სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

მარიამ დემურია და მისი „ავჭალის აუდიტორია“

საბჭოთა რეჟიმის პირობებში მეცნიერების უამრავი დარგი ძლიერი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ისტორიისა და სოციალურ ურთიერთობათა შემსწავლელნი უამრავ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მათ თავისუფალი კვლევის შესაძლებლობა შეეზღუდათ და იძულებულნი გახდნენ დამორჩილებოდნენ ბოლშევიკთა მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს. ამის კვალობაზე, მეცხრამეტე საუკუნის ისტორიიდან მრავალი მნიშვნელოვანი პიროვნების, მოღვაწის სახელი შეგნებულად ამოიშალა. ჩვენი ყურადღების მიღმა აღმოჩნდა დემოკრატიული ღირებულებებისთვის გაჩაღებული ბრძოლის ათეულობით აქტიური მონაწილე. მაგალითად, საქართველოს სკოლებში დღემდე ცოტამ თუ იცის, ვინ იყო მარიამ დემურია და რას აკეთებდნენ ის და მისი მეგობრები.

მოგეხსენებათ, მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთის იმპერიის ზეწოლა ეროვნულ უმცირესობებსა და სახელმწიფოს განაპირა რეგიონებზე. ცენტრალური ხელისუფლების ცენზურასა და უმკაცრეს კონტროლს, ცხადია, ვერც საქართველო გადაურჩა. ჩვენს ქვეყანაში ორი პარალელური საზოგადოებრივი მოძრაობის უკიდურესმა გაძლიერებამ კი ჩრდილოური რეპრესიები გააასკეცა – იმხანად საქართველოში უკვე მყარი პოზიციები ეკავათ ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მომხრეებსაც და მათ მოწინააღმდეგე სოციალისტებსაც. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში ავიწროებდნენ ქართულ ენაზე წარმოებულ ნებისმიერ საქმიანობას, არბევდნენ მუშათა და ღარიბთა თავყრილობებს, ეწინააღმდეგებოდნენ წერა-კითხვის მასობრივი გავრცელების ყოველგვარ მცდელობას, იზღუდებოდა სახალხო კულტურული ღონისძიებების ჩატარება და ა.შ. მაშასადამე, ადგილობრივ სლავურ ბიუროკრატიასთან დაახლოებულ თავად-აზნაურთა და ვაჭართა უმცირეს ჯგუფს ჰქონდა ყოველგვარი შესაძლებლობა, გასცნობოდა მსოფლიო ლიტერატურას, მოეწყო საჯარო პოლიტიკური თუ კულტურული ღონისძიებები, ეკითხა გადაუკეთებელი საგაზეთო პუბლიკაციები და შეეძინა თბილისის ოპერის ძვირად ღირებული ბილეთები, ქალაქის გარეუბნებში მცხოვრები ხელმოკლე მოსახლეობა კი, რომელიც დღეში 12-14 საათს მუშაობდა, მოკლებული გახლდათ ყველა ამ ლეგალურ სიკეთეს.


მონარქიის მოწინააღმდეგე ინტელექტუალთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დისკრიმინაციული, უთანასწორო რეჟიმის გარდაქმნის საუკეთესო გზად ქართულენოვანი საგანმანათლებლო და კულტურული მოძრაობის წამოწყება მიიჩნია. ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მათ თავიანთი საქმიანობის საყოველთაო გავრცელება დაისახეს. მაშასადამე, მოხალისეთა ჯგუფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა სასურველი და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მოქალაქისთვის. ინოვაციური იდეების, ორგანიზებისა და ლიდერობის შესანიშნავი ნიჭის წყალობით ამ მოძრაობის სათავეში აღმოჩნდა მასწავლებელი მარიამ დემურია.

რა გააკეთა ფედერალისტებთან დაახლოებულმა აქტივისტმა ქალმა?

თბილისის განაპირას, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, უმცირესი შემოწირულობებითა და ილია წინამძღვრიშვილის მხარდაჭერით მარიამ დემურიამ ყველაზე ხელმოკლე ადამიანებისთვის დააარსა „ავჭალის აუდიტორია”. მოკრძალებული ორსართულიანი შენობა გადაკეთდა დარბაზად, სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე და იმართებოდა სხვადასხვა წიგნის, სტატიის, დოკუმენტის საჯარო კითხვა. სახალხო სცენაზე გამოცდილ მსახიობებთან ერთად გამოდიოდნენ არაპროფესიონალებიც, რომელთაც, ნიჭის სიმცირის მიუხედავად, ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის სურვილი. მაგალითად, შეკრებილები მუდამ ოვაციებით ამხნევებდნენ სცენაზე დაშვებული შეცდომების გამო დამწუხრებულ მკვლევარ თედო სახოკიასა და პუბლიცისტ გიორგი ლასხიშვილს. ცხადია, თითოეული ამ ღონისძიების მიზანი დემოკრატიულ ღირებულებათა პოპულარიზება გახლდათ.

ფაქტობრივად, ავჭალაში მდგარი ეს პატარა ქვიტკირის სახლი იქცა ქართული ენის დაცვის, თეატრის განვითარების, არაფორმალური განათლებისა და პოლიტიკური სოციალიზაციის რევოლუციურ კერად, რომლის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველას თანასწორად ჰქონდა. ბუნებრივია, აუდიტორია უამრავ სირთულეს წააწყდა – მეფის „ოხრანკასთან” დაახლოებული პირები ხშირად არბევდნენ სცენასა და პარტერს, ხელს უშლიდნენ მარიამ დემურიას საქმიანობას და ათასგვარი სანქციით ცდილობდნენ ამ გამბედავი ქალისთვის მუშაობაში ხელის შეშლას. მიუხედავად ამისა, „ავჭალის აუდიტორიამ” რამდენიმე წელი იფუნქცია. შედეგად ქალაქის გარეუბნებში ჩამოყალიბდა განათლებული, სოლიდარობის განსაკუთრებული გრძნობის მქონე და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მუდამ მზად მყოფი სოციალური ჯგუფები, რომლებმაც მოახერხეს, მეოცე საუკუნის დასაწყისის ყველა ანტიცარისტულ გამოსვლას გასძღოლოდნენ.

მარიამ დემურიას მის მიერ დაარსებული კერის განადგურების შემდეგაც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი მოღვაწეობა. წლების განმავლობაში მისი სახლი არაერთხელ ქცეულა რევოლუციონერთა თავშესაფრად თუ თავშეყრის ადგილად. 1904 წელს მან დააარსა საგანმანათლებლო ჟურნალი „ნაკადული”, რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებს აშუქებდა. რაც მთავარია, გამოცემა მალევე გამრავალფეროვნდა სპეციალური ჩანართით, რომელსაც „პედაგოგის ფურცელი” ეწოდებოდა (ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება, თუ mastsavlebeli.ge-ს სწორედ ამ გაზეთის ღირსეულ სამართალმემკვიდრედ განვიხილავთ).

ხშირად მიფიქრია განათლების თანამედროვე სისტემის შესახებ. სკოლისა და უნივერსიტეტის ფუნქცია მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ უნდა იყოს. საგანმანათლებლო დაწესებულებები საზოგადოებაში, თემში ჰუმანიზმისა და კულტურის გავრცელებასაც უნდა ემსახურებოდნენ. წარმომიდგენია კიდეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში დაარსებული „ავჭალის აუდიტორია”. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ცოტა ხნის წინ მარტვილის ერთ-ერთ სკოლაში დადგმული „ოლივერ ტვისტის” შესახებ შევიტყვე. იმედია, დადგება ისეთი დროც, როცა საქართველოში აღარ დარჩება სკოლა, სადაც მუდმივი საჯარო განხილვები და თეატრალური დადგმები არ გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი