადასხვა იმპერიას შორის იყო გადანაწილებული. საზოგადოება კაზაკების, რუსების, ებრაელების, პოლონელებისა და თათრების პერმანენტული ურთიერთდაპირისპირების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული კონსესუსი მომავლის პერსპექტივების შესახებ, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალები ვერ თანხმდებიან სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ კოდზე. ყველაფერ ამას კი, ევრაზიული სახელმწიფოს მეჩვიდმეტე საუკუნისდროინდელი მიდგომები და უკიდურესად მრავალფეროვანი ევროპის არაერთსულოვანი პოზიციებიც ემატება. უკრაინის დღევანდელ ყოფას, მდგომარეობას მარტივად შეგვიძლია მორიგი უბედურება ვუწოდოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი