შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ოჯახური გენეალოგია როგორც უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო

ბაბუაჩემის მამა, საბერძნეთიდან იმერეთში ემიგრირებული გზის ოსტატი, 1937 წელს დახვრიტეს კომუნისტებმა. დიდ ბაბუას ექვსი შვილი და მკერავი ცოლი დარჩა, რომელსაც მძიმე ტვირთად დააწვა, ერთი მხრივ, დიდი ოჯახის რჩენა, მეორე მხრივ კი „ხალხის მტრად” შერაცხულ და უკვალოდ გამქრალ მეუღლეზე დარდი. ბაბუაჩემმა, ჯერ კიდევ ბავშვმა, სწავლას თავი დაანება და მძიმე ჯაფას შეუდგა ოჯახის დასახმარებლად. სიცოცხლის ბოლომდე მუხლჩაუხრელად შრომობდა; დაღლილი და წელში მოხრილი, მხოლოდ ზამთრის გრძელ ღამეებში იხსენებდა ხოლმე მამას და ამბობდა: ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე წვალება არ მომიწევდა, აუცილებლად ექიმი გამოვიდოდიო. ბაბუამ 80 წელზე მეტხანს იცოცხლა. სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ სტალინი კარგი კაცი იყო, მისი ოჯახი კი ვიღაც სხვებმა გაწირეს.

დედაჩემის მეგობარი 9 აპრილს მოიწამლა და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ამბავი დედამ რომელიღაც გაზეთში დაბეჭდილი ნეკროლოგიდან გაიგო კარგა ხნის შემდეგ, ერთ ცივ და უშუქო ღამეს. მკვეთრ კადრად ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორ ტიროდა და ბრაზობდა ვიღაცებზე, ვინც მისი მეგობარი და სხვები სასიკვდილოდ გაიმეტა, ვისაც ახალგაზრდების სიცოცხლე არ ადარდებდა.

მამაჩემის მამა, ახალცოლშერთული ჭაბუკი, ხევსურეთიდან აყარეს და სადღაც, კახეთში გადაასახლეს. ამ ამბავს ბებიაჩემი ჰყვებოდა ხოლმე – შირაქს რომ გაგვხიზნესო, ასე იწყებდა. კომუნისტებმა 50-იან წლებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საბაბით ბევრი ოჯახი აყარეს მთიდან და ბარში ჩაასახლეს. გადასახლებულებს ახალ პირობებთან შეჩვევა ძალიან გაუჭირდათ; მოხუცები იხოცებოდნენ, ახალგაზრდები საქმეს ვერ პოულობდნენ… ბაბუა მალევე დაუბრუნდა თავის სოფელს და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა. მოგვიანებით, როცა მე დაცლილ მთაზე ჯავრი დავიწყე, მამამ ამიხსნა, ეს უკაცური სოფლები სწორედ იმ გადასახლებათა შედეგიაო.

ასეც ხდება – ამბებს იმაზე ადრე იგებ, ვიდრე ამ ამბების მნიშვნელობას და ისტორიულ კონტექსტს. სამივე ეს ამბავი იმ ასაკიდან მახსოვს, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა „საბჭოთა კავშირი”, „რეპრესიები”, „იძულებითი მიგრაცია”, „რეაბილიტაცია”, „ეროვნული მოძრაობა”… იმ ადრეული ბავშვობიდან მომყვება ჩვევა, ამბები კონკრეტულ ადამიანებთან გავაიგივო. ერთი მხრივ, კარგია – უკეთესად აღვიქვამ მომხდარს, მეორე მხრივ კი მძიმე – როცა ფაქტის უკან ვისიმე რეალური ისტორია, ბედნიერება ან უბედურება დგას, უფრო მტკივნეული ხდება მომხდარი. მაგალითად, აგვისტოს ომის ხსენებისას სულ ჩემი გორელი დეიდაშვილები მიდგებიან თვალწინ, პატარა ბავშვებით და ორად ორი კაბით რომ გამოექცნენ ბომბებს თბილისში, და გული მეწურება.

ერთ ამბავს ერთ ადამიანთან ვაიგივებდი, სანამ ერთი 82 წლის ბაბუა არ გავიცანი, რომელმაც მიმახვედრა, რომ ზოგჯერ ცხოვრება იმაზე უფრო დაუნდობელია, ვიდრე წარმოიდგენ, იმაზე მძიმე, ვიდრე ატანა შეიძლება და იმაზე მეტ ქარცეცხლს გადაგატარებს ზურგზე, ვიდრე ოდესმე იფიქრებდი. გიორგი ზვიადაური იმ ხევსურთაგანია, კომუნისტებმა 50-იან წლებში კახეთში რომ გადაასახლეს. მამამისს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ბარში, სადაც თვითმფრინავების გუგუნი უფრო მეტად ისმოდა და მეტი ხალხი ირეოდა, ვერ გაუძლია – სულ ომი ესიზმრებოდა და ვერ ისვენებდა, მთაში დაბრუნებას მთხოვდაო. ასე დასახლდა გიორგი პაპა ანანურის ზემოთ, სოფელ ვეძათხევში, სხვა ხევსურებთან ერთად.

ვეძათხევი ერთი შეხედვით კი ჩანდა კარგი, მაგრამ წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეწყერსაშიში ზონა იყო, მცოცავი ქანები სახლებს ვერ იჭერდა. ხევსურებიც დანგრეული ქვითკირის სახლებიდან ნელ-ნელა საკუთარი ხელით შეკოწიწებულ ქოხმახებში გადასახლდნენ, რომელთა კედლები ქარს ვერ აკავებს, ჭერი კი წვიმას.

კარგი ცოლი მყავდა, სხვებს არ ჰგავდა, ჭკვიანი ქალი იყო, ლამაზი, ჭორაობა არ უყვარდა, ბავშვებს კარგად უვლიდაო, მიყვებოდა გიორგი პაპა და თაბახის ფურცელზე ამობეჭდილ შავ-თეთრ ფოტოს მაჩვენებდა. ფოტოზე თავსაფრიანი, სახედანაოჭებული ქალი იყო აღბეჭდილი. ეს ქალი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა – გაუსაძლის პირობებში ფილტვები დაუავადდა და ვერ გადაარჩინეს. თავს ვერ ვპატიობ – წესიერ სახლში რომ გვეცხოვრა, ეს ხომ არ დაგვემართებოდა, ხომ ისევ ერთად ვიქნებოდითო, გიორგი პაპამ, რომელიც ზის და იმაზე ფიქრობს, როგორ მოშორდეს ამ დანგრეულ სოფელს, რომლის ბედიც დედამიწის ზურგზე არავის ადარდებს. გოგოსთან წავიდოდი, მაგრამ ისიც ლტოლვილიაო და ახლა ქალიშვილის ამბის მოყოლას იწყებს, რომლის ქმარიც 2008 წელს ომში დაჭრილა და რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაცვლილა. სვანი იყო ჩემი სიძე, მამამისი აფხაზეთში იბრძოდა; მთელი ოჯახი ეგეთი ჰყავდა, მებრძოლიო.

ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ ისტორიის სახელმძღვანელოები ზოგჯერ აზრს კარგავს; საკმარისია, ერთ ასეთ ადამიანს იცნობდე, რომ თვალნათლივ დაინახო, რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ 100 წლის განმავლობაში, როგორ აისახება ქვეყნის უბედურება ადამიანების ბედზე და რა მნიშვნელოვანია, სწორად დაარქვა სახელები მოვლენებს, რომ მსგავსი შეცდომა აღარ მოგივიდეს.

გიორგი პაპას ამბავმა გული დამიმძიმა. ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ახლაც, როცა მე ამ წერილს ვწერ, ის ჩაცმული, ძველმანებმიფარებული წევს თავისივე შეკოწიწებულ ქოხში, სადაც ოთხივე მხრიდან ქარი უბერავს, და გვერდით ცოლის სურათი უდევს, მე კი არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ მოგიყვეთ, რა მძიმეა გულგრილ მმართველთა ხელში ადამიანების ბედი. მაგრამ იმისთვის კი არა, რომ სიბრალული გავაღვიძო თქვენში, არამედ იმისთვის, რომ გაჩვენოთ – ზოგჯერ ადამიანები იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოები; ზოგჯერ პიროვნების მაგალითზე უკეთ ჩანს ამა თუ იმ მოვლენის მასშტაბი, ვიდრე თარიღებსა და ლოკაციებზე განაწილებულ მშრალ ფაქტებში. ამიტომ უამბეთ თქვენს მოსწავლეებს არა მხოლოდ მეფეების, მწერლების, მთავარსარდლებისა და დიდი გამომგონებლების ამბები, არამედ იმ ხალხისაც, ჩვენ გვერდით რომ ცხოვრობს; სთხოვეთ მათაც, გაიხსენონ გამორჩეული ისტორიები და თუ ვერაფერი გაიხსენეს, უთხარით, რომ ასეთი ამბებით სავსეა სამყარო, მთავარია, მოსმენა და გაგება შეგვეძლოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი