ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ებრაელის ხმა საქართველოში

ხშირად მითქვამს, რომ ჩემი სასწავლებლის უმთავრეს ღირსებას პროფესიონალი პედაგოგები წარმოადგენენ. უნივერსიტეტის უკანასკნელ, ჯერ კიდევ დაუპყრობელ ციხესიმაგრეს შემოქმედებითი სამეცნიერო საქმიანობით გამორჩეული პროფესორები ამაგრებენ. ამგვარ ლექტორთა შორის თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ბ-ნი რეზო, რომელიც წარსულში ძალიან დიდხანს იცავდა საქართველოს ინტერესებს ისრაელის სახელმწიფოში. იგი სივრცისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების პრობლემებს გვასწავლის და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრს გვიყვება ხოლმე ებრაელთა სოციალური ნორმების, პოლიტიკური წესებისა და ღირებულებების შესახებ. თუმცა ამ ეთნიკური ჯგუფის ღირსებების შესაცნობად ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობა ნამდვილად არ არის აუცილებელი, საკმარისია საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდს შევავლოთ თვალი. ნუ გეშინიათ, ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის მატიანის მიმოხილვას არ ვაპირებ. არ ვაპირებ არც  ნაბუქოდონოსორის აგრესიაზე და არც ელიოზ მცხეთელზე საუბარს. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერ სამ ებრაელ პოლიტიკურ მოღვაწეზე და საბჭოთა მოსკოვში გამართული შიმშილობის საპროტესტო აქციის შესახებ მოგვიანებით მოგითხრობთ. დღეს თქვენი ყურადღება მხოლოდ ერთ ადამიანზე, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე რაბინსა და მასწავლებელზე – დავით ბააზოვზე – მინდა გავამახვილო.

ქართველ ებრაელთა მომავალი ლიდერი თბილისის გუბერნიაში, ქალაქ ცხინვალში დაიბადა და პირველადი განათლებაც აქვე, ადგილობრივ სინაგოგაში მიიღო. ცხადია, განსხვავებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდისათვის დაბალი რანგის სკოლაში სწავლა საკმარისი არ აღმოჩნდა. ნიჭიერ ადამიანს იმპერიული რუსეთის ებრაული თემის წარმომადგენლებმა გაუხსნეს გზა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისკენ. ბააზოვმა ცოდნის ორ უმნიშვნელოვანეს ცენტრში, სლუცკსა და ვილნიუსში, გააგრძელა ინტელექტუალური სრულყოფის პროცესი, დაეუფლა ებრაულ ფილოსოფიას  და რომელიმე დიდ თანამედროვე ქალაქში რაბინად დარჩენას საქართველოში დაბრუნება არჩია. თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ განათლებულმა, ნიჭიერმა და უკვე გამოცდილმა, ენერგიით სავსე სასულიერო პირმა მოღვაწეობა თბილისში, კალაუბნის მდიდარ დასახლებაში ან ქუთაისში გააგრძელა. უკეთეს პირობებში შრომის ნაცვლად ბააზოვმა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთს, დაბა ონს მიაშურა და რაჭის პატარა დასახლებაში დაიწყო მრევლის შემოკრება, წერა-კითხვის არმცოდნე ბავშვებისათვის საბაზო სკოლის ჩამოყალიბება. ბააზოვის სახელს უკავშირდება ლაილაშის სინაგოგისადმი გამოვლენილი განსაკუთრებული ყურადღებაც. შეგახსენებთ ეს ის სალოცავია, სადაც სავარაუდოდ ასწლეულების განმავლობაში ინახებოდა საქართველოს ხელნაწერთა მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, მეათე საუკუნით დათარიღებული „ძველი აღთქმა”.

რაბინი პოლიტიკურ ასპარეზზეც მალე გამოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ მას ორი ძირითადი მიზანი ამოძრავებდა. უპირველეს ყოვლისა, იგი ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის აგორებული საერთაშორისო მოძრაობის აქტიური მონაწილე გახლდათ. ამასთანავე, უპირისპირდებოდა უკიდურესად რეპრესიულ ცარისტულ რეჟიმს და თანაუგრძნობდა მეფისა თუ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ აქტივისტებს. მისი პოლიტიკური ღირებულებები ქართველ ებრაელთა დარაზვმასა და გააქტიურებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, ცხინვალელი მთელ საქართველოში მოგზაურობდა და, შესაბამისად, მრავალ სხვადასხვა ქალაქში უწევდა ცხოვრება. მაგალითად, 1918 წლისათვის ბააზოვი ახალციხეში აღმოჩნდა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კავკასიის ამ რეგიონმა ყველაზე სერიოზულ ქაოსში ამოჰყო თავი. მთელი მაზრა დროებით დაიკავეს თურქებმა, რომლებიც ყველა მეთოდით ცდილობდნენ ადგილობრივი ქართული მოსახლეობის შევიწროებასა და დასჯას. ბუნებრივია, უმძიმესი გახლდათ ახალციხელი სომხების მდგომარეობაც, რომელთაც სამხედროები ფიზიკურ განადურებასაც კი უქადდნენ. ქართველთა და სომეხთა მთავარი ქომაგი, მფარველი და ოკუპანტებთან შუამავალი დავით ბააზოვი აღმოჩნდა, რომელმაც უამრავი ახალციხელის სიცოცხლე გადაარჩინა.

ამავე წელს, საყოველთაოდ ცნობილმა და ავტორიტეტულმა აქტივისტმა დაიწყო გაზეთ „ებრაელის ხმის” გამოცემა. გაზეთი გახდა მთავარი შტაბი, სადაც ქართველ ებრაელთა პალესტინაში დაბრუნების სამოქმედო გეგმები ისახებოდა. ამავე გამოცემის თანამშრომელთა აქტიური მხარდაჭერით მოხერხდა ბეით ქნესეთის ოქროს მარაგიდან ახლადშექმნილი და უკიდურესად გაჭირვებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ხაზინის დახმარებაც. ქართველმა ებრაელებმა ერთ-ერთმა პირველებმა შეიტანეს სოლიდური თანხა საქართველოს პირველ ბიუჯეტში.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა რეჟიმმა საქართველოში ებრაელთა ღია შევიწროება, მათი გაზეთებისა და საჯარო დაწესებულებების დახურვა 1924  წლის ანტიკომუნისტური აჯანყების შემდეგ დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ქართველი ებრაელები და მათი ლიდერი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ფარული პარტნიორები იყვნენ.

საბჭოთა ეპოქაში ბააზოვმა საკუთარი შესაძლებლობები  სრულად მიმართა სასკოლო საქმის განვითარებისაკენ და მთელ საქართველოში დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო ებრაული სასწავლებლების ჩამოყალიბება. ეს სკოლები რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის პირველადი, არაკომუნისტური ცოდნის წყარო გახდა.

ბუნებრივია, სიონისტი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწის ბრძოლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა ლეგენდარული „ენკავედესათვის”. ოცდაათიან წლებში მას შვილი დაუხვრიტეს და ციმბირში გადაასახლეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლების განმავლობაში ბააზოვი კვლავ თბილისში დაბრუნდა. ის 1947 წელს გარდაიცვალა.

თუმცა ხომ იცით, რომ განსაკუთრებული მოქალაქეები სიკვდილის შემდეგაც განაგრძობენ დიდი საქმეების კეთებას. განვიხილოთ ერთი უნიკალური მაგალითი. 1951 წელს, საბჭოთა კავშირში ანტისემიტური მოძრაობა უკიდურესად გააქტიურდა. უშიშროების თანამშრომლები დავით ბააზოვის მიერ დაფუძნებულ, გაძლიერებულ სამრევლოსაც მიადგნენ და ონის სინაგოგის საჯარო დაწესებულებად გადაკეთება განიზრახეს. ხელოსნების თანხლებით შენობასთან მისულ კომუნისტ ფუნქციონერებს კარი ჩარაზული დაუხვდათ. ქართველი და ებრაელი, ქრისტიანი და იუდეველი დედები თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად გამოიკეტნენ სინაგოგაში და ტირილით, ხმაურით აპროტესტებდნენ სამლოცველოს განადგურების მცდელობას. ორი ერის სოლიდარობამ შედეგი გამოიღო, რაც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბააზოვის ონში მოღვაწეობის ეპოქის დამსახურება.

ქართული საზოგადოებისათვის დავით ბააზოვს და მის თავგადასავალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ადამიანი უდავოდ შეიძლება მივიჩნიოთ ქართულ ქალაქთა ერთმანეთთან დაკავშირების, ორ ერს შორის თანადგომის, საოკუპაციო ძალებთან ერთობლივი წინააღმდეგობისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. სამწუხაროდ, მეოცე საუკუნის დასაწყისის გამორჩეული სამოქალაქო აქტივისტის შესახებ ქართველმა მოსწავლეებმა ფაქტობრივად არაფერი იციან. აღნიშული გარემოება, ალბათ, იმითაც გახლავთ განპირობებული, რომ დავით ბააზოვის ქართველ ებრაელთა მუზეუმი დიდი ხანია ნორმალურად აღარ ფუნქციონირებს. მის მოსანახულებლად დარაზმულ პედაგოგებსა და მათ მოწაფეებს დაწესებულება სავარაუდოდ კვლავ დახურული დახვდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი