პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო არჩევნების პირველი გამოცდილება

მრავალჯერ მითქვამს და კიდევ არაერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი სკოლის წლებია. უამრავ დაუვიწყარ თავგადასავალთან ერთად ჩემს სასწავლებელთან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის პირველი გამოცდილებაც მაკავშირებს. დღეს სწორედ ამ ამბებს მინდა მოგიყვეთ.

მოგეხსენებათ, 2005 წელს საქართველოს განათლების სისტემაში ერთი ახალი, ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი ტენდენცია გამოიკვეთა: სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსნები სკოლების დამოუკიდებლობასა და გადაწყვეტილებათა ავტონომიურად მიღების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითმმართველი ერთეულების, სამეურვეო საბჭოების ჩამოყალიბება დაიწყო. ამ ორგანოთა არჩევის წესებიც უაღრესად დემოკრატიული გახლდათ – უკლებლივ ყველა სამეურვეო საბჭო საყოველთაო, ფარული, თანასწორი კენჭისყრის საფუძველზე უნდა დაკომპლექტებულიყო. ამრიგად, სკოლები იძულებული გახდნენ და შექმნეს კიდეც საარჩევნო კომისიები. კანონის მიხედვით, ხმათა დამთვლელებს შორის ერთი მანდატი მოსწავლეებსაც ერგოთ.

ბუნებრივია, ახალ სისტემაზე გადასვლა ჩემს სკოლასაც მოუწია. ჩვენთანაც აუცილებელი გახდა არჩევნების ორგანიზება. გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ საარჩევნო კომისიაში აღმოჩენილი ერთადერთი მოსწავლე მე გახლდით. მაშინ სკოლის ხელმძღვანელები ხშირად მომიხსენიებდნენ ინტრიგანად ან სხვა ამგვარი ეპითეტებით ამკობდნენ ბავშვების აქტიურობას, ამიტომ ყველას ეუცნაურა დემოკრატიული პროცესების შუაგულში ჩემი აღმოჩენა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებისთანავე შევადგინეთ და გამოვაკარით ამომრჩეველთა სიები, დავბეჭდეთ ბიულეტენები, ვიშოვეთ გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი, გავაფრთხილეთ მასწავლებლები და მშობლები. გამოჩნდნენ კანდიდატებიც. მოკლედ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არჩევნების დღეს იდეალურად ჩაევლო.

დადგა ის სანუკვარი დილაც. ხმის მიცემის პროცესი ნელა, მშვიდად და მოსაწყენად მიმდინარეობდა. დღის ბოლოს კომისიის ყველა წევრმა შფოთვა დაიწყო – ყველა მიხვდა, რომ ამომრჩეველთა პასიურობის გამო კენჭისყრა ჩაშლილად გამოცხადდებოდა. მასწავლებლებსა და მშობლებს მეორე ტურის ჩატარება სიკვდილივით ეზარებოდათ, მაგრამ უფრო მეტად ზემდგომი პირებისგან მოსალოდნელ საყვედურს უფრთხოდნენ. თურმე ასეთივე ვითარება შეიქმნა მთელ მთაწმინდის რაიონში. აქედან გამომდინარე, უბნის დაკეტვამდე ჩვენს სკოლაშიც შემოირბინეს სარესურსო ცენტრისა და სამინისტროს გაბრაზებულმა წარმომადგენლებმა. მათ უჩვეულოდ წამოწითლებული, ლოტოტრონით შერჩეული ჩვენი დირექტორიც მოჰყვა. მხოლოდ მე ვიყავი მშვიდად და ინტერესით ვადევნებდი თვალს დაბნეულ ამომრჩევლებს, რომლებიც ხმას კანდიდატთა სახელების მომხიბვლელობის მიხედვით აძლევდნენ. ბოლოს და ბოლოს დადგა არჩევნების შეჯამების დროც. შევიკეტეთ პატარა ოთახში, პროცედურის სრული დაცვით გავხსენით პატარა ყუთი და დავთვალეთ რამდენიმე კინკილა ბიულეტენი. მეგონა, ოქმს შევავსებდით და მალევე დავიშლებოდით. ჩემი იმედი, რომ სახლში უგემრიელესი ფხვიერი ნამცხვრის უკანასკნელ ნაჭერს მაინც მივუსწრებდი, ფუჭი აღმოჩნდა – მოულოდნელად კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოთახის კარი საგულდაგულოდ ჩარაზა და ღიმილით მითხრა: „ლევან, ახლა იწყება თავდავიწყება!” საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილი კვორუმის შესავსებად დოკუმენტების გაყალბებას გეგმავდა. ფალსიფიკაციის მსურველნი გაოგნდნენ, როდესაც მიუნხენის „ბაიერნის” პერანგში გამოწყობილი, უჩვეულოდ ლოყებღაჟღაჟა 15 წლის ბიჭის წინააღმდეგობას წააწყდნენ. აგდებულ ქვას თავი შევუშვირე და ოქმის ხელმოწერაზე უარი ვთქვი. აღელვებულმა ფუნქციონერებმა ათას ადგილას დაიწყეს რეკვა. ზარები შემოდიოდა სამინისტროს მითიური წარმომადგენლებისგანაც. სცადეს ჩემი მასწავლებლების საშუალებით ჩემზე ზემოქმედება, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იკადრა უღირს საქციელში ჩემი მონაწილეობის წახალისება. ხუთსაათიანი ბრძოლისა და აყალმაყალის შემდეგ კომისიას კანონის დარღვევაზე ხელი ავაღებინე, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა.

მეორე ტურიც ასეთივე სცენარით წარიმართა, მესამე ჯერზე კი, მთელი სისტემის ჩარევის შედეგად, კომისიიდან გამრიცხეს და განმეორებითი არჩევნებიც ძალიან მაღალი მონაწილეობით შედგა. სხვათა შორის, ამ კენჭისყრას დღემდე სინანულით იხსენებენ კომისიის მაშინდელი ლიდერები.

არც ვინმეს სიმხდალეზე, შიშსა თუ დემოკრატიული ღირებულებების უპატივცემულობაზე მივანიშნებ და არც საკუთარ გამბედაობას ვუსვამ ხაზს. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემს დროს სკოლის ავტონომიურობა, დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა ფიქცია გახლდათ, არც მშობლებს, არც პედაგოგებს არ ანაღვლებდათ კენჭისყრის ბედი, საბოლოო გადაწყვეტილებას ბიუროკრატიის წარჩინებულ მუშაკთა უმცირესი ჯგუფი იღებდა. დარწმუნებული ვარ, იგივე ხდებოდა მაშინ მთელ საქართველოში.

თქვენგან მხოლოდ ის მაინტერესებს, რა ხდება დღეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი