პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

შილერი – ისტორიის მასწავლებელი

ოზურგეთის თეატრის მუზეუმში შესვლისთანავე თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ძველი, გახუნებული აფიშა. მშვენიერ ჩარჩოში ჩასმული განცხადებიდან შეიტყობთ, რომ გურიის სცენებზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იდგმებოდა დიდი გერმანელი შემოქმედის ფრიდრიხ შილერის ცნობილი ტრაგედია „ვერაგობა და სიყვარული“. საქართველოს არაერთ რეგიონულ თეატრში ვყოფილვარ სტუმრად, ყველგან ვსვამ კითხვას ვიურთენბერგელი მწერლის შესახებ და ყველგან მპასუხობენ, რომ საბჭოთა ეპოქაში გოეთეს მეგობრის პიესებს საპატიო ადგილი ჰქონდა მიჩენილი დასის რეპერტუარში. როგორც ჩანს, წარსულში ქართველ თეატრალებს ძალიან უყვარდათ ევროპელი გენიოსი.

ფრიდრიხ შილერის სახელს თანამედროვე ახალგაზრდებიც შესანიშნავად იცნობენ. გასულ სემესტრში ჩემმა თითქმის ყველა სტუდენტმა იცოდა, რომ ევროკავშირის ჰიმნად შერჩეულ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ხშირად შილერის ლექსის „ოდა სიხარულს“ თანხლებით ასრულებენ. ერთ მათგანს ჰიმნის ორი ქართული თარგმანიც კი ჰქონდა დაზეპირებული. ცხადია, ერთი პოეტური ნაწარმოების პოპულარობა არაფერს ნიშნავს. შილერი ქართული საზოგადოებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებული სარგებლობის მოტანა კი მას ისტორიის მასწავლებლებისთვის შეუძლია. ის არ ძველდება!

ფრიდრიხ შილერის თავდაპირველი პროფესია ჰუმანიტარულ მეცნიერებებს არ უკავშირდებოდა – ღარიბი დალაქისა და მებაღის ოჯახში დაბადებული ბიჭი იძულებული იყო, ვიურთენბერგის ჰერცოგის კარლ ევგენის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს დევნილობა და დესპოტი მმართველის რისხვა ემუქრებოდა. სამხედრო სკოლაში პოეტი მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა. რვაწლიანი ტანჯვა-წამების შემდეგ მან ძლივს დაასრულა სასწავლებელი და გაჭირვებით მოიპოვა პოლკის ექიმის კვალიფიკაცია. სამწერლო და სამედიცინო საქმიანობის გარდა, შილერს მოღვაწეობის კიდევ ერთი ასპარეზი ჰქონდა. არქივებსა და ბიბლიოთეკებში ათწლიანი მუშაობის შემდეგ ყოფილი ექიმი გოეთეს თხოვნით იენის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ექსტრაორდინარულ პროფესორად მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ვაიმარის, გოთის, მანჰაიმისა და კობურგის ჰერცოგებს ექვემდებარებოდა, სასწავლებელში შტატგარეშე პროფესორებისთვის ანაზღაურება გათვალისწინებული არ იყო. ლექციის შემდეგ სტუდენტები შესაწირავ ყუთში აგროვებდნენ თანხას და სწორედ ღარიბი მსმენელების გროშები მიიჩნეოდა მეორეხარისხოვანი პედაგოგის გასამრჯელოდ (იენის უნივერსიტეტი უკვე წლებია ყოფილი უხელფასო მასწავლებლის სახელს ატარებს). დიდი გაჭირვება შილერისთვის გადაულახავ ბარიერად არ ქცეულა. მას უყვარდა ისტორია და სურდა, ცოდნა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. შესაბამისად, მზად იყო საშინელი სოციალური პირობების ასატანად. ისტორია მისთვის ერთგვარი თავშესაფარიც გახლდათ. წარსულის კვლევის საშუალებით მწერალი გაურბოდა თანამედროვე კრიტიკოსებს, თეატრის მოღვაწეებს, ვაჭრებს, საშუალო კლასის მოსაწყენ წარმომადგენლებს, რომლებსაც არ ჰყოფნიდათ თვალსაწიერი პოეტის მისწრაფებათა შესაცნობად.

ისტორიის დარგში შილერი მხოლოდ ლექციებს არ კითხულობდა. ბევრმა არ იცის, რომ იენის უნივერსიტეტის პროფესორის კალამს ეკუთვნის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნარკვევი ნიდერლანდების, გერმანიის, ავსტრიისა და საფრანგეთის ისტორიის შესახებ. გარდა ლექციებისა და სამეცნიერო თხზულებების მომზადებისა, შილერი ისტორიკოსის პროფესიული ეთიკის განვითარებაზეც ზრუნავდა. საჯარო განხილვების დროს იგი ხმალამოღებული უპირისპირდებოდა დარგის იმ სპეციალისტებს, რომლებსაც სიახლეები სძულდათ; რომლებიც, ახალი ფაქტებისა და წყაროების აღმოჩენის მიუხედავად, უარს ამბობდნენ სახელმძღვანელოებისა და მიდგომების გადახედვაზე. „ახალმა მოვლენამ, ახალაღმოჩენილმა კანონმა თავდაყირაც რომ დააყენოს მთელი მეცნიერული ნაღვაწი, აზრიც რომ დაუკარგოს წლების განმავლობაში დაგროვილ მთელ ცოდნას, ნამდვილ ისტორიკოსში ჭეშმარიტების სიყვარულმა მაინც უნდა სძლიოს კარგად დამკვიდრებული სისტემისადმი ერთგულების გრძნობას“, – ამბობდა ყოფილი ჯარისკაცი.

ბუნებრივია, ისტორიკოსი მწერლის ლიტერატურული ნაწარმოებები აღბეჭდილი გახლავთ ევროპის წარსულის უმნიშვნელოვანესი სურათებით. შილერის დრამებიდან ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ „ბებერი კონტინეტის“ ისტორიის უმთავრესი ეპოქების, ერების ჩამოყალიბების, რელიგიური ომების შესახებ. მისი ტრაგედიები გარდასულ საუკუნეთა მთავარი სოციალური და იდეური კონფლიქტების შესახებაც მიგვანიშნებს. მოკლედ, შილერის ქართულად თარგმნილი პიესები ისტორიის ნებისმიერი მასწავლებლისა და მისი მოსწავლეებისთვის შესანიშნავ დამხმარე რესურსად შეიძლება იქცეს.

ვთქვათ, მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილი XVI საუკუნის ევროპაში დატრიალებულ მოვლენებს ეძღვნება. აღნიშნულ საუკუნეში დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა ნიდერლანდები გახლდათ. ვაჭრობა, ხელოსნობა, ზღვაოსნობა, მსუბუქი მრეწველობა ჰოლანდიელთა მეურნეობის წამყვან დარგებს წარმოადგენდა. ადგილობრივთა გამდიდრება ხელს არ აძლევდა ესპანეთის ტახტს. იბერიელი ჰაბსბურგები კათოლიკური ეკლესიისა და ინკვიზიციის დახმარებით მუსრს ავლებდნენ განვითარების გზაზე შემდგარ პროტესტანტ ნიდერლანდელებს. რელიგიურ დაპირისპირებას პირველი დიდი რევოლუცია მოჰყვა. ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ ჰოლანდიელი პარტიზანები ჰერცოგი ალბასა და სხვათა ჯარების წინააღმდეგ. საბოლოოდ ნიდერლანდების რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

ამ მოვლენებისთვის თვალის მიდევნება შილერის „დონ კარლოსის“ საშუალებითაც გახლავთ შესაძლებელი. ცხადია, ნაწარმოებში უზუსტესად არ არის ასახული ისტორიული ფაქტები, მაგრამ ტრაგედია მოსწავლეებს მთელი სისავსით დაანახებს ესპანეთის სამეფო კარს. ისინი შეძლებენ სასახლეში გამეფებული განწყობების, მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებების აღმოჩენას. „დონ კარლოსის“ წაკითხვის შემდეგ უფროსკლასელები მხედართმთავარ ალბას მაგალითზე ადვილად შეძლებენ ფანატიკოსი კათოლიკეების სახის გარჩევას, მეფე ფილიპესა და მარკიზ პოზას ურთიერთობის საფუძველზე კი გააცნობიერებენ, თუ როგორ სპობს თვითმპყრობელობა თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას. დონ კარლოსის სიკვდილის შედეგად დაობლებულ ტახტზე ფიქრისას კი შეიძლება ზოგიერთი ფეოდალურ-კათოლიკური წყობის დესტრუქციულობის აღმოჩენამდეც კი მივიდეს. ყოვლისშემძლე მეფე შვილის დაცვასა და მემკვიდრის გადარჩენაზეც კი უარს ამბობს, რათა ჭაობში დასადგურებულ სიმშვიდეს საფრთხე არ შეექმნას.

XVI საუკუნის დასავლეთი, ნიდერლანდების რევოლუციის გარდა, კიდევ ერთმა მოვლენამ შეაზანზარა. ეპოქის ყველა მკვლევარი გატაცებით საუბრობს შოტლანდიის კათოლიკე დედოფლის მარიამ სტიუარტისა და ინგლისის პროტესტანტი მონარქის ელიზაბეთის დაპირისპირებაზე. ქალი ლიდერები კუნძულზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის ერთმანეთს არ ინდობდნენ. ქალთა ლეგენდარულ ორთაბრძოლას შტეფან ცვაიგამდე შესანიშნავი წიგნი მიუძღვნა ფრიდრიხ შილერმა. გერმანელი თავის თხზულებაში დაწვრილებით არ აღწერს მარიამ შოტლანდიელის თავგადასავალს, მისი ნაშრომი მოსწავლეებს ინგლისელთა მიერ დედოფლის სიკვდილით დასჯის მნიშვნელობაზე ჩააფიქრებს. მარიამ სტიუარტი პირველი მონარქი გახლდათ, რომელსაც განაჩენი ოფიციალურმა სასამართლომ გამოუტანა. ფრანგი პრინცესა პირველი გვირგვინოსანი იყო, რომელსაც ღიად მოჰკვეთეს თავი. ქალის უსამართლო მკვლელობის შემდეგ აბსოლუტიზმის, სამეფო ოჯახის წევრის სიწმინდისა და ხელშეუხებლობის მითი უმძაფრესად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ნაწარმოებში კარგად ჩანს, თუ როგორ იყენებდა სისხლისღვრასა და ძალმომრეობას მაშინდელი სახელმწიფო სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

შილერი უყურადღებოდ არც თავისი ქვეყნის მატიანეს ტოვებს. გერმანიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ოცდაათწლიან ომს უკავშირდება. მეჩვიდმეტე საუკუნის სამი ათწლეულის განმავლობაში გერმანია ევროპელი მონარქებისა და დიდგვაროვნების, კათოლიკური და პროტესტანტული ბანაკების საომარ თეატრად იყო ქცეული. ერთი ერის წარმომადგენლები ფეოდალური გარჩევებისა და ძალაუფლების გადანაწილების მიზნით წამოწყებული თამაშების საფუძველზე ერთმანეთს ჟლეტდნენ. სწორედ ეს კატასტროფაა აღწერილი შილერის ტრილოგიაში „ვალენშტაინი“. შილერი დრამაში აცოცხლებს ისტორიის რეალურ მოქმედ პირებს, ფსიქოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური პერსპექტივებიდან განიხილავს თითოეული მათგანის გადაწყვეტილებებს, უზუსტესად წარმოაჩენს ოცდაათწლიანი სისხლისღვრის გამანადგურებელ შედეგებს გერმანიისა და მთელი ევროპისთვის.

თავად რომ მასწავლებელი ვიყო, დასავლეთის ისტორიის უკეთ შესასწავლად შილერის რომელიმე დრამას სასკოლო სცენაზე დავდგამდი. წესით, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების რიგითი წარმომადგენლები ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიტერატორი პარალელურად უმაღლესი კლასის ისტორიკოსიც გახლდათ, მას შეეძლო ისტორია ხელოვნების, პოეზიის შუქზე შეესწავლა. ისტორიისა და ლიტერატურის ასეთი ურთიერთგადაჯაჭვულობა კი შესანიშნავი იარაღია ბავშვის დაინტერესებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი