ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ახალი რესურსი „ვეფხისტყაოსნის „ სწავლებისათვის

ქართულის მასწავლებლები დამეთანხმებიან, როგორი მნიშვნელოვანია, ბავშვებს გააგებინო და შეაყვარო „ვეფხისტყაოსანი” ისე, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ჟანგბადივით აუცილებელი გახდეს მათთვის შოთა რუსთველის შესანიშნავი ტექსტის კითხვა, ეს ქართული ლიტერატურის სწავლების ერთ–ერთი უმთავრესი და რთული პრობლემაა.

 

მე ადრეც მოგიყევით, რომ ბევრს ვცდილობდი, ეს შესანიშნავი ტექსტი, ყველაზე ჩამთრევი და დამაინტრიგებელი გამეხადა მათთვის, ხან–პერსონაჟები გავაცოცხლეთ, ხან როლები გავინაწილეთ და გავითამაშეთ, ხან მარტივი სამაგიდო თამაში მოვიფიქრეთ, ხან როგორც მუსიკას, ისე ვუსმინეთ, ხან მეტაფორების გამოფენა მოვაწყვეთ, ერთხელაც მივეცი საშუალება, ყველას თავისებურად განევითარებინა პოემის სიუჟეტი. წარმოიდგინეთ, რომ „მათ სამთა გმირთა მნათობთა” სულაც არ შეექმნათ კოალიცია და ცალ-ცალკე წასულიყვნენ ნესტანის გასათავისუფლებლად, ან თვითონ თინათინი გამგზავრებულიყო უცხო ყმის გამოცანის ამოსახსნელად; იქნებ ნესტანსა და ტარიელს თავიდანვე ექორწინათ და ქაჯებს მათი მშვენიერი ასული გაეტაცებინათ, ანდა ფრიდონს ასმათის გული მოენადირებინა; იქნებ ქაჯებიც გონს მოგებულიყვნენ და საკუთარი სამეფო ინდოეთისთვის შეეერთებინათ… მოკლედ, ხან რა გავაკეთეთ, ხან რა… მაგრამ, არასდროს იყო საკმარისი.

ამას წინათ ინტერნეტსივრცეში თვალი მოვკარი ერთ შესანიშნავ ღონისძიებას, რომელზეც ბავშვებს, მშობლებს და მასწავლებლებს, ყველას ერთად გვეპატიჟებოდნენ –„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს”.

ამ გამოფენა–პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო
ბავშვების მიერ “ვეფხისტყაოსნის” თემაზე შექმნილი ნახატი-ილუსტრაციები; ბავშვებთან მუშაობის პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, ფრაგმენტები ანიმაციური ფილმიდან “ვეფხისტყაოსანი” და ამ ყველაფრის ერთად დამტევი ელექტრონული სივრცე– www.utvalavi.ge.

ხომ არის ხოლმე, როცა რაღაც, რაც ძალიან გინდა, გისრულდება, ასე იყო ამ პროექტთან დაკავშირებითაც. ვერ წარმომიდგენია, უფრო გამოსადეგი და გამოსაყენებელი რა უნდა შექმნილიყო ჩემი მოსწავლეებისათვის, ვიდრე მათივე თანატოლების მიერ მოყოლილი და დასურათებული ანიმაცია „ვეფხისტყაოსანი”.

ამ პროექტს სტუდია „ტელევეზირი” ახორციელებს. გახსოვთ? რამდენიმე წლის წინ რომელიღაც სატელევიზიო არხზე იყო საბავშვო გადაცემა „ტელევეზირი”, სამწუხაროა, რომ ახლა აღარ არის.

ჰოდა, პროექტის მონაწილეები ჩადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხვდებიან ბავშვებს და პოემის ამა თუ იმ სტროფს ახატვინებენ, ასევე ახმოვანებინებენ კიდეც. ასეთი სამუშაო შეხვედრების შედეგად საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა გროვდება, ამ ყველაფრისაგან კი შესანიშნავი ანიმაციები იქმნება.

ხატვას ლიტერატურის სწავლებისას ძალიან ხშირად ვიყენებ, თითქმის არცერთი გაკვეთილი არ ჩაივლის ისე, რომ ჩვენი საპროგრამო მასალა ან ბავშვების დაწერილი ესეები არ დავასურათოთ, შედეგად, თითქმის სრულყოფილ საგამომცემლო პროდუქტს ვიღებთ–ლიტერატურული ნაწარმოები შესაბამისი ილუსტრაციებით.

როცა წარმოვიდგინე, როგორ კარგად გამოვიყენებ ამ მასალას გაკვეთილზე, პატარა ბავშვივით ავცქმუტდი.

როგორ დავგეგმავ რუსთველის კვირეულს, ან სულაც ერთ თვეს. როგორ გადავეშვებით მე და ჩემი მოსწავლეები სრულიად სხვა, ფანტასტიკურ სამყაროში–შოთა რუსთაველის ეს პოემა ხომ ყველაზე დიდი თავგადასავალიცაა, ფანტასტიკაც, სარაინდო რომანიც, დიდაქტიკური თხზულებაც და კიდევ, კიდევ ბევრი.

მოკლედ, შესანიშნავი რესურსია, თქვენც აუცილებლად გამოიყენეთ, ან სულაც თქვენი კლასის დასურათებული „ ვეფხისტყაოსანი” შექმენით, კლასში გამოფენა მოაწყეთ და კიდევ ერთხელ გაიხსენეთ გენიალური პოეტის ულამაზესი სამყარო.

პს. რადგანაც „ვეფხისტყაოსანი” უკვე დასურათებულია, მე და ჩემი მოსწავლეების ასეთ პროექტს განვახორციელებთ–წავიკითხავთ და დავასურათებთ შოთას პოემის გაგრძელებებს და ხალხურ ვერსიებს.

პოემის გაგრძელებები ძალიან ამართლებს ძირითადი ტექსტით დაინტერესებისათვის. რა თქმა უნდა, დაწვრილებით არ განვიხილავთ ამ თხზულებებს, მაგრამ სათავგადასავლო თუ ფანტასტიკური სერიალების მოყვარული მოზარდებისათვის ძალიან კარგი ასახსნელია სხვადასხვა დროის ადამიანთა ინტერესი პოემის გმირების ცხოვრებისადმი, ადამიანთა ფანტაზია კი ნამდვილად სასწაულ ნაყოფს მოიწევს–ხოლმე.

აი, მაგალითად:

„ავთანდილი და ტარიელი გაუწყვიტამენ ჯარს. ფრიდონი გეექცევათ. ადგებიან და პური ჭამას დაიწყებენ ერთ კლდი ძირასა. ამ დროს ზეიდან წამოუვლის ფრიდონი. წაკრამს ფეხს კლდესა და გადაანხვლევს ზედა. გადანხვლევის დროს ხმალ ამოიღებს ტარიელი, დაჰკრამს კლდესა და ნახევარ იქით გადააგდეფს და ნახევარ იქით და გადარჩებიან. მაღლიდან დაუძახეფს ფრიდონი: ან მიძმეთ ან მიყმეთო. ტარიელი ეტყვის: ჩამოდი, ძმა იყავიო. ჩამოა, ელაპარაკებენ და ეგეც გამოდგება უმფროსი ძმაი. ერთმანეთ უამბობენ თავანთ ამბავს. ავთანდილი და ტარიელი ჩავლენ ქაჯეთის სახემწიფოში, დაუწყობენ ბრძოლას ქაჯებსა. დახოცამენ ამ ქაჯებსა, მაგრამ ცოცხლდებიან. მერე ერთი თხრობელი გაუვიდათ. ერთი ბებერი ატრიალეფს ჯარას, რამდელიც კვდება, ინდელი ცოცხლდება ამის გამო. მივა ეს ტარიელი და ამ ბებერ ქალ ეტყვის:

ბებერო, ეგ შენი ჯარა

დაბერდა, აღარ იჯარა

ავიღოთ და კედელსა ვცხოთ

ნეტა ვინ გამოაჯავრა?!

ამ ჯარას დაუნტრევს და ბებერსაც მოკლამენ. მერე დახოცამენ ამ ქაჯების ჯარს. ავა ტარიელი და ავთანდილი და მოყამთ ლერწამ-დარეჯანი.” – ხალხური „ვეფხისტყაოსნის” ერთ–ერთი ვერსიაა,

საინტერესოა არა?

ჰო, მეც ასე ვფიქრობ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი