ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წერა-კითხვა პრაქტიკულად

მოსწავლეობისას ხშირად გამიგონია, როგორ ეუბნებოდა „გამოცდილი” ხალხი მავან ინტელექტუალს, რას დაათრევ ამ წიგნებს, აგერ, მავანი „წარმატებული” გაუნათლებელია, მაგრამ მილიონები ხომ აქვსო. ასეთი საუბრები დროდადრო ახლაც მესმის.

რა თქმა უნდა, თუ მილიონებია ჩვენი ოცნება, წიგნებსა და ლიტერატურაზე მოხერხებული სფეროებიც არსებობს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ლიტერატურის ცოდნა-გააზრება იმ „უფრო მოხერხებულ” სფეროებშიც გამოგვადგება.
პოეზიის კითხვა გამოგვიმუშავებს აბსტრაჰირების უნარს, რომანისა – სტრუქტურულ აზროვნებას, პიესების კითხვა ავითარებს ფორმის შეგრძნებას, დეტექტივი ხვეწს დედუქციურ უნარებს.

ასე რომ, საბოლოო ჯამში, ლიტერატურა ძალიანაც პრაგმატული საქმეა. კითხვით გამომუშავებული ეს თვისებები ბიზნესშიც გამოგვადგება, პოლიტიკაშიც და, თუ მაინცდამაინც, სპორტშიც.

როგორ უნდა ვიკითხოთ, ძნელი სათქმელია – ალბათ, როგორც მოგვიხერხდება: წამოწოლილებმა, მაგიდასთან, აივანზე… აი, როგორ უნდა ვწეროთ, ამაზე საუბარი შედარებით მეტ დროს იმსახურებს და, ამავე დროს, უფრო იოლიცაა. მეც ეს იოლი საქმე ავირჩიე და 10 წესი ჩამოვწერე, რომელთა შესრულება სავალდებულო სულაც არ არის. უმეტესობას, მგონი, არც მე ვიყენებ.
როგორ ვწეროთ
(10 ბანალური მოსაზრება)
1. საფუძვლიანად ვისწავლოთ გრამატიკა. წერის დროს კი დავივიწყოთ.

2. ერთმა ავსტრიელმა ექიმმა ასთმიან პაციენტს თომას მანის კითხვა აუკრძალა – გრძელი წინადადებები აქვს და შენი ფილტვები ასეთი დატვირთვისთვის მზად არ არისო. ჰემინგუეი „გამოუწერა”.

მორალი: წინადადება უნდა იყოს მოკლე, ამოსუნთქვის საშუალებას უნდა იძლეოდეს. მართალია, ზოგი მკითხველი იმსახურებს გაგუდვას, მაგრამ მთლად ყველა – არა.

3. ვიკითხოთ ფილოსოფოსები (ლოგიკურ და სახეობრივ აზროვნების ავითარებენ), მაგრამ არასოდეს ვწეროთ მათსავით. 

4. ვიკითხოთ კრიტიკული წერილები, ოღონდ სხვის შესახებ დაწერილი. ჩვენზე დაწერილი კრიტიკის კითხვა კონტრპროდუქტიულია – ვბრაზდებით და კრიტიკოსის ჯიბრით ისევ ისე ვწერთ.

5. წერის დროს ნუ გამოვიყენებთ ასეთ სიტყვებს და ფრაზებს: „უკეთუ”, „დაღაცათუ”, „დისკურსული ექსკურსი”… უკეთუ, პაროდიული ტექსტის შემთხვევაში, ასეთი ფრაზები მისწრებაა.

6. ფორმა მნიშვნელოვანია – ვიფრთხილოთ პერსონაჟების აღწერისას. ლიგვისტი როლან ბარტი ამბობს: „იმისთვის, რომ განვიცადოთ საშინელება, ფოტოგრაფმა ნაკლებად უნდა „აღნიშნოს” ის”. ალბათ შეგიმჩნევიათ, ტრაგედიის ზოგი პერსონაჟი ისე ტრაგიკულადაა გამოყვანილი, სასაცილო ხდება და პირიქით – სულ ახლახან ჩავამთავრე რომანი, სადაც მკვლელის უარყოფითი თვისებები ისე იყო ხაზგასმული, რომ თანაგრძნობას იწვევდა. საერთოდაც, მე ვარჩევდი, ზედმეტი აღწერებისგან თავი შემეკავებინა და გმირი იმგვარ სიტუაციაში მომექცია, რომ მკითხველი თავად გარკვეულიყო მის ფსიქოტიპში (ან ვერ გარკვეულიყო – ესეც შეიძლება იყოს მწერლის მიზანი). 

7. დამაჯერებლობა. მკითხველმა რომ დაგვიჯეროს, ის უნდა მოვატყუოთ. სიმართლე, ნატურალიზმი, სწორხაზოვნება ისტორიკოსებს დავუტოვოთ; კარგ მკითხველს წინააღმდეგობრივი პერსონაჟები, გაორებული ადამიანები და მოულოდნელი ხასიათები იზიდავს.

8. ნუ მოველით ლიტერატურისგან პასუხებს ჩვენს ცხოვრებაზე, პრობლემებზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე. ლიტერატურა არ იძლევა პასუხებს. პასუხებისთვის არსებობს ცნობარები.

9. გვახსოვდეს, რომ (საქართველოს პირობებში) წერა ვერ მოგვიტანს ბევრ ფულს, ვერ გვიყიდის აიფონს და ლენდ კრუიზერს. ამიტომ სასწრაფოდ გავერკვეთ საკუთარ პრიორიტეტებში. 

10. არ ენდოთ არავის, ვინც დაგიწყებთ სწავლებას, როგორ წეროთ. ისინი უიმედო ლუზერები არიან. 
ასე რომ, გისურვებთ წარმატებულ კითხვას და თუ მაინც არ გადაიფიქრეთ, წერასაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი