შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სად მთავრდება სწავლა და სად იწყება სწავლება

ვუძღვნი ჩემს მასწავლებლებს :  პედაგოგებსა  და მოსწავლეებს

მე, ისევე როგორც ყოველი სულიერი, სამყაროს თანდაყოლილი, ვესტიბულარული აპარატის ქვეცნობიერ ტალანებში დალექილი ცოდნით მოვევლინე. მართალია, მაშინ ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ, ჯერ კიდევ უჩინომ და კუნთებმოუმაგრებელმა, ვიცოდი, როგორ მესუნთქა, როგორ დამერეგულირებინა სხეულის ტემპერატურა თუ ნივთიერებათა ცვლა და ბევრი სხვა რამ, რასაც, ცხადია, ჩემდა უნებურად ვაკეთებდი. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო არსებობისთვის. ჰოდა, მეც სწავლა დავიწყე. სიცოცხლისთვის ენერგია მჭირდებოდა, ამიტომ პირველი, რაც დამოუკიდებლად ვისწავლე, იყო გზა დედის მკერდიდან მომდინარე რძის ნაკადულისკენ, რომელსაც ხელის ცეცებითა და ტუჩების ცმაცუნით მივიკვლევდი.

მერე თვალი ამეხილა. პირველი, რაც დავინახე, სადღაც მაღლა და შორს დაკიდებული წითელი ბურთი იყო. ხან ჩანდა, ხან იმალებოდა და ამ დროს მეუფლებოდა განცდა, რომ ისევ იმ წყვდიადში დავბრუნდი, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვედი. მალე გავიგე, რომ ნათელს დღე ერქვა, ხოლო წყვდიადს – ღამე, რომ დღე იყო საქმისა, ხოლო ღამე – მოსვენებისა.

და ვიდრე იყო ნათელი, ხარბად ვაკვირდებოდი გარშემო ყოველივეს, ვიმახსოვრებდი ფერებს, მოხაზულობას, ფორმებს… უამრავი დამიგროვდა. მერე მათ ხმებიც დავუკავშირე და პირველი აღმოჩენა გავაკეთე – როცა ნაცნობ ფერს, ფორმასა და მოხაზულობას „იავნანა” ახლდა, მხოლოდ მაშინ მოდიოდა რძის ნაკადული.

მომდევნო განცვიფრება საგნების ქცევამ განმაცდევინა. ზოგიერთი მათგანი მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე იდგა, ზოგიერთი კი დროდადრო თვალსაწიერიდან გამიქრებოდა: ზოგი – მცირე ხნით, ზოგი – დიდი ხნით, ზოგიც – სამუდამოდ… და მე მივხვდი – ამ გაუჩინარებას მოძრაობა ერქვა, მოძრაობა ოთახის ერთი კუთხიდან, ერთი ოთახიდან, ერთი ქალაქიდან, ერთი სამყაროდან მეორემდე… მეც მოვინდომე და ვისწავლე ბობღვა, მერე – სიარულიც…

უკვე ვიცოდი, რომ ადამიანები ერთმანეთს ამბავს საუბრით აგებინებდნენ, მაგრამ ერთხელაც შევამჩნიე, რომ ახალი ამბის გაგება უთქმელადაც შეიძლებოდა. ოთხად დაკეცილ ქაღალდს ისეთივე ამბები ჩამოჰქონდა ქალაქიდან, როგორიც ბიძა ლაზარეს. იმასაც მივხვდი, რომ ქაღალდი ვერაფერს ამბობდა, თუ ზედ წვრილი ნახატები და ნაფხაჭნები არ იყო. მეც დავიწყე ხატვა და ფხაჭნა…

მერე სკოლაში მიმიყვანეს. აქ სწავლამ ორგანიზებული და ინტენსიური სახე მიიღო. ყოველდღე, ყოველ გაკვეთილზე რაღაც ახალს ვიგებდი. ჭირდა ყველაფრის გაცნობიერება, ყველაფრის დამახსოვრება, მაგრამ აუცილებლობა (!) მოითხოვდა ამას.

წელს წელი მიჰყვა… სკოლას ვამთავრებ. ვცდილობ, ქიმიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში გამორჩეული მოსწავლე ვიყო. ქართულში თხზულებებსაც ხუთიანზე ვწერ, ოღონდ – საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის შესაბამისად… ახლაც მახსოვს, გრიგოლ ორბელიანის ლირიკაზე დავწერე რაღაც – როგორც მიღებული იყო, პატრიოტულ-სოციალისტურ-მარქსისტული ტერმინებით გაჯერებულ-შეზავებული. მოკრძალებით ვთხოვე ჟუჟუნა მასწავლებელს მისი გადახედვა. სახლში დამიბარა – საღამოს, გვიან, ავ თვალს რომ არ დავენახეთ (მაშინ ესეც იკრძალებოდა!). წავუკითხე. მომისმინა. მერე კარადიდან თავისი რვეული გამოიღო და მსგავსი თხზულება წამიკითხა. თხზულება, რომელიც მრავალწერტილით იწყებოდა. ლაღი, თავისუფალი, ზედმეტ პათეტიკასა და ყალბ სიტყვებს მოკლებული. სწორედ მაშინ დაიბადა ჩემთვის ქართული ლიტერატურა ხელახლა. მას შემდეგ წერას თითქმის ყოველთვის სამი წერტილით ვიწყებ.

სკოლას უნივერსიტეტი მოჰყვა. ბედმა ბევრ კარგ პედაგოგს შემახვედრა, გამორჩეულებსაც და გამორჩეულთა შორის გამორჩეულებსაც. ბატონი გოგი ქიმიასთან ერთად მუსიკას, პოეზიას, ეთიკას და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ რამეს გვასწავლიდა. მახსოვს, ერთხელ მის ოთახში ვზივარ და ველოდები. იგი ჩემი კოლეგის ნაშრომს კითხულობს. ასგვერდიან დისერტაციაში ხუთსტრიქონიანი აბზაცი ჩემი ჩამატებულია. ბატონი გოგი უცებ თავს სწევს და მეკითხება: „ეს შენ დაწერე?” დაბნეულ-შემცბარ-შეშინებულმა, უნებურად თავი დავუკარი. მან თავი დახარა და სანამ კითხვას გააგრძელებდა, ჩაილაპარაკა: „ჩემი სტილია, ჩემი”. ჩვენ მას ვსწავლობდით, ის კი თურმე ჩვენ გვსწავლობდა. როდესაც დისერტაცია ოპონენტს წარვუდგინე, პირველი, რაც მკითხა, ეს იყო – რუსული სკოლა დაამთავრეო? არა, გოგი ჭირაქაძისა-მეთქი.

მერე თავად დავიწყე სწავლება… მახსოვს, პირველი ლექციის წინ მეც ბევრი „ვიმეცადინე”. ერთ-ერთი ჩემი დოქტორანტის დისერტაციის კითხვისას მეც ვიპოვე „ჩემი სტილი”… ორი ათეული წლის განმავლობაში, კვლევა-ძიებისას, არაერთი ნაშრომის დაწერა მომიხდა, შეიძლება ითქვას, რომ „ვიცი”, როგორ იწერება სტატია, თეზისი, დისერტაცია… მაგრამ როდესაც ბლოგს შევეჭიდე პირველად, ძალიან გავწვალდი და რომ არა რედაქტორის რჩევა-დარიგება, ბლოგერობა ისეთივე ბურუსით მოცული დარჩებოდა ჩემთვის, როგორიც მანამდე იყო. არადა, სხვების სწავლებით დაკავებულს, ვერ წარმომედგინა, თუ კიდევ რამის სწავლა მომიწევდა თავად.

დღეს ლაბორატორიაში სკოლის მოსწავლეები გვესტუმრნენ. ბევრი ვისაუბრეთ – ფერის ფენომენზე, მოლეკულებზე, მათი მიღების მეთოდებზე… დამშვიდობებისას ერთმა მათგანმა მკითხა, პირველი პიგმენტი როდის მიიღესო. ვერ ვუპასუხე.

ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი…

ასეა, არ მოიძებნება ამქვეყნად სასწავლებელი, სადაც ყველაფერი ისწავლება; ვერსად ვიპოვით მასწავლებელს, რომელიც ყველაფერს გვასწავლის; ვერსად მოვიძიებთ წიგნს, რომელშიც ყველაფერი ეწერება. ასეთი სასწავლებელი, მასწავლებელი და წიგნი თავად უნდა შევაკოწიწოთ ჩვენს შიგნით…
ეჰ, როგორ განზავდა აზრი თანამედროვე ქართულ წინადადებებში… ის, რის სათქმელადაც ამდენის დაწერა მომიხდა და რის კითხვაშიც ამდენი დრო დაგაკარგვინეთ, ძველებს სულ ორი სიტყვით უთქვამთ: „სწავლა სიბერემდეო”…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი