ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი და სხვისი ლიტერატურული კანონი (ნაწილი I)

რამდენჯერ დავფიქრებულვარ, ადამიანებს  რამდენად შეგვწევს კანონიერება, საერთოდაც ვასწავლოთ ლიტერატურა, თან იმ პირობებში, რომელშიც ამას განათლების სისტემა ან ესა თუ ის დამქირავებელი ინსტიტუცია გვთავაზობს, თუმცა რამდენადაც ლიტერატურული „ენერგეია“ ყველა „ერგონს“ გადაფარავს, წმინდა ჰაერით სავსე სივრცეებს ყველა დრომოჭმული სისტემის საპირწონედ თუ სანაცვლოდ აქეთ შემოგვთავაზებს.

 

ყოველთვის მეგონა, რომ კარგი ლიტერატურული ტექსტი მთელი თავისი უჯრედ-შემადგენლებითა თუ ასო-ნიშნებით ცოცხალი სხეულია, რომელიც ფეთქავს, მეც ამას მთელი არსებით შევიგრძნობ, მაღელვებს, განვიცდი და მისი სწავლების გზამაც აუცილებლად ჩემს გულწრფელ შეგრძნებებსა და განცდებზე უნდა  გადაიაროს, შემაგრძნობინოს, ამაღელვოს, განმაცდევინოს, დამაფიქროს და ისე დამასწავლოს, რომ რაიმე დირექტივა სულაც არ გახდეს აუცილებელი. პირობითად, ეს ლიტერატურის სწავლების ჩემი პირადი კანონი იყოს, რომელიც მუშაობს და, როგორც ითქვა, არცთუ ისე ცუდად.

 

თუმცა არსებობს საზოგადო კანონებიც, რომლებშიც მთავარ როლებში ლიტერატურული სამყაროს შემქმნელი და კაცობრიობის „გამომგონებელი“ გენიოსები გვევლინებიან, – ადამიანები, რომლებიც ხშირად ბევრად აღემატებიან მშობელ სახელმწიფოებს, მათ სისტემებს, სტრუქტურებს, მიდგომებსა თუ მარადსაკაცობრიო ღირებულებებისადმი  დამოკიდებულებებს, რამდენადაც  ქმნიან კონსტანტურ ბირთვს თუ დაუვიწყარ ელიტას.

 

1827 წელს, იოჰან ვოლფგანგ გოეთემ, ეკერმანისადმი მიწერილ წერილში პირველად გამოიყენა ტერმინი „Weltliteratur” – მსოფლიო ლიტერატურა – და პოეზია გაიაზრა როგორც სამყაროს შემეცნების უნივერსალური მოდელი: „ნაციონალური ლიტერატურა მნიშვნელობადაკარგული ცნებაა, – წერდა გოეთე, – ახლა მსოფლიო ლიტერატურის ეპოქა დგას და ყველა ვალდებულია ისწრაფოდეს მისკენ “[1]. აშკარაა, მსოფლიო ლიტერატურის გოეთესეული ცნების გეოგრაფია იმ დროიდან მოყოლებული, თანდათან ფართოვდება, და გროვდება იმ „სანიმუშო“[2] საზომში, რომელსაც მსოფლიო „ლიტერატურული კანონის“ სახელწოდების იცნობს.

 

„ლიტერატურული კანონის“ შექმნისას ნაწარმოებების შერჩევის მთავარ კრიტერიუმად, ტრადიციულად, მისი მაღალმხატვრული ღირებულება განისაზღვრება, ასევე მნიშვნელოვანია ნაწარმოების მკვეთრად ეროვნული და ზოგადკულტურული მნიშვნელობაც. შერჩევის კრიტერიუმებად მოიაზრება ეპოქაც, რომელშიც შეიქმნა ეს ნაწარმოები, ასევე მისი ჟანრული და ენობრივი მახასიათებლები. მაგრამ ყველაზე მეტად „ლიტერატურული კანონის“ მიზნად ეროვნულ დონეზე ყველაზე ფასეული ლიტერატურული ნაწარმოებების აღიარება, მისი შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა მიიჩნევა. მის უპირველეს დანიშნულებად (გაცხადებულად თუ ფარულად) მაინც ერის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა მოიაზრება.

 

ევროპული ქვეყნების მსგავსად, ქართულ სასწავლო გეგმაშიც „მკვეთრად ნაციონალური ლიტერატურული კანონი“, რომელიც მთლიანად ქართველ ავტორთა ნაწარმოებებისაგან შედგება, სასკოლო განათლების ბოლო ექვს წელს შესასწავლი მასალის 60 პროცენტად განისაზღვრება და, ალბათ, პედაგოგების დამსახურებად უნდა შევრაცხოთ, თუ მოსწავლეებს არ რჩებათ განცდა, რომ საათობით მკვდარი ტექსტების სასაფლაოზე დასეირნობენ.

 

გასული საუკუნის 80-იან წლებში განათლებისა და ლიტერატურის თეორეტიკოსებს ლიტერატურული ნაწარმოებების შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაუჩნდათ, მაგალითად: არსებობს თუ არა ისეთი ლიტერატურული ფასეულობა ან ტრადიცია, რომელსაც მუდმივი ღირებულება აქვს? თუკი რომელიმე ტექსტს სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქვამს და გაიაზრებს სხვადასხვა თაობა, რამდენად მიზანშეწონილია მათი უნივერსალური კრიტერიუმებით შეფასება? განათლების რეფორმატორთა იდეა იყო, სასკოლო კურიკულუმების შინაარსი უფრო მეტად მორგებოდა თანამედროვე ახალგაზრდების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ „ლიტერატურული კანონი“ თავისი ბუნებით მეტად კონსერვატიულია და თითქმის ყველა ქვეყანაში ეფუძნება ტრადიციულად დამკვიდრებულ მოსაზრებებს ლიტერატურის შესახებ, რაც შეიცავს გარკვეულ საფრთხეს, რომ სკოლაში ამ კანონიკური ტექსტების სწავლება მექანიკურ პროცესად იქცევა და ხელს შეუშლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას მოსწავლეებში – ეს კი თანამედროვე პედაგოგიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამიტომაც, არ არსებობს იმის საჭიროება, რომ „ლიტერატურული კანონი“ იყოს მუდმივად ხელშეუხებელი და დაცული ყოველგვარი კრიტიკისაგან. მიუხედავად მისი ტრადიციული, „კანონიკური“ ბუნებისა, ის მაინც ცოცხალი დოკუმენტია და აუცილებელია მისი პერიოდული განახლება დროის მოთხოვნების შესაბამისად.

 

უნდა ითქვას, რომ „ლიტერატურული კანონისთვის“ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და ნაციონალისტური ინტერესების ხარჯზე არ უნდა იზღუდებოდეს პიროვნული განვითარების შესაძლებლობა. „ლიტერატურული კანონის“ შინაარსი, ჩვეულებრივ, აღიქმება, როგორც ლიტერატურული ტექსტების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და რომლის სწავლებაც სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების, კანადის, ჰოლანდიის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის სასწავლო პროგრამები საერთოდ არ სთავაზობს სკოლებს სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალს. ამ ქვეყნებში შესასწავლი ტექსტების შერჩევა მთლიანად მასწავლებლებსა და სახელმძღვანელოს ავტორებზეა მინდობილი. იმ ქვეყნებში კი, სადაც სახელმწიფო განსაზღვრავს ლიტერატურის სავალდებულო შინაარსს, ძირითადად, იყენებენ ორი ტიპის „ლიტერატურულ კანონს“. ესენია: ოფიციალური „ლიტერატურული კანონი“, რომელიც პირდაპირ არის გაწერილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში და, ე.წ., „დე-ფაქტო“, ანუ არაოფიციალური „ლიტერატურული კანონი“, რომელიც პრაქტიკიდან მომდინარეობს და შესაძლოა ოფიციალური სტატუსი არც კი გააჩნდეს. არსებობს მოსაზრება, რომ არაოფიციალური „კანონი“ უკეთ ასახავს ბუნებრივ ტენდენციას, რადგანაც, ამ შემთხვევაში, ლიტერატურულ ტექსტებს სავალდებულოდ აღიარებენ საზოგადოებრივი თანხმობის საფუძველზე და არ არის ნაკარნახევი სახელმწიფოსგან. მიუხედავად ამისა, არაოფიციალური „ლიტერატურული კანონი“ მაინც ბევრ კითხვას ბადებს, მაგალითად: რამდენად მიზანშეწონილია ცნება „კანონის“ გამოყენება, თუკი არ არსებობს არანაირი ოფიციალური დოკუმენტი? ასეთი თავისუფლება ზედმეტად ფართო მნიშვნელობას ხომ არ სძენს ამ ცნებას? თუკი „ლიტერატურული კანონი“ მაინც არსებობს, მაშინ რატომ არ მოვიდა დრო ამ არაოფიციალური „კანონის“ დაკანონებისა? თუკი განათლების სისტემა მაინც წარმოშობს ამგვარ „კანონს“, მაშინ რატომ არ არის შესაძლებელი, რომ დროთა განმავლობაში მას უფრო სისტემური სახე მივცეთ? და სხვ.

 

გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ ამ კითხვებმა განაპირობა ის, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში, რომელიც წინა წლებში ნაწილობრივ არაოფიციალური „ლიტერატურული კანონისკენ“ იხრებოდა, გაჩნდა სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალი, ანუ ოფიციალური „ლიტერატურული კანონი“. საკითხში უკეთ გასარკვევად, გვსურს უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რა და რა ტიპის „ლიტერატურული კანონები“ მოქმედებს დღეს სხვადასხვა ქვეყნის კურიკულუმებში და რა მიზნებს ემსახურება ამგვარი „კანონების“ შემოღება. თავად ოფიციალური „კანონის“ ცნებაც არ არის ერთგვაროვანი, რადგანაც ზოგ კურიკულუმში ლიტერატურულ ნაწარმოებთა ჩამონათვალი სავალდებულო ხასიათს ატარებს, ზოგან – სარეკომენდაციოს, ზოგან კი მხოლოდ საორიენტაციოდ გამოიყენება. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის პირვანდელ რედაქციაში მოცემული იყო ქართველ ავტორთა სარეკომენდაციო ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი, გარკვეული თვალსაზრისით, წარმოადგენდა ოფიციალური „კანონის“ კონკრეტულ ნაირსახეობას, რომელიც შედარებით ლიბერალურ ხასიათს ატარებდა. ეროვნული სასწავლო გეგმის 2010 წლის რედაქცია კი სკოლას ავტორებთან ერთად კონკრეტული „კანონიკური“ ტექსტების ჩამონათვალსაც სთავაზობს. ასეთი მიდგომა საგანმანათლებლო პრაქტიკაში ოფიციალური „ლიტერატურული კანონის“ ყველაზე მკაცრ ფორმად არის აღიარებული. არსებობს სხვა ტიპის ოფიციალური „კანონიც“, მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის კურიკულუმში ჩამოთვლილია მხოლოდ სავალდებულო ავტორები, რაც, რა თქმა უნდა, ტექსტების შერჩევაში მეტ თავისუფლებას უტოვებს სახელმძღვანელოს ავტორებსა და მასწავლებლებს. საერთაშორისო პრაქტიკაში უმეტესად სწორედ ამ ორი სახის ოფიციალურ „ლიტერატურულ კანონს“ იყენებენ. მაგრამ არსებობს სხვა ტიპის „ლიტერატურული კანონებიც“. ზოგიერთი ქვეყნის კურიკულუმში არის ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ეპოქის ლიტერატურული ტექსტები უნდა წაიკითხონ მოსწავლეებმა. ასეთი ჩანაწერი არსებობს, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ეროვნულ კურიკულუმში, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, ასწავლონ 1914 წლამდე და მის შემდეგ გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოებები.

 

ზოგიერთ „კანონში“ საკითხავ მასალაში საჭირო ბალანსის დასაცავად ყურადღება გამახვილებულია ლიტერატურულ ჟანრებსა და ტექსტის სახეებზე, მაგალითად, მითითებულია, რომ მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ პროზაული, პოეტური, დრამატურგიული თხზულებები და ა.შ. თავად „ლიტერატურულ კანონს“ ორი განზომილება აქვს და იგი სწორედ ამ ორ სიბრტყეზე უნდა განვიხილოთ. ერთია მისი შინაარსობრივი მხარე (კონკრეტული ავტორები, ნაწარმოებები, ჟანრები თუ ისტორიული ეპოქები), ხოლო მეორეა მისი პრაქტიკული მხარე (რამდენად იძლევა ესა თუ ის ნაწარმოები ოპერაციონალურ დონეზე დამუშავების საშუალებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად). ეს ორი განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში. მაგრამ ფაქტია, რომ „ლიტერატურული კანონის“ ირგვლივ გამართული დებატები უმეტესად მხოლოდ მის შინაარსს ეხება[3].

 

ლიტერატურის სწავლება კი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხოლოდ ტექსტების ჩამონათვალი, რადგანაც ის ასევე გულისხმობს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების გამოყენების აუცილებლობასაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

 

[1] https://literaturatmcodneoba.tsu.ge/irma(litproc).pdf

[2] https://mastsavlebeli.ge/?p=3495

 

[3] https://drive.google.com/file/d/1PFmS3qiNQnr2pWZGhwgsjjVQKR2uPDbG/view

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი