ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლაიფციგი, ესენერშტრასე, ლანდებთან ლაციცი (ნაწილი I)

„ლაიპციგში მე ჯერაც არა მქონდა გამორკვეული, თუ საითკენ მივყავდი ამდენ ლექციებს, კითხვასა და რეფერატების წერას, არც თუ ოდესმე რაიმე მისწავლია იმისათვის, სადმე და ოდესმე გამომდგომოდა” – ეს ადგილი კონსტანტინე გამსახურდიას ავტობიოგრაფიული რომანიდან „ლანდებთან ლაციცი” ჯერ კიდევ მანამდე წავიკითხე, სანამ ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი ხის წვრილი და წაგრძელებული ჯოხით ევროპის კონტინეტს მოგვიხაზავდა რუკაზე, მერე კი, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, გერმანიასაც გვაჩვენებდა თავისი მთავარი ქალაქებით. მათ შორის ლაიფციგიც ერია.
ლაიფციგიც და ფრანკფურტიც. ოღონდ წლების შემდეგ ჯერ ფრანკფურტში მოვხვდები, საქვეყნოდ ცნობილ წიგნის ბაზრობაზე, მოგვიანებით კი, იმავე მიზეზით, ლაიფციგის აეროპორტშიც დაეშვება ჩვენი თვითმფრინავი, რეისით თბილისი-მიუნხენი-ლაიფციგი.
ჰო, მიუნხენი, ეგეც იყო გეოგრაფიის მასწავლებლის ჩამონათვალში, ოღონდ აქ უკვე აეროპორტს არ გავცდენილვარ და ერთადერთი, რაც  მახსოვს, ერთ-ერთ გასასვლელთან გამოკიდული უზარმაზარი ბანერია – „ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი ფეხბურთელების გარემოცვაში ლუდს შეექცევა. სწორედ იმ დღეს, ჩვენ რომ თბილისიდან მიუნხენში ჩავფრინდით, გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან „ბაიერნმა” ლონდონის „არსენალი”, გუნდი, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ და ისიც, ჩემი კიდევ ერთი ტრფიალის – ინგლისის ნაკრების მსგავსად, თითქმის ვერასოდეს ახერხებს მერვედფინალის ან, უკეთეს შემთხვევაში, მეოთხედფინალის გადალახვას.
ლაიფციგში ფეხბურთისთვის აღარავის ეცალა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ისე დაქანცულები და ძილგატეხილები მივადექით სასტუმროს, მე თვითონაც მიჭირს დაჯერება, ძალა როგორ გამოვნახეთ ქალაქში გამოსასვლელად, სასეირნოდ და ათასგვარი სუვენირის ასარჩევად პირველივე დღეს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ დღედაღამეარეულმა, ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში, ქუჩიდან ქუჩაზე ნაწოწიალებმა, ბალიშის დანახვისთანავე ძილს მივეცი თავი.
„ნაშუაღამევამდის ვიმუშავე, წავთვლიმე თუ არა, ვნახე ჩემი საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე ვირთხა ამოსულიყო და ნახტომისთვის ემზადებოდა. სასთუმალიდან ფრთხილად გამოვიღე იარაღი და ზედ შუბლში ვახალე აბეზარს ტყვია” – ესეც „ლანდებთან ლაციცია”, სულ მეცინებოდა ამის კითხვისას, წარმოვიდგენდი, როგორი გაბრაზებით, და თან საკუთარი სიმარჯვით აღტაცებული წერდა კონსტანტინე გამსახურდია ამ ერთ ფრაგმენტს თავისი სტუდენტური ცხოვრებიდან. ეს ის დროა, მთელი წელი მეშვიდე სართულის სხვენზე რომ ცხოვრობდა, ფანერით გადახურულ ოთახში.
ლაიფციგი და ფრანკფურტი. ფრანკფურტი და ლაიფციგი. ჯერ ფრანკფურტისა ვთქვათ. ამასწინებზე დიდი ამბავი მოხდა – გერმანიის დედაქალაქში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის ძალითაც საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა იქნება. შევეცდები ორი სიტყვით ავხსნა, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის – მთელი წლის განმავლობაში ცივილიზებული სამყაროს ყურადღების ცენტრში ყოფნას, ქართული კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის განსაკუთრებულ, ჯერარნახულ პოპულარიზაციას, საქართველოს უკეთ გაცნობას, აღმოჩენას ბევრი ისეთი ადამიანის (მკითხველის, დამთვალიერებლის) მიერ, რომელსაც მანამდე ჩვენზე წარმოდგენაც არ ჰქონდა; ქართული დამწერლობის, ქართული წიგნის წარმოჩენასა და აღიარებას. ერთი სიტყვით, იმ ყველაფერს, რისკენაც დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა ისწრაფვოდეს.
რას მოითხოვენ ჩვენგან – 2018 წლის მასპინძელი ქვეყნისგან? – მზადყოფნას, ყველაფრის კარგად გაცნობიერებას, რომ აღებული პასუხისმგებლობა ქაღალდზე დატოვებულ სიმბოლურ ავტოგრაფად არ დარჩეს. სახელმწიფო დაწესებულებების უწყვეტ, მიზანმიმართულ პოლიტიკას, უფრო ზუსტად, გამოკვეთილი ხედვის, პოზიციისა და კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც მინისტრების ცვლილებას არ დაექვემდებარება და არც საქმეში ჩაუხედავი, დროებით აღზევებული ჩინოვნიკების ახირებებზე იქნება დამოკიდებული. 
ქართველი გამომცემლებისა და ავტორების უპრეცედენტო აქტიურობა, ახალი თარგმანები და უცხოელი კრიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების გამოხმაურებები – რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჩანდეს, ეს ყველაფერი უახლოესი პერსპექტივის ნაწილია, თუკი საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად კულტურის სამინისტრო, მატერიალურ მხარდაჭერას არ მოაკლებს ამ მასშტაბურ პროექტს და ბიზნესსექტორიც შეაშველებს ხელს.

ფრანკფურტი და ლაიფციგი, ლაიფციგი და ფრანკფურტი. ახლაც ჩამესმის გეოგრაფიის მასწავლებლის გულისგამაწვრილებელი ხმა: 
„ჩაიწერეთ, ჩაინიშნეთ, დაიმახსოვრეთ! გერმანია, დედაქალაქი – ბერლინი; მოსახლეობის რაოდენობითა და მნიშვნელობით გამორჩეული ქალაქებია…”
ჯერ ფრანკფურტზე-მეთქი და აგერ ლაიფციგის დილამაც გამოახილა თვალი, მარტის სუსხნარევი მზის სხივით, მშვიდ, მოსაწყენად წყნარ და უხმაურო ქუჩაზე ჩადგმული სასტუმროთი. ამ გრძელი და უსაშველო ქუჩის გადაღმა რომაა, ესენერშტრასე უნდა იყოს, და ზედ ტრამვაი, რომელიც „მესემდე” მიგვიყვანს…   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი