პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ემოციური არასტაბილურობა ბავშვებში – სირთულეები და დაძლევის გზები  

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლის, აღმზრდელის, პედაგოგის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავია ემოციური მდგრადობის, სტაბილურობის მიღწევა ბავშვში, აღსაზრდელში. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ემოციური სტაბილურობა ეხმარება ბავშვს, გაუმკლავდეს არსებულ ან მოსალოდნელ სირთულეებს, ადაპტირება მოახდინოს გარემომცველი სამყაროს ცვლილებებთან, მატრავმირებელ მოვლენებთან, ტრაგედიებთან, საფრთხეებთან და სტრესის გამომწვევ სხვა მნიშვნელოვან წყაროებთან. ემოციური მდგრადობა ბავშვს ძლიერი ემოციებით გამოწვეული მძიმე სიტუაციების გადალახვის უნარს უმუშავებს. სტრესთან გამკლავება ბევრად ადვილია, როცა ბავშვი ემოციურად მდგრადია. ემოციური სტაბილურობა შეიძლება შევადაროთ ფარს, რომელიც ნეგატივისა და ბოროტებისაგან დაგვიცავს. ის ხელს უწყობს ადამიანზე მოქმედი ნეგატიური მოვლენების უარყოფითი გავლენის შემცირებას.

 

ემოციურად მდგრადი ბავშვების გამორჩევა თანატოლებისაგან ადვილად შეიძლება შემდეგი ნიშნებით:

  • ბავშვი განიცდის კმაყოფილებას და თვითპატივისცემის გრძნობას;
  • მასში დადებითი ემოციები ბევრად სჭარბობს უარყოფითს, ხშირად იღიმება და კეთილგანწყობილია გარშემომყოფების მიმართ;
  • შეუძლია ადვილად გაუმკლავდეს სასკოლო გამოცდებთან და ტესტირებასთან დაკავშირებულ სტრესს;
  • ისახავს მიზნებს და ეძებს მათი მიღწევის გზებს;
  • უყვარს სხვადასხვა სახის თამაში და მშობლებისგან ითხოვს ნებართვას, რომ მეგობრები სახლში მოიწვიოს;
  • ადვილად ეგუება ცვლილებებს, ავლენს მოქნილობას გადაწყვეტილების მიღებისას და გამოხატავს პატივისცემას საკუთარი მშობლების მიმართ;
  • ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოს საშინაო დავალება და მეტი დრო გაატაროს გარეთ, მეგობრებთან ერთად;
  • მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებთანაც უყვარს დროის გატარება;
  • არის თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, აქვს დადებითი აზრი საკუთარ თავსა და თავის ოჯახზე.

 

მართალია, ყველა ზემოჩამოთვლილი ნიშანი, მახასიათებელი ბავშვის ემოციურ მდგრადობაზე მიგვითითებს, მაგრამ ემოციური სტაბილურობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი არ განიცდის სირთულეებს ან სტრესს. ემოციური ტკივილი და სევდა, ნაღველი სრულიად კანონზომიერი მოვლენაა მაშინ, როცა ადამიანი ეჯახება სერიოზულ ტრავმას და დანაკარგს, ან არის მისთვის საყვარელი ადამიანის ტრავმის, დანაკარგის მოწმე. ყველაზე უდარდელი ბავშვის ცხოვრებაშიც კი შეიძლება თავი იჩინოს სტრესულმა სიტუაციებმა და სწორედ ემოციური სტაბილურობა ეხმარება მას უმტკივნეულოდ გამოვიდეს შექმნილი სიტუაციიდან. ამდენად, აუცილებელია, რომ ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, ვიზრუნოთ ბავშვში ემოციური სტაბილურობის განვითარებაზე, მით უმეტეს, რომ ემოციური სტაბილურობის განვითარებას საფუძველი სწორედ ადრეულ ბავშვობაში ეყრება და შემდეგ მთელი ცხოვრება გრძელდება. ამიტომ, არასოდეს არის გვიან, დავეხმაროთ ბავშვს ემოციური მდგრადობის განვითარებაში. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ფსიქოლოგიური სტაბილურობა საჭიროებს ისეთივე გავარჯიშებას, როგორც ფიზიკური ძალა. ეს არის თანმიმდევრული და გეგმაზომიერი პროცესი, რომლისთვისაც საჭიროა გარკვეული ძალისხმევა.

 

რეკომენდაციები ბავშვში ემოციური სტაბილურობის გასავითარებლად:

 

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ემოციური სტაბილურობის მოპოვების გზაზე ბავშვს ესაჭიროება, განიცადოს ემოციების სრული სპექტრი, და, რომ უარყოფითი ემოციების განცდა სრულიად ნორმალურია. თუმცა, მშობლები შეიძლება განაწყენდნენ და უკმაყოფილებაც ვერ დამალონ, თუ დაინახავენ, რომ ბავშვი გაბრაზებული, სევდიანი და იმედგაცრუებულია. როგორც წესი, მშობლები თვლიან, რომ თუ ისინი შვილს ნეგატიური ემოციებისგან დაიცავენ, ეს დაეხმარება მას, გახდეს ბედნიერი. და, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ კეთილშობილური მიზანია, საეჭვოა ის სარგებლის მომტანი გახდეს ბავშვისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცხოვრებაში უარყოფითი ემოციები და რთული სიტუაციები გარდაუვალია. მხოლოდ დადებითი ემოციების განცდა შეიძლება ადამიანის განვითარების ერთგვარ შემაფერხებლადაც კი მოგვევლინოს. ამიტომ, მოვერიდოთ იდეალური პირობების შექმნას. მართალია, ყველა მშობელს სურს, რომ მათი შვილები უსაფრთხოდ იზრდებოდნენ, ყველანაირად ცდილობენ მათთვის პრობლემების თავიდან აცილებას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ადრე თუ გვიან ბავშვი მაინც შეეჯახება პრობლემას, უმჯობესი იქნება, თუ მის ირგვლივ მშვიდობისა და ჰარმონიის ოაზისის შექმნის ნაცვლად მას უსიამოვნებების მოსაგვარებლად მოვამზადებთ – ვასწავლით სიტუაციის ანალიზს რთულ მდგომარეობაში აღმოჩენისას. ამ გზით ის დაძლევს შიშს და გახდება უფრო თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული. ემოციები ეხმარება ბავშვს ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაში, სწავლობს სხვადასხვა ემოციის მიღებას დანაშაულის, შიშის, განსჯის, წყენის გარეშე;
  • მნიშვნელოვანია, სწორი რეაგირება გვქონდეს ბავშვის ემოციებზე. იმის დანახვამ, რომ ბავშვი განიცდის ძლიერ ემოციებს, შეიძლება გამოიწვიოს მშობლების არასწორი რეაქცია, პროვოცირება გაუკეთოს მათში უარყოფით ემოციურ რეაქციებს. ბავშვის ემოციების კონტროლი ან შეზღუდვის მცდელობა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. მშობლების ჩარევა აბნევს ბავშვს. თუ არ ჩავერევით და სიტუაციას გარედან შევხედავთ, შეიძლება დავინახოთ, რა ხდება სინამდვილეში. ბავშვები განიცდიან ისეთივე ემოციებს, როგორსაც უფროსები; მათ, ისევე როგორც უფროსებს, აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი გრძნობები. როდესაც ვეუბნებით ბავშვს, რომ შეწყვიტოს ასე თუ ისე მოქცევა, ჩვენ ვთრგუნავთ მის ემოციებს. ამ დროს ჩვენ მხოლოდ ბავშვის ქცევაზე ვრეაგირებთ მისი ემოციების მიზეზების

გარკვევის გარეშე. უფროსების ასეთმა რეაქციამ შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს იმედგაცრუება და შეგრძნება იმისა, რომ მათი არ ესმით. სანამ რეაგირებას მოვახდენთ, ვკითხოთ ბავშვს, რა მოხდა და რატომ არის ნაწყენი. მივცეთ მას საუბრის საშუალება, თქვას ყველაფერი, რისი თქმაც სურს. ეს დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ მისი ქცევა და ვასწავლოთ გაუმკლავდეს საკუთარ ემოციებს. ბავშვი მიხვდება, რომ ემოციების გამოხატვა სრულიად ნორმალურია, ამისათვის მას არ განსჯიან, არ განიკითხავენ და არ შეეცდებიან, შეცვალონ მისი ქცევა. უფროსების მხრიდან ემოციური მხარდაჭერა ეხმარება ბავშვს პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ნებისმიერი სირთულის მიმართ, რომელიც აღმოცენდება განვითარებისა და ზრდის პროცესში;

  • საყურადღებოა, რომ ბავშვები უფროსების მიბაძვით სწავლობენ. ამიტომ, თუ გვსურს ისინი ემოციურად მდგრადები, გამძლეები იყვნენ, დავიწყოთ საკუთარი თავიდან – ვეცადოთ ვიყოთ მშვიდი და თანმიმდევრული სხვადასხვა სახის რთულ სიტუაციაში. თუ ჩვენ მოვუწოდებთ ბავშვს გააკონტროლოს ემოციები, სამართლიანი იქნება, უპირველეს ყოვლისა, თავად შევძლოთ ამის გაკეთება;
  • გამოვნახოთ დრო და მოვუსმინოთ ბავშვს. ამასთან, ვიყოთ აქტიური მსმენელი. ეს დაეხმარება მას გააცნობიეროს, რომ ჩვენ გულგრილი არ ვართ მისი ცხოვრების მიმართ და სიამოვნებით გაგვიზიარებს საკუთარ განცდებს, რაც, თავის მხრივ, დროთა განმავლობაში მის ემოციურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე რეალობა გარკვეულ კვალს ტოვებს ადამიანების ფსიქიკაზე. ჩვენ სულ უფრო გაღიზიანებული, გაუწონასწორებელი და ემოციურად არასტაბილური ვხდებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვები, უპირველეს ყოვლისა, უფროსების ქცევაზე დაკვირვებით სწავლობენ, ადვილი გასაგები იქნება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი, უფროსების ემოციური სტაბილურობა ბავშვებში აღნიშნული შედეგის მისაღწევად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი